“მარტიდან ფასებმა შემცირება უნდა დაიწყოს” - რა ემუქრება ამ ვარაუდს
მესამე კვირაა, რაც ლარი მყარდება. 19 თვის შემდეგ დოლარი პირველად ჩამოსცდა 3-ლარიან ნიშნულს. 9 თებერვლისთვის აშშ დოლარის ღირებულება 2,92 ლარია, ხოლო ევროსი - 3,3.
თუკი წელიწად-ნახევრის წინანდელ კომუნალური გადასახადების, მედიკამენტებისა და პირველადი საჭიროების პროდუქტების ფასებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მას მერე სამივე კატეგორია გაძვირდა. აქედან გამომდინარე ჩნდება ორი კითხვა: გაიაფდება თუ არა ისევ ფასები ლარის გამყარების შემდეგ და საერთოდ, რამ გამოიწვია ეროვნული ვალუტის გამყარება?
2022 წლის ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზში Galt & Taggart-ის კვლევითი დეპარტამენტი ლარის კურსს 3,15-ის ფარგლებში ვარაუდობდა, ამიტომ ვალუტის გამყარება მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
რადიო თავისუფლება Galt & Taggart-ის კვლევითი დეპარტამენტის უფროსს ევა ბოჭორიშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ლარის გამყარება ორმა ფაქტორმა გამოიწვია:
ეროვნულმა ბანკმა სესხებზე პოლიტიკა გაამკაცრა, რითაც მოსახლეობის ნაწილის ქცევა შეიცვალა - უცხოურ ვალუტაში დეპოზიტზე ფულის განთავსება დაბალი პროცენტის გამო ნაკლებად მოგებიანი გახდა, რის გამოც ხალხმა დანაზოგის გაკეთება ლარში დაიწყო.
იანვარში ტურისტების რაოდენობა იმაზე მეტი იყო, ვიდრე ამას მოელოდნენ.
ევა ბოჭორიშვილის პროგნოზით, მარტიდან ფასებმა შემცირება უნდა დაიწყოს და ინფლაცია შემცირდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს პროდუქტების გაიაფებას.
„გაიაფებას ვერ ვიტყვით - ინფლაცია ნიშნავს, ფასების საერთო დონე როგორ იზრდება ან მცირდება ქვეყანაში. ჩვენ ფასების შემცირებას კი არ ველოდებით, ველოდებით, რომ ფასები რა ტემპითაც იზრდებოდა, აღარ გაიზრდება - მარტიდან შენელდება. ფასების ზრდა იქნება, მაგრამ არა იმ ტემპით, რაც იყო 2021 წელს”.
წაიკითხე მეტი გელა ბოჩიკაშვილის სტატიაში.
პეკინისა და მოსკოვის მიზიდულობა და ჩინეთის გავლენები საქართველოში
უკრაინის საზღვრებთან არნახული სამხედრო მობილიზაციისა და დასავლეთისთვის წაყენებული ულტიმატუმების ფონზე, რუსეთი ჩინეთთან განსაკუთრებული ურთიერთობის დემონსტრირებას ახდენს. პეკინმა გაიზიარა მოსკოვის პოზიცია ნატოს გაფართოების წინააღმდეგ და ორი ქვეყნის ლიდერებმა „მტკიცე ურთიერთდახმარების“ პირობა დადეს.
რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრის შემდეგ (4 თებერვალს) კმაყოფილება პეკინიდან სწრაფად გადაედო მთელ ანტიდასავლურ ფლანგს რუსეთში. რუსი ანალიტიკოსები, პოლიტიკოსები თუ ჟურნალისტები სიხარულით მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ ნატოს გაფართოების წინააღმდეგ ახლა რუსეთთან ერთად ჩინეთიც გამოდის და ევროპის უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურაზეც ამ ორ ქვეყანას ერთნაირი ხედვა აქვს.
ჩინეთი ნატოს წინააღმდეგ, რუსეთის მხარდამხარ, ასე ღიად ადრე არასოდეს გამოსულა. ეს ფაქტი კიდევ უფრო ყურადსაღებია უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის საფრთხისა და კრემლის ულტიმატუმების ფონზე.
ჩინეთის მიერ საქართველოში წარმართულ „სრულმასშტაბიან იდეოლოგიურ ოპერაციაზე“, უკვე სამი წელია, აქტიურად წერს და ლაპარაკობს თინა ხიდაშელის „სამოქალაქო იდეა“ (Civic IDEA).
ჩინეთის მრავალმხრივი ზეგავლენების თემაზე ორგანიზაციამ 8 სპეციალური ანგარიში და კიდევ არაერთი სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა.
კვლევათა ავტორების დაკვირვებით, ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და „სახალხო განმათავისუფლებელი არმიის“ (PLA - ჩინეთის შეიარაღებული ძალები) რბილი ძალა საქართველოში ჯერ კიდევ 2020 წელს შევიდა ყველაზე პრობლემურ (მესამე) ფაზაში - რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის იდეოლოგია თავისუფლად აღწევს მიზნებს და მას ეჭვის თვალითაც აღარ უყურებენ მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებაში, ბიზნესსივრცესა თუ საგანმანათლებლო სფეროში.
სად შეაღწია ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის იდეოლოგიამ? მოუწევს თუ არა საქართველოს არჩევანის გაკეთება, მათ შორის, ჩინეთთან მიმართებით? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.
ოპოზიციის ახალი სტრატეგიის შესახებ გიგი უგულავას ხედვას პარტიების ნაწილი კრიტიკულად აფასებს
თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ახალ ხედვას, რომელიც ოპოზიციის გადაჯგუფებას უკავშირდება, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ამ იდეის სერიოზულად განხილვას არ აპირებს, რადგან, მისი აზრით, პოლიტიკური გაერთიანება საერთო ღირებულებებისა და შეხედულებების გარეშე წარმატებული ვერ იქნება.
უგულავას წინადადებას დადებითად არც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე შეხვდა. მას მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანების იდეებმა დრო მოჭამა.
უგულავა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის, ვინც ეთანხმება სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს, პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას, თუნდაც რომ კრიტიკულად აფასებდეს ბევრ საკითხს.
რას ფიქრობენ სხვა ოპოზიციონერები ენმ-ის გარშემო გაერთიანების იდეაზე, წაიკითხე აქ.
რუსეთის მმართველ პარტიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ოკუპირებულ ცხინვალში ისტორიულს უწოდებენ
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ „ედინაია ოსეტიამ“ და რუსეთის ფედერაციის მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ „ედინაია როსიამ“ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას.
ხელმოწერის წინა დღეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ალან ტადტაევმა განაცხადა, რომ ორი მხარის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები და მოლაპარაკებები რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ გაწეული სამუშაოს შედეგი იყო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. ალან ტადტაევმა დასძინა, რომ შეთანხმების ხელმოწერა და ინტერპარტიული თანამშრომლობა მალე გამოიღებს „ნაყოფს“, რომელსაც რესპუბლიკის ყველა მოქალაქე იგრძნობს.
პარტიული ყრილობის მონაწილეებს მიესალმა რუსეთის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ანდრეი ტურჩაკი და დმიტრი მედვედევის მილოცვა გადასცა.
„რუსეთი დიდად აფასებს სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობას, ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი. სწორედ ფრაქცია „ერთიანმა რუსეთმა“ დაუჭირა მხარი რუსეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ. შეთანხმება დამატებითი სტიმულია ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის და ეს ხელს შეუწყობს საინვესტიციო პროგრამის განხორციელებას“, - განაცხადა ტურჩაკმა.
ზარემა მუსაევამ გროზნოში სასამართლო სხდომის დროს გონება დაკარგა
ჩეჩნეთის უზენაესის სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, საიდი იანგულბაევის ცოლი, ზარემა მუსაევა, უგონოდ იყო გროზნოში სასამართლო სხდომის დროს. ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია „კომიტეტი წამების წინააღმდეგ“ იტყობინება ადვოკატებზე დაყრდნობით, რომლებმაც 8 თებერვალს მოინახულეს მუსაევა.
ადმინისტრაციული საქმის განხილვისას, რომელშიც მუსაევას პოლიციელის შეურაცხყოფაში ედება ბრალი, მან მოსამართლის შეკითხვაზე პასუხისას გონება დაკარგა. მთელი სასამართლო სხდომა, რომელზეც მას 15 დღით პატიმრობა მიუსაჯეს, მუსაევამ უგონო მდგომარეობაში გაატარა.
როგორც მუსაევას ვაჟმა, უფლებადამცველმა აბუბაქარ იანგულბაევმა უთხრა რადიო თავისუფლებას, წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლების მიმართ პრეტენზიები არა აქვთ. მიმდინარეობს მუშაობა ძალოვანი სტრუქტურების გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
20 იანვარს ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შეიჭრნენ აბუბაქარ იანგულბაევის მშობლების ბინაში, რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში, და გროზნოში დაკითხვაზე ძალით წაიყვანეს დედამისი, ზარემა მუსაევა.
ასევე ნახეთ
როცა საფრთხე რეალურია, საქართველო კი ვერ გიცავსერთი დღე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში: შერჩევა
გორში, სასამართლოს დარბაზში დაძაბული მოლოდინის სიჩუმეა. უკვე საათზე მეტია, ადამიანები ხის უხეშ სკამებზე სხედან და მოსამართლეს ელოდებიან. არც ჩურჩული ისმის, არც ხმადაბალი გადალაპარაკება, - ეს ადამიანები ერთმანეთს არ იცნობენ, და არც მაინცდამაინც უნდათ, რომ გაიცნონ. ქურთუკსაც კი არავინ იხდის, უმეტესობას საერთოდ არ უნდა ყოფნა აქ, სადაც მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს. თავს შინაურებად მხოლოდ პროკურორები და ადვოკატი გრძნობენ - ერთმანეთს მეგობრულად ემასლაათებიან ჯანმრთელობაზე, შვილებზე, გეგონება, მომდევნო საათების განმავლობაში ერთმანეთს კბილს არ მოუსინჯავენ, მათი „ცდისპირი“ კი სწორედ დარბაზში მსხდომი ხალხი იქნება.
დღეს ნაფიცი მსაჯულების შერჩევითი სხდომაა, განზრახ მკვლელობის საქმეზე.
2010 წლიდან საქართველოში მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებს 12 ადამიანისგან შემდგარი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. ეს შეიძლება იყოს: განზრახ მკვლელობა, ძალადობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, ტრეფიკინგი - სულ 17 სხვადასხვა მუხლი. ბრალდებულს აქვს უფლება, უარი თქვას ნაფიც მსაჯულებზე. ასეთ შემთხვევაში საქმეს მხოლოდ მოსამართლე განიხილავს.
დარბაზში არიან ტელეფონში თავჩარგული ახალგაზრდები, საშუალო ასაკის ხალხი, რომელთაგან ზოგი ხელში უხერხულად ატრიალებს კანდიდატის ნომერს, და მოხუცი ქალიც, რომელიც ფსალმუნებს კითხულობს.
ამ პროცესზე მე მხოლოდ დამსწრე ვარ, თუმცა აქ შეკრებილ 27 ადამიანში რამდენიმე „ჩემს თავსაც“ ვპოულობ, თითქოს მეტროს ერთი ვაგონის შემადგენლობა ვართ, ოღონდ იმის მაგივრად, რომ სამსახურში ჩვენ-ჩვენს საქმეებზე გავრბოდეთ, სხდომის დაწყებას ველოდებით. რამდენიმე საათში გაირკვევა, ვის მისცემენ უფლებას, გადაწყვიტონ, გაუშვან თუ არა ციხეში ბრალდებული, ის ახალგაზრდა კაცი, რომელიც აქვე, ჩვენგან განცალკევებით შუშის მიღმა ზის.
წაიკითხე მეტი თამუნა ჩქარეულის სტატიაში.
7 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეხვედრა სოციალური ქსელების მთავარ ინსპირაციად იქცა. ტვიტერისა და ფეისბუკის მომხმარებლების ყურადღება იმ მაგიდის სიდიდემ მიიპყრო, რომელსაც მოლაპარაკებისთვის ორი ქვეყნის ლიდერი მიუსხდა. შეხვედრა კრემლში გაიმართა.
ჩინარა კოჯაევა ძალით გათხოვებას ორჯერ გადაურჩა. 14 წლის იყო, როცა სახლიდან წამოვიდა. 17 წლის რომ გახდა, ისევ გადაწყვიტეს მისი გათხოვება. პოლიციას დაურეკა და მამა ციხეში ჩაასმევინა.
ამ ისტორიას ბედნიერი დასასრული აქვს. ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ქოსალარში გოგონებს აღარ ეშინათ დაუპირისპირდნენ ძალადობას. ჩინარას ამბავი მათთვის სამაგალითოა - ბრძოლა შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.