საპროტესტო აქციების მსოფლიო ტრენდი

საქართველოს გარდა, კორუფციის, სოციალური უსამართლობის, სიდუხჭირის, ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობისა და დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვის აღმოფხვრის მოთხოვნებით, ადამიანები მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, არადემოკრატიული ერაყი იქნება ეს თუ დემოკრატიის მაღალი სტანდარტების მქონე ჩეხეთი.

ბოლივია მორალესის გარეშე

ვითარება ნელ-ნელა ნორმალურ კალაპოტში დგება ბოლივიის რესპუბლიკაში, სადაც ქუჩის დემონსტრაციებისა და საპროტესტო გამოსვლების შედეგად 10 ნოემბერს ქვეყნიდან გაიქცა პრეზიდენტი ევო მორალესი, პოლიტიკოსი, რომელიც 2006 წლიდან მართავდა ქვეყანას და მორიგი ვადით ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა.

ასევე ნახეთ ბოლივიაში 23 ადამიანი დაიღუპა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად

ბოლივიაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 24 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაციამ ოთხი დღით ადრე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველსავე ტურში გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი, ევო მორალესი, მაშინ როცა წინასწარი შედეგები მეორე ტურის ალბათობაზე მიუთითებდა.

საარჩევნო სისტემის მრავალრიცხოვანი მანიპულაციის შესახებ განაცხადა ასევე ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციამ, რომლის წარმომადგენლები ბოლივიის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს აწარმოებდნენ.

საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა სამი ადამიანი და სამასამდე დაიჭრა.

ევო მორალესი, საპროტესტო გამოსვლების შედეგად, ბოლივიის პრეზიდენტის თანამდებობიდან 10 ნოემბერს გადადგა. მორალესთან ერთად თანამდებობა დატოვეს ვიცე-პრეზიდენტმა, პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და გუბერნატორებმა.

ბოლივიის ხელისუფლების პირველი პირის უფლებამოსილება დროებით გადაეცა სენატის ვიცე-სპიკერს, ჟანინ ანიესს, რომელიც ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.

თავად ევო მორალესი 11 ნოემბრიდან მექსიკაში იმყოფება დევნილის სტატუსით. მორალესმა მექსიკის მთავრობას თავშესაფრისთვის მადლობა გადაუხადა, სამშობლოში დარჩენილ მხარდამჭერებს კი სამომავლოდ დაბრუნებას დაჰპირდა.

ჰონგ-კონგი - პროტესტების 46-ე კვირა

ანტისამთავრობო დემონსტრაციებს ბოლო არ უჩანს ჰონგ-კონგში, ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონში, სადაც გასული კვირა ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული იყო.

კვირას ჰონგ-კონგის პოლიციამ შტურმით აიღო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსი, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში დემონსტრანტები იმალებოდნენ. გავრცელებული ცნობებით, არიან დაკავებულები და დაშავებულები.

ასევე ნახეთ ჰონგ-კონგის პოლიციამ შტურმით აიღო უნივერსიტეტის კამპუსი

სტუდენტებმა პოლიციელებს აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლები დაუშინეს, რასაც სამართალდამცველებმა უპასუხეს წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით.

საპროტესტო გამოსვლები ჰონგ-კონგში ზაფხულში დაიწყო. თავიდან დემონსტრანტები მოითხოვდნენ იმ კანონმდებლობაზე უარის თქმას, რომელიც ადგილზე დაპატიმრებულ განსასჯელთა ჩინეთში ექსტრადიციას ითვალისწინებდა.

ადგილობრივი ხელისუფლება დათმობაზე წავიდა, მაგრამ აქტივისტები ახლა მოითხოვენ აქციებზე პოლიციის ძალისმიერი ქმედების გამოძიებას, ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლებასა და ავტონომიის ხელმძღვანელის, კერი ლამის, გადაყენებას.

სისხლიანი შემოდგომა ერაყში

კვირას, 17 ნოემბერს, მთავრობის წინააღმდეგ გამოსულმა დემონსტრანტებმა შეძლეს კონტროლის დაწესება ერაყის დედაქალაქ ბაღდადის სტრატეგიულ მოედანსა და მდინარე ტიგროსზე აგებულ ორ მთავარ ხიდზე, რითაც მიუახლოვდნენ დედაქალაქის ყველაზე უფრო მძლავრად დაცულ „მწვანე ზონას“, სადაც სამთავრობო რეზიდენციები და უცხოეთის საელჩოებია განლაგებული.

1 ოქტომბრიდან დაწყებულ ანტისამთავრობო დემონსტრაციებს კვლავ ახლავს შეტაკებები მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის.

ერაყში მიმდინარე უწყვეტი ანტისამთავრობო გამოსვლების შედეგად 320 კაცი დაიღუპა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ძალებმა რამდენჯერმე გახსნეს ცეცხლი რადიკალურად განწყობილი ბრბოს დასაშლელად.

დემონსტრანტები აპროტესტებენ ერაყში გამეფებულ კორუფციას და უმუშევრობას. 40-მილიონიან ერაყში უმუშევრობა 20%-ია.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ადელ აბდულა მაჰდიმ, გარკვეულ ზომებს მიმართა ვითარების განსამუხტავად. მათ შორის იყო ღარიბებისათვის შემწეობის დარიგება და უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზება, მაგრამ ამან არ დააკმაყოფილა დემონსტრანტების მზარდი მოთხოვნები. ისინი უკვე მთავრობის გადადგომას და მთელი პოლიტიკური ელიტის შეცვლას ითხოვენ.

ნავთობის პოლიტიკური ფასი ირანში

მიუხედავად საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობისა, ვითარება კვლავ დაძაბულია ირანში, სადაც გასული შაბათ-კვირის განმავლობაში ერთბაშად რამდენიმე ქალაქში აგორდა ანტისამთავრობო გამოსვლების ტალღა, რაც საწვავზე ფასების მკვეთრ ზრდას მოჰყვა.

ქვეყნის მასშტაბით გათიშულია ინტერნეტი, რის გამოც ჯერჯერობით უცნობია, რა ხდება 18 ნოემბერს. ირანის ხელისუფლების ცნობით, შეტაკებებში დაიღუპა ექვსი კაცი, მათგან სამი დემონსტრანტი და სამი სამართალდამცველია, თუმცა, არაოფიციალური წყაროების ვარაუდით, დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

რამდენიმე ვიდეოზე, რომელიც სოციალურ ქსელში მოყვარულმა მომხმარებლებმა ატვირთეს, ჩანს, თუ როგორ იყენებდნენ ირანის უსაფრთხოების ძალები იარაღს დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ირანის ხელისუფლებამ გაავრცელა გაფრთხილება მოსალოდნელი სასტიკი რეაქციის შესახებ იმ საპროტესტო ტალღაზე, რომელმაც იმძლავრა ქვეყანაში 15 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც თეირანმა შეზღუდვა დააწესა ბენზინის შეძენაზე და შეამცირა საწვავის სუბსიდირება აშშ-ის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების შემდეგ, რაც მძიმედ აისახება ირანის ეკონომიკაზე.

სერბეთის ანტისამთავრობო შაბათობები

მედიის თავისუფლების ხელყოფასა და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებაში ადანაშაულებენ დემონსტრანტები სერბეთის პრორუსულად განწყობილ 49 წლის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს, რომელიც შაბათს საავადმყოფოში აღმოჩნდა „კარდიოვასკულარული პრობლემებით“.

სერბეთის პრეზიდენტს სანერვიულო მართლაც ბევრი აქვს. შარშანდელი ნოემბრიდან მოყოლებული ქვეყნის დედაქალაქში ყოველ შაბათს იმართება ანტისამთავრობო დემონსტრაციები, დევიზით „ერთი ხუთი მილიონიდან“, რომელთა მონაწილეები მოითხოვენ პარლამენტის დაშლას და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვას.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ერთ-ერთ ადრინდელ კომენტარში დამცინავად განაცხადა, რომ არ აპირებს დემონსტრანტების მოთხოვნების შესრულებას, თუნდაც „5 მილიონი კაცი გამოვიდეს ქუჩაში“.

ანტისამთავრობო დემონსტრანტები ვუჩიჩსა და მის მმართველ „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ ადანაშაულებენ ავტოკრატიულ მმართველობაში, კორუფციასა და ძირითადი თავისუფლებების ხელყოფაში.

პრეზიდენტი ვუჩიჩი და მის პარტია ამ ბრალდებას უარყოფენ.

თუმცა ბოლო ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაციისა „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ ცხადყოფს, რომ სერბეთმა მედიის თავისუფლების მხრივ, შარშანდელთან შედარებით, 14 ადგილით უკან დაიხია და 90-ე ადგილს იკავებს 180 ქვეყანას შორის.

მილიონი მომენტი ჩეხეთის დემოკრატიისათვის

სიტყვის თავისუფლება და დემოკრატიული მონაპოვარი საზოგადოების დასაცავი გახდა ევროკავშირისა და ნატოს წევრ ჩეხეთში, სადაც 16 ნოემბერს, დაახლოებით, 200 ათასი კაცი გამოვიდა ცენტრალურ - ლეტნას - პარკში.

ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ანდრეი ბაბიშს, მოუწოდეს ინტერესთა კონფლიქტის გადასაჭრელად უარი თქვას ჰოლდინგ „აგროფერტსა“ და მის საკუთრებაში არსებულ მედიასაშუალებებზე, ასევე გადააყენოს იუსტიციის მინისტრი, მარია ბენეშოვა.

ასევე ნახეთ პრემიერ-მინისტრს ულტიმატუმი წაუყენეს პრაღაში მიმდინარე ანტისამთავრობო მიტინგზე

ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ არ გადადგება ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ ფსევდობრალდებების გამო. მასობრივი საპროტესტო აქციების მიუხედავად, მისმა პარტია ANO-მ, რომელსაც, გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველთა 30 პროცენტამდე ემხრობა, ჩეხეთის ყველა დანარჩენ პარტიას აჯობა ევროპარლამენტის მაისის არჩევნებში.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ანდრეი ბაბიში ან 2019 წლის ბოლომდე შეასრულებს მათ მოთხოვნებს, ან თავად მოუწევს გადადგომა მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების ფონზე.

ანტისამთავრობო დემონსტრაციის მთავარი ორგანიზატორია ლიდერი მოძრაობისა „მილიონი მომენტი დემოკრატიისათვის“, პრაღის კარლის უნივერსიტეტის სტუდენტი, მიკულაშ მინაჟი.

მთელი პოლიტიკური სპექტრის მიმართ ჩეხეთში უნდობლობა ისეთი მაღალია, რომ ტრიბუნაზე გამომსვლელებს შორის არიან მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები, მეცნიერები, მსახიობები და მომღერლები.