წამლის 14-დღიანი მარაგი და ექიმთან ვიზიტების გაორმაგებული გრაფიკი - ამ ცვლილებამ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის წესში სამედიცინო სფეროში აზრთა სხვადასხვაობა გააჩინა. არის თუ არა მკაცრი ბიუროკრატია სააფთიაქო ნარკომანიის დაძლევის ერთადერთი გზა, თუ ეს გადაწყვეტილება პაციენტებსა და ექიმებს გაუმართლებელ ფინანსურ და ფიზიკურ ტვირთად დააწვება?
რა იცვლება - მოკლედ
ფსიქოტროპული მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის ახალი წესით:
- სრულწლოვან პაციენტებს 2 კვირაში ერთხელ მოუწევთ აფთიაქში წამლისთვის (14 დღის მარაგის ასაღებად) მისვლა.
- ხოლო არასრულწლოვანების შემთხვევაში, დაშვებულია არაუმეტეს 30 დღის მარაგის მიღება.
ეს წესი ძალაში პირველი აპრილიდან შევიდა.
ახალი რეცეპტის გამოწერა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ პაციენტს წამლის მხოლოდ ხუთი დღის მარაგი აქვს დარჩენილი.
გამოწერილი ფსიქოტროპული მედიკამენტის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ამავე პრეპარატის ინსტრუქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს.
ექიმმა უნდა დაასაბუთოს კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობა პაციენტის სამედიცინო ისტორიაში.
ახალი რეგულაცია ასევე ადგენს წესებს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პრეპარატი დაკარგულია, დაზიანებულია ან განადგურებულია.
ფსიქოტროპულ წამლებს ექიმი პაციენტს უნიშნავს ხანგრძლივი დეპრესიული ან შფოთვითი მდგომარეობის დროს, ქცევითი ან აზროვნების სერიოზული დარღვევების, ძილის მძიმე პრობლემების, ემოციური კონტროლის სირთულეების დროს. ეს მედიკამენტები პაციენტმა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოს და მათი თვითნებურად დაწყება ან შეწყვეტა სახიფათოა. რეცეპტის გარეშე ეს წამლები ჩვეულებრივ ქსელურ აფთიაქებში არ იყიდება. თუ პაციენტი თავად ვერ მიდის წამლის საყიდლად (ან სახელმწიფო პროგრამით უფასოდ მისაღებად), მისთვის მედიკამენტის ყიდვა (განკუთვნილი დოზის აღება) შეუძლია მხოლოდ მასზე მზრუნველ ადამიანს, პაციენტის მინდობილობის წარდგენის შემდეგ - ოღონდ ეს მინდობილობა ნოტარიულად უნდა იყოს დამოწმებული.
რატომ გახდა საჭირო ცვლილება?
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თეა გიორგაძის განმარტებით, მიზანი ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე კონტროლის გამკაცრება, მათი არამიზნობრივი გამოყენებისა და არასათანადო მოხმარების პრევენციაა.
მიზეზი, როგორც ჯანდაცვის უწყება განმარტავს, გამოვლენილი დარღვევებია - ფსიქოტროპული მედიკამენტები სათანადო დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და კონსულტაციის გარეშე ინიშნებოდა. მათ შორის, გადაჭარბებული დოზებითა და ნებართვის არმქონე ექიმების მიერ.
ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობით, ამ დარღვევის გამო პროფესიული განვითარების საბჭომ 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა უკვე დააკისრა. საბჭოს წევრები იმაზეც შეთანხმდნენ, რომ რისკების შემცირებისთვის მეტი კონტროლი და კანონის გამკაცრება იყო საჭირო.
ასევე ნახეთ
ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე რეცეპტების უკანონოდ გაცემის გამო რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებასა და ექიმებს საქმიანობა აეკრძალათ2026 წლის თებერვალში, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა – ერთს საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ გაუუქმდა, 8 ექიმს საქმიანობის უფლება 6 თვის ვადით შეეზღუდა, ერთს კი წერილობითი გაფრთხილება მისცეს.
