Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნივერსიტეტების ქონება - რა ბედი ეწევათ მათ

საპროტესტო მარში თბილისში "განათლების რეფორმის" წინააღმდეგ
საპროტესტო მარში თბილისში "განათლების რეფორმის" წინააღმდეგ

პირველად იყო “შრომის ბაზრის კვლევა”, შემდეგ საუნივერისტეტო რეფორმის კონცეფცია, ამას მოჰყვა ორი, ყველაზე ძველი ქართული უმაღლესი სასწავლებლის , თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების მოულოდნელი იდეა - ამ ყველაფერს ახლდა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ნაწილის საპროტესტო აქციები - მათ “ქართული ოცნების” მთავრობის განათლების რეფორმას განათლების “დეფორმა” დაარქვეს. უნივერსიტეტების გაერთიანების გეგმა ორივე სასწავლებლის აკადემიურ და სტუდენტურ ჯგუფებთან შეხვედრის შემდეგ განათლების სამინისტრომ გადაიფიქრა და დაიწყო ჯერ კიდევ 2025 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული “ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის” კონცეფციის განხორციელება. ეს ნიშნავს, რომ მომავალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებს ახლებურად განესაზღვრათ კონკრეტულ სპეციალობებზე მისაღები სტუდენტების კვოტები და გაუუქმდათ არაერთი მიმართულება. სასწავლო პროგრამების გაუქმება და კვოტების ცვლილებები ყველაზე დრამატულად ილიას უნივერსიტეტს შეეხო - მას მხოლოდ პედაგოგიური და საერთაშორისო აკრედიტაციის სპეციალობები დარჩა - და მომავალ წელს მისაღები სტუდენტების რაოდენობა 92 %-ით შეუმცირდა.

და ბოლოს, რის შესახებაც ამჯერად გიყვებით, ისაა, რომ რეფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურასაც ეხება - დაგეგმილია შენობების ნაწილის გაყიდვა. უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფციის 4 გვერდიან დოკუმენტში პრობლემად არის მონიშნული საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შეუსაბამობა “თანამედროვე მოთხოვნებთან.”

  • თბილისში მოქმედი უნივერსიტეტების ახალი ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს იმგვარად, რომ დედაქალაქის განტვირთვას და ქალაქ რუსთავის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას მაქსიმალურად შეეწყოს ხელი.
  • უნდა შეიქმნას სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა როგორც თბილისში, ისე ქუთაისში სრულფასოვანი საუნივერსიტეტო კერების ჩამოსაყალიბებლად.
  • უნდა გაძლიერდეს საქართველოს საპატრიარქოს სასულიერო სემინარიების მხარდაჭერა;

რადიო თავისუფლება დღეს არსებული ინფრაქტრუქტურით დაინტერესდა. მოვიკვლიეთ რამდენ შენობა-ნაგებობას და სხვა უძრავ ქონებას ფლობენ სახელმწიფო უნივერსიტეტები თბილისსა და რეგიონებში. აღმოვაჩინეთ, რომ საუბარია ათობით ნაგებობაზე რომელთა ნაწილის აღდგენასა და აღჭურვაზე არაერთი მილიონი არის დახარჯული როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე უცხოელი პარტნიორების ფონდებიდან.

“არის [უნივერსიტეტების] შენობები, რომელთა რეალიზაციის სანაცვლოდ შეიძლება აშენდეს ახალი ინფრასტრუქტურა” - თქვა ირაკლი კობახიძემ. “ქართული ოცნების” ლიდერმა და მთავრობის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ 2025 წლის ოქტომბერში.

კონკრეტულად რომელი "შენობების რეალიზაციას" აპირებს მთავრობა?

თსუ-ს პირველი და მეორე კორპუსები არ გაიყიდება, ტექნიკური უნივერისტეტის შენობების გაყიდვა არ არის გამორიცხული - თქვა კობახიძემ 9 თებერვალს და იქვე დაამატა, რომ ხელს არც სამედიცინო უნივერსიტეტის შენობებს ახლებენ.

შენობების გაყიდვის ბუდნოვანი გეგმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დისტოპიურ მომავლად წარმოადგინეს სოციალური ქსელების მომხმარებლებმა, რომლებიც რეფრომას ეწინააღმდეგებიან. სიმულაციურ კლიპში უნივერსიტეტების შენობებს ახალი საცხოვრებელი კორპუსები ანაცვლებს.

ქართული ოცნება ამბობს, რომ თბილისში ფაკულტეტების და შესაბამისად სტუდენტების რაოდენობის შემცირებით დედაქალაქი უნდა განიტვირთოს, მაგრამ რა ეფექტი ექნება მილიონნახევრიანი თბილისის განტვირთვაზე 5 000 სტუდენტის სხვა ქალაქებში განაწილებას, ამას აღარ აკონკრეტებს. პრემიერ-მინისტრს არც ის უთქვამს, უნივერსიტეტების საკუთრების გაყიდვით მიღებული თანხის რა ნაწილი დაუბრუნდება სასწავლებლებს თანამედროვე ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ან როგორი უნდა იყოს ეს ახალი ინფრაქტრუქტურა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მთავრობის განკარგულებით საუნივერსიტეტო ქალაქები უნდა აშენდეს რუსთავში დამატებით 40 000 და ქუთაისში 20 000 სტუდენტისთვის.

ქალაქების მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა, ამ უწყებას წლებია ტვირთად აწევს სკოლების გაჭიანურებული მშენებლობები და რემონტი.

განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროებიდან ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, თუ არსებობს კონკრეტული გეგმა უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის გასხვისების ან ფუნქციების შეცვლის შესახებ. სახელმწიფო უნივერსიტეტები სასწავლო კორპუსების გარდა, ფლობენ ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკებს, კვლევითი ინსტიტუტებსა და ექსპერიმენტულ პოლიგონებს.

ჩვენ საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით გიყვებით, რა ქონება აქვთ დღეს სახელწმიფო უნივერსიტეტებს.

XS
SM
MD
LG