“ჩათვალეთ, ამ წუთშიც, 70 000 კვადრატული მეტრი, რომელიც არსებობს, არის არცთუ ისე კარგ მდგომარეობაში, მაგრამ ჩვენ 20-21 ათას სტუდენტზე დარჩენილი ფართობი გვყოფნის. ავტორიზაცია შეგვიძლია 30 000 სტუდენტზეც მივიღოთ, ამიტომ ის ფართები, რომლებიც შეიძლება იყოს გასხვისებული და იმ თანხებიდან, შემდგომში უკეთესი და თანამედროვე აშენდება... თუ ვიცი, რომ ისეთი აშენდება თბილისში, როგორიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტია, [მისაღებია]”, - თქვა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ რადიო თავისუფლების “გამოკითხვაში” 10 თებერვალს, მაგრამ არ დააზუსტა, რომელი კორპუსების გასხვისებაა შესაძლებელი.
საბურთალოზე, საცხოვრებელ კორპუსებში ერთი კვადრატული მეტრის ფასი 1000$-დან 1500$-მდე მერყეობს - თუკი სასწავლო კორპუსების მხოლოდ იმ ნაწილს, რაზეც რექტორი ამბობს, რომ არცთუ ისე კარგ მდგომარეობაშია და უნივერსიტეტი ამ დროისთვის არ იყენებს, ანუ 70 000 კვადრატულ მეტრს ახალი საცხოვრებელი შენობებით ჩაანაცვლებენ, მათში ბინების გაყიდვით მიღებული შემოსავალი 10 მილიონს მიაღწევს.
2 მილიონ ლარზე მეტი იყო გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავით გურამიშვილის 17 ნომერში მდებარე კორპუსზე, სადაც 2014 წლიდან აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტი და სურსათის პროდუქტების გადამუშავებისა და მეღვინეობის ლაბორატორიაა. აგრარული ფაკულტეტის სტუდენტებს 2026 წელს ტექნიკური უნივერსიტეტი, სავარაუდოდ, ბოლო ჯერზე მიიღებს. შემდეგი წლიდან ამ ფაკულტეტს გადაიტანენ სოხუმის უნივერსიტეტში, რომელსაც ეს დისციპლინა არასოდეს უსწავლებია.
ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის გარდა უძრავ ქონებას ფლობს რეგიონებშიც. მაგალითად, სამტრედიის სოფელ დიდ ჯიხაიშში 117940 მ2-ზე გაშენებულ რამდენიმე შენობისგან შემდგარ კომპლექსს, სადაც მუშაობს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დიდი ჯიხაიშის ნ. ნიკოლაძის სახელობის აგროინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯი.
2025 წლის ნოემბერში ფინანსურმა პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა ამ კოლეჯის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ფულის თაღლითური მითვისების გამო. კოლეჯის განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6,5 მილიონ ლარზე მეტი იყო გამოყოფილი. გამოძიების ვერსიით, კომპანიამ, რომელმაც სამუშაოები არ დაასრულა, 661 163 ლარი მიითვისა.
2010 წლიდან უსასყიდლო უზუფრუქტით აქვს აღებული ტექნიკურ უნივერსიტეტს 6 741 მ2 მიწა შენობებით. ცემში, ტყის პირას, სოფლისგან მოშორებით მდებარე ეს ტერიტორია კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტს ეკუთვნოდა. ამავე ინსტიტუტს ეკუთვნის ტერიტორია საგურამოში, სადაც ბოლო წლებში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 4GB იმართებოდა.
კიდევ ერთი, 50 000 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთი შენობებით, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტს სარგებლობის უფლებით აქვს გადაცემული სახელმწიფოსგან, გარდაბანშია.
ფორუმი