Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამტკიცდა ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია


საქართველოს მთავრობის სხდომა
საქართველოს მთავრობის სხდომა
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია დამტკიცდა. პრეზიდენტის ბრძანებულებითვე, საქართველოს მთავრობამ 1 სექტემბრამდე დასამტკიცებლად უნდა წარადგინოს „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“, რომლის პროექტზეც იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი და არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობდნენ. რას წარმოადგენს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია?

2003 წლიდან 2009 წლამდე კორუფციის აღქმის ინდექსი საქართველოში გაუმჯობესდა 4,1 ქულამდე, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ...
პირველ ანტიკორუფციულ სტრატეგიაში, რომელიც, პრეზიდენტის ბრძანებულებით, 2005 წელს დამტკიცდა, კორუფციასთან ბრძოლის გრძელვადიანი პრინციპებია ჩამოყალიბებული. სტრატეგიაზე დაყრდნობით, უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთი რეფორმა გატარდა, გაიზარდა კორუფციის ბრალდებით დაკავებულთა რაოდენობა და შესაბამისი მუხლით აღძრული საქმეების რიცხვი.

საქართველოში იშვიათად ჩაივლის კვირა, ტელევიზიებმა კორუფციის მორიგ გამოვლინებასა და დამნაშავეთა მხილებას ვრცელი სიუჟეტი რომ არ მიუძღვნან. მედიის წარმომადგენლების მსგავსად, სამართალდამცავი ორგანოების ამგვარი აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ კორუფციის კვლევით დაკავებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ პროგრამების დირექტორი ნინა ხატისკაცი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ბრძროლამ კორუფციის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო:

„2003 წლიდან 2009 წლამდე კორუფციის აღქმის ინდექსი საქართველოში გაუმჯობესდა 4,1 ქულამდე, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, იმიტომ რომ იმ ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ 3 ქულაზე ნაკლები, ითვლება, რომ კორუფცია არის მთავარი და გადაუჭრელი პრობლემა. 3 ქულის მაღლა ნიშნავს, რომ კორუფცია კვლავ რჩება პრობლემად, თუმცა ის არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა.“

კორუფცია რომ პრობლემად რჩება, ამას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ადასტურებენ. ამაზეა ლაპარაკი პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის პრეამბულაშიც. იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ოთარ კახიძის თქმით, სტრატეგიაში ჩამოთვლილია ის ძირითადი მიზნები, რომელთა განსახორციელებლად 2010-2013 წლების სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს. მიზანთა შორისაა: საჯარო სექტორის ეფექტიანობის გაზრდა და კორუფციის აღმოფხვრა; საჯარო სამსახურის შემდგომი მოდერნიზაცია; სახელმწიფო შესყიდვების პროცესის დახვეწა და კონტროლი; საჯარო ფინანსების სისტემის რეფორმირება; საბაჟო და საგადასახადო სისტემის სრულყოფა; კანონმდებლობის სრულყოფა ანტიკორუფციული თვალსაზრისით და პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. ოთარ კახიძის თქმით, ასეთია ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პროექტში შესული ღონისძიებების არასრული ჩამონათვალი.

ძალიან ბევრი პრობლემაა, - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან დაწყებული, მოსამართლეების დანიშვნით დამთავრებული, - რომლებზეც სამოქმედო გეგმა არაფერს ამბობს ...
„ეს სამოქმედო გეგმა ორიენტირებულია 21-ე საუკუნეზე, ორიენტირებულია პრევენციაზე, ვინაიდან ყველანაირი რეიტინგი, კვლევა და სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში კორუფცია, როგორც ასეთი, ინსტიტუციონალური პრობლემა აღარ არის. მაგრამ ჩვენ ამის გამო თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ. უნდა ვიზრუნოთ მუდმივად, რომ კორუფციის პრევენცია მოხდეს და იმ ახალ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, რომელიც არამარტო საქართველოს, არამედ ზოგადად თანამედროვე მსოფლიოს წინაშე დგას. ვერავინ ვერასდროს ვერ დაასრულებს კორუფციასთან ბრძოლას.“

ოთარ კახიძის თქმით, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პროექტის მიხედვით, დასახვეწია მართლმსაჯულების სისტემის საქმიანობა, რისთვისაც მოსამართლეების უვადო წესით დანიშვნა იგეგმება. თუმცა, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი ამბობს, საქართველოში მართლმსაჯულების პრობლემა უფრო მასშტაბურია და მხოლოდ დანიშვნის ვადის გაზრდით მას არაფერი ეშველება:

„სხვა ეფექტური ღონისძიებები ნამდვილად არ არის ჩადებული, ხოლო უვადოდ დანიშვნა ნამდვილად არ არის დამოუკიდებლობის გარანტი. ძალიან ბევრი პრობლემაა, - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან დაწყებული, მოსამართლეების დანიშვნით დამთავრებული, - რომლებზეც სამოქმედო გეგმა არაფერს ამბობს. მაგალითად, იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის წარმომადგენლებს შეუძლიათ ვეტო დაადონ ამა თუ იმ მოსამართლის დანიშვნას, რაც არასწორია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლის დანიშვნა-არ დანიშვნასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს მიღებული, რაც არასწორია!“

თამარ ხიდაშელი, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, ამ და სხვა შენიშვნებს ანტიკორუფციული საბჭოს წევრებსაც გააცნობს. გავრცელებული ინფორმაციით, საბჭო ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის განსახილველად 30 აგვისტოს შეიკრიბება. იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებაში გეგმის დამტკიცების ვადად პირველი სექტემბერია დასახელებელი, თამარ ხიდაშელი შიშობს, რომ განხილვას ფორმალური ხასიათი ექნება და ის არაფერს შეცვლის.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG