Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

92%-იანი შემცირება - ილიაუნის მომავალ წელს მხოლოდ 300 სტუდენტის მიღების უფლება დაუტოვეს

ილიაუნის შარშან საბაკალავრო პროგრამებზე 4200 სტუდენტის მიღება ჰქონდა გამოცხადებული - ახლა მხოლოდ 300-ის მიღება შეეძლება.
ილიაუნის შარშან საბაკალავრო პროგრამებზე 4200 სტუდენტის მიღება ჰქონდა გამოცხადებული - ახლა მხოლოდ 300-ის მიღება შეეძლება.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ მიღებული ცვლილებებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, - რომელსაც მნიშვნელოვნად ეზღუდება სასწავლო პროგრამები, - მომავალ სასწავლო წელს მხოლოდ 300 სტუდენტის მიღების უფლება ექნება საბაკალავრო პროგრამებზე.

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეეზღუდათ სასწავლო პროგრამების განხორციელების უფლება, გამოქვეყნდა მთავრობის შესაბამისი დადგენილებაც.

დადგენილებით ირკვევა, რომელ უნივერსიტეტს რა პროგრამები რჩება და რამდენი სტუდენტის მიღება შეეძლება ამა თუ იმ პროგრამას, - ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად.

რიცხვებში - მოკლედ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს არსებული 36-დან მხოლოდ 16 პროგრამა რჩება.

თუკი შარშან ილიაუნიში მისაღები ადგილების რაოდენობა საბაკალავრო პროგრამებზე, - naec.ge-ზე გამოქვეყნებული ცნობარის თანახმად, - იყო 4207, წელს მას მხოლოდ 300 ახალი სტუდენტის მიღება შეეძლება.

ეს შარშანდელ კვოტაზე 14-ჯერ (დაახლოებით 92%-ით) ნაკლებია.

საბოლოოდ, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უნივერსიტეტმა შარშან 3500 სტუდენტი მიიღო - თითქმის 12-ჯერ მეტი, ვიდრე მომდევნო წელს მიიღებს.

ჯამში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამჯერად 17 295 სტუდენტი ირიცხება - როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე. ფაკულტეტების მიხედვით, ეს რიცხვი ასე ნაწილდება:

  • მეცნიერებათა და ხელოვნების - 7270;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის - 1469;
  • ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების - 6779;
  • სამართლის - 1777.

რა პროგრამები რჩება

  1. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები - 30 ადგილი;
  2. მათემატიკა - 20;
  3. ფიზიკა - 20;
  4. ბიოლოგია - 20;
  5. ისტორია - 20;
  6. ქართული ფილოლოგია - 20;
  7. ანგლისტიკა - 20;
  8. გამოყენებითი გერმანისტიკა - 10;
  9. საფრანგეთისმცოდნეობა - 20;
  10. თავისუფალი მეცნიერებები - 10;
  11. კომპიუტერული ინჟინერია - 20;
  12. სამოქალაქო ინჟინერია (ინგლისურენოვანი) - 15;
  13. კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო, ინგლისურენოვანი) - 20;
  14. ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ინგლისურენოვანი) - 15;
  15. სამოქალაქო ინჟინერია - 20;
  16. ადრეული ბავშვობა, განვითარება და განათლება - 20.

რა პროგრამები ჩამოართვეს

ჩამონათვალი პროგრამებისა, რომლებზეც ილიაუნიში 2025-26 სასწავლო წლებში მიღება იყო გამოცხადებული და მომდევნო წლიდან უქმდება, ასეთია:

  1. სოციოლოგია;
  2. ფსიქოლოგია;
  3. ფილოსოფია;
  4. კინომცოდნეობა;
  5. რუსისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
  6. ლიტერატურათმცოდნეობა;
  7. პოლიტიკის მეცნიერება;
  8. საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი;
  9. ხელოვნებათმცოდნეობა;
  10. ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი);
  11. ბიზნესის ადმინისტრირება (ტურიზმი);
  12. ბიზნესის ადმინისტრირება (საბანკო და საფინანსო საქმე);
  13. არქეოლოგია;
  14. მუსიკა;
  15. არქიტექტურა;
  16. გამოყენებითი ხელოვნება - მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის;
  17. გრაფიკის ხელოვნება;
  18. კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი);
  19. ეკოლოგია;
  20. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (I-VI კლასები) ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

მიმართულებები, რომლებიც სხვა უნივერსიტეტებს რჩებათ, ასეთია:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები (პედაგოგიკის გამოკლებით);
  • სამართალი;
  • ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება;
  • სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

  • მედიცინის სპეციალობები.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • აგრარული სპეციალობები;
  • ქართულ-აფხაზური ენისა და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

  • საინჟინრო-ტექნიკური დისციპლინები.

„ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ 12 თებერვალს.

თუმცა იქვე დასძინა, რომ „უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში“.

შესაბამისად, „2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ“, - თქვა მან.

სხვა უნივერსიტეტები

  • სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ „შესაბამის სპეციალობებზე“;
  • ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ „მრავალფუნქციურ დატვირთვას“;
  • ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში „აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე“.

„უმაღლესი განათლების რეფორმა“

„ქართული ოცნების“ მთავრობამ „უმაღლესი განათლების რეფორმის“ ნაწილად 12 თებერვალს წარადგინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეეზღუდათ სასწავლო პროგრამების განხორციელების უფლება.

„გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის - არა მხოლოდ ახლა!“ - დაწერა ფეისბუკში ილიას უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ ამ გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ.

საუნივერსიტეტო განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმა მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით - „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“.

საერთაშორისო მკვლევრებმა და უცხოელმა პროფესორებმა დეკემბერში მოუწოდეს ირაკლი კობახიძეს, გადახედოს უმაღლესი განათლების რეფორმას.


ფორუმი

XS
SM
MD
LG