Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო ანაკლიის პორტით ინტერესდება: აზერბაიჯანი და საქართველო „შუა დერეფანში“


ილჰამ ალიევი საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილთან სტუმრობის შემდეგ ანაკლიის პორტით დაინტერესებაზე საუბრობს
ილჰამ ალიევი საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილთან სტუმრობის შემდეგ ანაკლიის პორტით დაინტერესებაზე საუბრობს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოში მორიგი ვიზიტისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას და დაინტერესება გამოხატა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტით.

ანალიტიკოსები თბილისსა და ბაქოში ეჭვობენ, რომ აზერბაიჯანი მზად იყოს ანაკლიის პორტის 49%-ის სრულად დაფინანსებისათვის, თუმცა მიიჩნევენ, რომ ჩინეთსა და ევროპას შორის „შუა დერეფნის“ გააქტიურების გათვალისწინებით, შავი ზღვის ახალ პორტში გარკვეული წილი მისთვის მხოლოდ მომგებიანი იქნება.

პორტის პარტნიორის საძებნელად გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერი უკვე სრულდება. წესით ახალი პრეტენდენტები არ მიიღება.

შეიძლება თუ არა აზერბაიჯანი ანაკლიის პროექტში ჩაერთოს? როგორ? რას ცვლის მისი შესაძლო მონაწილეობა ანაკლიის პროექტში?

ანაკლია ალიევის თვალსაწიერში

„დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო – ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება“, - გამოაცხადა ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ მოკლე ბრიფინგზე [საქართველოს მთავრობის თარგმანი].

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თქვა, რომ ორ ქვეყანას „ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სხვა მიმართულებებით ძალიან დიდი გეგმები“ აქვთ და სწორედ ამ მაშინ ახსენა ანაკლია. იქვე დასძინა, ჩვენ უკვე ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე და შეგვიძლია, ეს პორტიც გავაფართოოთო.

ყულევის ტერმინალი ფოთსა და ანაკლიას შორის მდებარეობს. მისი ოპერატორია „შავი ზღვის ტერმინალი“, რომელსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ი ფლობს.

ყულევის ნავთობტერმინალის ოპერატორი აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ შვილობილი ფირმაა
ყულევის ნავთობტერმინალის ოპერატორი აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ შვილობილი ფირმაა

ეს გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას. ბაქო-თბილისის რკინიგზის მიმართულებით წარმადობას ხუთმაგად გავზრდით... ეს იქნება უმსხვილესი კომპონენტი ჩვენი შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით“, - თქვა ალიევმა.

ეს“ ალიევის განცხადებაში ორივეს შეიძლება მიემართებოდეს, როგორც პორტის სამომავლო გაფართოებას, ასევე ანაკლიაზე თანამშრომლობას.

„შუა დერეფანი“, - ან „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზა“ (TITR), - ჩინეთსა და ევროპას აკავშირებს ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის გავლით. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სანქციების ტალღების შემდეგ, მას სულ უფრო და უფრო მეტი ოპერატორი იყენებს. ტვირთბრუნვაც იზრდება.

დერეფნის ქვეყნები თანამშრომლობის გაძლიერების პირობას დებენ. რამდენიმე თვის წინ საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა გამოაცხადეს, რომ ჩამოყალიბდეს „ერთობლივი კომპანია, რომელიც ჩინეთიდან დერეფანში მომავალი ტვირთების გადაზიდვებს გაუწევს კოორდინაციას“.

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განმარტებით, პარტნიორებთან შემუშავებულია „ძალიან მკაფიო საგზაო რუკა, რომელიც გულისხმობს როგორც საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას კასპიის პორტებში, ისე სარკინიგზო მიმართულებით და ნაოსნობის კუთხით“.

რატომ აინტერესებს ალიევს ანაკლია?

„აზერბაიჯანს სჭირდება შავი ზღვა, როგორც კარიბჭე, და ანაკლიის პორტში გარკვეულმა ჩართულობამ მის ეკონომიკაში შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს“, - ეუბნება „რადიო თავისუფლებას“ დავით ბრაგვაძე, უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

ბრაგვაძე მიუთითებს, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო საქართველოში უკვე მონაწილეობს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის ახალქალაქი-ყარსის რკინიგზაში. „ეს ახალი ამბავი არ არის, საერთო ინტერესები გვაქვს, მათ შორის შავი ზღვის პორტების მიმართულებით“.

ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ათწლეულებს ითვლის. პრემიერმა ღარიბაშვილმაც გაუსვა ხაზი, რომ ბაქო-თბილისი აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროებში.

2022 წლის შემოდგომის შემდეგ საქართველო და აზერბაიჯანი უნგრეთთან ერთად მჭიდროდ მუშაობენ ახალ პროექტზეც - შავ ზღვაში ელექტროენერგიის წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობაზე. აზერბაიჯანული ენერგია გაივლის საქართველოს, შავი ზღვასა და რუმინეთს, და გაიყიდება უნგრეთში. ალიევის ვიზიტის შემდეგ თბილისში უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ჩამოვიდა.

გარდა ამისა, ღარიბაშვილის თქმით:

  • აზერბაიჯანთან ვაჭრობა წელს 15%-ით არის გაზრდილი, - და აზერბაიჯანი ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია [საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 8 თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აზერბაიჯანთან ბრუნვა 15.3%-ით არის გაზრდილი];
  • აზერბაიჯანიდან ტურისტების რაოდენობა რეკორდულადაა გაზრდილი;
  • იზრდება გადაზიდვებიც;

„ვმუშაობთ აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან კოორდინირებით, რათა შუა დერეფნის პროექტი წარმატებით განვახორციელოთ. რკინიგზის პროექტი ფართოვდება. მაგისტრალები, პორტები - ეს ყველაფერი არის ჩვენს დღის წესრიგში“, - თქვა 8 ოქტომბერს ღარიბაშვილმა ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე .

პრემიერის თქმითვე, საქართველო „რკინიგზის მოდერნიზების“ პროექტს, - თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციას, რაც 2011 წელს დაიწყო და 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, - საქართველო 2024 წლის ბოლოსთვის დაასრულებს და ტვირთბრუნვასაც გააორმაგებს.

როგორ შეძლებს ბაქო ანაკლიის პროექტში ჩართვას?

ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია, თუ აპირებს, როგორ ჩაერთვება ანაკლიის პორტის განვითარებაში აზერბაიჯანი. საქართველოს მთავრობას გამოცხადებული აქვს, რომ პორტის 51%-ს თავად დაიტოვებს, 49%-ზე კი საერთაშორისო ტენდერია გამოცხადებული.

ადგილი, სადაც ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს.
ადგილი, სადაც ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს.

ეკონომიკის მინისტრის თანახმად, კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული ორი კომპანიიდან ერთი შვეიცარიულ-ლუქსემბურგულია, მეორე კი ჩინურ-სინგაპურული. 2023 წლის სექტემბერში საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა დაადასტურა პორტით დაინტერესება.

„არა მგონი, ბაქო ანაკლიის პორტის პროექტის მთლიანად აღებას გეგმავდეს, - ეს ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებსა ფუად შაჰბაზოვი, ანალიტიკოსი ბაქოდან.

„მაგრამ აზერბაიჯანი, შესაძლოა, გახდეს გარკვეული მხარე, წილის მფლობელი, ჩინეთთან ერთად, - რამეთუ ეს ქვეყანა ბოლო დროს მნიშვნელოვნად ეყრდნობა სატრანზიტო პროექტებს და ანაკლია შეიძლება იყოს კარგი აქტივი „შუა დერეფნის“ პროექტისათვის“, - გვეუბნება იგი.

ალიევმა 2023 წლის მარტში გერმანულ ლოჯისტიკურ კომპანიებთან საუბრისას, ანაკლიასთან დაკავშირებით მათ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ პროექტის შესახებ 6-7 წლის წინ შეიტყო, - საქართველოს მთავრობამ თანაინვესტირება გვთხოვა, მაგრამ შემდეგ პროექტი გაჩერდაო.

„ახლა გავიგეთ, რომ პროექტი ბრუნდება. ასე რომ კვლავ ვაკვირდებით… თუ გვექნა ინფორმაცია ინვესტორების შესახებ, ინვესტორების წილების შესახებ, - და ვინ იქნება თანაინვესტორი, - საინტერესო იქნება. რადგან ახლა, კასპიის ზღვაზე ახალ მიმართულებასთან დაკავშირებით, ცხადია, იქნება შავი ზღვის პორტების გაფართოების საჭიროება. ჩვენს „კასპიის გადამზიდავ კომპანიას“, ASCO-ს, ჰყავს გემები შავ ზღვაში, და დამატებითი გემების შეძენა სურთ, რადგან შავ ზღვაშიც ოპერირებენ, არა მხოლოდ კასპიის ზღვაში. თუმცა მათი ოპერაცია შედარებით მოკრძალებულია… ასე რომ, განვიხილავთ ყველაფერს, შევხედავთ რიცხვებს და გადავწყვეტთ“, - თქვა მაშინ ილჰამ ალიევმა.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ბაქოს შესაძლო ჩართულობაზე ანაკლიის პროექტში საჯაროდ არაფერი თქვა - ალიევის განცხადებები ბრიფინგზე ღარიბაშვილის სიტყვას მოჰყვა და ამ უკანასკნელს ალიევის ინიციატივაზე პასუხი არ გაუცია.

რადიო თავისუფლება მთავრობის პრესცენტრიდან ელის პასუხს კითხვაზე, განიხილეს თუ არა ლიდერებმა შეხვედრაზე აზერბაიჯანის მონაწილეობა პორტის პროექტში და თუ კი, მაშინ რა ტიპის მონაწილეობაზე იყო საუბარი.

პასუხი მიღებისთანავე ამავე სტატიაში აისახება.

პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

გადახვევა პირველადი იდეიდან?

ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რომელსაც ქართულ-ამერიკული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ედგა სათავეში, საქართველოს მთავრობამ 2020 წელს, დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, ჩააგდო.

დავით ბრაგვაძე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უსაფრთხოებისა და ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას, იხსენებს, რომ „ანაკლიის პორტის დასავლური კაპიტალით მშენებლობას, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტის გარდა, უნდა მოჰყოლოდა მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიები“.

„დიდი ამერიკული ინვესტიცია თავისთავად გულისხმობდა ამას. ღრმაწყლოვანი პორტი აჩენდა უფრო დიდი გემების შემოსვლისა და ბაზირების შესაძლებლობებს, - მათ შორის არასამოქალაქო გემებისა. ანაკლიას მხოლოდ ეკონომიკურ პროექტად არ აღვიქვამდით, ის ეროვნული უსაფრთხოების გაუმჯობესებასაც ემსახურებოდა“, - განმარტავს იგი.

ანალიტიკოსი დავით ბრაგვაძე
ანალიტიკოსი დავით ბრაგვაძე

პროექტი შეწყვეტის მიზეზად მთავრობა ინვესტორის მხრიდან „ვალდებულებების შეუსრულებლობას“ ასახელებდა, თუმცა ექსპერტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ რეალური მიზეზი გეოპოლიტიკური იყო - ამერიკული ინვესტიციებით დაფინანსებული სტრატეგიული პროექტის ჩავარდნა რუსეთს აწყობდა.

„რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?“ - კონსორციუმის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მას ეს ჯერ კიდევ 2017 წელს უთხრა; ივანიშვილს ან მის გარემოცვას ამ სიტყვების ნამდვილობა არ დაუდასტურებია. ხაზარაძემ თქვა ისიც, რომ მაშინ გაიგო ივანიშვილისგან, ანაკლიის ინვესტორი, მისი აზრით, „ჩინური სახელმწიფო კომპანია“ უნდა ყოფილიყო.

2022 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ პროექტზე საუბარი განაახლა. პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და მედიის ნაწილი მიიჩნევს, ჩინეთ-საქართველოსთან ახალი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ პორტზე იქნება ფოკუსირებული.

აზერბაიჯანის შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით ამჟამად მასაც კითხვები აქვს ტექნიკური საკითხის გათვალისწინებით, თუმცა ანალიტიკოსი დავით ბრაგვაძე ამბობს, რომ აზერბაიჯანის, როგორც ერთი თანამონაწილის არსებობა პრობლემა არ იქნება: „პრობლემა იქნება, თუ ეს იქნება დიდწილად აზერბაიჯანული ან დიდწილად ჩინური ინვესტიცია, იმიტომ, რომ ამას სხვა ტიპის გამოწვევები შეიძლება მოჰყვეს“.

პარტნიორობა ჩინეთთან

საქართველო შავი ზღვის რეგიონის ქვეყანაა. გარდა იმისა, რომ ბათუმის, ფოთისა და, პოტენციურად, ანაკლიის პორტები, განვითარებად სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან ერთად, კარგ პერსპექტივას ქმნის ვაჭრობისა და ტრანზიტისათვის, რუსეთის უკრაინაში 2022 წლის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც იზრდება.

შავიზღვისპირეთში ჩინეთის სავაჭრო, სატრანზიტო, საინვესტიციო და თუ სხვა აქტივობები ამ დრომდე უფრო ნაკლებად შეიმჩნეოდა, ვიდრე სხვა რეგიონებში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ შავი ზღვის რეგიონი აღმოსავლეთ-დასავლეთის დაპირისპირების ტრადიციულ არეალს წარმოადგენს და ეს დაპირისპირება ნაკლებ სივრცეს ტოვებდა ალტერნატიული ძალებისათვის. ჩინეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონს ტრადიციულად რუსეთის „უკანა ეზოდ“, მისი გავლენის სფეროდ აღიქვამდა.

2022 წლის ომის შემდეგ ჩინეთსა და რუსეთს შორის ძალთა ბალანსი მსოფლიოში, და მათ შორის სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის სასარგებლოდ შეიცვალა, ამბობენ პოლიტიკის ანალიტიკოსები. ჩინეთი რუსეთის ძირითადი პარტნიორია და სანქციების ფონზე, მოსკოვი იმაზე მეტად არის დამოკიდებული პეკინის ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და დიპლომატიურ დახმარებაზე, ვიდრე ოდესმე. ჩინეთის ეკონომიკა 10-ჯერ დიდია რუსეთისაზე. ზოგიერთი ანალიტიკოსი შეფასებებში კიდევ უფრო შორს მიდის და რუსეთს „ჩინეთის ვასალად“ მოიხსენიებს.

ჩინეთის ამჟამინდელი დაინტერესება ანაკლიის პორტით, - რაც სექტემბრის დასაწყისში დაადასტურა საქართველოში ელჩმა, ჭოუ ციენმა, - შესაძლოა, მიანიშნებდეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მზარდ ამბიციაზე, ფეხი მოიკიდოს შავ ზღვაში.

„პრემიერი ღარიბაშვილის მიერ პრეზიდენტი ალიევის მოწვევა ცხადყოფს, რომ თბილისი, დასავლელ პარტნიორებთან მისი, ასე ვთქვათ, არასტაბილური კავშირების გათვალისწინებით, უფრო მეტად არის დაინტერესებული ეკონომიკურ პროექტებში აზერბაიჯანის ჩართულობით“, - ასე ხედავს თბილისის მოტივაციას ფუად შაჰბაზოვი, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ყოფილი ანალიტიკოსი.

ანალიტიკოსი ფუად შაჰბაზოვი
ანალიტიკოსი ფუად შაჰბაზოვი

აზერბაიჯანული პერსპექტივა

„პრეზიდენტი ალიევის ვიზიტი თბილისში, სავარაუდოდ, გაზრდის ორმხრივ სავაჭრო ბრუნვას და საფუძველს ჩაუყრის ახალ რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა, მაგალითად, აზერბაიჯანსა და თურქეთის ახლადგახსნილი ნახჭევანი-იღდირის გაზსადენი“, - ამბობს შაჰბაზოვი.

აზერბაიჯანი ახლახან შეთანხმდა თურქეთთან ნახიჩევანი-იღდირის გაზსადენზე, - „გაზის დერეფანზე“ - რომლითაც აზერბაიჯანული გაზი თურქეთის გავლით აზერბაიჯანის ექსკლავს, ნახიჩევანს დაუკავშირდება. ნახიჩევანი სომხეთსა და თურქეთს შორისაა მოქცეული. ახალი მარშრუტი, თავის მხრივ, საქართველოზე გადის - აზერბაიჯანული გაზი თურქეთში საქართველოს გავლით ხვდება.

ალიევი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ყარაბაღზე კონტროლის დამყარებამდე, აქტიურად ითხოვდა სომხეთის ტერიტორიაზე „ექსტრატერიტორიული“ დერეფნის - „ზანგეზურის დერეფნის“ - გაჭრას, თუმცა ჯერჯერობით ამ შედეგს ვერ მიაღწია.

ზანგეზურის დერეფანი თურქული წყაროების მიხედვით.
ზანგეზურის დერეფანი თურქული წყაროების მიხედვით.

ამ გზით თურქეთი დაამყარებდა პირდაპირ კავშირს კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებთან და შუა აზიაში ისლამურ ქვეყნებთან ურთიერთობებისა და გავლენის გაძლიერების პერსპექტივა უჩნდებოდა.

6 ოქტომბერს ირანმა და აზერბაიჯანმა, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაძაბულობის განმუხტვას ცდილობენ, საფუძველი ჩაუყარეს ახალი ხიდის მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანის ზანგილანის პროვინციას ირანთან. ამ მიმართულებით მაგისტრალი კი ნახიჩევანს ირანის გავლით დაუკავშირებს აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიას. ამ სცენარში აზერბაიჯანი ირანის ტერიტორიაზე ხდება დამოკიდებული, რასაც ვერ აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG