Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბსურდის „მარგალიტები“ ცხინვალიდან - დეზინფორმაციული შტურმი ლუგარის ცენტრსა და საერთაშორისო დამკვირვებლებზე


ლუგარის ლაბორატორია
ლუგარის ლაბორატორია

კვირა ისე არ გავა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტმა ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შესახებ ნეგატიური ინფორმაცია არ გაავრცელოს და ადგილობრივი მოსახლეობა საქართველოდან მომდინარე ეგრეთ წოდებული საფრთხეების შესახებ არ გააფრთხილოს. მაგრამ ამ ტექსტებში იმდენად დაუჯერებელი და აბსურდული ამბებია მოთხრობილი, რომ საუკეთესო ფანტასტ მწერლებსაც კი გააკვირვებდა. ავიღოთ, თუნდაც, 21 მაისს გავრცელებული განცხადება. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ამ განცხადების მიხედვით, ლუგარისცენტრის წარმომადგენლები ისევ ცდილობენ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან“ ბიოლოგიური მასალის აღებას.

ბოლო აბსურდი

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი წერს, რომ რამდენიმე დღის წინ „სამხრეთ ოსეთი-საქართველოს საზღვარზე დასახლებული პუნქტის, უისტის, რაიონში დააფიქსირეს ქართული კერძო სამედიცინო კლინიკა Private-ის ავტომობილის არასანქცირებული გამოჩენა“.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, მეორედ კლინიკის ავტომანქანა დააფიქსირეს სოფელ ჩორჩანასთან, სადაც ქართული პოლიციის საგუშაგო მდებარეობს და ორივე შემთხვევაში ავტომობილებს თან ახლდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ავტომანქანები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ქართველი მედიკოსების ფარულ გადაადგილებას „სახელმწიფო საზღვრის“ ხაზზე, მათ შენიღბვას, დაცვას და უკან დაბრუნებას.

ე.წ. უშიშროების კომიტეტი იმასაც წერს, რომ ევროკავშირის მისიის ოფიცერთა ქცევის მიხედვით, მზადდებოდა შეხვედრა დაუდგენელ პირებთან, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათი ადგილსამყოფელი აღმოაჩინეს „სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის“ წარმომადგენლებმა, ევროკავშირის მისიის თანამშრომლებმა და ქართველმა მედიკოსებმა სასაზღვრო ტერიტორია სწრაფად დატოვეს.

ე.წ. უშიშროების კომიტეტისავე განცხადებით, კერძო სამედიცინო ფირმა Private-ი, რომლის საქმიანობაში შედის ყველა სახის ანალიზის აღება და საქართველოს ტერიტორიაზე ბიომასალების ტრანსპორტირება, 2015 წლიდან მომსახურებას უწევს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

„ევროკავშირის მისიის ოფიცრების თანხლებით Private-ის ავტომანქანების საზღვარზე გამოჩენა პირდაპირ უკავშირდება ქართული მხარის გეგმას, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეაგროვოს ბიოლოგიური ნიმუშები... ამასთან დაკავშირებით ძირითად საგარეო საფრთხეს წარმოადგენს საქართველოდან რესპუბლიკის ტერიტორიაზე საშიში ინფექციის გადატანა“, - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში. ის „სამხრეთ ოსეთის“ მცხოვრებთ მოუწოდებს, ყურადღებით იყვნენ, სამოქალაქო თვითშეგნება გამოიჩინონ და არ დათანხმდნენ ქართული მხარის წინადადებებს სამედიცინო კვლევებში მონაწილეობის შესახებ.

ამ პატარა განცხადებაში აბსურდებისა და მოგონილი ამბების მთელი სპექტრია. წარმოიდგინეთ ტყის მასივი, რომელიც სოფელ ჩორჩანიდან, დაახლოებით, 4 კილომეტრით არის დაშორებული. ამ ტყეში საქართველოს პოლიციური საგუშაგოა, საგუშაგოს მიღმა მდინარე ლამუშურისწყლის კალაპოტია, კალაპოტის შემდეგ - გზა, ამ გზიდან 2-3 კილომეტრში კი იწყება ოკუპირებული სოფელი უისტა, იგივე წნელისი. წნელისსა და ქართულ პოლიციურ საგუშაგოს შორის კი მუდმივად პატრულირებენ რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ძალები. ახლა ისიც წარმოიდგინეთ, რომ წნელისელი გაურკვეველი პირები ამ ბარიერების გავლით მიდიან ექიმებსა და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან და ცხვირ-ხახიდან ბიოლოგიურ მასალას ნებაყოფლობით აბარებენ. იმ ტერიტორიაზე იმდენი ბარიერია, რომ ასეთი რამ წარმოუდგენელია. ერთადერთი სიმართლე ამ განცხადებაში ის არის, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო ჯგუფებს მუდმივად დაჰყვება სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა თეთრი ფერის მწვანეზოლიანი მანქანით და ეს მისიის უსაფრთხოების პროტოკოლით არის გათვალისწინებული.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ლუგარის ცენტრის მიმართ რუსეთში აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ოკუპირებული რეგიონიც შეუერთდა, მაგრამ ეს იმდენად აბსურდულად და სასაცილოდ გამოსდით, რომ ოდნავ სერიოზულობაზეც კი ვერ ექნება პრეტენზია. ბენდიანიშვილი ბიბილოვის ხელისუფლებას ურჩევს, რომ მაშინ ნახევარი ცხინვალის მოსახლეობა დააკავონ და დაკითხონ, თბილისში მკურნალობის დროს უღებდნენ თუ არა მათ ბიოლოგიურ მასალას. მისი თქმით, ცხინვალელების დიდ ნაწილს, ადგილზე არსებული დაბალხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების ფონზე, სამედიცინო დახმარება თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გაეწიათ.

„ლუგარის ცენტრზე დიდი დეზინფორმაციული კამპანია აქვს დაწყებული რუსეთს და მე ვფიქრობ, რომ ცხინვალი აჰყვა ამ ტალღას, იმიტომ რომ თავის კურატორებს ასიამოვნოს. შეიძლება კრემლიდან დავალებაც აქვთ, რომ იგივე გააკეთონ, მაგრამ ძალიან სასაცილოდ გამოსდით ეს ამბავი. თუ თვითონ თვლიან, რომ ეს განცხადება სერიოზულია და ჩვენ ოსური მოსახლეობის ბიომასალა გვჭირდება, პირველ რიგში, უნდა დაიჭირონ და დაკითხონ ცხინვალის მოსახლეობის ნახევარი ან მეტი, ის ადამიანები, ვინც თბილისში არიან ნამყოფები, არა მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით, არამედ სხვა მიზნებითაც. სასაცილოა, არასერიოზულია“.

ცრუ ცნობები ცხინვალიდან - ევროკავშირის მისიის საპასუხო განცხადება

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მის წინააღმდეგ მიმართულ გამიზნულ და უპასუხისმგებლო დეზინფორმაციად შეაფასა ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადება და კატეგორიულად უარყო ცრუ ცნობები.

ლაპარაკია ბრალდებაზე, რომ ქართული მხარე და „ლუგარის ლაბორატორია“ ცდილობენ „სამხრეთელი ოსების“ ბიოლოგიური მასალის მოპოვებას და ამაში დახმარებას უწევს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ევროკავშირის მისია განმარტავს, რომ ჯერ კიდევ 26 და 27 აპრილს უპასუხა ცხელი ხაზის გააქტიურებას პირადი მანქანების შესახებ, რომლებიც ახლდა მის პატრულს: პასუხად, მისიამ განმარტა, ისევე როგორც აქ განმარტავს, რომ „დასახელებული მანქანები იყო სასწრაფო დახმარების მანქანები“.

ევროკავშირის მისია აცხადებს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანები მისიის პატრულებს თან ახლავს დაარსების დღიდან და ეს წინასწარი სიფრთხილის სტანდარტული ზომაა.

„ჩვენს თანამშრომლებზე ზრუნვის ვალდებულების ნაწილია, რომ ისინი თან ახლდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად შეძლონ აუცილებელი დახმარების გაწევა, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოშორებით არსებულ ადგილებში, სადაც სწრაფი სამედიცინო დახმარების მიღება რთულია“, - ნათქვამია მისიის მიერ 21 მაისს გავრცელებულ პრესრელიზში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე აღნიშნავს, რომ არანაირი საიდუმლო მოძრაობა არ ყოფილა, პატრულირება გეგმის მიხედვით ჩატარდა, არც ერთ მოქალაქესთან არანაირი კონტაქტი არ შემდგარა, არანაირი ნიმუშის შეგროვება არ მომხდარა და ასეთი განზრახვა არც არსებობს.

ისტორიკოსი, ქართულ-ოსური ურთიერთობების მკვლევარი სოსო ვახტანგაშვილი მიიჩნევს, რომ ცხინვალის უშიშროების პროპაგანდამ და დეზინფორმაციამ დაუჯერებელი და აბსურდული ამბების გავრცელებაში უკვე ჩრდილოეთ კორეის დეზინფორმაციასაც კი გადააჭარბა. მისი აზრით, ეს რუსული სპეცსამსახურების საინფორმაციო ომის ნაწილია და საქართველოს ტერიტორიაზე მთავარ სამიზნეებად ლუგარის ცენტრი და ევროკავშირის მისია რჩებიან. გარდა ამისა, მისი აზრით, ბიბილოვის ავტორიტეტი იმდენადაა შერყეული ოკუპირებულ რეგიონში, რომ ეგრეთ წოდებული მტრის ხატით ადგილობრივი საზოგადოების ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე სურთ.

„რუსეთის სპეცსამსახურებს საქართველოში ორი ძირითადი „მოწინააღმდეგე“ აწუხებთ. ეს არის ლუგარის ლაბორატორია და ევრომონიტორების არსებობა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. რუსული სპეცსამსახურების ბოლოდროინდელ ქმედებებში ეს ორი ძირითადი ხაზი იკვეთება და აქაც, ცხინვალშიც, ეს ორი ხაზი გამოკვეთეს. შესაბამისად, მიმდინარეობს საკუთარი მოქალაქეების დაშინება და არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ოსური ადმინისტრაციის ინტერესების თანხვედრაშია. ბიბილოვის ადმინისტრაციის რეიტინგი უკვე კატასტროფულადაა დაცემული ცხინვალში. ამას რუსული სპეცსამსახურებიც გრძნობენ და ცდილობენ მისთვის რეიტინგის ამოწევას, ვინაიდან ეს მათ ინტერესებშიც არის, რომ ბიბილოვმა საბოლოოდ არ დაკარგოს ნდობა და არ დაიწყოს სახალხო მღელვარება. ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს გაასწრეს უკვე ფანტაზიით“.

პირველი აბსურდი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველივე შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ დე ფაქტო უშიშროებამ მალევე გაავრცელა პირველი განცხადება და საქართველოს სპეცსამსახურები დრონების დახმარებით ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან უხილავი ვირუსის გავრცელების მცდელობაში დაადანაშაულა. წარმოიდგინეთ, დრონები მიფრინავენ საოკუპაციო ხაზთან, იქიდან ყრიან უხილავ ვირუსს, შემდეგ ოკუპირებულ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები მიწაზე დაყრილ ამ ვირუსებს პოულობენ, ნებაყოფლობით იღებენ და ინფიცირდებიან.

რას ამბობენ ფაქტები?

ოკუპირებულ რეგიონში, იქაური ჯანდაცვის სისტემის ცნობებით, ამჟამად კოვიდინფიცირებულთა 34 შემთხვევაა გამოვლენილი და ყველა უკავშირდება რუსეთის ფედერაციაში ვიზიტს. ინფიცირებულთა უმრავლესობა რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები არიან, რომლებიც ცხინვალში ჩრდილოეთიდან დაბრუნდნენ. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, მაქსიმუმ 50 ათასი მცხოვრებით, გორის მუნიციპალიტეტზე სამჯერ პატარაა და სამჯერ მეტი ინფიცირების შემთხვევა აქვთ გამოვლენილი. რაც შეეხება მეზობელ ჩრდილოეთ ოსეთს, იქ ინფიცირებულთა რაოდენობამ, ოფიციალური მონაცემებით, 2 450-ს გადააჭარბა. იმერეთის რეგიონის ტოლ ჩრდილო ოსეთში იმაზე 3-ჯერ მეტი ინფიცირებულია გამოვლენილი, ვიდრე მთელ საქართველოში. ამ სტატისტიკის მიუხედავად, ბიბილოვის ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას არწმუნებს, რომ მთავარი საფრთხე საქართველოდან მოდის.

მეორე აბსურდი

კორონავირუსიის პანდემიის ფონზე ლუგარის ცენტრისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ დეზინფორმაციულ ნიაღვარს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრიც შეუერთდა. მედოევის განცხადება სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა და საერთო დაცინვის ობიექტიც გახდა. მედოევი ეგრეთ წოდებული საზღვრების გამაგრებაზე ლაპარაკობდა, რადგან, მისი აზრით, საქართველოდან კორონავირუსის საფრთხის გამო გაქცეული ასობით ათასი მოქალაქე, უსაფრთხო გარემოს მოსაძებნად სამხრეთ ოსეთის საზღვრებს მიაწყდებოდა და ასე შეიტანდა ვირუსს ცხინვალის რეგიონში.

როგორია რეალობა?

საქართველოს კლინიკებში ყოველწლიურად იზრდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადასული მოქალაქეების მკურნალობის ფაქტები. ისინი თბილისში ჩადიან როგორც ლარსის გავლით, ასევე მავთულხლართებზე გადაპარვით. თავად დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს ხოლმე ინფორმაციას ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევისა და მოქალაქეების დაჯარიმების შესახებ. ბოლო წლებში 5-ჯერ უფრო მეტ ცხინვალელს აკავებენ, ვისაც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე უნდა გადმოსვლა, ვიდრე იმ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც უნებლიეთ აღმოჩნდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს რეალობაც ძალიან აშფოთებს ბიბილოვის ხელისუფლებას და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს ადგილზე მინიმალურ ჯანდაცვის სერვისსაც კი ვერ სთავაზობენ, თვეობით კეტავენ ეგრეთ წოდებულ გამშვებ პუნქტებს, აკავებენ საკუთარ მოქალაქეებს და ახლა უკვე თბილისის მხრიდან ვითომ გამიზნული ინფიცირებით აშინებენ, თუმცა პროპაგანდით და დეზინფორმაციით ინფიცირება ბევრად უფრო საშიშია.

ვიდრე რუსეთის პროპაგანდა ლუგარის ცენტრზე ილაპარაკებს, მანამდე ცხინვალიდან ისევ უნდა ველოდოთ აბსურდული, დეზინფორმაციული განცხადებების გავრცელებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG