Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუმორჩილებელთა მცირე აქცია „ბოლოტნაიას“ მეორე წლისთავზე


საპროტესტო აქცია ბოლოტნაიას მოედანზე მოსკოვში. 2013 წლის 6 მაისი.
საპროტესტო აქცია ბოლოტნაიას მოედანზე მოსკოვში. 2013 წლის 6 მაისი.
სამშაბათს მოსკოვის მერიამ უარი უთხრა რუსეთის ოპოზიციას, რომელიც „ბოლოტნაიას საქმით“ ცნობილი მოვლენების მეორე წლისთავზე საპროტესტო აქციის ჩატარებას აპირებდა. ზუსტად ორი წლის წინ მოსკოვში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული, მილიონთა მარშის სახელით ცნობილი მსვლელობა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებით და 400-მდე დემონსტრანტის დაკავებით დასრულდა. სიმბოლურია, რომ „ბოლოტნაის საქმის“ მონაწილე კონსტანტინ ლებედევმა, რომლის მიმართაც პირობით-ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება სწორედ 6 მაისს შევიდა ძალაში, მოვლენების მეორე წლისთავზე დატოვა იზოლატორი.

მიზეზი, რითაც მოსკოვის მერიის თავკაცებმა ოპოზიციის მიმართვის პასუხად საკუთარი უარი გაამართლეს, 9 მაისის სადღესასწაულო აღლუმისთვის სამზადისია, რის გამოც ბოლოტნაიას მოედანი აღლუმში მონაწილე საავტომობილო ტექნიკით გადაიტვირთება. არადა, ერთი წლის წინ ოპოზიციამ ნებადართული მიტინგი ჩაატარა ბოლოტნაიაზე, რომელშიც, სულ მცირე, 25 ათასი კაცი მონაწილეობდა.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო მოძრაობა „სოლიდარობის“ ლიდერი, პიოტრ ცარკოვი, რომელმაც ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ, უარით იმედგაცრუების მიუხედავად, ორგანიზატორები არ აპირებენ ხალხს ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდონ.

„ახლა უკვე აშკარაა ტენდენცია ყოველმხრივ დააბრკოლონ ოპოზიციის საქმიანობა. ხელისუფლებას არ სურს, რომ პროტესტი განვითარდეს, გამოჩნდეს, რომ ხალხმა ვერ შეძლო ღიად გამოხატვა საკუთარი პოზიციისა, რომელიც განსხვავდება „გენერალური ხაზისაგან“. ამიტომ ამ უარში ჩვენთვის გასაკვირი არაფერია. ვთვლით, რომ აქციის შეთანხმებისას სხვა დროსაც წავაწყდებით სერიოზულ სირთულეებს, იმ მოედნებზეც კი რთული იქნება აქციების ჩატარება, რომლებიც, მაგალითად, სახაროვის მოედნის მსგავსად, ჩვენთან ადრე შეთანხმებული იყო“.
ზოგიერთები, მართლაც, აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო საზოგადოება დაღლილობას ამჟღავნებს, მაგრამ ვფიქრობ, ეს იმას უკავშირდება, რომ ხალხის საპროტესტო აქციებზე გამოსვლის მიუხედავად, პოლიტიკური ვითარება რუსეთში უარესობისაკენ იცვლება...
პიოტრ ცარკოვი


2012 წლის 6 მაისს, ბოლოტნაიას მოედანზე სამართლიანი არჩევნების ლოზუნგით ჩატარებულ საპროტესტო აქციაში, სულ მცირე, 60 ათასი კაცი მონაწილეობდა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, 8 ათასი კაცი დათვალა, თან მათ მონაწილეებს შეტაკებების პროვოცირებაში დასდო ბრალი, რაც 28 პირის შემთხვევაში გაიზიარა სასამართლომაც, რომელიც მივიდა დასკვნამდე, რომ პოლიციისა და დემონსტრანტების შეტაკება იყო „მასობრივი არეულობა“. ამ მოვლენიდან ორი წლის შემდეგ საპატიმროში იმყოფება 11 კაცი, ამდენივეს ამნისტია შეეხო, ხოლო 6 განაჩენის მოლოდინშია. აღსანიშნავია, რომ „ბოლოტნაიას საქმის“ მონაწილე კონსტანტინ ლებედევმა, რომლის მიმართაც პირობით-ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება სწორედ 6 მაისს შევიდა ძალაში, მოვლენების მეორე წლისთავზე დატოვა იზოლატორი.

ის, რომ ბოლოტნაიას მოედანზე მომხდარი დაპირისპირების მეორე წლისთავზე რუსეთის ოპოზიციამ ვერ შეძლო მასობრივი საპროტესტო აქციის გამართვა, ამას რუსეთში ბევრი სამოქალაქო საზოგადოების პასიურობით ხსნის, რასაც, თავის მხრივ, ნაწილობრივ პიოტრ ცარკოვიც იზიარებს:

„ზოგიერთები, მართლაც, აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო საზოგადოება დაღლილობას ამჟღავნებს, მაგრამ ვფიქრობ, ეს იმას უკავშირდება, რომ ხალხის საპროტესტო აქციებზე გამოსვლის მიუხედავად, პოლიტიკური ვითარება რუსეთში უარესობისაკენ იცვლება. ხალხი ხედავს, რომ უარესდება ეკონომიკური ვითარება, რომ უფრო აგრესიული ხდება რუსეთის საგარეო პოლიტიკა, რომ ირღვევა ყველა საერთაშორისო ვალდებულება. ამიტომ პროტესტი შესაძლოა გაიზარდოს“, ამბობს პიოტრ ცარკოვი.

მიუხედავად ხელისუფლების უარისა, სამშაბათს ოპოზიციონერები ბოლოტნაიას მოედანზე მაინც შეიკრიბნენ. არასანქცირებულ აქციას არ ჰქონდა მასობრივი ხასიათი, ხოლო მოსკოვის პოლიციამ „რამდენიმე დაუმორჩილებელი“ იოლად დააკავა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG