Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი“ - ოპოზიციური ერთობის განცხადება


ოპოზიციური ერთობის შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში
ოპოზიციური ერთობის შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში

საარჩევნო სისტემის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების განცხადებით, 8 მარტის შეთანხმების ჩაშლისთვის პასუხისმგებლობა პირადად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება. შეშფოთების მიზეზად დასახელებულია ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უარს ამბობს 8 მარტს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების სრულად შესრულებაზე და პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე.

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა ერთობლივი განცხადება 13 მაისს გამოაქვეყნეს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ისევ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის დროს.

„პოლიტპატიმრების არგამოშვების შემთხვევაში, საარჩევნო სისტემის მორიგ ჯერზე ვერშეცვლაზე სრული პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება, პოლიტპატიმრების არგამოშვება ნიშნავს ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების მთლიანად ჩაშლას. ამ პირობებში ის ოპოზიციური ფრაქციები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, გააგრძელებენ საპარლამენტო ბოიკოტს.

ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების არშესრულების შემთხვევაში, დაზიანდება საქართველო. იმ დროს როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეგობრებისგან ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიღება. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი. ამ პირობის დარღვევა მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარცხისგან ვერ იხსნის. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს შეთანხმება შედგეს“, - ვკითხულობთ განცხადების ტექსტში.

13 მარტის შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ გამეორდა, რომ პოლიტპატიმრების არგათავისუფლების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ მხარს არ დაუჭერენ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ოპოზიციური ძალები დარწმუნებით აცხადებენ, რომ მათსა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს გაფორმებული ორნაწილიანი შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი და კერძოდ - „ერთობლივი განცხადება“ სწორედ პოლიტპატიმრების - გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლებას გულისხმობდა.

ამის დასტურად, განცხადებაში რამდენიმე ფაქტია მოყვანილი:

  • „შეთანხმების ტექსტშივე მითითებული იყო კონკრეტული მექანიზმები, თუ რა გზებით იყო შესაძლებელი პოლიტპატიმრების საკითხზე შეთანხმების აღსრულება - კერძოდ, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, როგორსაც მხოლოდ შეწყალება წარმოადგენს“.
  • „ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა ყველამ, გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“, რომელმაც ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზად საჯაროდ დააფიქსირა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმება, მათ შორის - რურუას, ოქრუაშვილისა და უგულავას საქმეები“.
  • „შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს მოლაპარაკებათა შუამავლებმა - აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებმა და ასევე - საქართველოს სხვა მეგობრებმა, მათ შორის - აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ - ჯეიმს რიშმა; კონგრესის საქართველოსთან მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ (ადამ კინზინგერმა) და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა - ანდრიუს კუბილიუსმა“.

ერთობლივი განცხადების თანახმად, COVID19-ის პრობლემამ და ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ უფრო გაზარდა 2020 წლის არჩევნების „ნორმალურ და დემოკრატიულ გარემოში“ ჩატარების აუცილებლობა. მაგრამ ახლა „ქართული ოცნება“ საფრთხეს უქმნის „უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის“ დასაძლევად საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით გამოძებნილ გამოსავალს.

„დღეს როდესაც საქართველო COVID19-ის ეპიდემიისა და ეკონომიკური კრიზისის დროს, ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ, ნორმალურ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.

ეპიდემიასა და ეკონომიკურ კრიზისს წინ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი უსწრებდა, რომელიც ხელისუფლების ნაბიჯებმა გამოიწვია. საერთაშორისო მეგობრების დახმარებით მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, რაც გულისხმობდა საარჩევნო მოდელის კომპრომისულ ვარიანტსა (120/30) და გავრილოვის ღამის შემდეგ დაკავებული პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების გათავისუფლებას, ხოლო მიმდინარე საქმეების შეჩერებას“, - წერია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, მართლმსაჯულებაზე ზემოქმედების ბერკეტები მათ არ გააჩნიათ და თუკი 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული ახალი საარჩევნო სისტემის საკითხი პარლამენტში ჩავარდება, პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება ოპოზიციას.

8 მარტის შეთანხმების სრულად არშესრულების გამო "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ბოლო დღეებში არაერთი მწვავე შეფასება მოისმინა ევროპელი თუ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. თუმცა საპასუხო განცხადებებში ჩანს, რომ ხელისუფლება საერთაშორისო კრიტიკას ძირითადად "ნაციონალური მოძრაობის" სუბიექტური მხარდაჭერის ჭრილში განიხილავს.

8 მარტს შეთანხმებული საარჩევნო სისტემის ამსახველი საკონსტიტუციო ცვლილებების გასატანად 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. მხოლოდ „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ამ საკითხის გატანას, რადგან მას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ აქვს. თუმცა ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, მათ შორის - „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მხარდაჭერის შემთხვევაში, 113 ხმის შეგროვება პრობლემა არ უნდა იყოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG