Accessibility links

თბილისის აეროპორტში ქართველ ოლიმპიელებს გულშემატკივრები ოვაციებით და ხმაურით დახვდნენ. მაისურების მიხედვით ადვილად გაარჩევდით, ვინ საიდან და ვის დასახვედრად იყო ჩასული. საჩხერელებს ლაშა ტალახაძის პორტრეტიანი მაისურები ეცვათ. მათ აეროპორტის გამოსასვლელში ყველაზე წინ დაიკავეს ადგილები და ბანერები გაშალეს. გორელებს ლადო ხინჩეგაშვილისა და გენო პეტრიაშვილის გამოსახულებიანი მაისურები ეცვათ, აჭარიდან ჩამოსულებს კი შმაგი ბოლქვაძისა და ირაკლი თურმანიძის პორტრეტები ეკავათ. ზეიმი დილამდე გაგრძელდა. ქართველმა ოლიმპიელებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს საკუთარი გამოსვლა. ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დახვედრით გამოწვეული ემოციის გამო სიტყვებს ვერ პოულობდა.

ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ამბობს, რომ შედეგით კმაყოფილია, რადგან მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გენო პეტრიაშვილი კი უკვე ტოკიოში საკუთარი შედეგის გაუმჯობესებაზე ფიქრობს.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას აეროპორტში დახვდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. ტარიელ ხეჩიკაშვილმა გორელებს აეროპორტშივე ახარა, რომ ქალაქში მალე მრავალფუნქციური სპორტის სასახლის შენება დაიწყება. მისი თქმით, თავისი სპორტული მიღწევებით ამ ქალაქმა ეს დიდი ხანია დაიმსახურა. გორში გაჩნდა იდეა, რომ სპორტის სასახლესთან ახლოს გაკეთდეს ქართული სპორტის მუზეუმი, რომელიც შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იქნება.

თბილისის აეროპორტში სპორტსმენების და გულშემატკივრების ზეიმი დიდხანს გაგრძელდა, დღეს საღამოს კი გორის ცენტრალურ მოედანზე ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების დაბრუნების აღსანიშნავად კონცერტი გაიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG