„ჩინეთის გამოცდილება მნიშვნელოვანია“ - ჩინეთის ეთნიკური პოლიტიკის კომისია თბილისში

კობახიძემ და სხვა ლიდერებმა უმასპინძლეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის „გაერთიანებული ფრონტის“ „ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის“ (NEAC) დელეგაციას

საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებმა 16 ივნისს სტუმრად მიიღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის“ (NEAC) დელეგაცია.

დელეგაციის წევრებს, - რომლებსაც NEAC-ის კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს, - უმასპინძლა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. მათ შეხვედრა გამართეს პარლამენტშიც.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა საპარლამენტო სახემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ „ჩინეთის სახელმწიფოს გამოცდილება ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია“.

  • NEAC-ი არის უწყება, რომელიც ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთი საკვანძო ორგანოს, „გაერთიანებული ფრონტის სამუშაო დეპარტამენტის“ (UFWD) შემადგენლობაშია;
  • UFWD-ი, თავის მხრივ, პასუხისმგებელია „გაერთიანებული ფრონტის სამუშაოების“ წარმოებაზე;
  • „გაერთიანებული ფრონტი“ ჩინეთის მმართველი პარტიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურაა, რომელიც პასუხისმგებელია პარტიის გავლენის გაფართოებაზე იმ ჯგუფებში, რომლებიც უშუალოდ პარტიის წევრები არ არიან, - მათ შორის საზღვარგარეთ; მას ბრალს სდებენ ჯაშუშური ქსელების ოპერირებაში;
  • რაც შეეხება ჩინეთის ეთნიკურ პოლიტიკას: მას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის Amnesty, HRW, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი მუდმივად აკრიტიკებენ - ძირითადად, სინძიანის რეგიონში უიღურებისა და სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ განხორციელებული რეპრესიული პოლიტიკის გამო. ამას პეკინი უარყოფს.

ასევე ნახეთ

მოხსენება: ჩინეთი უიღურების ძალდატანებით შრომას იყენებს ცნობილი ბრენდებისთვის

შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან

16 ივნისს ჩინეთის სახელმწიფო უწყების დელეგაციასთან ირაკლი კობახიძის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

ცინ იჭისა და მისი კომისიის თანამშრომლებს შეხვედრებზე თან ახლდა ჭოუ ციენი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ჩინეთის მჭიდრო თანამშრომლობაზე, რისი კიდევ ერთი დადასტურებაც ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანაა“, - წერს მთავრობის ადმინისტრაცია.

„საუბარი შეეხო თანამშრომლობას ეთნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში. გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით გამოცდილების ურთიერთგაზიარებისთვის“, - ვკითხულობთ პრესრელიზში.

„შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკას და ამ მიმართულებით მოქმედ 10-წლიან სტრატეგიას, რომელიც თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული“, - აცხადებენ მთავრობაში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის“ (NEAC) დელეგაცია ირაკლი კობახიძესთან, თეა ახვლედიანთან და ლევან ჟორჟოლიანთან შეხვედრისას. 16 ივნისი

შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან

დელეგაციას უმასპინძლა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმაც.

ამ შეხვედრაზეც ისაუბრეს „საქართველო-ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკასა“ და „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალზე სხვადასხვა სფეროში“.

„ყურადღება გამახვილდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნულ კომისიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე“, - წერს საგარეო უწყების პრესცენტრი.

„შეხვედრის ფარგლებში, ხაზგასმით აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეზე შენარჩუნება და ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ხოლო საქართველოს მხრიდან ერთიანი ჩინეთის პოლიტიკის მხარდაჭერა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეხვედრა პარლამენტში და გამოცდილების გაზიარება

დელეგაციას პარლამენტში უმასპინძლეს პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტის პრესცენტრის ცნობით, მათ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს.

„ჩინეთში 56 ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. მათ შორის 55 ეთნიკურ უმცირესობად მიიჩნევა, მაგრამ კულტურათა ერთობა მნიშვნელოვანწილად უზრუნველყოფილია, რაშიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისია განსაკუთრებულ როლს ასრულებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის“ (NEAC) დელეგაცია პარლამენტში.

რატი იონათამიშვილმა კი თქვა, რომ ჩინეთის სახელმწიფოს გამოცდილება ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რადგან მისი კომიტეტის „ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებია“.

„ჩინეთი მრავალეთნიკური ქვეყანაა. ისინი ერთი სახელმწიფოსა და ერთი ეროვნული ინტერესის ირგვლივ ერთიანდებიან. ამიტომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ ახორციელებს ჩინეთი შესაბამის პროგრამებს. ჩვენს ქვეყნებს შორის ბევრი მსგავსება, ბევრი საინტერესო საკითხია და ჩვენ მზადყოფნა გამოვთქვით, თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

მხარეებს არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად რა მიმართულებებით იგეგმება ეს თანამშრომლობა, ან რა საერთო შეიძლება იყოს ორ ქვეყანას შორის ამ კუთხით.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის“ (NEAC) დელეგაციის ხელმძღვანელი ცინ იჭი

ცინ იჭი და NEAC-ი

ჩინეთიდან ვიზიტად მყოფ დელეგაციას თბილისში ხელმძღვანელობდა NEAC-ის კომისარი ცინ იჭი.

60 წლის ცინი 2023 წლიდან მუშაობს ამ პოსტზე, - და NEAC-ის იერარქიაში მეოთხე ადგილზეა.

უწყება, რომელსაც ის წარმოადგენს, - „ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისია“ - პასუხისმგებელია ჩინეთის ეთნიკური პოლიტიკის ადმინისტრირებაზე, ასევე სხვადასხვა თეორიის კვლევა-განვითარებასა და განათლებაზე.

კომისია 2018 წლიდან არის ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის „გაერთიანებული ფრონტის სამუშაო დეპარტამენტის“ (UFWD) შემადგენლობაში.

კომისიას 2025 წლიდან ხელმძღვანელობს ჩენ რუიფენი, რომელიც ამავდროულად არის UFWD-ის თავმჯდომარის მოადგილე. მისი წინამორბედი კი 2022-25 წლებში იყო პან იუე.

2023 წელს ევროპაში მყოფი უიღური აქტივისტების მიერ დაარსებული „უიღურთა უფლებათა მონიტორი“ წერს, რომ პან იუე ჩინეთის ეთნიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო და მისი ხელმძღვანელობის პერიოდში NEAC-ი აქტიურად ავითარებდა ახლანდელ პოლიტიკას.

უიღურები თურქულენოვანი ეთნიკური ჯგუფია, რომელიც წარმოშობით და კულტურულად ძირითადად დაკავშირებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიის რეგიონებთან.

ასევე ნახეთ

ვინ არიან უიღურები?

ჩინეთის ეთნიკური პოლიტიკა

2014 წლიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველობის პოლიტიკა ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით ტრიალებს სი ძინპინის სლოგანის, „ჩინელი ერის საზოგადოება“, გარშემო.

პეკინს დასავლური უფლებადამცველი ორგანიზაციები მუდმივად ადანაშაულებენ ადამიანის უფლებათა ფართომასშტაბიან დარღვევებში ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ტიბეტი და სინძიანი, - თუმცა პეკინი ამტკიცებს, რომ მისი პოლიტიკა ამ რეგიონებში მიმართულია ტერორიზმის, ექსტრემიზმისა და სეპარატისტების წინააღმდეგ.

UFWD-ის ყოფილი ხელმძღვანელის, პან იუეს განცხადებით, დასავლელი კრიტიკოსები უსამართლოდ ახდენენ ჩინეთის პოზიციის აღრევას და უწოდებენ მას „ეთნიკური ასიმილაციის“ პოლიტიკას, როდესაც სინამდვილეში ეს „ეროვნული ერთიანობის“ კონცეფციაა.

უფლებადამცველი ორგანიზაციები, - Human Rights Watch-ი, Amnesty International-ი, ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) ჩინეთის ეთნიკურ პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებენ.

კრიტიკის საფუძველია სინძიანში უიღურების ეთნიკური და რელიგიური ჯგუფისადმი მოპყრობა.

ასევე ნახეთ

ათობით ქვეყანამ მოაწერა ხელი დეკლარაციას, რომელიც მოუწოდებს ჩინეთს, დაუშვას დამკვირვებლები სინძიანში

მათი შეფასებით, პრობლემურ საკითხებს წარმოადგენს მათზე მასობრივი ზედამხედველობა, თემის წარმომადგენელთა თვითნებური დაკავებები, რელიგიური და კულტურული გამოხატვის შეზღუდვა, იძულებითი ასიმილაცია, იძულებითი შრომა და უმცირესობათა ენებისა და კულტურული იდენტობის ფართომასშტაბიანი შესუსტება.

  • გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა 2022 წლის ცნობილ ანგარიშში მიუთითა, რომ სინძიანის რეგიონში უფლებათა დარღვევების ფაქტების ერთობლიობა „შეიძლება საერთაშორისო დანაშაულად ჩაითვალოს, კერძოდ, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებად“.
  • 2025 წლის განცხადებაში Amnesty International-ი წერს, რომ OHCHR-ის რეკომენდაციები უფლებათა მასობრივი დარღვევების შეწყვეტის შესახებ „იგნორირებულია“;
  • HRW-ც, 2026 წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ OHCHR-ის 2022 წლის მიგნებების მიუხედავად, ჩინეთი დღემდე აგრძელებს უფლებათა დარღვევების ფაქტების უარყოფას და არაფერს აკეთებს ვითარების გამოსასწორებლად.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის 2022 წლის ხსენებული ანგარიშში კი ვკითხულობთ:

„ბრალდებები წამებასა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების შესახებ, - მათ შორის იძულებითი სამედიცინო მკურნალობისა და დაკავების არასათანადო პირობებზე, სარწმუნოა, - ისევე როგორც ცალკეული ბრალდებები სექსუალური და გენდერული ძალადობის შესახებ“.

ასევე ნახეთ

გაეროს წარგზავნილი: ჩინეთი სინიანში იყენებს იძულებით შრომას, შესაძლოა, მონობას

„გაერთიანებული ფრონტი“ (UFWD)

ჩინეთის „გაერთიანებული ფრონტის სამუშაო დეპარტამენტი“ კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მსხვილი სტრუქტურული ერთეულია.

იგი პასუხისმგებელია პარტიის გავლენის გაფართოებაზე იმ ჯგუფებში, რომლებიც უშუალოდ პარტიის წევრები არ არიან, - მათ შორის საზღვარგარეთ.

ჩინეთის განმარტებით, „გაერთიანებული ფრონტი“ წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც სხვადასხვა სოციალურ და ეთნიკურ ჯგუფს საერთო ეროვნული მიზნების გარშემო აერთიანებს და ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებას უწყობს ხელს.

თუმცა, დასავლური მთავრობების ნაწილი, მკვლევრები და უფლებადამცველი ორგანიზაციები მას ხშირად აღწერენ, როგორც კომუნისტური პარტიის გავლენისა და პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტს, რომელიც გამოიყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი აქტორების მოსაზიდად და მათზე ზემოქმედებისთვის.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა „გაერთიანებული ფრონტი“ 2015 წელს მოიხსენია, როგორც „ჯადოსნური იარაღი“, - რითაც ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩინეთის პოლიტიკური სისტემისთვის.

როგორც BBC წერს 2024 წლის სტატიაში:

  • დეპარტამენტის არსებობა საიდუმლოს არ წარმოადგენს.
  • იგი ჩინეთის კომუნისტური პარტიის კარგად დოკუმენტირებული შტოა, რომელიც ადრეც მოქცეულა ყურადღების ეპიცენტრში;
  • სახელმწიფოები აშშ-დან ავსტრალიამდე პეკინს ადანაშაულებენ „ფრონტის“ ჯაშუშობისა თუ საგარეო ჩარევის ინსტრუმენტად გამოყენებაში;
  • პეკინი, თავის მხრივ, ყველა მსგავს ბრალდებას უარყოფს და მათ აბსურდულად მოიხსენიებს.

ასევე ნახეთ

საპატიო სტუმარი ჩინეთში, კრიტიკის სამიზნე ევროპაში - თბილისი ბრიუსელსა და შანხაის შორის

საქართველო-ჩინეთის „სტრატეგიული თანამშრომლობა“

შეხვედრების უფრო ფართო კონტექსტია საქართველოსა და ჩინეთს შორის 2023 წელს დამყარებული „სტრატეგიული პარტნიორობის“ ახალ ეტაპზე, „სიღრმისეულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე“ გადაყვანა.

ამის შესახებ მხარეებმა 2026 წლის 9 ივნისს გამოაცხადეს, - სი ძინპინისა და მიხეილ ყაველაშვილის 9 ივნისის „მისალოცი შეტყობინებებიდან“, რომლებიც ჩინეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან იყო დაკავშირებული.

„ქართული ოცნების“ მთავრობა, - რომელსაც დაძაბული ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან და ურთიერთობის „სუფთა ფურცლიდან დაწყებას“ ცდილობს შეერთებულ შტატებთან, - ჩინეთთან ურთიერთობას უწოდებს „საუკეთესო პარტნიორობის მაგალითს“.

ასევე ნახეთ

კობახიძემ ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორობის მაგალითად დაასახელა

„სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და რომელიც ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული“, - განაცხადა მან 10 ივნისს.

11-12 ივნისს ჩინეთში იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა - ის შეხვდა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და „ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკის“ (ICBC) პრეზიდენტებს.

ასევე ნახეთ

„შეიმჩნევა აზიური კაპიტალის ბაზრების მზარდი მიმზიდველობა“ - ნათია თურნავა ჩინეთში