Accessibility links

logo-print

უცხოელი ვიზიტორების მიმოსვლის სტატისტიკა


სარფის საბაჟო

სარფის საბაჟო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. იმის გათვალისწინებით, რომ გასული წლის სექტემბერში ამოქმედდა ახალი კანონმდებლობა სავიზო წესებთან დაკავშირებით, საინტერესოა ვნახოთ, რამდენად იმოქმედა ახალმა სავიზო წესებმა ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა სტატისტიკაზე.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობის კლება გასული წლის სექტემბრიდან დაიწყო და, მიმდინარე წლის თებერვლის ჩათვლით, კლებითი ტენდენციით ხასიათდება. გამონაკლისია მხოლოდ გასული წლის დეკემბრის თვე, როდესაც ვიზიტორთა რიცხვმა, 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10 პროცენტით მოიმატა.

2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სულ 600,396 პირმა გადმოკვეთა, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,1- პროცენტიანი კლებაა. ვიზიტორთა 35 პროცენტი ქვეყანაში 24 საათზე მეტხანს გაჩერდა და, შესაბამისად, სტატისტიკაში ტურისტის კვალიფიკაცია მიენიჭა. წელს, ორი თვის მონაცემებით, ქვეყანაში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 7,8 პროცენტით შემცირდა. 2011 წლიდან მოყოლებული, ეს ტურისტთა რაოდენობის შემცირების პირველი შემთხვევაა. ორი თვის მონაცემებით, ტრანზიტით შემოსულ ვიზიტორთა რიცხვი გაზრდილია 14,6 პროცენტით.

ქვეყნების ჭრილში, ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს თურქეთიდან ეწვია, მეორე და მესამე ადგილზე აზერბაიჯანი და სომხეთია. შემცირებულია თურქეთიდან შემოსულ ვიზიტორთა რიცხვი 10,7 პროცენტით, გაზრდილია აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოსულთა რიცხვი 8,5 და 8,8 პროცენტით. ყველაზე მეტით - 15 პროცენტით - იკლო „სხვა ქვეყნების“ კატეგორიიდან შემოსულთა რიცხვმა. შემცირებულია ვიზიტორების რიცხვი რუსეთიდან (-7,3 პროცენტით) და უკრაინიდან (-14 პროცენტით). მცირედით, 4,2 პროცენტით, გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებიდან. 66 პროცენტით შემცირდა ვიზიტორთა რიცხვი ირანიდან. შეგახსენებთ, ირანთან უვიზო მიმოსვლა საქართველომ 2013 წელს ცალმხრივად გააუქმა: ვიზის მიღება გამარტივებული წესით იყო შესაძლებელი, საზღვარზე, ხოლო გასული წლის პირველი სექტემბრიდან ირანელებს ვიზის მიღება საკონსულოების საშუალებით შეეძლოთ.

აღსანიშნავია, რომ ასევე შემცირებულია საქართველოს მოქალაქეების მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთა. მიმდინარე წლის პირველი ორი თვის მონაცემებით, 3,8 პროცენტით ნაკლებმა გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი და 3,3 პროცენტით ნაკლები შემოვიდა ქვეყანაში.

როგორც სტატისტიკა მოწმობს, გამკაცრებულმა საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკამ ასახვა პოვა ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობაზე. შესაბამისად, შემცირდა საქართველოში ვიზიტორების მიერ დახარჯული თანხებისა და ჩადებული ინვესტიციების რაოდენობაც, რამაც ქვეყნის ეკონომიკაზეც შესაბამისი გავლენა იქონია.

XS
SM
MD
LG