Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა აფერხებს საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების განვითარებას?


”ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის” პრეზენტაცია
”ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის” პრეზენტაცია
ეკონომიკური თავისუფლების საერთაშორისო ქსლის უახლესი ინდექსის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ - სამი პუნქტით - გაუარესდა და მან 141 ქვეყანას შორის 39-ე პოზიციიდან 42-ზე გადაინაცვლა. თუ ბოლო დრომდე საქართველო მხოლოდ წინ მიიწევდა ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც წინსვლა შეფერხდა. რა არის საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების გაღრმავების შემაფერხებელი და რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნის განვითარებაში?

საქართველოში ბოლო წლებში გატარებულმა ლიბერალურმა ეკონომიკურმა რეფორმებმა ქვეყანა ლიდერად აქცია ყოფილ საბჭოთა სივრცეში. საქართველოზე უკეთეს შედეგებს მხოლოდ ესტონეთი, ლიტვა და ლატვია აჩვენებენ. ზოგადად, მსოფლიოში ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ეკონომიკური თავისუფლების შემცირება შეიმჩნევა. საქართველო ერთგვარი გამონაკლისი არისო, - ამბობს საქართველოში სტუმრად მყოფი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ერთ-ერთი ავტორი, საერთაშორისო ფინანსებისა და გლობალური კონკურენტუნარიანობის ცენტრის ერთ-ერთი დირექტორი, დოქტორი რობერტ ლოუსონი:

რობერტ ლოუსონი (მარცხნივ), საერთაშორისო ფინანსებისა და გლობალური კონკურენტუნარიანობის ცენტრის ერთ-ერთი დირექტორი ობურნის უნივერსიტეტში (აშშ), ეკონომიკური თავისუფლების საინიციატივო ჯგუფის დირექტორი.
”რეფორმების ტემპი საქართველოში უეჭვოდ სწრაფია, მაგრამ თქვენ ვერ შეძლებთ მცირე დროში ეკონომიკის განვითარებას ისე, რომ დასავლეთ ევროპას გაუტოლდეთ, რომელსაც ამ განვითარებისთვის 150 წელი დასჭირდა. თქვენ კი ოცი წლის წინ ყველაზე რეპრესიული რეჟიმის ნაწილი იყავით. მცირე დროში მე ვხედავ ძალიან დიდ პროგრესს. ცვლილებები არაა ისეთი სწრაფი, როგორც ამას ბევრი ისურვებდა, მაგრამ ვფიქრობ, თქვენ რეალისტურად უნდა შეხედოთ საკითხს.”

ინდექსის ერთ-ერთ ავტორს სჯერა, რომ საქართველო წარმატებას მხოლოდ უფრო მეტი ეკონომიკური თავისუფლებით მიაღწევს. თუ რა შეუძლია ეკონომიკურ თავისუფლებას, ამის შესახებ ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტის პაატა შეშელიძის მოსაზრება:

„ეკონომიკური თავისუფლება ახერხებს ადამიანების ნიჭის გამოვლინებას, მათი თანამშრომლობის ისეთი ხარისხის მიღწევას, რომელიც იძლევა კეთილდღეობის ზრდის საშუალებას, ამცირებს სიღარიბეს, ზრდის სხვა თავისუფლებებს.“

თუმცა ბოლო დროს საქართველოს მაჩვენებლები ეკონომიკური თავისუფლების უახლეს რეიტინგში ოდნავ, მაგრამ მაინც გაუარესდა.

მართალია, უკანასკნელი კვლევა 2007 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა, მაგრამ პარამეტრები, რომელმაც რეიტინგის ოდნავი გაუარესება გამოიწვია, ბოლო ორი წლის მანძილზე არ გაუმჯობესებულა. ლაპარაკია მთავრობის მოცულობის, ანუ საბიუჯეტო ხარჯების, მატებაზე. ასევე იზრდება ბიზნესში მთავრობის ჩარევის მოცულობაც. კერძოდ, ევროკავშირის მოთხოვნით შეიქმნა ანტიმონოპოლიური სამსახური, ხოლო უახლოეს მომავალში გამკაცრდება შრომის კანონმდებლობაც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია მთელ მსოფლიოში. ამას ისიც ემატება, რომ გასული წლის მიწურულს რამდენიმე დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაიზარდა.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ერთ-ერთი ავტორის - რობერტ ლოუსონის - განცხადებით, გადასახადების გაზრდა უსათოდ გამოიწვევს განვითარების შეჩერებას. იგი საქართველოს ურჩევს ეკონომიკური თავისუფლების გზას არ გადაუხვიოს:

“უპირველეს ყოვლისა, უბრალოდ, შეწყვიტოთ დასავლეთევროპელი თუ ამერიკელი მრჩევლების მოსმენა, რა თქმა უნდა, ჩემი გამოკლებით. ის იდეები, რომელიც თქვენ გესმით დასავლეთ ევროპიდან და, ალბათ, აშშ–დანაც, მდგომარეობს შემდეგში: თუ გსურთ ჩვენსავით განვითარებული და მდიდარი იყოთ, მაშინ ჩვენი მსგავსი პოლიტიკის გატარება დაიწყეთ, მაგალითად, როგორიცაა კონკურენციის პოლიტიკა, შრომის კოდექსი, გარემოს დაცვის კოდექსი. მაგრამ, იმავდროულად, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამის გაკეთება თავად აშშ–მა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა სულ ახლახან დაიწყეს, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნები უკვე მაღალგანვითარებულნი იყვნენ. ამის ფონზე, ვფიქრობ, რომ თქვენ ისეთი მაღალი დონის, ძვირად ღირებულ და არაეფექტურ პოლიტიკას ატარებთ ეკონომიკაში, რომლისთვისაც ჯერ ქვეყანა, უბრალოდ, მზად არ არის.”

ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს ამერიკელი ექსპერტი მას შემდეგ, რაც გასული წლის მეორე ნახევარში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკური თავისუფლების აქტი გამოაცხადა. აქტის მიხედვით, დაუშვებელია ახალი მაკონტროლებელი ორგანოების დაფუძნება თუ გადასახადების გაზრდა რეფერენდუმის გარეშე. თუმცა ამ საკონსტიტუციო აქტის მიღებამდე ერთიც მოხდა და მეორეც. შეიქმნა ანტიმონოპოლიური სამსახური და გაიზარდა საბაჟო გადასახადები. ასევე დაცული არ არის სახელმწიფო ხარჯებისა და მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის ის ზღვარი, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივაშია გამოთქმული, და არ სრულდება სხვა პრინციპებიც. მაგალითად, აქტიურად საუბრობენ ეგრეთ წოდებულ ”ლარიზაციაზე” და უცხოური ვალუტის შეზღუდვაზე. ექსპერტები შიშობენ, რომ ეკონომიკური თავისუფლების აქტის დამტკიცებამდე საქართველოს მთავრობა საერთაშორისო დახმარების ცდუნებას ვერ გაუძლებს და კიდევ ისეთ ცვლილებებს განახორციელებს, რომლებიც ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების განვითარებას შეაფერხებს.
XS
SM
MD
LG