Accessibility links

logo-print

დონეცკელი სეპარატისტების ტყვეობაში


სვეტლანა მატუშკო

სვეტლანა მატუშკო

სვეტლანა მატუშკო დონეცკელი ბიზნესმენია - რიგითი მოქალაქე, რომელსაც თითქოს არ უნდა მიეპყრო აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი სეპარატისტების ყურადღება. მაგრამ მიიპყრო. და შვიდი დღე დაყო ტყვეობაში. რატომ და რა გადახდა თავს? ამის შესახებ სვეტლანა მატუშკომ ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის რედაქტორს დმიტრი ვოლჩეკს უამბო.

ოქტომბერში სვეტლანა მატუშკოს სამსახურში მიაკითხეს:

„მოვიდა შეიარაღებული ხალხი ავტომატებით, კამუფლაჟით. სამსახურში დამაპატიმრეს. ჩამომართვეს მთელი ტექნიკა, დოკუმენტები. ორჯერ იყო ჩხრეკა სახლში - ყოველგვარი სანქციების გარეშე. ორჯერ იყო ჩხრეკა სამსახურში. და ჩამსვეს სარდაფში - ეს იყო დონეცკში უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი შენობის სარდაფი“.

სვეტლანა შვიდი დღე ჰყავდათ დატყვევებული სარდაფში სხვა პატიმრებთან ერთად, რომელთა შორისაც ნახავდით სეპარატისტ მებრძოლებსა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ბრალდებულებს, ადგილობრივ ბიზნესმენებსა და ქალს, რომლის ქმარიც იულია ტიმოშენკოს პარტიის წევრი იყო... უმრავლესობა მარტო იმის გამო იქნა დაკავებული, რომ დააბეზღეს. ასე მოხდა სვეტლანა მატუშკოს შემთხვევაშიც: მისთვის დასმული შეკითხვებიდან გამომდინარე, სვეტლანამ დაასკვნა, რომ მეგობარმა მამაკაცმა დააბეზღა.

„შევეკითხე ადამიანს, ვინც მე დამკითხა: გთხოვთ, მითხრათ! მე ვიცი, ეს ვინც გააკეთა-მეთქი, ასე პირდაპირ ვუთხარი. თქვენ რა, სანაცვლოდ ის ორდენით დააჯილდოვეთ? ფულადი პრემია მიეცით? რისთვის? რატომ გააკეთა ეს-მეთქი? და იმ კაცმა - თვითონ იმან, ვინც დამკითხა - მიპასუხა: იცით, ამ არეულობის ფონზე, ადამიანში ყველაზე ცუდი ამოტივტივდება ხოლმეო“, გვიყვება სვეტლანა.

დამბეზღებლის წერილის მიხედვით, სვეტლანა სურათებს უღებდა სეპარატისტი მებრძოლების პოზიციებს და ფოტომასალას უკრაინელ სამხედროებს აწვდიდა. სვეტლანა უაზრობას უწოდებს ამ ბრალდებას, თუმცა სულაც არ მალავს, რომ უკრაინელი პატრიოტია და გადაჭრით გმობს რუსეთის მომხრე სეპარატისტების მოქმედებას. სვეტლანა კიევშიც იყო ჩასული მაიდნის აქციებზე დასასწრებად და დონეცკშიც შეუერთდა უკრაინის ერთიანობის მხარდამჭერ დემონსტრაციებს, რომლებიც იმართებოდა, სანამ ქალაქი ბრძოლებში გაეხვეოდა:

„მიტინგებზე დავდიოდი. ყველა ნაცნობს ვუყვებოდი, ვუხსნიდი, რა ხდება. იცით, უკრაინაში იმდენად ძლიერი იყო იანუკოვიჩისა და მისი ოჯახის ძალაუფლება, რომ ამით ყველა ზარალდებოდა. კორუფცია ყველაზე ვრცელდებოდა, თითოეულ ადამიანს ეხებოდა“.

სეპარატისტების ციხეში სვეტლანას დახვრეტით ემუქრებოდნენ, ზოგადად პირობები ძალიან მძიმე იყო, მაგრამ სვეტლანას სხვებთან შედარებით გაუმართლა: ის არ უცემიათ, არ უწამებიათ, ხოლო დაკავებიდან შვიდ დღეში გადაწყვიტეს გაეთავისუფლებინათ. სვეტლანამ დღემდე არ იცის, რატომ...

„სადღაც მეოთხე დღეს - ყოველ ჯერზე, როცა მიძახებდნენ, მეგონა, რომ მორჩა, დამხვრეტენ-მეთქი - მეოთხე დღეს მითხრეს, რომ არ დამხვრეტენ“.

მერე კი, სამ დღეში, სვეტლანა გაათავისუფლეს კიდეც. რა აზრი ჰქონდა მის დაპატიმრებას? რა უნდოდათ და რა მიზანი აქვთ სეპარატისტებს?

„რის მიღწევას ცდილობენ? სურთ დონეცკში მაქსიმალურად დააშინონ მოსახლეობა, რომელიც ლოიალურია უკრაინის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს ერთიან უკრაინას, რათა მათ თვითონვე დატოვონ ტერიტორია და წავიდნენ და რათა ამ ტერიტორიაზე დაასახლონ ხალხი, რომელიც ლოიალურია რუსეთის მიმართ. მე ეს მგონია მიზანი“.

თუ მართლაც ასეა, სვეტლანა მატუშკოს შემთხვევაში სეპარატისტებმა მიზანს მიაღწიეს. ის დონეცკიდან კიევში გადასახლდა, ახლა ადგილნაცვალ პირთა კომიტეტში მუშაობს.

სვეტლანა წუხს, რომ კონფლიქტმა განხეთქილება დათესა მეგობრებსა და ოჯახის წევრებში - ადამიანებში, ვინც თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ცხოვრობს ან რაიმე კავშირი აქვს ამ რეგიონთან:

„ეს ჩემს ოჯახსაც შეეხო. დედაჩემი მონაწილეობდა 2 ნოემბრის არჩევნებში. ჩამოვიდა დონეცკში, წავიდა ამ ე.წ. არჩევნებზე. მისთვის ახსნა: დედა, შენ ახლა ხმა მიეცი ადამიანს, რომელიც შენს შვილს მოკვლას უპირებდა-მეთქი - მას ეს არ ესმის. ამბობს, რომ ხმა მისცა მშვიდობას. ვეკითხები: ვის მიეცი ხმა-მეთქი? მპასუხობს, ზახარჩენკოსო. არ ვიცი, სამხედრო პირია, ჯვრები უკეთია, ძალიან კარგად მღერის კობზონთან ერთადო. ვეკითხები: კი მაგრამ, დედა, პროგრამაზე რა იცი, რას გპირდებათ-მეთქი? ეს დედაჩემს არ აინტერესებს. მარტო ის იცის, რომ „კიევის ხუნტის“ წინააღმდეგია. ისინი ასე ამბობენ“.

რა არის გამოსავალი? სვეტლანა მატუშკოს აქვს პასუხი ამ შეკითხვაზე:

„უკრაინამ უნდა გაათავისუფლოს თავისი ტერიტორია ტერორისტებისაგან. ეს არის წმინდა წყლის ტერორიზმი - 37 წელი, როცა ადამიანს დაბეზღების საფუძველზე აპატიმრებენ, როცა ადამიანი სრულიად უუფლებოდ რჩება. იცით, იქ უნდა ხალხი გათავისუფლდეს, იმიტომ რომ ბევრი პატრიოტია, დაშინებულები არიან, ბევრი ტოვებს იქაურობას. ნამდვილი პარტიზანული კონფლიქტია. ხალხს, უბრალოდ, ეშინია ქუჩაში გასვლის. იმალებიან. როგორც შეუძლიათ, იბრძვიან“.

XS
SM
MD
LG