Accessibility links

პარტიზანმა მებაღეებმა საქალაქო სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან” ერთად მომზადებული სარჩელი შეიტანეს. ისინი მერიის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის თანახმადაც, მათ საშუალება არ მიეცათ საპროტესტო აქციის ფარგლებში მერიის შენობის წინ კარავი გაეშალათ. თბილისის მერიის განცხადების მიხედვით, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად მერია უფლებამოსილია გარკვეული შეზღუდვა დააწესოს და შეკრებილებს მოუწოდოს აქცია შენობისგან მოშორებით ჩაატარონ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურიდიული დახმარების ცენტრის კოორდინატორი ნონა ქურდოვანიძე საქალაქო სასამართლოში სარჩელის შესატანად შუადღისას მივიდა. მანამდე საიას ოფისში მომზადებულ სარჩელზე ხელმოწერები დატოვეს „პარტიზანული მებაღეობის“წარმომადგენლებმა. როგორც პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე ამბობს, გაირკვა, რომ პროტესტის გამოსახატად თბილისის მერიის წინ კარვის დადგმის აკრძალვის სამართლებრივი საფუძველი მერიას არ ჰქონდა, თუმცა იმისთვის, რომ პარტიზან მებაღეებს ჰქონდეთ სამართლებრივად გამყარებული საფუძველი პროტესტის ფორმების ასარჩევად, მათ სასამართლოს მიმართეს. ამასთან, ნატა ფერაძის თქმით, შესაძლოა, კარვის დადგმა პარტიზან მებაღეებს აღარც მოუწიოთ, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება მაინც მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება:

„ჩვენი სტრატეგია ისე განვითარდა, რომ შეიძლება იქ კარავი საერთოდ აღარ დაგვჭირდეს, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ამის გასაჩივრება, რომ შემდგომში გამოხატვისა და პროტესტის ჩვენი უფლებები დავიცვათ. აუცილებლად ბოლომდე მივდევთ ამ სარჩელს. ასევე არაერთი სხვა სარჩელი გვაქვს საიასთან ერთად შეტანილი. ეს არის ისევ და ისევ სამოქალაქო აქტივიზმის დაცვა, რის გარეშეც მოქალაქეები ვერაფერს ვერ მივაღწევთ. ჩვენ გვინდა, რომ კანონიერად ავაშენოთ ქვეყანა“.

კონკრეტული ფაქტის თუ პროცესის საწინააღმდეგოდ პროტესტის ფორმას და შინაარსს ირჩევენ ადამიანები, ეუბნება რადიო თავისუფლებას ნონა ქურდოვანიძე, რადგან, მისივე სიტყვებით, კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ სწორედ ამის უფლებას ანიჭებს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებს. მათთვის მნიშვნელოვანია ფორმა იმგვარად შეირჩეს, რომ მას ჰქონდეს აზრი და ის შენიშნონ პროტესტის ადრესატებმა. შესაბამისად, კარვის დადგმა პროტესტის გამოხატვის ფარგლებში არ არის გემოვნების საკითხი.

ნატა ფერაძის შიმშილობის აქცია მერიის წინ. 22 აგვისტო, 2016 წ.

ნატა ფერაძის შიმშილობის აქცია მერიის წინ. 22 აგვისტო, 2016 წ.

აღსანიშნავია, რომ მერიას საპროტესტო აქცია მერიის შენობის წინ არ აუკრძალავს, მერიამ განცხადებაში განმარტა, რომ „’პარტიზანული მებაღეობის’ წევრების მიერ დაგეგმილი აქციის მსვლელობისას არ უნდა იქნეს ბლოკირებული ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელ-გასასვლელი, ასევე შენობის წინ არსებული ტროტუარი და საავტომობილო გზა, რათა არ შეფერხდეს ქალაქ თბილისის მერიის საქმიანობა“. ამ მოტივით მან აქციის მონაწილეებს კარვის დასადგმელად შესთავაზა მერიის შენობის მოპირდაპირე სკვერი, თუმცა ეს არგუმენტი ნონა ქურდოვანიძეს უსაფუძვლოდ მიაჩნია:

„როცა მერია ამბობს, რომ სკვერის ერთ ნაწილში კარვის დადგმა არ შეიძლება და მეორეში შეიძლება და ეს მეორე ნაწილი არის შენობისგან მოშორებული, ეს ნიშნავს, რომ მერიას სურს ეს პროტესი მოიშოროს და უფრო შორს გადაიტანოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს გზით ეს განიმარტოს. ამით პროტესტის მონაწილეებს იმ ფორმის გამოყენების უფლება ექნებათ, რომელიც მათ სურთ, მაგრამ ეს საქმე სამომავლოდაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ მივიღებთ სასამართლოსგან განმარტებას და მომავალში ანალოგიურ სიტუაციებში ეს, ალბათ, გამოგვადგება იმისათვის, რომ ანალოგიური შეზღუდვები აღარ დაწესდეს“.

ნონა ქურდოვანიძის თქმით, მნიშვნელოვანია ამ საქმის განხილვის ვადები და ამიტომ სასარჩელო განცხადებაში პარტიზანი მებაღეები „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ ერთად მოითხოვენ სასამართლომ საქმე სპეციალურ ვადებში, ანუ 2 დღის ვადაში, განიხილოს, ვინაიდან, თუ ჩვეულებრივ ვადებში იქნა საქმე განხილული, გადაწყვეტილება კონკრეტული აქციისთვის აზრს დაკარგავს.

სასამართლოს გზით კარვის დადგმის უფლების მოპოვების პარალელურად, პარტიზანი მებაღეები, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის გადადგომისა და თავად სამსახურის სტრუქტურული ცვლილების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობენ. როგორც პარტიზანი მებაღე მარიამ ბაქრაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ყოველ საღამოს მერიის შენობის წინ გაიმართება აქციები, სადაც შეგროვდება ხელმოწერები, პარასკევს 6 საათზე კი დიდი აქციაა დაანონსებული:

„ორშაბათს შევიტანთ მერიაში შეგროვილ ხელმოწერებს და მანამდე გვინდა რაც შეიძლება მეტი ხელმოწერა შევაგროვოთ. პარასკევს 6 საათზე დიდი აქცია გვაქვს დაგეგმილი, ანუ ეს არის პროცესი, რომელიც ორშაბათამდე გაგრძელდება, რომ დავანახვოთ, რომ მხოლოდ რამდენიმე ახირებული პარტიზანი არ ვითხოვთ გადადგომას“.

თბილისის მერიის შენობის წინ საპროტესტო აქცია, რომელიც პარტიზანი მებაღის, ნატა ფერაძის, შიმშილობით დაიწყო, თბლისში, ყაზბეგის 22-ში, მრავალწლიანი ხეების მოჭრას მოჰყვა. ამ ფაქტზე პროკურატურამ საქმეც აღძრა, თუმცა გამოძიების შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნაზე წერილობითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG