Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების რეფორმა ილიას უნივერსიტეტს "ფაქტობრივად ხურავს” - ეს თუ ასეა, რა ბედი ეწევა შენობებს?

მოკლედ

  • განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ილიას უნივერსიტეტში მისაღები სტუდენტების რაოდენობა მომავალი სასწავლო წლისთვის თითქმის 92%-ით შემცირდება.
  • უნივერსიტეტს ახლა 17 ათასზე მეტი სტუდენტი ჰყავს, 2026 წლის ზაფხულიდან წელიწადში მხოლოდ სამასიდან ოთხასამდე სტუდენტის მიღება შეეძლება.
  • სასწავლო პროგრამების და სტუდენტების შემცირება უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურასაც შეცვლის - რამდენი შენობა დასჭირდება ათასამდე სტუდენტს, ჯერჯერობით ამაზე არავინ ლაპარაკობს;
  • უცნობია რას უპირებენ ილიას უნივერსიტეტის კვლევით ინსტიტუტებს და მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებს.

აქ ილიას უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობებსა და სხვა უძრავ ქონებაზე გიყვებით.

ილიას უნივერსიტეტს მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირზე და მის მახლობელ ქუჩებზე ათზე მეტი კორპუსი აქვს - მათგან ოთხი, A, B, C და D კორპუსები ჭავჭავაძის გამზირის შუაში, მზიურის პარკის სიახლოვესაა. ამ ოთხ კორპუსს ჭავჭავაძის 32 ნომერში ჯამში 6 650 კვადრატული მეტრის ფართობი უკავია.

ილიას უნივერსიტეტის ა კორპუსი.
ილიას უნივერსიტეტის ა კორპუსი.

ოთხიდან ერთი, C კორპუსი, სადაც წლების განმავლობაში ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ინსტიტუტი იყო, 2023 წელს მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ავარიულია და ბოლო ორი წელია, იქ სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

რუკაზე მონიშნულია ილიას უნივერსიტეტის კორპუსები ჭავჭავაძის და ფალიაშვილის ქუჩებზე.
რუკაზე მონიშნულია ილიას უნივერსიტეტის კორპუსები ჭავჭავაძის და ფალიაშვილის ქუჩებზე.

უნივერსიტეტმა ავარიული კორპუსის დემონტაჟის გეგმა განათლების სამინისტროს 2024 წლის იანვარში სთხოვა. 2025 წლის მაისში უნივერსიტეტს სამინისტრომ უპასუხა, რომ მთავრობა რეფორმაზე მუშაობს, “რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საუნივერსიტეტო კამპუსებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ ხედვისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაა”, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კორპუსის ბედი “ამ ჭრილში, კომპლექსურად უნდა გადაწყდეს.”

ილიას უნივერსიტეტის C კორპუსი.
ილიას უნივერსიტეტის C კორპუსი.

კიდევ 6 კორპუსი, მათ შორის ერთი სრულიად ახალი, სადაც გეოტექნიკური და ციფრული ელექტრონიკის ლაბორატორიებია, ვაკის პარკის სიახლოვესაა, ჭავჭავაძის 45 ნომერთან - ჯამში E, F, G, H, S და T კორპუსებს 17 261 კვადრატული მეტრი უკავია.

ესაა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული უბანი, სადაც ბოლო წლებში ინტენსიურად შენდება მრავალსართულიანი კორპუსები, მათ შორის, ყოფილი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის ნაცვლად.

ილიას უნივერსიტეტის შენობები ვაკის პარკთან ახალი დეველოპელური პროექტების ფონზე.
ილიას უნივერსიტეტის შენობები ვაკის პარკთან ახალი დეველოპელური პროექტების ფონზე.

ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული, კვლევითი და სასწავლო კორპუსებიდან სულ რამდენიმე მეტრში, ჭავჭავაძის 49 ნომერში, ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენის, ნოშიკო ნამორაძის კომპანია VR Holding აშენებს VR Vake Sky Tower-ს, რომელიც თბილისის ყველაზე მაღალი, 230-მეტრიანი შენობა უნდა იყოს. დეველოპერი დაავალდებულეს, რომ ამავე ტერიტორიაზე სპორტის უნივერსიტეტის ახალი შენობაც ააშენოს და სამბოს დარბაზიც. 18 019 მ2 ფართობის მიწა თბილისის მუნიციპალიტეტმა ნოშიკო ნამორაძის კომპანიას 2022 წელს მიჰყიდა.

თუ დავუშვებთ, რომ ვაკეში ილიას უნივერსიტეტის კორპუსების ადგილზე მრავალსართულიანი სახლები აშენდება, შეიძლება პოტენციური დეველოპერის მოგების დათვლა. მხოლოდ ვაკესა და ბაგებში ილიას უნივერსიტეტის კორპუსებს ჯამში თითქმის 24 000 კვადრატული მეტრი უკავია - ამ კორპუსებიდან ყველა, ერთის გარდა, თანამედროვე თბილისის სტანდარტებით, დაბალსართულიანად ითვლება და 5-6 სართულს არცერთი არ აჭარბებს. 24 000 კვადრატულ მეტრზე ორჯერ მაღალი საცხოვრებელი კორპუსების აშენება იქ, სადაც კვადრატული მეტრის ფასი 1 800$-დან 2 500$-მდეა, ყველაზე ცოტა, 100 მილიონის ღირებულების ახალ ქონებას გააჩენს.

