Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბსოლუტური სიღარიბე შემცირდა - როგორ „მდიდრდება“ საქართველო?


აბსოლუტური სიღარიბე მცირდება - რა ხდება ფართო სურათში?
აბსოლუტური სიღარიბე მცირდება - რა ხდება ფართო სურათში?

უახლესი სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში, ეკონომიკური ზრდის ფონზე, აბსოლუტური სიღარიბე და უთანასწორობა მცირდება.

მმართველი პარტია ამ ცვლილებებს აღმასრულებელი ხელისუფლების ფისკალურ პოლიტიკას მიაწერს და იმასაც უსვამს ხაზს, რომ „გამდიდრება“ ვერ მოხდებოდა, თბილისს ორმხრივი სანქციები რომ დაეწესებინა რუსეთისთვის, ან ევროკავშირის სანქციებს შეერთებოდა. ახსენებენ „მეორე ფრონტის“ არდაშვებასაც.

ერთი მხრივ, მართლაც:

  • სიღარიბის შემცირების მთავარი მიზეზი უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე განვითარებული მოვლენებია;
  • ამავე დროს, ომმა წაახალისა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკური ზრდა.

მაგრამ, უფრო ფართო სურათში, სოციალური სააგენტოს სტატისტიკა, შინამეურნეობების ხარჯები, შემოსავლები და საშუალო ხელფასები, ინფლაციის გათვალისწინებით, აჩვენებს, რომ საქართველოს სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა, გარკვეული პროგრესის მიუხედავად, მაინც არასახარბიელოდ გამოიყურება.

აბსოლუტური სიღარიბე - 15.6%

საქსტატის 29 მაისის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6% შეადგინა.

ეს, უხეშად, ნიშნავს, რომ საქართველოში თითქმის ყოველი მე-6 მოქალაქე აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმაა.

ესე იგი, ყოველ მე-6 ადამიანს საერთოდ არ მიუწვდება ხელი ისეთ საბაზისო საჭიროებებზე, როგორიცაა:

  • საკვები,
  • სუფთა წყალი,
  • სახლი,
  • წამლები,
  • ტანისამოსი,
  • განათლება,
  • ინფორმაცია და ა.შ.

თუკი, 2010 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 37%-ზე მეტი იყო, ამჟამად იგი 15.6%-მდეა შემცირებული. ეს მნიშვნელოვანი შემცირებაა.

მრუდი, რომელიც სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილს ასახავს, სტაბილური შემცირებით ხასიათდება, - ცალკეულ წლებში ამოვარდნებს თუ არ ჩავთვლით.

2020 წელს სიღარიბე 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რეცესიის შედეგი იყო.

სოფლად ყოველი მეხუთე შიმშილობს

სიღარიბის საერთო წილის შემცირების ფონზე, სტატისტიკაში ჩანს განსხვავებები ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას შორის.

სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი:

  • ქალაქის ტიპის დასახლებებში 12.3%-ია,
  • სოფლებში - 20.6%.

ეს ნიშნავს, რომ სოფლად ყოველი მეხუთე ადამიანია სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა.

ცვლილებები რეგიონში

მთავრობის და მმართველი გუნდის წარმომადგენლები გაუმჯობესებულ მონაცემებს მთავრობის დამსახურებად წარმოაჩენენ.

მართალია, ზემოთ ჩამოთვლილი ნომინალური პარამეტრები ისტორიულად ყველაზე კარგია - აბსოლუტური სიღარიბის მონაცემების შემცირება დაკავშირებულია მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან.

ეკონომიკა 2022 წელს საქართველოში 10.1%-ით გაიზარდა, რაც ითარგმნა კიდეც შრომის ბაზრის გაუმჯობესებაში.

ეს ზრდა, თავის მხრივ, ძირითადად დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან - ომთან და მის შედეგებთან.

ეს შედეგები მთლიანად რეგიონისთვისაა შესამჩნევი, არათუ მხოლოდ საქართველოსთვის.

2022 წელს, როდესაც საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 10.1% შეადგინა, სომხეთში 12.6%-ს მიაღწია. შედარებით მოკრძალებული იყო ეკონომიკური ზრდა აზერბაიჯანში - 4.6%.

საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკის ზრდაში ძირითადი წვლილი რუსეთიდან შემოდინებულმა კაპიტალმა ითამაშა. ამას ადასტურებს მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიში:

  • საქართველოში 10.1%-იანი ეკონომიკური ზრდა „ძირითადად შენარჩუნებულია ფულადი ტრანზაქციების ზრდით (წლიურად 86%-იანი ზრდით), ძირითადად, რუსეთიდან, და ტურიზმის აღდგენით;
  • „სომხეთში ეკონომიკური ზრდა იყო 12.6%, - გაცილებით მაღალი, ვიდრე ნავარაუდები იყო … რაც რუსეთიდან მიგრანტებისა და კაპიტალის ძლიერმა შემოდინებამ განაპირობა“.

მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.4%-მდე, ხოლო სომხეთისა - 4.5%-მდე შემცირდება.

„სიღარიბის საერთაშორისო ზღვარი“

სტატისტიკის სამსახურები ასევე აკვირდებიან ამ ქვეყნებში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილს.

სიღარიბის საერთაშორისო ზღვარი მსოფლიო ბანკის შემუშავებული მეთოდოლოგიით გამოითვლება. ამჟამად მოქმედი სტანდარტით, მსოფლიო ბანკი ითვლის სამ კატეგორიას:

  • პროცენტულ წილს იმ ადამიანებისა, რომლებიც დღეში 2.15 დოლარზე ან ნაკლებზე ცხოვრობენ;
  • პროცენტულ წილს იმ ადამიანებისა, რომლებიც დღეში 3.65 დოლარზე ან ნაკლებზე ცხოვრობენ;
  • პროცენტულ წილს იმ ადამიანებისა, რომლებიც დღეში 6.85 დოლარზე ან ნაკლებზე ცხოვრობენ;

მსოფლიო ბანკის მონაცემებიდან ჩანს, რომ საქართველოს სამივე კატეგორიაში სომხეთზე უარესი მონაცემები აქვს. კერძოდ:

სომხეთი:

  • 2.15 დოლარზე/ნაკლებზე - 0.5%
  • 3.65 დოლარზე/ნაკლებზე - 8.7%
  • 6.85 დოლარზე/ნაკლებზე - 51.7%

საქართველო:

  • 2.15 დოლარზე/ნაკლებზე - 5.5%
  • 3.65 დოლარზე/ნაკლებზე - 19.1%
  • 6.85 დოლარზე/ნაკლებზე - 55.5%

მეტად თუ ნაკლებად უთანასწორო?

29 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში საქსტატი ასევე მიუთითებს, რომ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით შემცირდა - 0.37-დან 0.36-მდე, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით უცვლელია და შეადგენს 0.34-ს.

ჯინის კოეფიციენტი საზოგადოების შემოსავლებს შორის უთანასწორობას აჩვენებს. მისი ყველაზე გავრცელებული საზომია.

რაც უფრო ახლოს არის ჯინის კოეფიციენტი 0-თან, მით უფრო თანასწორია საზოგადოების სხვადასხვა ფენის შემოსავლები, და რაც უფრო უახლოვდება 1-ს - მით უფრო უთანასწოროა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებითვე, თუკი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით ჯინის კოეფიციენტი საქართველოში 34.2-ია, სომხეთში იგი 27.9-ს შეადგენს.

მონაცემთა ბაზაში ორჯერ მეტი მოქალაქეა

საზოგადოების კეთილდღეობის, მისი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის საზომად ცალკეული, ნომინალური მონაცემები საკმარისი არ არის. ამაზე მსჯელობისათვის საერთო კონტექსტის დანახვაა საჭირო.

ამჟამად საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 3.7 მლნ-ია.

აბსოლუტური სიღარიბის პროცენტული მაჩვენებელი - 15.6% - ასახავს სოციალური შემწეობის მიმღები მოქალაქეების რაოდენობას.

სოციალური სააგენტოს მონაცემებით, მათი რაოდენობა 2022 წელს საშუალოდ 660 000 იყო.

ამას გარდა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, 2023 წლის აპრილში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 1 198 583 ადამიანი - გაცილებით მეტი, ვიდრე მიმღებთა რაოდენობა.

ეს რიცხვი მოსახლეობის 32.1%-ს შეადგენს.

ესე იგი, მოსახლეობის 32.1% ამბობს, რომ მას საარსებო შემწეობის მიღება სჭირდება.

სახელმწიფო მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის აღქმების გადამოწმებისთვის სოციალური აგენტების/ქულების მკაცრ სისტემას იყენებს და მათი რაოდენობის დაახლოებით ნახევარს უკმაყოფილებს მოთხოვნას.

ერთი სიტყვით, ქვეყანაში, სადაც 660 000 ადამიანი სოციალურ შემწეობას იღებს, ორჯერ მეტი ამბობს, რომ ეს შემწეობა სჭირდება.

შემოსავლები, ხარჯები და ხელფასები

ქვეყნის სოციალურ მდგომარეობაზე მსჯელობისთვის საინტერესო მონაცემებს შეიცავს გამოკვლევა, რომელსაც ეფუძნება 29 მაისს გამოქვეყნებული აბსოლუტური და ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები და ჯინის კოეფიციენტი.

ამ გამოკვლევას „შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევა ჰქვია“ და ყველა სტატისტიკოსის სამაგიდო დოკუმენტია. ის შეიცავს ცხოვრების დონის მაჩვენებლებს.

ასე, მაგალითად, 2023 წლის 25 მაისს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წელს საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 19%-ით გაიზარდა, ხოლო ხარჯები - 22%-ით.

ნომინალურად, საშუალო თვიურმა შემოსავალმა ერთი ოჯახისთვის შეადგინა 1453.8 ლარი, ხოლო ხარჯმა - 1413 ლარი. სხვაობა მხოლოდ 40.8 ლარია.

ერთ სულზე შემოსავლების და ხარჯების თანაფარდობა კი, შესაბამისად, 432.7 და 420.7 ლარი იყო.

როდესაც გვაინტერესებს, გარკვეული დროის განმავლობაში ოჯახების მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა, გაუარესდა თუ უცვლელია, საჭიროა, ნომინალური მაჩვენებლები რეალურ მაჩვენებლად ვაქციოთ.

ამისათვის კი ინფლაციის - ესე იგი, ფულის მსყიდველობითუნარიანობის კლების - მაჩვენებლები უნდა გავითვალისწინოთ. ესე იგი, გამოვიყენოთ სამომხმარებლო ფასების ინდექსი.

შინამეურნეობების შემოსავლების ინდექსაცია ასეთ სურათს გვაძლევს:

კიდევ ერთი მონაცემია საშუალო ხელფასი.

2022 წლის მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებული ადამიანის საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1592 ლარს შეადგენს.

კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ის თანახმად, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, ინფლაციის გათვალისწინებით, 8 წელიწადში მხოლოდ 159 ლარით გაიზარდა, - როდესაც ნომინალში ზრდა 692 ლარი იყო.

პროცენტებში გადათარგმნილი მონაცემები ასე გამოიყურება: საქართველოში 2015 წლიდან 2022 წლამდე დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური ხელფასი 76.8%-ით გაიზარდა, თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით, ამ პერიოდში ხელფასების ზრდამ მხოლოდ 17.6% შეადგინა.

ამასთან, მშპ-ს რეალური ზრდა 2015-დან 2022 წლამდე შეადგენდა 34.7%-ს, რაც ორჯერ აღემატება ინფლაციაზე მორგებული ხელფასის ზრდას.

ეს მეტყველებს, რომ საქართველოში მშპ-ს რეალური ზრდა პროპორციულად არ აისახებოდა მუშახელის ხელფასებზე.

მედიანური ხელფასი კიდევ უფრო ნაკლებადაა გაზრდილი, ვიდრე საშუალო, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ მაღალანაზღაურებადი კადრების ხელფასები უფრო გაიზარდა, ვიდრე საშუალო და დაბალანაზღაურებადი კადრებისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG