ნაკლები ბავშვი, მეტი მოხუცი - ასეთია საქართველოს დემოგრაფიული პორტრეტი

2023 წელს 5%-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა საქართველოში, ვიდრე 2022 წელს. სხვაგვარად, შარშან 2 ათასზე მეტით შემცირდა ახალშობილების რაოდენობა და წელიწადში 42 214 ბავშვის დაბადებით შობადობა ისტორიულად დაბალ ნიშნულზე ჩავიდა.

ასეთი ხანგრძლივი „დამრეცი ღერძი“ შობადობის გრაფიკზე საქართველოში 1994 წლის შემდეგ არ ყოფილა.

მეტი აჩვენე

შობადობის მაჩვენებელი ქვეყნის კეთილდღეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომია - როდესაც შობადობა იკლებს, ქვეყნები წუხან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მათ შეიძლება შემოაკლდეთ ჯანმრთელი, ახალგაზრდა მოქალაქეები, შემცირდეს ეკონომიკა და შეფერხდეს განვითარება.

მეორე მხრივ, ძალიან მაღალი შობადობის მაჩვენებელიც რესურსების გამოფიტვის საფრთხეს ქმნის და შეიძლება იყოს იმის მანიშნებელი, რომ არსებობს პრობლემები ქალების სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებში ჩართულობის, ოჯახის დაგეგმვისა თუ ადრეული ქორწინების კუთხით. შობადობის ოპტიმალურ მაჩვენებლად ითვლება 2,1, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ერთი ქალი საშუალოდ 2 ბავშვს აჩენს, ეს პოპულაციის განახლებას და სტაბილური დემოგრაფიული სურათის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

საქართველოში შობადობის მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით 2-ზე ნაკლებია, თუმცა ეს არ არის ის მონაცემი, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა, - საქართველოში მნიშვნელოვნად არის შემცირებული შობადობის ზოგადი კოეფიციენტი, რომელიც 16.3 %-დან 11.4%-მდე ჩამოვიდა 2014 წლის შემდეგ. ესაა მონაცემი, რომელიც ითვლის ახალშობილების შეფარდებას მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან.

მეტი აჩვენე

მცირედით შეცვლილი შობადობის მაჩვენებელი და მკვეთრად შეცვლილი შობადობის ზოგადი კოეციფიენტი, დიდი ალბათობით, იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოში განსაკუთრებით სწრაფად მცირდება რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობა.

„ბავშვობიდან არ მომწონდა დედის როლი და არასდროს არ მდომებია შვილის გაჩენა. თავიდან თუ ეს უფრო ემოციური ამბავი იყო, სადღაც 30 წლისამ უკვე მყარად გადავწყვიტე, რომ ნამდვილად არ მინდოდა დედობა.
არ მესმის, რატომ უნდა გააჩინო ბავშვი, რომელსაც ვერ მისცემ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას, განათლების და ჯანდაცვის სერვისების მიღების გარანტიას. რატომ უნდა გაწირო ადამიანი ამ ყველაფრისთვის. ამ ქვეყნის ყოველდღიურობის ნაწილია გაურკვეველი მომავალი - ისეთ რეგიონში ვართ, არასდროს არ იცი რა მოხდება. შეიძლება გავგიჟებულიყავი, ახლა რომ პატარა შვილი მყავდეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას 37 წლის მარიამი, რომელიც თითქმის 15 წელია, დაქორწინებულია.

მიზეზები, რის გამოც მარიამს შვილი არ უნდა, ბევრია.

პერსონალური: თავისუფლების დაკარგვის შიში, დამატებითი პასუხისმგებლობების აღების სიფრთხილე, სხეულის ავტონომიურობა და ცხოვრების ის სტილი, რომლის შეცვლაც არ უნდა. გარე ფაქტორები: გლობალური დათბობა, ეკოლოგიური დაბინძურება, არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა.

„როცა ისიც კი არ ვიცით, 30 წელიწადში სასმელი წყალი გვექნება თუ არა და ეს პლანეტა მაინცდამაინც კარგ მდგომარეობაში არ არის, ცოტა უპასუხისმგებლობა მგონია ახალი სიცოცხლის მოყვანა ამქვეყნად ამ ბუნდოვანი მომავლის გამო. რაც შეეხება ჩვენს სამშობლოს, საქართველოს, იმდენი მიზეზია იმისთვის, რომ ბავშვი არ გააჩინო, არც კი ვიცი საიდან დავიწყო. დაბინძურებული ჰაერი, დაბინძურებული გარემო, საკვები, არაფერი არ კონტროლდება, ყველაფერი გამოტენილია ტოქსინებით და ამ ყველაფრის გამო ონკოლოგიური დაავადებების ეპიდემიაა. ჯანდაცვის სისტემა არ გვაქვს ამ ქვეყანაში, განათლებაც მნიშვნელოვანია - თუ არ გაქვს ძალიან ბევრი ფული, იმდენი, რამდენი ფულიც ჩვენს მინისტრებს და პარლამენტარებს აქვთ, ვერ წაიყვან შვილს ნორმალურ სკოლაში და ვერ მისცემ კარგ განათლებას“, - ამბობს მარიამი.

ასევე ნახეთ მე არ მინდა შვილის გაჩენა - გაბედავდი ამის თქმას?

მარიამი და ის ქალები, ვინც შეგნებულად არ აჩენენ შვილს, სტატისტიკაში არ ხვდებიან, თუმცა სხვა ქალების მონაცემები, ვინც დედობის გზას ირჩევს, აჩვენებს, რომ სულ უფრო მეტი და მეტი ქალი უფრთხის როგორც პირველი, ისე მეორე შვილის გაჩენას.

2014 წლიდან მკვეთრად არის შემცირებული როგორც პირველი, ასევე მეორე შვილის გაჩენის შემთხვევები. 2023 წელს 11 194-ით ნაკლები პირველი და 9 647-ით ნაკლები მეორე შვილი გაჩნდა საქართველოში. პარალელურად, იზრდება იმ წყვილების რაოდენობა, რომლებიც მეოთხე და მეხუთე შვილის გაჩენის გადაწყვეტილებას იღებენ. შემცირებულია ქორწინებების რიცხვიც.

მეტი აჩვენე

„ამ დრომდე მტანჯავს შფოთვები, რაც პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ გამიჩნდა. სულ მეშინია, რომ რაღაც ხდება, რაღაცას ვერ გავწვდები, რაღაცას ვერ მოვახერხებ და მაგის გამო ვერ ვიღებ მეორე შვილის გაჩენის გადაწყვეტილებას… ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ შეიძლება მეორე შვილი ამ გამოცდილებით უფრო მშვიდად გავზარდო, მაგრამ ფინანსურადაც ძალიან დიდი წნეხია. უფრო სტაბილური ფინანსური მდგომარეობა რომ მქონდეს, შეიძლება ეს შფოთვებიც ნაკლებად მქონოდა“, - ამბობს 5 წლის გიორგის დედა, სოფო და ამატებს - „ჩემს ქმარს ჩემზე მეტად არ უნდა სხვა შვილი“.

შობადობის შემცირება თვალშისაცემია მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა, არსებობს რეგიონები, სადაც არა მხოლოდ ახალშობილების, მთელი მოსახლეობის რიცხვიც დრამატულად იკლებს. მაგალითად:

  • 2015-დან 2023 წლამდე თითქმის 68 000-ით შემცირდა იმერეთში მცხოვრებთა რაოდენობა; ეს უფრო მეტია, ვიდრე მთელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა.
  • ბოლო 9 წელიწადში 9 ათასით არის შემცირებული გურიის მოსახლეობა. ეს უფრო მეტია, ვიდრე დაბა ლანჩხუთში მცხოვრები ადამიანების რიცხვი.
  • 13 000-ზე მეტით არის შემცირებული 2015 წლის შემდეგ შიდა ქართლის მოსახლეობაც. დაახლოებით ამდენი ადამიანი ცხოვრობს ქალაქ კასპში.
  • 32 500-ით ნაკლები ადამიანი ცხოვრობს სამეგრელო-ზემო სვანეთში - ეს სამჯერ მეტია, ვიდრე მთელი მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა.

საქართველოში შობადობის შემცირება იმ ნიშნულამდეა დასული, როცა ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. 2023 წელს ასეთი სურათი იყო ყველა რეგიონში. გამონაკლისი მხოლოდ თბილისი, აჭარა და ქვემო ქართლია.

მეტი აჩვენე

მოსახლეობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ემიგრაციაა - მხოლოდ 2022 წელს საქართველოდან 15-დან 64 წლამდე ასაკის ასი ათასზე მეტი ადამიანი წავიდა. ამ წელს 13 ათასი იყო ემიგრანტი ბავშვების რიცხვი.

ქართველი ემიგრანტების ჯგუფებში, თითქმის ყოველდღე იდება ამ შინაარსის პოსტები:

„3 პატარა ბავშვით მოვდივარ. უნდა ჩავბარდე და გთხოვთ გამამხნევეთ, რჩევები მომეცით. ძალიან განვიცდი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს,რადგანაც უკვე გადავდგი ნაბიჯი ახლა უკვე უკან ვერ დავიხევ და უბრალოდ თქვენგან გამხნევება მჭირდება“.

„გამარჯობა მეგობრებო გთხოვთ გამარკვიოთ 8 წლის ბავშვთან ერთად რომ ჩამოვიდე, სადმე თუ იქნება ოჯახი რომ მუშაობა დავიწყო. ბავშვს ვერ ვტოვებ. დამეხმარეთ, გთხოვთ“.

„ვარ 30 წლის გოგო, მყავს 5 წლის ქალიშვილი, მსურს იტალიაში წასვლა, როგორც ყველა ქალბატონი ოჯახში დამხმარედ, რამდენად Შესაძლებელია Შვილთან ერთად წასვლა? ამ ქვეყანაში სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, უბრალოდ, რომ გადავრჩეთ, მხოლოდ ამ გამოსავალს ვხედავ“.

„მეუღლეა ირლანდიაში, ძალიან უჭირს გაჩერება, ჩამოსვლითაც ვერ ჩამოდის რადგან ბევრი პრობლემა გვაქვს, ამიტომ გადავწყვიტე მე წავიდე ბავშვებთან ერთად. თუკი ვინმემ რამე გზა იცით, გთხოვთ დამეხმაროთ და დამაკვალიანოთ. 2 ბავშვით მინდა წასვლა. ის იქ კვდება ნერვიულობით და აქ მე აღარ ვარ დარდით“.

საქართველოდან ოჯახები ბავშვებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში ძირითადად ფინანსური და ჯანმრთელობის პრობლემების გამო მიდიან. გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა უფრო და უფრო ხშირად ისმის საქართველოდან წასვლის მიზეზად ცხოვრების დაბალი ხარისხი და პერსპექტივის არარსებობა.

ასევე ნახეთ “ოჯახებით მიდიან, უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ” - როგორ ცვლის მიგრაცია დემოგრაფიულ სურათს საქართველოში

„ჩემს მშობლებს ვერ ვტოვებ მარტო, თორემ ძალიან ხშირად ვფიქრობ მეც საქართველოდან წასვლაზე. ყველაფერი, რაშიც აქ ფულს ვიხდი და მაინც საეჭვო ხარისხის არის, იქნება ეს საბავშვო ბაღი, სკოლა, გასართობი თუ განვითარების აქტივობები, რომელიმე ევროპულ ქვეყანაში უფასოდ და ბევრად ხელმისაწვდომ ფასად, გაცილებით ხარისხიანი გვექნებოდა, წასვლა რომ შემეძლოს“, - ამბობს სოფო. მის მსგავსად საქართველოში უამრავი ქალი ფიქრობს, რომ შვილების უკეთესი მომავლისთვის სხვა ქვეყანაში წასვლა შეიძლება ერთადერთი სწორი გზა იყოს.

მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში საქართველოდან ათი ათასზე მეტი სკოლის მოსწავლე წავიდა ოჯახთან ერთად სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად. 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში სკოლების 42%-ში 100-ზე ნაკლები მოსწავლეა დარჩენილი. განსაკუთრებით თვალშისაცემია ბავშვების სიმწირე მაღალმთიან რეგიონებში. 100 ბავშვზე ნაკლები სწავლობს რაჭა-ლეჩხუმის სკოლების 91%-ში, სამცხე-ჯავახეთის სკოლების 65%-სა და გურიის სკოლების 59%-ში.

სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, იმ ბავშვების რაოდენობა, ვინც სკოლებში სწავლის შეწყვეტის მიზეზად ქვეყნიდან წასვლას ასახელებს, მკვეთრად გაიზარდა 2021 წლის შემდეგ. ამ მონაცემების თანახმად, საქართველოდან ემიგრაციაში წასული სკოლის მოსწავლეების რაოდენობა ასეთია:

  • 2023 წელს - 5604 ბავშვი
  • 2022 წელი - 5508 ბავშვი
  • 2021 წელი - 2698 ბავშვი
  • 2020 წელი - 1358 ბავშვი.

შობადობის კლების პარალელურად იზრდება ქორწინების ასაკი.

2023 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29 წელია, კაცებისთვის 32. იმატებს დედის საშუალო ასაკიც პირველი ბავშვის დაბადებისას - ბოლო მონაცემებით, ეს 26 წელია. ათი წლის წინ პირველ შვილს 24 წლის ქალები აჩენდნენ. გაზრდილია იმ ქალების რიცხვიც, ვინც 40 წლის შემდეგ იღებს ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილებას.

„გაუმართავი ინფრასტრუქტურიდან დაწყებული განათლების სისტემით დამთავრებული, ყველაფრის მეშინია, მაგრამ ამ პრობლემებსაც ისე ვუყურებ, როგორც გამოწვევას და არა გადაულახავ ბარიერს“, - გვეუბნება სამი მცირეწლოვანი შვილის დედა, გვანცა. მისი უფროსი ვაჟი 8 წლისაა, მეორე 4-ის, მესამე ერთის. მას ბავშვობიდან მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ბევრი შვილი უნდოდა და ამ განზრახვაზე ხელი ვერაფერმა ააღებინა.

პირველი შვილი გვანცამ 25 წლის ასაკში გააჩინა, დედობა უნდოდა. მეორე შვილი პირველი შვილისთვის, მარტო რომ არ ყოფილიყო, მესამე კი მაშინ, როცა მიხვდა, რომ ბავშვებს მისთვის საზრუნავზე მეტი სიხარული მოჰქონდათ და მოუნდა, პირველი ორი ბავშვის გაზრდისას მიღებული გამოცდილება კიდევ ერთხელ, უფრო მშვიდად გაემეორებინა. როცა ოჯახი შექმნა, 4 შვილის ყოლას გეგმავდა, მაგრამ ახლა ამბობს, რომ მე-4 შვილისთვის რესურსები აღარ დარჩა. მეტ შვილს ვეღარ გააჩენს.

საქართველოს დემოგრაფიულ პორტრეტში მნიშვნელოვანი როლი აქვს ეკონომიკურ მდგომარეობას. 2023 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოში სოციალურ შემწეობას იღებდა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი - უფრო ზუსტად, 676 641. ეს რიცხვი დღემდე, ამ პროგრამის მოქმედების პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გაზრდილია ბავშვთა სიღარიბეც - „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5.2%-ით მომატებულია.

ასევე ნახეთ ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს - NDI-ის კვლევა

შემცირებული შობადობის ერთ-ერთი თანმხლები პრობლემა მოსახლეობის დაბერებაა, რაც საქართველოსთვის უკვე დამდგარი შედეგია. ქვეყნის მოსახლეობის 63%-ს დღეს ბავშვები და პენსიონერები შეადგენენ, თუმცა 60 წელს გადაცილებულების რაოდენობა 263 200-ით აჭარბებს 19 წლამდე ახალგაზრდების რიცხვს.

10 წლის წინ ეს სურათი განსხვავებული იყო, 2013 წელს ბავშვების რიცხვი 277 000-ით მეტი იყო, ვიდრე პენსიონერების. 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში ისტორიულ მაქსიმუმზეა ბოლო 30 წლის დროით ინტერვალში და 15.6%-ს შეადგენს. 1994 წელს ეს მაჩვენებელი 10.5% იყო, 2004 წელს 14.1 %, 2014 წელს - 14.2%.

მეტი აჩვენე

საქართველომ მოსახლეობის დაბერება 2016 წელს აღიარა პრობლემად და შეუმუშავა როგორც სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია, ისე ამ კონცეფციის შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ამ დოკუმენტების მიხედვით, მოსალოდნელია, 2030 წლისთვის 65 წელს გადაცილებული ადამიანების წილი საერთო მოსახლეობაში 21%-მდე გაიზარდოს.