Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეწარმეობის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორები


ფაბრიკა "იმერი", ქუთაისი, 2012 წ.
ფაბრიკა "იმერი", ქუთაისი, 2012 წ.
საქართველოს მთავრობის პროგრამის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა ”აწარმოე საქართველოში”, უკვე დაიწყო ორი პროექტის განხორციელება. ამ ინიციატივის მიზანია მეწარმეობის წახალისების სუბსიდირება. პროგრამის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 46 მილიონი ლარი დაიხარჯება. სხვადასხვა ექსპერტული შეფასებით, საქართველოში მეწარმეობის განვითარებას ფინანსების ხელმისაწვდომობაზე მეტად სხვა პრობლემები აფერხებს.

სულ ერთი კვირაა, რაც სამთავრობო პროგრამა ”აწარმოე საქართველოში” დაიწყო და უკვე გამოვლინდა ორი პროექტი, რომლებიც, მთავრობის დახმარებით, ახალ ბიზნესს დაიწყებენ. კასპსა და რუსთავში დაფუძნებულ საწარმოებს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად - გადაეცათ სახელმწიფო ქონება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, ორი პროექტის დახმარების საკითხი 6 ივნისს მთავრობის სხდომაზე გადაწყდა:

"ერთი გახლავთ შპს ”შაქრო” რუსთავში, რომელიც დაიწყებს ფეხსაცმლის წარმოებას. ის 104 ათასი ლარის მინიმალურ ინვესტიციას განახორციელებს და საწყის ეტაპზე 45 ადამიანს დაასაქმებს. კასპის რაიონში კი შპს "ჯი-ემ-პლასტიკის“ სამედიცინო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერების საწარმოებლად მინიმალური ინვესტიცია - 204 ათასი ლარი - იქნება და იქ 30 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება”.

ეს კარგი პროექტია, თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესს მთლიანად ვერ მოიცავს. ეს არის ერთგვარი სამაგალითო მოდელი, თუ როგორ შეიძლება ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა უფრო სხვა ჭრილში დავინახოთ...
კახა კოხრეიძე
მთავრობის ახალი ინიციატივა ”აწარმოე საქართველოში”, რომელიც ცნობილი გახდა მაისის შუა რიცხვებში, მიზნად ისახავს ბიზნესის დაწყების დაფინანსებას სახელმწიფო სუბსიდირების გზით. ასევე პროგრამის ფარგლებში, ბიზნესმენებს სიმბოლურ ფასად გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. გათვალისწინებულია კონსულტირების კომპონენტიც, თუმცა ძირითადი აქცენტი გადატანილია საბანკო კრედიტის პროცენტის სუბსიდირებაზე. ამ ინიციატივას დადებითად აფასებს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი კახა კოხრეიძე, თუმცა აცხადებს, რომ გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის და მსურველების რიცხვი გაცილებით მეტია:

”ეს კარგი პროექტია, თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესს მთლიანად ვერ მოიცავს. ეს არის ერთგვარი სამაგალითო მოდელი, თუ როგორ შეიძლება ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა უფრო სხვა ჭრილში დავინახოთ და მთავრობამ, ბანკებმა, საფინანსო სექტორმა და კომპანიებმა ერთობლივად იფიქრონ ამ პრობლემის მოგვარებაზე”.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის თანახმად, ქართული ბიზნესის ძირითად პრობლემად ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა. ეს იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საბანკო სექტორს საკმაოდ დიდი რესურსები აქვს, მაგრამ არსებული რისკების გამო კონსერვატიულად უდგება ბიზნესის დაკრედიტებას, ბიზნესის დაწყებას კი თითქმის საერთოდ არ აფინანსებენ. კახა კოხრეიძის აზრით, სახელმწიფო სუბსიდირება რადიკალურად ცვლის სურათს:

თუ სახელმწიფო აიღებს რისკებს, მაშინ სახელმწიფო მზად უნდა იყოს აღმოჩნდეს იმ დაზარალებული ბანკის თუ მტრად გადაქცეული მეგობრის როლში, რომელმაც ფული გაასესხა და შემდეგ ფულს ვეღარ იბრუნებს...
თემურ იობაშვილი
”არ აფინანსებდნენ იმიტომ, რომ ეს პროექტები იყო რისკიანი და არ სურდათ რისკიანი პროექტების თავის თავზე აღება. ხოლო როდესაც სახელმწიფომ გამოთქვა სურვილი, რომ საპროცენტო განაკვეთს თვითონ დააფინანსებდა და კომპანიებს რეალურად მოუწევთ 1-დან 3 პროცენტამდე სესხის აღება და, ამავე დროს, 30-პროცენტიან საგარანტიო უზრუნველყოფას სახელმწიფო მოახდენს, ეს რადიკალურად ცვლის სურათს”.

ეკონომიკაში სახელმწიფოს ისეთ ჩარევას, როგორიც კახა კოხრეიძემ აღწერა, ბევრი აკრიტიკებს. ჟურნალ ”ბიზნესი და მენეჯმენტის” რედაქტორი, ეკონომისტი თემურ იობაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ ბიზნესის დაწყების დაფინანსება საკმაოდ სარისკო საქმეა:

”თუ სახელმწიფო აიღებს რისკებს, მაშინ სახელმწიფო მზად უნდა იყოს აღმოჩნდეს იმ დაზარალებული ბანკის თუ მტრად გადაქცეული მეგობრის როლში, რომელმაც ფული გაასესხა და შემდეგ ფულს ვეღარ იბრუნებს. აქედან გამომდინარე, თუ ქველმოქმედებაზეა საუბარი, მაშინ სახელმწიფომ ქველმოქმედება ყველასთვის უნდა გასწიოს, მაგრამ კომერციულ პროექტებს უმჯობესია შეეშვას”.

თემურ იობაშვილის აზრით, სახელმწიფომ თანაბარი პირობები უნდა შეუქმნას ყველას, რაც ბიზნესს ბუნებრივი განვითარების საშუალებას მისცემს - მით უმეტეს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ეგიდით საბიუჯეტო სახსრების უშედეგო ხარჯვის რამდენიმე მაგალითი უკვე არსებობს, ”იაფი კრედიტისა” თუ მოსახლეობის დასაქმების სხვადასხვა პროექტის სახით.

კომპანიების 80 პროცენტი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ყიდის საქონელს და მომსახურებას, არ აქვთ წვდომა ეროვნულ ბაზარზე და, მით უმეტეს, არ აქვთ საშუალება, რომ საექსპორტოდ გაიტანონ პროდუქცია. ასევე გამოიკვეთა მათი მენეჯერული უნარ-ჩვევების განვითარების დაბალი დონე...
ირინა გურული
მთავრობის ახალი ინიციატივის მიმართ უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი ”საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი რომან გოცირიძე:

”შედეგი როგორი იქნება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანი ფირმები წარმოიქმნება. თორემ კრედიტებს, როგორც წესი, იღებენ და ახლად შექმნილი საწარმოები ვერ მუშაობენ“.

საწარმოების სიცოცხლისუნარიანობის პრობლემა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასთან ერთად, დამოკიდებულია ბევრ საკითხზე. მათ შორისაა ბაზრებზე წვდომისა და მენეჯერული უნარ-ჩვევების უქონლობა, - ამბობს ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრის პროგრამების ხელმძღვანელი ირინა გურული:

”კომპანიების 80 პროცენტი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ყიდის საქონელს და მომსახურებას, არ აქვთ წვდომა ეროვნულ ბაზარზე და, მით უმეტეს, არ აქვთ საშუალება, რომ საექსპორტოდ გაიტანონ პროდუქცია. ასევე გამოიკვეთა მათი მენეჯერული უნარ-ჩვევების განვითარების დაბალი დონე. არ გეგმავენ ისინი საკუთარ ბიზნესაქტივობებს წინასწარ, ასევე არ აქვთ წვდომა ინფორმაციაზე...“

მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების თანახმად, საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საკანონმდებლო პირობებია. მიუხედავად ამისა, ახალი ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის ციკლი ხანგრძლივი და პროდუქტიული არ არის, ხოლო მოქმედი საწარმოების თითქმის ნახევარი გაყიდვების ზრდას დაარსებიდან ხუთი წლის შემდეგაც ვერ ახერხებს. ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიების 96 პროცენტი მცირე და საშუალოა. მათგან მხოლოდ 13 პროცენტია მოქმედი, მათი წილი კი მშპ-ში მხოლოდ 6 პროცენტს შეადგენს.
XS
SM
MD
LG