და ასე, "ტროის ცხენით" შევიდა ქართველი არტისტი იმ ქვეყნის ეროვნულ პავილიონში, რომელიც ერთ-ერთია იმ ხუთი ქვეყნიდან, ვისაც აღიარებული აქვს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.
საბოლოოდ, თედოს ნამუშევარი, ნიჟარა ზედ გამოსახული აფხაზეთის ქალაქების პეიზაჟებით და აუდიოინსტალაცია, სადაც ზღვის და თოლიების ხმას მოულოდნელად ცვლის ომის და სასოწარკვეთილი ადამიანების ხმები, ვენეციის ბიენალეს დებიუტანტის - ნაურუს პავილიონის გამხსნელი ნამუშევარი აღმოჩნდა.
თედოს ნამუშევარი ვენეციის ბიენალეზე ნაურუს ეროვნული ბიენალეს გამოფენას ხსნის
2026 წელს ამ პავილიონში სამმა კურატორმა 11 არტისტი წარადგინა - მათგან მხოლოდ ერთი იყო ნაურუდან. თემები, რომელთა გარშემოც გამოფენის კონცეფცია ტრიალებდა, იყო იმპერიალიზმი, ეკოლოგიური კატასტროფები და დანაკარგები. თედო განმარტავს, რომ მისი ნამუშევარიც, დანაკარგზეა - ომით გამოწვეულ დანაკარგზე.
ეს ინტერვიუ, ვენეციიდან მისი სამშობლოში დაბრუნების მეორე დღეს, 13 მაისს არის ჩაწერილი.
– ვინ დატროლე ამ ნამუშევრით, ბიენალე, ნაურუ თუ რუსეთი?
– ნაურუ.
– მაშ მოგვიყევი როგორ აღმოჩნდი ამ ამბავში გახვეული?
– ეს არის კომიკური ისტორია კომიკური დასაწყისით. პარიზში ვიყავი, როგორც ჯგუფური გამოფენის მონაწილე და იქ მოვიდა ერთი ჩემი ნაცნობი არტჟურნალისტი, რომელმაც მოიტანა ამბავი, რომ ახალი ქვეყანა გამოდის ბიენალეზე, მხატვარს, ფერმწერს ეძებდნენ და აინტერესებდა, ხომ არ მივიღებდი მონაწილეობას.
გამიხარდა ეს შესაძლებლობა, რომ შეიძლება ბიენალეზე მოვმხვდარიყავი. მან არ მითხრა, რომელ ქვეყანაზე იყო ლაპარაკი, თუ დათანხმდები, ვეტყვი და თვითონ მოგწერენო. საღამოს მივიღე ოფიციალური წერილი და აღმოჩნდა, რომ ნაურუზეა ლაპარაკი. გამეცინა და დავწერე დელიკატური უარის წერილი ამ ჩემი ნაცნობისთვის, სადაც ვწერდი, რომ არ გამოვიდოდა ჩემი იქ მონაწილეობა.
მაგრამ მერე ვიფიქრე ერთი დღე და მოვიფიქრე ასეთი რაღაც, რომ ვცდი ახლა ჩემსას, შევთავაზებ, რომ მივიღებ მონაწილეობას, ოღონდ მარტო აფხაზეთის თემაზე ვიმუშავებ და ჩემი კონტექსტით, როგორც მე მინდა, იმ მიმართულებით. ვიდეოქოლი მოვითხოვე კურატორებთან - ისინი დაინტერესდნენ, როგორც ჩანს იგრძნეს პროვოკაციული მანიფესტის ხასიათი და დამთანხმდნენ. მერე უკვე პროექტზე დავიწყე მუშაობა, ვიზუალიზაცია გავაკეთე და ერთ თვეში მომივიდა წერილი, რომ პავილიონი ჩემი ნამუშევრით გაიხსნებოდა.
ჩემი ნამუშევარი არის ნიჟარა, აფხაზეთის სანაპიროდან აღებული ნიჟარა, რომელსაც ყურზე თუ მიიდებ, ზღვის ხმებს გაიგონებ. ეს იდეა დევს, რომ მას ახსოვს ის რეალური ისტორია, რაც იქ მოხდა.
ამ ნიჟარაზე 6 ქალაქის ხედებია: გულრიფშის, ტყვარჩელის, გაგრის, სოხუმის, ბიჭვინთის და ოჩამჩირის. ეს ნახატები ჰგავს იმას, რასაც დედა გვიყვებოდა ხოლმე, რომ დანარჩენ საქართველოში როცა ციოდა და თოვდა, იქ ყველაფერი მწვანე იყოო.
მე ზოგადად დიდი ოჯახი მაქვს და ჩემი ოჯახის არაერთ წევრს ჰქონდა აფხაზეთში სახლი. ჩვენც დევნილის სტატუსი გვაქვს. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ჩემი ნამუშევრის კონცეფცია ჩემთვის ძალიან პირადი და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც ქართველისთვის, არამედ იმ ადამიანისთვის, რომლის ოჯახსაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა აფხაზეთთან.
სასტუმრო ივერია. თედო რეხვიაშვილის ნამუშევარი; ივერია თბილისის ცენტრში იყო ერთ-ერთი ის შენობა, სადაც აფხაზეთიდან დევნილები ომის დროს შესახლდნენ
|
– ახსოვდათ ნაურუში, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქვთ აღიარებული?
– თავიდან მათთვის სრულიად უმნიშვნელო იყო ის ფაქტი, რომ საქართველოდან ვიყავი და ეგეც მეტყველებს იმაზე, რომ მათთვის აფხაზეთის აღიარება ჩვეულებრივი გარიგება იყო, როგორც რუსეთი დებს ხოლმე პატარა, კორუმპირებულ ქვეყნებთან. მათ აიღეს ფული და რუსეთმა მიიღო მათგან ხმა, რომელიც სჭირდებოდა.
მერე უკვე წერილი მოვიდა მათი [კულტურის] სამინისტროდან, სადაც ეწერა, ისე ნუ იზამთ მხატვრები, რომ ნაურუ რაიმე მხრივ პოლიტიკურად დამნაშავე გამოჩნდესო. ისიც ეწერა, ნაურუს რთული ისტორია აქვს და რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც მიუღია, თუმცა წლევანდელი ჩვენი პავილიონი ვენეციაში ამ თემას არ ეხებაო. ამ დროს კონტრაქტზე უკვე ხელი მქონდა მოწერილი და ეს გაფრთხილება აღარაფერს აღარ შეცვლიდა.
– თავად ნაურუდან თუ მონაწილეობდნენ არტისტები ამ გამოფენაში?
– ერთი არტისტი იყო მხოლოდ ნაურუდან - არ ჰყავთ ბევრი მხატვარი და იმიტომ მოუწიათ ასე არაოფიციალური, ღია კონკურსით შერჩევა კურატორებს არტისტების.
თვითონ პავილიონის კონცეფცია კარგად იყო აწყობილი და პატარა ერების გაქრობის საფრთხეს, კოლონიალიზმს და ეკოლოგიურ პრობლემებს, ეხებოდა - ნაურუს ეს ყველაფერი აწუხებს. ჩემი ნამუშევრის კონცეფცია ომის დანაკარგზე იყო და ამით ეხმიანებოდა ამ თემას. ნაურუელ არტისტს ლუპა ჰქონდა გამოტანილი, რომელშიც ტროპიკულ სამყაროს ხედავდი - იზოლაციას და ეკოლოგიასთან დაკავშირებულ პროტესტებზე იყო ეს ინსტალაცია.
ნაურუელი არტისტის ნამუშევარი ეროვნული პავილიონიდან
– ბიენალეში მონაწილეობამდე, რამე იცოდი ნაურუს არტსცენაზე?
– არა, არაფერი. ჩემთვის საინტერესო მხოლოდ ის იყო, რომ პირველად მონაწილეობდა ვენეციის ბიენალეში ეროვნული პავილიონით და როცა გადავწყვიტე, რომ იქ უნდა ვყოფილიყავი, უკვე ამაზე ვიყავი კონცენტრირებული. ეს ნამუშევარი დიდია, თბილისში გავაკეთე და ოთხ სეგმენტად დაყოფილი წავიღე და მერე იქ ღერძზე დამაგრებისას და ხელახლა აწყობისას ბევრი ფრაგმენტის ხელახლა მოხატვა გახდა საჭირო. მაგრამ მე ვთქვი ჩემი სათქმელი. მინდოდა ყველასთვის მეჩვენებინა, რომ ეს თემა ისევ ცოცხალია, გვახსოვს და არ არის ყურს უკან მოგდებული. იმ პავილიონში, სადაც 7 თვე იქნება გამოფენილი ეს ნამუშევარი, დღეში 400 ადამიანი მაინც შევა და ნახავს.
სხვათა შორის, ბევრმა იცოდა უკვე საქართველო, აღარ არის ისე, როგორც, სიტყვაზე, 10 წლის წინ იყო. ოკუპაციის ამბავიც იცოდნენ და უკვირდათ, იქ რომ მოვხვდი. რომ ვუყვებოდი, საინტერესო იყო მათთვის.
| ნაურუ პატარა და ღარიბი კუნძულოვანი ქვეყანაა ეკვატორის სამხრეთით 10 084 მოსახლით. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1968 წელს - ამ დროს ნაურუში მხოლოდ 3 000 ადამიანი ცხოვრობდა. 1999 წლიდან არის გაეროს წევრი სახელმწიფო. საქართველოს დამოუკიდებლობა 2009 წელს აღიარა. |
– საქართველოს სახელით ბიენალეში მონაწილეობაზე გიფიქრია?
– არა, არასოდეს. ეს სხვანაირი პასუხისმგებლობაა.მანდ ისეთი დონის მხატვრები და ხელოვანები იქნებოდნენ, რომ შეხედავ მათ ისტორიას და ნამუშევრებს, ესე მარტივი არ არის, რომ მომინდეს და შევიდე. ბოლო წლებში ისედაც გამორიცხულია ეგ ამბავი – წულუკიანს ნახატი დავუწვი, მე ვაპროტესტებ მათ.
ასევე ნახეთ
მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა კულტურის არსებული პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად ნახატი დაწვაზოგადად დღეს საქართველოში საშინლად ტოქსიკური გარემოა შექმნილი, ხელისუფლება განზრახ აჩლუნგებს იმ ღირებულებებს, რაზეც მერე ეფუძნება ერის ფსიქოლოგია, რაზეც ერი დგას: ადამიანი, თავისუფალი სიტყვა, ქვეყანა, სამშობლო, გმირი, ვინ მტერია, ვინ მოყვარე, ყველაფრის გაუფასურება ხდება.
– გაბრაზების მიზეზები გეცვლება ხოლმე?
– სხვადასხვანაირი ბრაზი მაქვს: რაღაც მომენტში ხელოვნებას ურტყამენ, რაღაც მომენტში ახალგაზრდას ადებენ ბორკილებს უნივერსიტეტთან, მერე ასაკიან ადამიანს იჭერენ, რომელსაც ქვეყნისთვის წინაშე დამსახურებები აქვს და ცუდი არაფერი გაუკეთებია. ამ ბრაზის მიხედვით იცვლება ხოლმე ნამუშევრების კონცეფციებიც.
– ეგ ხომ რთულია, რომ თან რეალობა ასახო, მაგრამ თან შენი ნამუშევრები ახალ ამბებზე, ხანმოკლე სიცოცხლის მქონე ნიუსებზე რეფლექსია არ იყოს?
– ეს თემები შენს თავში სულ ტრიალებს. აფხაზეთზე, მაგალითად, ადრეც მქონდა ნამუშევრები - სამი წლის წინ მანქანის ინსტალაცია გავაკეთე, ომში ნაძარცვით ავავსე მისი საბარგული, 7 მეტრამდე სიმაღლის ინსტალაცია იყო, სადაც უნიტაზები და სხვა ნაძარცვი ნივთები იდო. ამით მინდოდა მეჩვენებინა, ბრძოლის ველიდან როგორ გამოაქვთ რუს ჯარისკაცებს სამარცხვინოდ გამოყენებული უნიტაზები, გამოყენებული ფეხსაცმელი, რომელიც გახადეს ვიღაცას, ვინც მოკლეს.
ინსტალაცია ნაძარცვი ნივთებით.
ახლა საერთოდ ისეთი დრო დადგა, რომ საერთოდ აღარ არის აფხაზეთის თემის ხსენება. აბა, ვნახოთ ისინი როგორ მუშაობენ ყოველდღე იმისთვის, რომ ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარებას მიაღწიონ, ეკონომიკური ურთიერთობები განავითარონ რუსეთთანაც და სხვა ქვეყნებთანაც, შავი ფულის გამტარ ზონად აქციეს იქაურობა. თუნდაც სამაჩაბლოს ამბავი, ყოველ მეორე დღეს საზღვარს წევენ. არ არის ეს აქტუალური?
უბრალოდ, ისეთი ზედაპირის ხალხად გვაქციეს, ზედაპირზე რაც ტივტივებს, იმ ნიუსებში დავცურავთ და რეალურად ფუნდამენტური პრობლემები რაც გვაქვს, იმაზე აქცენტი აღარ კეთდება.
სოხუმი. თედო რეხვიაშვილის ნამუშევარი
– ნაძარცვებიანი მანქანის ინსტალაცია სად იყო გამოფენილი, როგორც ჩანს ეგ გამოფენა გამომრჩა.
– Silk Factory-ში იყო გამოფენილი, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის ეგ ტერიტორია. მანდაც გვიან გავიგე, თურმე სად ვიყავი და დავიძაბე, მაგრამ მშვიდად ჩაიარა - იქაც რუსეთის თემა იყო შეტანილი, ოკუპაციის და დევნილების, მთელი გამოფენა პროტესტი იყო. ჩემი არაჩვეულებრივი მასწავლებელი და საოცარი კურატორი, ხათუნა ხაბულიანი იყო ამ გამოფენის კურატორი.
– გამოდის, რომ რთულია არტისტისთვის ისეთი სივრცეები იპოვოს გამოფენისთვის, რომელიც მისთვის საჩოთირო პოლიტიკური კონტექსტით არ იქნება დატვირთული.
– რთულია, კი. იმ გამოფენისთვის ბევრმა სივრცემ უარი მითხრა - დიდი სივრცე მჭირდებოდა. რაღაც მომენტში, როგორც ხელოვანი იღლები, იმხელა ენერგიის გაფრქვევებია ხოლმე, რომ მერე ამოსუნთქვა გჭირდება. ბოლოს, მაგალითად, მე საქართველოს სხვადასხვა კუთხის აბსოლუტურად ნეიტრალურ პეიზაჟებს ვხატავდი, ერთ ადამიანს ვერ ნახავ იქ.
– ახლა იცი, შემდეგ რას გააკეთებ?
– პოლიტიკურ სერიას ვაკეთებ ისეთი გროტესკული ხასიათის, რაღაცებზე გაგაცინებთ ყველას, ოღონდ ეს იქნება მწარე სიცილი. ვენეციაზეც გავაკეთებ რეფლექსიას, მინდა აკვარელით მივუძღვნა პატარა სერია იქაურ სამოთხეს, ესეც ერთგვარი ამოსუნთქვა იქნება.
ზოგადად, წელს ვენეციაშიც საკმაოდ ტოქსიკური გარემო იყო, ემოციებით და გაუგებრობებით სავსე. ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, როგორ დაუშვეს რუსეთი, მერე კომისია გადადგა, დაიწყო პროტესტი, ზოგი ამბობდა, რომ თუ რუსეთი არ უნდა იყოს იმის გამო, რომ ომშია, ისრაელი და ამერიკაც არ უნდა იყოს, რადგან ისინიც ომში არიან და მიდიოდა მრავალმხრივი გამოსვლები. მე მესმის, რომ ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა და პროტესტის გაჟღერება ამ პლატფორმიდან ეფექტურია, უბრალოდ ეს პროტესტი გამოხატული იყო არა ხელოვნებით, არამედ დროშებით, ფლაერებით, ქუჩის მანიფესტაციებიც და ეს ქმნიდა ქაოსს. იმაზე არ ვლაპარაკობ, კარგი იყო თუ ცუდი, ჩემზე ემოციურად ძალიან იმოქმედა.