ექიმები ფსიქოტროპული წამლების რეცეპტებს გასცემდნენ დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე. ერთ პაციენტზე, ერთდროულად, გამოწერილი იყო სხვადასხვა დასახელების, ისეთი ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორიცაა: „ლირიკა“, „დიაზეპამი“ და „ბაკლოფენი“. იყო შემთხვევები, როცა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც ნებართვაც კი არ ჰქონდა. ასევე, მედიკამენტი გაიცემოდა, დღიურ დოზასთან შედარებით, ორჯერ და სამჯერ დიდი დოზით“
- ზუსტი რიცხვი, რამდენი ადამიანი მოიხმარს საქართველოში ფსიქოტროპულ წამლებს, ჯანდაცვის სამინისტროსგან ვერ მივიღეთ, გვიპასუხეს, რომ ეს რიცხვი მუდმივად იცვლება.
- ჯანდაცვის სამინისტროსგან ამ დრომდე არც იმაზე გვაქვს პასუხი, სულ რამდენი ავტორიზებული აფთიაქია საქართველოში, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტების ყიდვაა შესაძლებელი და როგორ არის ის გადანაწილებული საქართველოს ტერიტორიაზე.
დღეს ფსიქიატრიულ დისპანსერებში სხვადასხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე 80 000-მდე ადამიანია აღრიცხვაზე, თუმცა, როგორც „ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა ევროპული და საქართველოს ქსელების“ თავმჯდომარე ოლგა კალინა გვეუბნება, უკლებლივ ყველა ფსიქოტროპულ წამლებს არ მოიხმარს.
ოლგა კალინა
რა ურთულებს საქმეს პაციენტებს?
ოლგა კალინა შიშობს, რომ ახალი წესები დაბრკოლებებს შეუქმნის პაციენტებს (განსაკუთრებით, რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს) და მათზე მზრუნველ ადამიანებს. განსაკუთრებით მათ, ვისაც მედიკამენტების საყიდად და გრძელი გზის გავლა უწევთ.
აქამდე ისინი თვეში ერთხელ ან თვეში ორჯერაც მიდიოდნენ ექიმთან, იღებდნენ რეცეპტს და წამლის მარაგს. ახლა კი, იგივე პროცედურა მათ კვირაში ორჯერ უნდა გაიარონ. გზაშიც - ორჯერ მეტი დახარჯონ.
“მაგალითად, რუსთავში ეს წამლები არ იყიდებოდა და ადამიანები ქვემო ქართლიდან იძულებულები იყვნენ, თბილისში ევლოთ. ყაზბეგში მცხოვრებმა ადამიანებმა წამალი მცხეთაში უნდა აიღონ, თუმცა სატრანსპორტო მარშრუტები ისეა მოწყობილი, რომ ისინი ჯერ თბილისში უნდა ჩავიდნენ და შემდეგ მცხეთაში წავიდნენ. შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებსაც თვეში ერთხელაც უჭირდათ ჩამოსვლა, არ ჰქონდათ ფული, არ ჰყავდათ მანქანა, მუდმივად ვიღაცას სთხოვდნენ დახმარებას და როგორ შეძლებენ ისინი თვეში ორჯერ ექიმთან სიარულს?“
ოლგა კალინა ამბობს, რომ ამ ფინანსურ ტვირთს ძალიან მალე იგრძნობენ ადამიანები და შესაძლოა, ბევრი მათგანი, უბრალოდ წამლის გარეშე დარჩეს - ერთ დღეს, უბრალოდ თქვან, რომ გრძელ გზაზე თვეში ორჯერ საკუთარი ხარჯით სიარული აღარ შეუძლიათ.
