Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი საბჭო - მე-9 არხის დამოუკიდებლობის გარანტი


კახა ბექაური
კახა ბექაური
ტელეკომპანია მე-9 არხის (შპს ”იგრიკას”) გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა დღეს, 5 მარტს, გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კახა ბექაური ორი დღეა, რაც ამ თანამდებობაზე დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ის ტელეკომპანია ”მაესტროს” გენერალური დირექტორი იყო. მან ტელეკომპანიის ეთერში გასვლის თარიღი არ დააკონკრეტა, არც იმ ჟურნალისტების ვინაობა გაამხილა, ვინც ტელეკომპანიასთან ითანამშრომლებს. პრესკონფერენციაზე მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ მე-9 არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას 3-კაციანი საზოგადოებრივი საბჭო უზრუნველყოფს. საზოგადოებრივი საბჭოს წევრთა ვინაობა - ეს არის მედიაექსპერტთა მთავარი ინტერესის საგანიც.

მე-9 არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, კახა ბექაურმა, ვერ დაასახელა ტელეკომპანიის ეთერში გასვლის კონკრეტული თარიღი. მისი განმარტებით, სალიცენზიო პირობებიდან გამომდინარე, ტელეკომპანია ეთერში გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად უნდა გავიდეს, მაგრამ მან ვერ დააზუსტა როდის იწურება ეს ვადა:
იქმნება საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც იქნება გარანტი არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის. ალბათ, სამი კაცი იქნება ...

”კანონმდებლობით, გარკვეული ვალდებულებებია სიხშირის მფლობელი კომპანიების მიმართ, რომ ის დროულად გავიდეს ეთერში. შესაბამისად, ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ჩვენ მოგვიწიოს ლიმიტირებული მაუწყებლობით გასვლა ეთერში პირველ ეტაპზე და შემდგომ სრულყოფილი ეთერით გავალთ. ვადებს ამ ეტაპზე ვერ დავაზუსტებ, მაგრამ მოგვიანებით ამაზე დეტალურად მექნება საუბარი.”

აქვე ვთქვათ, რომ კახა ბექაური, მისი სიტყვებით, ორი დღეა, რაც არხის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. მანამდე ეს თანამდებობა ლაშა შონიას ეკავა. კახა ბექაურის განმარტებით, ახლა მისთვის ტელეკომპანიაში შესაფერისი პოზიციის შერჩევაზე მსჯელობენ. კახა ბექაურის განმარტებით, ის, რომ ტელეკომპანია მე-9 არხი, ანუ შპს ”იგრიკა”, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაა, სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულებაში ხელს არ შეუშლის, რადგან ამის გარანტიები თანამდებობაზე დანიშვნისას მიიღო. მეტიც, მისი განცხადებით, ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობას სამკაციანი საზოგადოებრივი ჯგუფი უზრუნველყოფს, თუმცა ჯგუფის შემადგენლობა მას არ დაუკონკრეტებია:

”იქმნება საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც იქნება გარანტი არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის. ალბათ, სამი კაცი იქნება, მაგრამ ესეც, სავარაუდოდ. სავარაუდო კანდიდატებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, მაგრამ ახლა ვერ დავასახელებ ვისთან, კონკრეტულ სახელს და გვარებს, მაგრამ ეს პროცესი მალე დასრულდება და თქვენ ამას გაიგებთ ძალიან მალე.”

სწორედ საზოგადოებრივი ჯგუფის შემადგენლობაში ხედავს ტელეკომპანიის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გარანტს თამარ კორძაიაც, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი. თუმცა, მისივე სიტყვებით, სანამ ცნობილი არ არის ამ ადამიანთა ვინაობა, ძნელია საზოგადოებრივ საბჭოს ნდობა ერთმნიშვნელოვნად გამოუცხადო:
თუ ამ ტელევიზიების მესვეურთა ინტერესი იქნება პროპაგანდისტული არხის გაკეთება, იმიტომ რომ არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, მაშინ მათი ტელევიზიის ფუნქცია ჩემთვის გაუგებარი დარჩება ...
ზვიად ქორიძე

”მესმის აბსოლუტურად მათი ლოგიკა, რომ უნდათ მეტი გარანტიები შეიქმნან და მეტი ნდობა მოიპოვონ მოსახლეობის, მაგრამ ეს ნდობა რომ მოიპოვონ, უფრო დეტალურად უნდა განმარტონ ამ საზოგადოებრივ ჯგუფს და მასში შემავალ ადამიანებს რა ფუნქციები ექნებათ, რა განსაზღვრავს მათ დამოუკიდებლობას, რა ტიპის ურთიერთობებში იქნებიან ამ ტელევიზიასთან და ა.შ. ეს დეტალები თუ არ იქნება აღწერილი, მაშინ ასეთი ტიპის განცხადებებს სანდოობის ხარისხი მაღალი ვერ ექნება.”

თამარ კორძაიას პოზიციას, რომ ქართულ სატელევიზიო ბაზარზე არსებობს ობიექტური მაუწყებლობის დეფიციტი და რომ პოლარიზებული მედიასივრცე საზოგადოებას მართლაც უჩენს ინტერესს ახალი ტელეკომპანიის მიმართ, იზიარებს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე. მისი სიტყვებით, თუ ამ არხის მეპატრონეებს გადაწყვეტილი აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიებით გააკეთონ მაქსიმალურად დამოუკიდებელი ტელევიზია, მაშინ ეს გამოვა და გარკვეული დროის შემდეგ ის შეძლებს საზოგადოების ნდობის მოპოვებას, მაგრამ ზვიად ქორიძე სხვა ვარაუდსაც უშვებს:

”თუ ამ ტელევიზიების მესვეურთა ინტერესი იქნება პროპაგანდისტული არხის გაკეთება, იმიტომ რომ არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, მაშინ მათი ტელევიზიის ფუნქცია ჩემთვის გაუგებარი დარჩება.”

შეგახსენებეთ, რომ, სააგენტო media.ge-ს ინფორმაციით, შპს „იგრიკას“, ანუ მე-9 არხს, 2012 წლის 17 იანვრამდე ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე ფლობდა, შემდეგ კი 20 ათას ლარად კომპანია „აქცეპტს“ მიჰყიდა. შპს „აქცეპტის“ 80%-ს კი ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე ფლობს, დანარჩენი 20% კახა კობიაშვილს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი ბიძინა ივანიშვილის კომპანიებს „ქართულ ჰოლდინგსა“ და „ჰოლდინგ ოცდამეერთეს“ ხელმძღვანელობს. „ქართული ჰოლდინგი“ ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ერთპიროვნული მფლობელია.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG