უკვე 6 აპრილს, როცა ილჰამ ალიევი, თბილისში მართავდა შეხვედრებს, სადიგოვი ბაქოს პოლიციაში აღმოჩნდა. ის მალევე გაათავისუფლეს, თუმცა უფლებადამცველებს გაუძლიერდათ შიში, რომ ბაქოსთვის მიუღებელ სადიგოვს აზერბაიჯანში სირთულეები ელოდება.
იურისტების შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს საგანგებო დროებითი ღონისძიების უგულებელყოფა თბილისისთვის უკვალოდ არ ჩაივლის და სადიგოვის გაძევებაზე საქართველოს სახელმწიფოს პასუხისგება მოუწევს.
თბილისში აცხადებენ, რომ კანონიერად იმოქმედეს. "თუ სტრასბურგის სასამართლოს რამე კითხვები ექნება, საქართველოს სახელმწიფო სტრასბურგის სასამართლოსთან გაარკვევს ამ ურთიერთობას”, - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში".
აზერბაიჯანის პრეზიდენტს თბილისში საგანგებოდ დახვდნენ - დღის ბოლოს მას “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაც უმასპინძლა. ილჰამ ალიევს თბილისში სადიგოვი არ უხსენებია, ჟურნალისტებს კი მისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ ჰქონიათ.
ალიევი თბილისში - მადლიერება ივანიშვილისგან
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თბილისში, 6 აპრილს, დღის პირველ ნახევარში, წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. მას თან ახლდნენ: მეუღლე - ვიცე-პრეზიდენტი, მეჰრიბან ალიევა, 4 მინისტრი [საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის] და საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე.
საზეიმო დახვედრა, ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლეში შედგა. დღის ბოლოს კი - ალიევს “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ბიზნესცენტრში უმასპინძლა.
ალიევმა ივანიშვილისგან არაერთი მადლობა მიიღო.
ოფიციალური ინფორმაციით, ივანიშვილმა ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოში “ნაყოფიერი ვიზიტისათვის” და “ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ღრმა და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობას” და მათ შორის - “სატრანზიტო დერეფნის მაქსიმალურად ათვისების პოტენციალს”. მადლობა მიუძღვნა ასევე - “სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული მშვიდი და სტაბილური ვითარების მხარდაჭერისთვის”.
“უსაფრთხოების გამოწვევებით აღსავსე გარემოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ორი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა მაქსიმალური ძალისხმევის ფასად შეინარჩუნონ მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება” - ტექსტი წერილობით, ოფიციალური არხებით გავრცელდა.
ივანიშვილმა აღნიშნა ასევე, რომ საქართველო კვლავ ღიაა აზერბაიჯანული ინვესტიციებისთვის, რაც "ბოლო წლების განმავლობაში აქტიურ ზრდას განაგრძობს".
აზერბაიჯანული ინვესტიციების კიდევ უფრო წახალისება ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მთავრობის ადმინისტრაციაში, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატების შეხვედრების შემდეგ, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზეც.ილჰამ ალიევმა "მესამე ქვეყნებში" ორი ქვეყნის "ერთობლივი ინვესტიციების" პერსპექტივებსაც გაუსვა ხაზი.
“საქართველო დინამიკურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა აქვს ძალიან თვალსაჩინო. ძალიან კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო შექმენით ქვეყანაში და ძალიან ბევრ უცხოელ ინვესტორს, მათ შორის - აზერბაიჯანელ ინვესტორებს ექმნებათ ძალიან კარგი გარემო, რომ ამ წარმატებაზე დაშენებით, კიდევ უფრო შეუწყოს ხელი პოლიტიკურ სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდას [ოფიციალური თარგმანი]”, - ტრადიციულ თემებთან ერთად, რაც ენერგეტიკულ თუ სატრანსპორტო პროექტებს უკავშირდება, ალიევმა საგანგებოდ ახსენა შუა დერეფანი, როგორც “ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირატესი არტერია” და თქვა, რომ ამ პროექტზე დიდი იმედები მყარდება.
“ჩვენი დღის წესრიგი მსუყე და ფართომასშტაბიანია, ახალი თემები ემატება, ახალი იდეები და პროექტები ემატება ამ დღის წესრიგს და ჩვენ, საერთო ძალისხმევით, ამას ყველაფერს განვახორციელებთ [ოფიციალური თარგმანი]”, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
მან მოძმე საქართველოს, ისევე როგორც მთელ რეგიონს - “მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა” უსურვა. “საერთო ინტერესებს ვუფრთხილდებით” - თქვა ილჰამ ალიევმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე.
პრესკონფერენცია არ გამართულა.
ლიდერებს კი თავად არაფერი უთქვამთ - არც თბილისიდან გაძევებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე და არც დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე - თემაზე, რომელიც "ოცნებამ" 2020 წლის არჩევნების წინ ე.წ. კარტოგრაფების საქმით წამოსწია და გააჩაღა კამპანია „გარეჯი საქართველოა“.
„კარტოგრაფების საქმეს“ არაერთ ადამიანის დაკავება და შიდაპოლიტიკური დაპირისპირება მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხს, საქართველოს სასარგებლოდ, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში გადაჭრიდა. მას შემდეგ 6 წელი გავიდა.
ბოლოს ილჰამ ალიევი თბილისს 2023 წლის ოქტომბერში ესტუმრა. მაშინ არ გავრცელებულა ცნობები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ. სტუმარი მიიღო იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა - ამჟამად 5 წლით დაპატიმრებულმა, ფულის გათეთრების მუხლით.
ილჰამ ალიევის 6 აპრილის ვიზიტი წინასწარ არ გახმაურებულა, როგორც ეს, ჩვეულებრივ, ხშირად ხდება ხოლმე მაღალი რანგის სტუმრების შემთხვევაში. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინა დღით მოიპოვა რადიო თავისუფლებამ. ამ დროს - აზერბაიჯანელი ჟურნალისტი უკვე დეპორტირებული იყო საქართველოდან.
სადიგოვის გაძევება ბევრმა სწორედ ალიევის ვიზიტს დაუკავშირა.
მმართველ პარტიაში უარყოფენ. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა, 6 აპრილს, ჟურნალისტებს უთხრა - რომ „[აფგან სადიგოვის გაძევება] არავითარი მოლაპარაკების საფუძველზე არ მომხდარა"; "ეს მოხდა ქართული კანონმდებლობის საფუძველზე" და "[უცხოელის გაძევება] არ ხდება სხვა სახელმწიფოს ინფორმირების საფუძველზე"; "ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, რომელიც განხორციელდა“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
“ცალსახად ვუკავშირებ. დროში იმდენად ემთხვევა და ეს იმდენად დაჩქარებულად და სინქრონიზებულად მოხდა… როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" ჰქონდა მნიშვნელოვანი საკითხები გასავლელი ალიევთან და მათ არ უნდოდათ, ეგრძნოთ რაღაც ტიპის უხერხულობა სადიგოვის საკითხთან დაკავშირებით - თუკი ის ამ საკითხს [ალიევი] დააყენებდა. ამიტომ მათ გაწირეს ეს ადამიანი - დემონსტრაციულად და ჩვენს ისტორიაში პირველად დაარღვიეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას აფგან სადიგოვის ადვოკატი, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე. მისი თქმით, სადიგოვის წინააღმდეგ "კარგად კოორდინირებული და სინქრონიზებული" ნაბიჯები გადაიდგა.
სადიგოვის გაძევება დაჩქარებული ტემპით
6 აპრილს, როცა ილჰამ ალიევი თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში მართავდა შეხვედრებს, ბაქოში, აფგან სადიგოვი, ნათესავთან ერთად, მაღაზიაში მიდიოდა, როცა იგრძნო, რომ გზაში უთვალთვალებდნენ; შემდეგ პოლიცია მასთან მივიდა;სადიგოვს უთხრეს, რომ ძებნაშია და საჭირო იყო განყოფილებაში გადაყვანა. შემდეგ, პოლიციაში გაარკვიეს, რომ ძებნაში იყო ძველ [შეწყვეტილ] საქმესთან დაკავშირებით, თითის ანაბეჭდები აიღეს და შემოწმების დამატებითი პროცედურების შემდეგ, გამოუშვეს - ეს ამბავი დაცვის მხარეს კიდევ ერთხელ არწმუნებს, Azel.tv-ის მთავარი რედაქტორისა და აქტივისტის, აფგან სადიგოვის დაუცველობას აზერბაიჯანში.
“დღეს რომ გამოუშვეს, არ ნიშნავს, რომ სხვა დროს სხვა საქმისთვის არ დააკავებენ და ეს უკვე მძიმე ტრაგედიად არ იქცევა - პოლიტიკურ დევნად და საბოლოოდ აზერბაიჯანის უმძიმეს ციხეებში მოხვედრად, სადაც ადამიანების წამების პრაქტიკაა. ქვეყანაში, სადაც არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, მედია, უფლებადამცველები”, - გვეუბნება თამთა მიქელაძე და არ გამორიცხავს, რომ “რაღაც პერიოდი [სადიგოვის საქმეზე], პაუზა ხელოვნურად შექმნას აზერბაიჯანმა - რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის” - ბოლო დღეების მოვლენების გადასაფარად და სტრასბურგის სასამართლოს წინაშე სამომავლო პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.
“ეს არის თამაშის ნაწილი - ავტორიტარული ლეგალისტური თამაშის ნაწილია”, - ეუბნება მიქელაძე რადიო თავისუფლებას.
სტრასბურგის სასამართლომ აფგან სადიგოვის საქართველოდან ექსტრადიცია 2025 წლის თებერვალში, დროებითი ღონისძიებით შეაჩერა - სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე - სტრასბურგის სასამართლოში მისი საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე.
ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის თანახმად, დროებითი ღონისძიება არის გადაუდებელი მექანიზმი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში - როდესაც არსებობს რისკი, რომ სახელმწიფოში, რომლისთვისაც პირის გადაცემა მოხდება, დაირღვევა მომჩივნის სიცოცხლის უფლება ან/და იქ მომჩივანი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობას.
ქართულმა მართლმსაჯულებამ სტრასბურგის სასამართლოს საგანგებო გადაწყვეტილებით აღარ იხელმძღვანელა.
შს სამინისტრომ განმარტა, რომ “აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა”; შესაბამისად, საექსტრადიციო პროცედურები შეწყდა საქართველოშიც.
სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საექსტრადიციო პროცედურების შეწყვეტა - ქართულ მხარეს არავითარ შემთხვევაში არ ათავისუფლებდა დროებითი ღონისძიების აღსრულებისგან და ამისათვის პასუხი აუცილებლად მოეთხოვებათ.
“ევროსასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს იქნებოდა იქ [დროებით ღონისძიებაში] ნახსენები ექსტრადიცია, დეპორტაცია თუ გაძევების სხვა ფორმა… მთავარი ის არის, რომ, ეს ადამიანი [სადიგოვი] რისკის ქვეშ იყო... დროებითი ღონისძიება ვადით არ არის შეზღუდული და ძალაშია მანამ, სანამ საკითხი არ გადაწყდება თავად ევროსასამართლოს მიერ...
შიდა სასამართლოებისთვის ეს დოკუმენტი სავალდებულოა. მოსამართლე უნდა დაინტერესებულიყო - რატომ იყო სარისკო ამ ადამიანისთვის აზერბაიჯანში მოხვედრა… ბუნებრივია, ეს საქმე ევროსასამართლომდე მივა და ქართული სახელმწიფო იქნება სამართლებრივად გამტყუნებული, როდესაც ამის დრო დადგება. საქართველოს ხელისუფლებას არ უშველის მოყვანილი არგუმენტები”, - ეუბნება ნონა წოწორია რადიო თავისუფლებას. მას რჩება შთაბეჭდილება, რომ - “სამართალდამცველმა ორგანოებმა და სასამართლო სისტემამ გააფორმეს” პოლიტიკური შეთანხმება, რაც "ფარდის მიღმა” რჩება.
ამ დღეებში, სადიგოვის გაძევებასთან დაკავშირებით, ბევრმა გაიხსენა "სტუმარ-მასპინძელი". ნონა წოწორია გვეუბნება, რომ - “ეს [სადიგოვის გაძევება] არის დარტყმა ჩვენი ერის სავიზიტო ბარათზე - არ შეესაბამება ქართველების რაინდობასა და მთავარ ღირებულებებს”.
რადიო თავისუფლებამ შეკითხვებით მიმართა სტრასბურგის სასამართლოსაც. პასუხი, მიღების შემთხვევაში, გამოქვეყნდება.
ეჭვები და შეკითხვები ბევრმა მოვლენამ და პროცესების დაჩქარებულმა ტემპებმა გამოიწვია - რაც უფლებადამცველებისთვის “ორკესტრირებულს” ჰგავს:
- 1 აპრილს - სადიგოვის წინააღმდეგ, აზერბაიჯანში სისხლისსამართლებრივი დევნა მოულოდნელად შეწყდა, მაშინ, როცა თბილისში მყოფი ჟურნალისტის ექსტრადიციას ბაქო 2024 წლიდან ითხოვდა;
- 2 აპრილს ეს ინფორმაცია აფგან სადიგოვმა შეიტყო;
- 3 აპრილს - საქართველოშიც შეწყდა ექსტრადიციის საქმე სადიგოვის წინააღმდეგ - მოიხსნა შეზღუდვები, მათ შორის - გადაადგილებაზე - თუმცა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს დრო არ მიეცა, შესაბამისი საბუთების მოსამზადებლად და ევროპაში ოჯახთან წასასვლელად;
- 4 აპრილს, ღამით, სადიგოვი - პოლიციის ფეისბუკპოსტით შეურაცხყოფისთვის [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილი] დააკავეს, საკუთარ სახლში - ათობით პოლიციელის მობილიზებით. მას თავდაპირველად სახაზინო ადვოკატი მიუყვანეს, “სოციალური სამართლიანობის ცენტრს” კი ინფორმაცია დაგვიანებით მიაწოდეს.
ადმინისტრაციულ საქმეებზე, ადამიანის დაკავების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემას 48 საათი აქვს - სასამართლო სხდომის გასამართად. სადიგოვის შემთხვევაში - ეს დრო არ გამოუყენებიათ.
- პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 აპრილს გთენების 2 საათზე დაიწყო და 4 საათზე - გაძევების გადაწყვეტილებით დასრულდა. სადიგოვი მალევე გააძევეს კიდეც.
- სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობები - პროცესის გადადებისა თუ სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გათვალისწინების შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლთან მიმართებით კანონში განმარტებულია, რომ “ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის უცხოელის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე ვადით”. ამ ტექსტში - სიტყვა “შეიძლება” იურისტების განმარტებით - მოსამართლეს ანიჭებს თავისუფლებას - გამოიყენოს ან არ გამოიყენოს ეს ზომა.
აფგან სადგოვის ბედი თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 აპრილს გათენებისას გამართულ სხდომაზე 33 წლის მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის ხელში იყო, რომელსაც პროევროპული პროტესტის არაერთი მონაწილე ჰყავს გასამართლებული და საპატიმროში გაშვებული. ქოჩქიანმა ერთდღიანი პატიმრობა შეუფარდა 71 წლის ქალს, აფხაზეთიდან დევნილ აზა ჩილაჩავას, მიზეზით, რომ ის - „სახედაფარული კეტავდა გზას“. აფხაზეთიდან დევნილი მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანი, “მივლინების საფუძველზე“, ფოთის საქალაქო სასამართლოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში 2025 წელს გადმოიყვანეს.
ფორუმი