Accessibility links

logo-print

აშშ-ის კონგრესის რეაქცია ახალ სამხედრო კამპანიაზე


„თითოეულმა მათგანმა, ვინც ამერიკის წინააღმდეგ შეთქმულებას და ამერიკელებისთვის ზიანის მიყენებას გეგმავს, კარგად უნდა გაიგოს, რომ არ დავუშვებთ უსაფრთხო და მყუდრო ბუდის მოწყობას იმ ტერორისტებისთვის, ვინც ჩვენი ხალხის დაშინებას ცდილობს“ - თეთრ სახლში სამშაბათს გაკეთებული განცხადებით პრეზიდენტმა ობამამ ამერიკას და დანარჩენ სამყაროს ამცნო, რომ შეერთებულმა შტატებმა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად წინა ღამით სირიაში პირველი საჰაერო იერიშები განახორციელა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილებას ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში და სენატში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

პენტაგონის სპიკერის - ჯეფ ფულის - ცნობით, სამხედრო იერიშში მონაწილეობა საბრძოლო თვითმფრინავებმა, ბომდამშენებმა და ზღვის მხრიდან საბრძოლო გემებმა მიიტანეს. ამერიკის და 5 არაბული ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფის სამიზნე ექსტრემისტი სუნიტების დაჯგუფებაა, რომელიც თავს „ერაყის და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოს“ უწოდებს. კოალიციაში ბაჰრეინი, ყატარი, საუდის არაბეთი და იორდანიაც არიან. შეერთებული შტატების არმიის ცენტრალური სარდლობის ცნობით, პირველი იერიშები ექსტრემისტთა საწვრთნელ ბაზებზე, სამხედრო ხელმძღვანელობაზე და ფინანსურ ცენტრზე მიიტანეს.

ამერიკის სენატის და წარმომადგენელთა პალატის წევრების უმეტესობა სექტემბერ-ოქტორმბერი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა მიმოფანტული. ისინი 4 ნოემბრის შუალედური არჩევნებისთვის ემზადებიან და ამ ეტაპზე სათავეში თითქმის 7-კვირიან საარჩევნო კამპანიას უდგანან. კანონმდებლების დიდი ნაწილი პრეზიდენტ ობამას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ისლამურ სახელმწიფოზე“ მიტანილი იერიშის შესახებ აღფრთოვანებით შეხვდა. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც აცხადებს, რომ იერიშების ხასიათი შეიცვლება და ბევრად უფრო ფართო და მდგრადი კამპანიის აუცილებლობის შემთხვევაში ეს საკითხი კონგრესმა უნდა განიხილოს და პრეზიდენტიც შესაბამის ავტორიზაციას დაელოდოს.

დემოკრატებით დომინირებული სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე კარლ ლევინი აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედება ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან მასში 5 არაბული ქვეყანა მონაწილეობს. რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებული კონგრესის სპიკერმა ჯონ ბეინერმა აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს პრეზიდენტის განკარგულებას იერიშის შესახებ. თუმცა, დასძინა, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაციის დამარცხების ბევრად უფრო მასშტაბური მცდელობის მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომელიც მას ძალზე აუცილებლად მიაჩნია.

დემოკრატი სენატორი ტიმ კეინი შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ სამხედრო ოპერაციის ხასიათი და მიმართულება შეიცვლება და ამ შემთხვევაში პრეზიდენტი კონგრესს უნდა შეუთანხმდეს. „კრიტიკული მნიშვნელობისაა ის, რომ კონგრესის გარეშე პრეზიდენტმა გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს. უფრო კონკრეტულად, გულწრფელად რომ გითხრათ, პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე თავად კონგრესი არ უნდა უშვებდეს მის გარეშე ამ გადაწყვეტილებების მიღებას“ - აღნიშნა დემოკრატმა სენატორმა ვაშინგტონის კვლევით ინსტიტუტ „ამერიკული პროგრესის ცენტრში“ გამოსვლისას.

საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებულმა კანონმდებლებმა, ვიდრე საკუთარ შტატებში გამართულ საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებოდნენ, ვაშინგტონში მცირე ხანი დაჰყვეს. მათ კენჭი უყარეს და დაამტკიცეს „ისლამური სახლმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართული ლიმიტირებული ქმედებები. დემოკრატი სენატორი ბილ ნელსონი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე კონგრესის მიერ ავტორიზებული სამხედრო ქმედების შეზღუდული ზომები სავსებით საკმარისია.

„შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის ორგანიზაცია „ერაყის და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“ რა თქმა უნდა საშიშროებას წარმოადგენს. როგორც უკვე არაერთხელ განვაცხადე, პრეზიდენტს კონსტიტუციით საკმარისი ავტორიზაცია აქვს მინიჭებული, რათა სირიაში და ერაყში მყოფ „ისლამურ სახელმწიფოზე“ იერიში განახორციელოს. ეს მისი, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის კონსტიტუციური მოვალეობაც არის“ - აღნიშნავს სენატორი ბილ ნელსონი.

კონგრესი ვაშინგტონში მუშაობას 12 ნოემბერს განაახლებს. დაბრუნებისთანავე კანონმდებლებმა მუშაობა შეერთებული შტატების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე უნდა დაიწყონ. მათ მხოლოდ ერთი თვე ექნებათ იმისთვის, რომ ფედერალური მთავრობის სამუშაო ბიუჯეტი უზრუნველყონ. კანონმდებლებმა ასევე უნდა განიხილონ „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებისთვის განსაზღვრული სამხედრო კამპანიის ფონდების მოცულობა, რაც სავარაუდოდ ბევრად უფრო ფართო და ხანგრძლივი დებატების საგანი გახდება.

XS
SM
MD
LG