„რა კრიტერიუმით განისაზღვრა სრულწლოვანებისათვის მხოლოდ 14 დღე? ამ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი და არგუმენტაცია არ მოგვისმენია“, - ამბობს რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი, მანანა ელიაშვილი სამედიცინო პლატფორმა Medscriptum-თან ინტერვიუში.
მისი აზრით, შეზღუდვები, განსაკუთრებით, რეგიონებში, მკურნალობის უნებლიე შეწყვეტის რისკს გაზრდის. ხოლო თუ პაციენტების თერაპიაში წყვეტა დაავადების პროგრესს ნიშნავს.
ფსიქიატრი მანანა შარაშიძე კი, რომელიც საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ვარაუდობს, რომ ეს ცვლილებები არა მხოლოდ პაციენტებსაც გაუზრდის ფინანსურ ტვირთს, არამედ, ფსიქიატრებსაც მოუმატებს აუნაზღაურებელ, ბიუროკრატიულ შრომას.
მანანა შარაშიძე, ფსიქიატრი
გაზრდის რიგებს ექიმებთანაც და აფთიაქებშიც, სადაც ფარმაცევტებს ამ წამლების გასაცემად, ამ მედიკამენტების სისტემაში ძებნა, დეტალების გადამოწმება და წამლების მეტი კონტროლით გაცემა უწევთ.
„თბილისში მე პირადად მხოლოდ ხუთი აფთიაქი ვიცი, სადაც ფსიქოტროპული წამლები იყიდება. შესაძლოა, მეტია, მაგრამ ზოგადად ასეთი აფთიაქების რაოდენობა არის ცოტა“.
ასევე ნახეთ
ნარკოპოლიტიკა არასდროს ყოფილა ლიბერალური, შეაჩერეთ ეს დესტრუქციული რეფორმა - ადიქტოლოგთა ასოციაციაფსიქიატრი ფიქრობს, რომ განსაკუთრებით გაურთულდებათ საქმე მოზარდებს, რომლებიც ყოველ თვე უნდა ატარონ მშობლებმა ექიმთან ელექტრონული რეცეპტის გამოსაწერად - „მაგალითად, აუტიზმის მქონე ბავშვების მოყვანა თვეში ამ ერთხელაც კი ძალიან უჭირდათ”.
მანანა შარაშიძე გვეუბნება, რომ ხარჯები გაუორმაგდებათ მათაც, ვინც კერძო ექიმთან დადის, რადგან მათაც წამლის მისაღებად თვეში ორჯერ მისვლა მოუწევთ.
“მათ შორის, ისეთ პაციენტებს (მაგალითად, ნევროზული პრობლემების მქონეთ), ვინც ორ ან სამ თვეში ერთხელ მიდიოდნენ ექიმთან.
ფსიქიატრების ჯგუფმა ჯანდაცვის სამინისტროს წერილითაც მიმართა და ბრძანებაში შესული ცვლილებების გადახედვა სთხოვა. დახმარებაც შესთავაზა ისეთი წესის შესამუშავებლად, რომელიც საუკეთესოდ უპასუხებდა როგორც სახელმწიფოსა და კონტროლის მექანიზმების, ისე პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის ობიექტურ ინტერესებს.
ასევე ნახეთ
ღარიბაშვილი: ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდესსამინისტროსთვის გაგზავნილ ამ წერილში ფსიქიატრები წერენ, რომ ეს ცვლილებები შეაფერხებს როგორც ფსიქიატრიული სათემო-ამბულატორიული პროგრამების ეფექტიან ფუნქციონირებას, ისე კერძო ფსიქიატრიულ პრაქტიკას.
“მაგალითად, მობილური გუნდის მომსახურებისას, ექიმი-ფსიქიატრი პაციენტთან თვეში ერთხელ მიდის - შუალედებში პაციენტის ჯანმრთელობას სხვა სპეციალისტები მართავენ. ცვლილების შედეგად სავალდებულო ხდება ექიმის ორკვირიანი შუალედით ჩართულობა, რაც ასევე “შეუთავსებელია პროგრამის შინაარსობრივ და სტრუქტურულ მოდელთან” - წერენ ფსიქიატრები.
ეს არ არის პირველი ცვლილება, რომლითაც ფსიქოტროპული მედიკამენტებისა გაცემის წესები გამკაცრდა. როგორც ოლგა კალინა გვიყვება, 2025 წელს პაციენტების ახლობლებს, მათზე მზრუნველ ადამიანებს, პაციენტის მინდობილობის გარეშე მედიკამენტის აღება შეეზღუდათ.
ასევე ნახეთ
"სააფთიაქო ნარკომანია": სად არის გამოსავალი?თუმცა ამ ცვლილებას უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია, რადგან პრობლემები შეიქმნა სანოტარო ბიუროებთან. ნოტარიუსები მინდობილობებს არ ამოწმებდნენ:
„ამბობდნენ, რომ ამ პირს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მისი მინდობილობა როგორ დავამოწმოთო“, - უყვება ოლგა კალინა რადიო თავისუფლებას. ამის გამო პაციენტს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას სახლიდან გასვლა უჭირს, იძულებულია თავად მივიდეს წამლის მისაღებად - ჯერ ექიმთან, შემდეგ კი აფთიაქში.
ოლგა ასევე გვეუბნება, რომ 2025 წლის 1 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც გამკაცრდა ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის პროცედურა და კერძო კომპანიებმა დაკარგეს ამ წამლების იმპორტის უფლება და ამ უფლებით მხოლოდ სახელმწიფო სარგებლობს, უკვე შეიქმნა დეფიციტი გარკვეულ მედიკამენტებზე.
„რამდენიმე წამალი საერთოდ გაქრა“, - ამბობს ოლგა კალინა.
ასევე ნახეთ
კობახიძე: სრულად აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერამან, შესაძლოა მედიკამენტების „შავი ბაზარი“ ააყვავოს. ოლგას აზრით, ადამიანები იქ დაიწყებენ ამ მედიკამენტების ძებნას. ეცდებიან მათ თვითნებურ ჩანაცვლებას.
„ჩემი აზრით, ბევრი შეძლებული ადამიანი საერთოდ გადაწყვეტს, რომ ამ გართულებების გამო სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა არ ღირს და სხვა სქემებს მიმართავს. შეიძლება კონტრაბანდული სქემებიც ამოქმედდეს. თუმცა საბოლოო ჯამში, ეს პროცესი ისევ ნაკლები შემოსავლის მქონე ხალხს დააზარალებს, რომელთა ფსიქიკური ჯანმრთელობა წამლის გარეშე უფრო გაუარესდება“, - გვეუბნება ოლკა კალინა, რომლის პროგნოზით, ამ ცვლილებით მეტი ადამიანი დაზარალდება, ვიდრე იხეირებს.
გამოსავალი რა არის?
ამ პრობლემის სხვაგვარი კონტროლი, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მანანა შარაშიძე.
“შესაძლოა, ამ ცვლილებებს მიზანი კარგი აქვს, რაც სააფთიაქო ნარკომანიის პრევენციაა, მაგრამ ძალიან ადვილი გზით სურთ ამ პრობლემის გადაჭრა, რაც შედეგს არ მოიტანს. თუ რამდენიმე ექიმი არღვევდა წესს, ამის გამო ყველა ფსიქიატრი და ფსიქიატრიული ჯანმრთელობის მქონე პაციენტები არ უნდა დააზარალო“.
მანანა შარაშიძე ფიქრობს, რომ ეს პრობლემა ვერ მოგვარდება მანამ, სანამ ქვეყანაში არ იარსებებს უკეთესი ნარკოპოლიტიკა, უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემა, საკმარისი ფსიქიატრიული სერვისების, გამართული სარეაბილიტაციო ცენტრები და საკმარისი ფსიქიატრების და ფსიქოლოგები, რომლებიც პროფესიაში დარჩენას აირჩევენ.