ილიას უნივერსიტეტის კორპუსების გარშემო უკვე არაერთი მაღალსართულიანი შენობა და ცათამბჯენია აშენებული.
ილიას უნივერსიტეტის კორპუსების გარშემო უკვე არაერთი მაღალსართულიანი შენობა და ცათამბჯენია აშენებული.

იმ კორპუსების გარდა, სადაც სწავლა და კვლევა მიმდინარეობს, ილიას უნივერსიტეტი ფლობს 11 931 მ2 მიწის ნაკვეთს შენობა-ნაგებობით ზღვისუბნის დასახლებაში, სადაც სტუდენტური საცხოვრებლის მოწყობა ჰქონდა გეგმაში - მიუხედავად მერიასთან არაერთი კომუნიკაციისა და უკვე შედგენილი პროექტისა, რომელიც თავად შეიმუშავა უნივერსიტეტმა, ამ შენობის სტუდენტური საცხოვრებლის გადაკეთებაზე შეთანხმება ვერ შედგა.

რუკაზე მონიშნულ ოთხსართულიან შენობაში, წლებია დევნილები არიან შესახლებული.
რუკაზე მონიშნულ ოთხსართულიან შენობაში, წლებია დევნილები არიან შესახლებული.

ილიას უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურიდან სტრატეგიული მნიშვნელობისაა ნუცუბიძის ქუჩაზე სეისმური მონიტორინგის ცენტრი და ამ ცენტრის ქსელის სადგურები, რომლებიც საქართველოს არაერთ დასახლებულ პუნქტშია განთავსებული - ესაა ერთადერთი სახელმწიფო/სამეცნიერო ორგანიზაცია, რომელიც გარდა სამეცნიერო კვლევებისა, 24/7 აწარმოებს საქართველოს და მისი მეზობლების სეისმურ და გეოდეზიურ მონიტორინგს. შეტყობინებებს კი სამთავრობო უწყებებსაც უგზავნის და მყისიერად აქვეყნებს ცენტრის ვებსაიტზე.

სეისმოლოგიური ინსტიტუტის შენობის ირგვლივაც აქტიურად მიდის სამშენებლო სამუშაოები.
სეისმოლოგიური ინსტიტუტის შენობის ირგვლივაც აქტიურად მიდის სამშენებლო სამუშაოები.

გარდა კორპუსებისა, ილიას უნივერსიტეტის საკუთრებაა თბილისის ბოტანიკური ბაღი თავისი ორი შენობით - ბოტანიკური ბაღის ფართობი 9 160 კვადრატული მეტრია. ეს ტერიტორია ესაზღვრება ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრს და პანორამა თბილისის ნაგებობებს.

ილიას ბოტანიკის ინსტიტუტი თბილისის ბოტანიკურ ბაღში.
ილიას ბოტანიკის ინსტიტუტი თბილისის ბოტანიკურ ბაღში.

ილიას უნივერსიტეტის უძრავი ქონების კიდევ ერთი მარგალიტია 27 ჰექტარი ტყე ბაკურიანში, აქაც ბოტანიკური ბაღია გაშენებული და უნივერსიტეტისგან მის დათმობას ბაკურიანის განვითარების სააგენტო უკვე ორ წელზე მეტია ითხოვს, ილიას უნივერსიტეტი კი ბაღის განვითარებაზე მუშაობას არ წყვეტს და შესაბამისი პროექტიც აქვს შემუშავებული.

ილიას უნივერსიტეტის ალპური ბაღი.
ილიას უნივერსიტეტის ალპური ბაღი.

17 ჰექტარზე განთავსებული ბაკურიანის ალპური ბოტანიკური ბაღი, საიდანაც ბილიკები ჩადის მზეთამზესა და ტიმოთესუბანში, 1910 წელს გაშენდა კოხტაგორის დასავლეთ ფერდობზე.

რუკაზე მონიშნულია ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი.
რუკაზე მონიშნულია ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი.

ის თავიდან თბილისის ბოტანიკურ ბაღს ეკუთვნოდა. 1934 წელს ბაკურიანის ბაღი ბოტანიკის ინსტიტუტს გადასცეს, 2006 წელს კი როგორც ბოტანიკის ინსტიტუტი, ისე ბაკურიანის უნიკალური ალპური ბაღი, ილიას უნივერსიტეტის საკუთრება გახდა. ბაკურიანის ბაღში, რომელიც ამ დრომდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის ექსპერიმენტული ბაზაა, უწყვეტად ხდება მაღალი მთის მცენარეების კონსერვაცია და შესწავლა.

აპლური ბაღის მცირე ნაწილი.
აპლური ბაღის მცირე ნაწილი.

ილიას უნივერსიტეტის კვლევითი ინფრასტრუქტურის ნაწილია შავი ზღვის შემსწავლელი კვლევითი ცენტრი დაბა გრიგოლეთში, არქეოლოგიური ბაზები სოფელ ციხესულორსა და ჭიათურაში, ალპური ეკოლოგიის შემსწავლელი ინსტიტუტი სტეფანწმინდაში და სამეცნიერო ბაზა დედოფლისწყაროში.

რუკაზე მონიშნულია გრიგოლეთის კვლევითი ბაზა.
რუკაზე მონიშნულია გრიგოლეთის კვლევითი ბაზა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG