Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირა მომავლის აქცენტებით


ჰილარი კლინტონი
ჰილარი კლინტონი
საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენებით დატვირთული სამუშაო კვირა 4 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტით დაიწყო და 10 ივნისს ქუთაისში კოალიცია ”ქართული ოცნების” აქციით დასრულდა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში ესტუმრა და, დემოკრატიისა და მომავალი არჩევნების მნიშვნელობის აქცენტირების გარდა, ისეთ ორ საგულისხმო სიახლეზეც ისაუბრა, როგორიცაა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით დაგეგმილი ახალი ნაბიჯები და ოკუპირებული რეგიონების მკვიდრთა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების შესაძლებლობა. თავდაპირველად იმ კონკრეტული გეგმების შესახებ, რომლებიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვისაა გამიზნული:

” შეერთებული შტატები უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვითი ძალების წვრთნასა და მხარდაჭერას, რათა უკეთ განახორციელოთ თქვენი სანაპიროებისა და ცის მონიტორინგი. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს მრავალფუნქციური ვერტმფრენების გაუმჯობესებაში, რათა მათ უფრო ადვილად შეძლონ მარაგის და ხალხის ტრანსპორტირება ქვეყნის შიგნით. ჩვენ ასევე ვაპირებთ დავეხმაროთ საქართველოს და გავწვრთნათ მათი ოფიცრები 21-ე საუკუნის შესაბამისად, რაც მათ დღევანდელი ცვალებადი მისიებისთვის სჭირდებათ. ყველა ამ ძალისხმევის შედეგად, საქართველო იქნება უფრო ძლიერი საერთაშორისო პარტნიორი, საკუთარი თავდაცვის გაუმჯობესებული შესაძლებლობით”, აღნიშნა ჰილარი კლინტონმა ბათუმში 5 ივნისს.

ეს კი ჩვენს თანამემამულეებს მისცემს საშუალებას არ აიღონ იძულებით რუსული პასპორტები და საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტებით იმოგზაურონ მთელ მსოფლიოში ...
მიხეილ სააკაშვილი

იმავე დღეს გაკეთდა ასევე განცხადებები იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები კვლავაც დაუჭერს მხარს თავისი სტრატეგიული პარტნიორის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომ ამერიკა მტკიცედ ერთგული რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, რომ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და სხვ. როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ძირითად ფაქტორად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ”დემოკრატიის ხარისხი”, ანუ მომავალი არჩევნების ხარისხი, დაასახელა. აღნიშნა ისიც, რომ ”თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება” თავისი მნიშვნელობით ბევრად აღემატება რუსეთის სამხედრო წვრთნებს საქართველოს საზღვრებთან ახლოს. ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, კონკურენტუნარიანი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს აუცილებლობაზე მან ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრაზეც ისაუბრა. განაცხადა ისიც, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამერიკის შეერთებული შტატები გრძელვადიან დამკვირვებლებს მოავლენს. საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის შემუშავებული სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტების აღიარების გადაწყვეტილებას. ჰილარი კლინტონის განცხადებით, მალე ამ დოკუმენტებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ ისწავლონ და იმოგზაურონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეს ფაქტი უდიდეს დიპლომატიურ მხარდაჭერად შეაფასა:

”აქამდე ეს დოკუმენტები აღიარებული ჰქონდათ ბალტიის ქვეყნებს, იაპონიას. ახლა მათ რიცხვს უკვე ამერიკაც შეემატა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალში კიდევ მეტი ქვეყანა აღიარებს. ეს კი ჩვენს თანამემამულეებს მისცემს საშუალებას არ აიღონ იძულებით რუსული პასპორტები და საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტებით იმოგზაურონ მთელ მსოფლიოში. ეს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან მართლაც წარმოუდგენელი დიპლომატიური მხარდაჭერაა.”

სტატუს-ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები, თავის მხრივ, ჟენევის მოლაპარაკებების მე-20 რაუნდის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი იყო, მთავარ განსახილველ საკითხს კი კვლავ ძალის გამოუყენებლობა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები წარმოადგენდა. თბილისისა და მოსკოვის პოზიციები კვლავ ვერ შეჯერდა, თუმცა პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდა. ჟენევაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე განმარტავს:

„საკმაოდ მყარი პოზიცია აქვთ ამ მოლაპარაკებების ძირითად მონაწილეებს, რომ რუსეთმა უნდა აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება. მყარი პოზიცია აქვს შეერთებულ შტატებს და კიდევ ერთხელ დააფიქსირა მან ეს პოზიცია. მყარი პოზიცია აქვს ევროკავშირს, თანათავმჯდომარეებს, ჩვენ...კონკრეტულად დეტალებზე არ შევჩერდები, რადგან სამუშაო პროცესია, მაგრამ პოზიტიური დინამიკა შენარჩუნებულია.”

ადამიანმა რომ დაწეროს ”ლამბორჯინი” მინდა ან ვილაო, ჩვენ ვერ დავაკმაყოფილებთ, მაგრამ თუ უჭირს ვინმეს და სარეცხი მანქანა არ აქვს, პრობლემა არ იქნება, თანაც არჩევნებამდე, რასაკვირველია ...
მიხეილ მესხი

მოლაპარაკებების მე-20 რაუნდი კი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის გალში შეწყვეტის ფონზე გაიმართა. შეხვედრა მარტიდან არ ჩატარებულა, მას შემდეგ, რაც სოხუმმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჯეი ტიშკევიჩი არასასურველ პირად გამოაცხადა. გალის შეხვედრების შეწყვეტასთან დაკავშირებული მწვავე პრობლემის სასწრაფოდ აღმოფხვრის აუცილებლობა თანათავმჯდომარეების ერთობლივ კომუნიკეშიც აისახა. საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა.

შიდაპოლიტიკური ვითარება კი კვლავ პოლარიზებული დარჩა არა მარტო პარტიების, არამედ მედიაორგანიზაციების სპექტრშიც. აქტიურობდა კონტროლის პალატაც, რომლის მიმართვის შემდეგაც პროკურატურამ 7 ივნისს კოალიცია ”ქართული ოცნების” 3 ქუთაისელი აქტივისტი დააკავა. უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, გამოძიების მასალების მიხედვით, მათ ბრალი მოსახლეობის მოსყიდვაში ედებათ.

”ადამიანმა რომ დაწეროს ”ლამბორჯინი” მინდა ან ვილაო, ჩვენ ვერ დავაკმაყოფილებთ, მაგრამ თუ უჭირს ვინმეს და სარეცხი მანქანა არ აქვს, პრობლემა არ იქნება, თანაც არჩევნებამდე, რასაკვირველია.”

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ში გაკეთებული ამ განცხადებით მიიქცია ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა დაკავებულმა აქტივისტმა, მიხეილ მესხმა, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ყურადღება. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 3000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. 8 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ თუ თბილისის საქალაქო სასამართლო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის შესახებ კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას გაიზიარებს, შესაძლოა მას თითქმის 149 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისროს. კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, ნატო ზაალიშვილის თქმით, დარღვევები გამოვლინდა ”ქართული ოცნების“ მიერ კომპანიების ”ბურჯის”, ”ელიტა ბურჯისა” და ”გლობალ კონსალტინგ გრუპის” ტექნიკური, პერსონალური და სხვა საშუალებების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების საკითხში.

”საქმე ეხება ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათობით ათასი სატელიტური ანტენის დარიგებისა და 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით შეღავათიანი მომსახურების გაწევის ფაქტებს. საქმეში მოძიებულია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტს. შესაბამისად, შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც განსახილველად გადაეგზავნა სასამართლოს.”

გასულ სამუშაო კვირაშივე კონტროლის პალატა, ამომრჩევლის მოსყიდვის თვალსაზრისით, დაინტერესდა ასევე მმართველი პარტიის წევრის, დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის საკითხითაც. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ კი, თავის მხრივ, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების რესტორან ”მონოპოლში” და ”ტრიუმფში” მედიცინის მუშაკებთან შეხვედრის ფაქტების შესწავლისაკენ მოუწოდა. სამოქალაქო სექტორი აქტიურობდა კამპანია ”ეს შენ გეხებას” ფარგლებშიც. 8 ივნისს მათ კიდევ ერთხელ მიმართეს საქართველოს პარლამენტს, განიხილოს წინადადება, რომელიც საკაბელო ქსელებს საქართველოში ლიცენზირებული მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტს დაუწესებს. სამოქალაქო სექტორის ამ მიმართვას კი პარლამენტში წინ უძღოდა ფაქტები, რომლებიც ”ეს შენ გეხებას” მიერ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამოვლინებად იქნა შეფასებული. კერძოდ, გასულ კვირაში კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შეწყდა ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ მეტრული მაუწყებლობა, რომელიც სულ 2 დღით ხორციელდებოდა და თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებში რადიოსიგნალი გაითიშა. სამოქალაქო სექტორი პარლამენტს მოუწოდებს, არანაირი ფორმით არ დაუშვას მედიასაშუალებების გავრცელების შეზღუდვა.

თავად პარლამენტი, უფრო კი პარლამენტის მშენებარე ნაგებობა ქუთაისში, დამხმარე შენობის ხარაჩოს ჩამონგრევისა და შემთხვევის ადგილზე მშენებელ რეზო ნებიერიძის გარდაცვალების გამო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ამ სამწუხარო ფაქტს, თავის მხრივ, რეზონანსი ინფორმაციის დახურვამაც შემატა. შესაბამისად, ნგრევის, მსხვერპლისა და დაზარალებულების შესახებ გავრცელებული ცნობები ერთმანეთისგან განსხვავდება.
XS
SM
MD
LG