აშშ-ის "ჰელსინკის კომისიის" თანათავმჯდომარის, სამხრეთკაროლინელი კონგრესმენის, ჯო უილსონის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტსა და „ქართული ოცნების“ მთავრობას შორის განახლებული მაღალი დონის კომუნიკაცია - მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო კომუნიკაცია - „გადატვირთვაზე“ არ მიანიშნებს.
პარალელურად, სახელმწიფო დეპარტამენტი ქართული მედიის კითხვებზე პასუხად იმეორებს, რომ აშშ საქართველოსთან „კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის“ და განიხილავს ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას „სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად“.
ჯო უილსონი ინტერვიუში ასევე საუბრობს „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტზე“ - ახალ კანონპროექტზე, რომელიც დემოკრატ კოლეგა სტივ კოენთან ერთად თებერვლის ბოლოს წარადგინა წარმომადგენელთა პალატაში.
„ქართული ოცნება“ მაშინ აცხადებდა, რომ ჯო უილსონმა, - რომელსაც „გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელს“ უწოდებენ, - „მორიგი სიზმარი ნახა“; რომ თბილისისთვის პეკინთან ურთიერთობები მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც მსოფლიო ლიდერები „ცდილობენ ჩინეთთან კარგი ურთიერთობების აწყობას“.
ასევე ნახეთ
ჩინეთი გამოდის ეკონომიკის კიდევ უფრო გახსნის დაპირებითახალი კანონპროექტი - მანდატი და დავალება სახელმწიფო დეპარტამენტს
საქართველოსთან დაკავშირებული „მეგობარი აქტის“ პროექტის თანაავტორებმა, ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) - რომლებიც „ჰელსინკის კომისიის“ წევრები არიან - შეიმუშავეს კანონპროექტი: „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“.
რადიო თავისუფლების ვაშინგტონის კორესპონდენტთან, ალექს რაუფოღლუსთან ინტერვიუში კონგრესმენი უილსონი ამბობს, რომ კანონპროექტის მიღება იქნება „ქირურგიული ,სიზუსტის საკანონმდებლო დარტყმა“, რომლის მიზანია „კრემლისა და პეკინის გავლენის მასშტაბის დოკუმენტირება საქართველოში“.
ჯერ ამ პროექტს (H.R. 7668), - რომელიც 2026 წლის 24 თებერვალს დაარეგისტრირეს წარმომადგენელთა პალატაში, - საკომიტეტო მოსმენები არ გაუვლია. იგი გადაგზავნილია პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში.
ასევე ნახეთ
სენატორები და კონგრესმენები აშშ-ს მთავრობას მოუწოდებენ, გამოიყენონ სანქციები, რათა ყურადღება მიაქცეს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებსკანონპროექტის დასახელებაში მითითებულია კავკასია, თუმცა ტექსტში არც სომხეთია ნახსენები და არც აზერბაიჯანი, საუბარია მხოლოდ საქართველოზე.
მიღების შემთხვევაში, კანონი დაავალდებულებს აშშ-ის ადმინისტრაციას, მოამზადოს გასაიდუმლოებული შეფასება საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების „შეღწევის“ შესახებ, მათ შორის ფოკუსით - არსებობს თუ არა გადაკვეთა ამ ორ ძალას შორის.
ის ასევე მოითხოვს აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებას, რომელშიც განისაზღვრება სამომავლო დაფინანსების საკითხი და შეფასდება, რჩება თუ არა თბილისი დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავების ერთგული.
„წარმოუდგენლად უსაფუძვლო“
თებერვლის ბოლოს ახალი კანონპროექტის შესახებ მედიაში ცნობების გავრცელების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სკეპტიციზმი გამოხატეს და ინიციატივა გააკრიტიკეს.
„ჯო უილსონი წარმოუდგენლად უსაფუძვლო და აბსურდულ თემატიკას ირჩევს ხოლმე. მიკვირს, ამ თემებს ვინ აწვდის“, - განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა.
„ახალი სიზმარი ნახა ეტყობა ჯო უილსონმა, ის წინა სიზმარში არსებული მოცემულობა ჩავარდა და ეს ე.წ. მეგობრობის აქტი გადაახიეს თავზე“, - თქვა 26 თებერვალს დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
„ახლა მეორე სიზმარი ნახა და ცდილობს, კიდევ რაღაც ტყუილებით დააზიანოს საქართველო. ჯო უილსონის სიზმრების აღარავის არ სჯერა. რა ბედიც ეწია მეგობრობის აქტს, იგივე ელის ამ სისულელეს“, - უთხრა მათიკაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში.
დავიწყებული „მეგობარი“?
ჯო უილსონის თქმით კი, MEGOBARI აქტი - მის მიერ წარსულში ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ 2025 წლის 9 მაისს 80%-იანი ორპარტიული მხარდაჭერით, 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ მიიღო, კანონმდებელთა მხარდაჭერილ „ოქროს სტანდარტად“ რჩება - მსგავსი ერთსულოვნება ბოლო პერიოდში იშვიათია.
„ის 42 კონგრესმენიც, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს, იზოლაციონისტები არიან… ისინი არ არიან საქართველოს ხალხის წინააღმდეგ განწყობილი“, - უთხრა უილსონმა რადიო თავისუფლებას. მისი თქმით, კონგრესის 349 წევრი „შთაგონებული იყო საქართველოს ხალხით“ და ამიტომ დაუჭირეს მხარი კანონპროექტს.
კანონპროექტი კონგრესის ზედა პალატაში, სენატში, კენჭისყრაზე არ გასულა. მოგვიანებით ავტორებმა სცადეს „MEGOBARI აქტის“ ჩართვა აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA), თუმცა ყოფილი სენატორის, მარკვეინ მალინის წინააღმდეგობის შედეგად ეს ვერ მოახერხეს.
ასევე ნახეთ
სენატის უმრავლესობის ლიდერმა „MEGOBARI აქტის“ NDAA-ში ჩართვაზე უარი უთხრა სპიკერ ჯონსონს - The Hillახლა ჯო უილსონი ამბობს, რომ პროცედურული შეფერხებების შემდეგ, მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი, რადგან ძირითადი მოწინააღმდეგე - ყოფილი სენატორი მარკვეინ მალინი - ხელისუფლების აღმასრულებელ შტოში გადავიდა: პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის შიდა უსაფრთხოების მინისტრად დანიშნა.
უილსონის თქმით, განაგრძობს მცდელობებს, წინ წასწიოს როგორც ახალი კანონპროექტი, ისე „მეგობარი აქტი“.
ასევე ნახეთ
ტრამპი შიდა უსაფრთხოების მინისტრად ნიშნავს მარკვეინ მალინს - სენატორს, რომელიც „მეგობარ აქტს“ ბლოკავდა„გადატვირთვა“?
რადიო თავისუფლების კითხვაზე, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და პრემიერ ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარს აღიქვამს თუ არა ორი ქვეყნის ურთიერთობების „გადატვირთვის“ მანიშნებლად, კონგრესმენმა უილსონმა თქვა, რომ მსგავსი ინტერპრეტაცია არასწორად მიაჩნია.
„მარკო რუბიოს ტოტალიტარიზმის შედეგების ახსნა არავისგან სჭირდება“, - ამბობს უილსონი და იხსენებს რუბიოს კომუნისტური კუბიდან აშშ-ში გაქცეული ოჯახის ისტორიას.
„რუბიოსაც და პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც მხოლოდ საუკეთესო სურთ საქართველოს ხალხისთვის... რაც აშკარად ნიშნავს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს“, - გვითხრა კონგრესმენმა.
უილსონის თქმითვე, მსგავსი კომუნიკაცია არ ნიშნავს არსებული მდგომარეობის/სტატუს-კვოს მხარდაჭერას, არამედ წარმოადგენს პლატფორმას, საიდანაც მოითხოვენ „სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს“.
მან ასევე გაიხსენა სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა 2024 წლის ბოლოს და უნგრეთში გასულ კვირას არჩევნების შედეგად ვიქტორ ორბანის დამარცხება, - როგორც მტკიცებულება იმისა, რომ „დიქტატურები ვეღარ ინარჩუნებენ ძალაუფლებას“.
კობახიძე-რუბიოს ზარი და იმედები
სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და პრემიერ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი 2026 წლის 30 მარტს გაიმართა. ეს ამ დონეზე პირველი კომუნიკაცია იყო 2024 წლის საკამათო საპარლამენტო არჩევნებისა და აშშ-ის მიერ 2009 წელს დადებული სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ.
„მათ იმსჯელეს ორმხრივი ინტერესის სფეროებზე, კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ჩათვლით“, - ნათქვამი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მოკლე ცნობაში. ირაკლი კობახიძემ X-ში დაწერა, რომ ნაყოფიერი საუბარი ჰქონდათ.
„ხაზი გავუსვით ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ერთგულნი ვართ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.
ზარის შემდეგ, აპრილის დასაწყისში „ქართული ოცნების“ მაღალი რანგის წევრებმა, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ლევან მახაშვილმა ისაუბრეს აშშ-დან საქართველოში მოსალოდნელ ვიზიტზე.
„ამერიკის მხარის პოზიცია არის, რომ როგორც აქამდე რამდენიმე ვიზიტი განხორციელდა, აპრილში აპირებენ ცალკე ჯგუფის გამოგზავნას, რომელსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ საქართველოში მიმდინარე პროცესები და შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ, სადაც გამოიკვეთება რაღაც საერთო ინტერესი“, - თქვა ლევან მახაშვილმა 4 აპრილს.
თუმცა 7 აპრილს აშშ-ის საელჩომ რადიო თავისუფლებასთან უარყო, რომ იმ დროისთვის რაიმე ვიზიტი იგეგმებოდა.
ასევე ნახეთ
ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი - აშშ-ის საელჩოსახელმწიფო დეპარტამენტი
2026 წლის 17 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტში კვლავ განაცხადეს, რომ:
- აშშ საქართველოსთან „კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის“;
- საქართველოს შეუძლია „საკუთარი წვლილი შეიტანოს“ და „დიდი სარგებელი მიიღოს“ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებიდან;
- გააგრძელებენ ურთიერთობას „საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე“;
- „ჩვენ ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად“.
სახელმწიფო დეპარტამენტის ეს პასუხი ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.
იდენტური პასუხი მიიღო რადიო თავისუფლებამ 7 მარტს სახელმწიფო დეპარტამენტისგან, რომლის სხვადასხვა წარმომადგენელიც რამდენჯერმე შეხვდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ასევე ნახეთ
33-წლიანი ურთიერთობის აშენება "ნულიდან"? რა გზავნილები ჩამოაქვს დეპუტატების დელეგაციას ვაშინგტონიდან2026 წლის მარტის ბოლოს საქართველოში იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, პიტერ ანდრეოლი.
26 მარტს ანდრეოლის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა ანაკლიის პორტის პროექტი დაათვალიერებინეს - პროექტი, რომლისადმი ინტერესიც გამოხატა 2019 წელს აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.
Your browser doesn’t support HTML5
პომპეო: გამოვხატე იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს
ფოკუსი კვლავ ანაკლიის პორტზე
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „სტრატეგიული სიმძიმის ცენტრად“ მოიხსენია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კონგრესმენმა ჯო უილსონმა:
„მიზეზი, რატომაც ცდილობს ჩინეთი [პორტის] კონტროლს, არის ცენტრალური აზიიდან იშვიათი მიწიერი ელემენტებისა და მინერალების ტრანსპორტირების კონტროლი“, - თქვა მან და დასძინა: „საქართველო ყველაფრის შუაგულშია“.
„ეს რესურსები საქართველოს გავლით უნდა გადავიდეს, რაც პორტს სტრატეგიულად მნიშვნელოვანს ხდის. აშშ-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფრასტრუქტურა დარჩეს ღია და არ მოექცეს პეკინის დომინაციის ქვეშ“, - თქვა ჯო უილსონმა.
მან პარალელი გაავლო პანამის არხთან და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ თითქმის მოახერხა იქ კონტროლის დამყარება, „პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ზეწოლამ“ მათი გავლენა შეამცირა.
- ანაკლიის პორტის თავდაპირველი პროექტი ჩავარდა;
- 2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებს;
- ამ განცხადების მიუხედავად, კონტრაქტი ფინალიზებული ამ დრომდე არ არის.
ასევე ნახეთ
ანაკლიის პორტს დონალდ ტრამპის სახელი დაერქვას - „ლელო - ძლიერი საქართველო“ირანზე
პასუხად კითხვაზე, რამდენად დიდ როლს თამაშობს უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ირანი და უფრო ფართო რეგიონული არასტაბილურობა, ვაშინგტონის ამჟამინდელ მიდგომაში საქართველოს მიმართ, ჯო უილსონმა შეშფოთება გამოხატა თბილისი-თეირანის ურთიერთობებზე.
მან ასევე გააკრიტიკა აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობის გამო ირანისთვის სამძიმრის გამოხატვა.
„ეს საშინელი მდგომარეობაა“, - თქვა უილსონმა. „ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმმა პატივისცემა გამოხატა მასობრივი მკვლელის, ხამენეის მიმართ… ეს არ ასახავს საქართველოს შესანიშნავი და მტკიცე ხალხის ნებას“.