Accessibility links

ანაკლიის პორტისთვის გადამწყვეტი ფაზა დგება


აპრილში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა უნდა გაიმართოს - საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო ბანკებს შორის. ჯერჯერობით უცნობია, იქნება ეს შეხვედრა ერთ-ერთი თუ ერთადერთი.

მალე გამოჩნდება, გააგრძელებს თუ არა პორტის მშენებლობას მამუკა ხაზარაძის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“. მთავრობის წინასწარი განწყობა, ქმედებები და რიტორიკა დამაიმედებელი არ არის. თუმცა კონსორციუმი აპრილის შეხვედრას კიდევ ერთხელ დადასტურებული მტკიცე ამერიკული მხარდაჭერით ხვდება.

ამერიკის მხარდაჭერა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დელეგაცია ახლახან დაბრუნდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც მას მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურეს ანაკლიის პორტისთვის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე.

როგორც კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, შეხვედრები გაიმართა როგორც კონსორციუმის ინვესტორებთან, ასევე პარტნიორებთან და შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

  • „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არის ძალიან პოზიტიური მობილიზება ჩვენი პარტნიორების მხრიდან“;
  • „ჩართულობა კვლავინდებურად გრძელდება იმისთვის, რომ პროექტი მივიდეს ბოლომდე და აშენდეს ანაკლიის პორტი“;
  • „ანაკლიის პორტი კვლავაც რჩება სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტად ჩვენი პარტნიორებისათვის და შეერთებული შტატების ხელისუფლებისთვის";
  • „არ მივიღებ არანაირ არგუმენტს იმის თაობაზე, რომ, თითქოს, ამერიკელებმა მიატოვეს პროექტი“.

ლევან ახვლედიანის თქმით, შეერთებულ შტატებში კიდევ ერთხელ დადასტურებული მხარდაჭერა საჯაროდაც აუცილებლად გამოჩნდება უახლოეს მომავალში.

რა, როდის და როგორ გამოჩნდება?

ამას ლევან ახვლედიანი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს. თუმცა რადგანაც პორტის პროექტში ანაკლიის კონსორციუმის დარჩენა-არდარჩენის საკითხი აპრილიდან ივლისამდე პერიოდში უნდა გადაწყდეს, მხარდაჭერის დემონსტრირებაც სწორედ ამ პერიოდში იქნება საჭირო და შესაბამისად - მოსალოდნელიც.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“:

  • სასესხო ხელშეკრულებების ძალაში შესვლის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 ივნისი;
  • სრული ფინანსური დახურვის და ძირითადი სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ბოლო ვადაა 2019 წლის 30 ივნისი.

ანაკლიის პორტის მიმართ ამერიკელების მხარდაჭერა იმთავითვე ნათელი იყო ანალიტიკოსებისთვის. პორტის ოპერატორ უმსხვილეს ამერიკულ კომპანია “SSA Marine”-თან შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის აგვისტოში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თბილისში სტუმრობის დროს. ასევე, კონსორციუმის შემადგენლობაში შედის უმსხვილესი ამერიკული კომპანია Conti International-ი, რომელმაც რამდენიმე მილიონი უკვე დაახარჯა პროექტს.

მთავრობის სიგნალები

შეკითხვებისა და ეჭვების ჯაჭვი, რომელიც TBC ბანკის დამფუძნებლებისთვის 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის გახსენებითა და ფულის გათეთრების ბრალდებით დაიწყო, ისევ გრძელდება.

ანალიტიკოსების ერთ ნაწილს ამ ჯაჭვის გაგრძელებად მიაჩნია კიდევ რამდენიმე მოვლენა:

  • მთავრობამ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ლაპარაკი ანაკლიის კონსორციუმის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე;
  • მთავრობამ დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებაც, რომ თუკი ანაკლიის კონსორციუმი ვალდებულებებს არ შეასრულებს, შესაძლოა სხვა ინვესტორის მოძიება გახდეს საჭირო;
  • მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება ამერიკულ იურიდიულ კომპანია “White & Case”-თან, რომელსაც, სხვა ასპექტებთან ერთად, ანაკლიის კონსორციუმთან დადებული 2016 წლის შეთანხმების გაწყვეტის შესაძლებლობის შეფასებასაც სთხოვს.

„პროცესები ნორმალურ გარემოში რომ მიმდინარეობდეს, ეს აბსოლუტურად ნორმალურად აღიქმებოდა... მაგრამ იმ ფონზე, რაც ახლა ხდება მთავრობასა და ჩვენს შორის, “White & Case”-თან გაფორმებული ხელშეკრულება არასასიამოვნოდ გამოიყურება... ამით ცუდი მესიჯები იგზავნება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი პარტნიორებისთვისაც“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლევან ახვლედიანი

“White & Case”-თან ხელშეკრულება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტრუქტურამ, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ გააფორმა. სააგენტოს ინფორმაციით:

  • სახელმწიფოს სურს იცოდეს რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს თუ 1 ივლისისთვის კონსორციუმი ვერ შეძლებს კაპიტალის შევსებას, ბანკებისგან დაფინანსების მოპოვებასა და პორტის მშენებლობის დაწყებას;
  • სააგენტოს თქმით, ამის გამო შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეწყვეტის პროცედურების ამოქმედების საკითხი.

„ვითარება იმდენად მნიშვნელოვნად და კარდინალურად იცვლება, რომ ახალი გარემოებები შობს ახალ საჭიროებებს და სწორედ ამ საჭიროებებზე დაყრდნობით იქნა ამ შემთხვევაში ეს კომპანია ჩართული“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო“ აცხადებს ასევე, რომ:

  • სახელმწიფო არ ეძებს ანაკლიის პორტის განვითარებისთვის ალტერნატიულ კომპანიას;
  • სახელმწიფო აგრძელებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ მოლაპარაკებებს;
  • სახელმწიფო ელოდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს, რომელიც გაიმართება აპრილში.
გიორგი ქობულია “White & Case”-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:26 0:00

​ხელისუფლებაში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" შემცვლელად ჩინური კომპანია განიხილება.

გადამწყვეტი ფაზა - რისკები დასაზღვევია

ოთხი უმსხვილესი უცხოური ბანკი მზად არის, რომ ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის 400 მილიონი დოლარის სესხი გამოყოს. თუმცა ამისათვის ისინი საქართველოს სახელმწიფოსგან რისკების დაზღვევის გარანტიებს ითხოვენ. ეს ბანკებია:

  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)
  • აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC)
  • აზიის განვითარების ბანკი (ADB)
  • აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB)

თებერვალში გამართული უშედეგო შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლებასა და ბანკებს შორის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდი აპრილში დაიგეგმა. ჯერ რიცხვი უცნობია.

როგორც ლევან ახვლედიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ბანკებმა თავიანთი 8-პუნქტიანი მოთხოვნის შედარებით კომპრომისული ვარიანტი 8 თებერვლის შეხვედრის შემდეგ წარუდგინეს ხელისუფლებას - „ახლა ბურთი მთავრობის მოედანზეა. მან უნდა წარმოადგინოს შეფასებები, პოზიცია და ამის შემდეგ გახდება ცნობილი აპრილის შეხვედრის კონკრეტული თარიღი“.

ლევან ახვლედიანი უკვე მერამდენედ იმეორებს, რომ რისკების დაზღვევის გარანტიებს არა კონსორციუმი, არამედ ბანკები ითხოვენ. თუმცა, მისი თქმით, ამას ხელისუფლება ხშირად სწორედ კონსორციუმის მოთხოვნასთან აიგივებს.

თუკი მთავრობასა და ბანკებს შორის შეთანხმება ვერ შედგება, პროცესი მარტივი ლოგიკით წარიმართება:

  • ბანკები, დიდი ალბათობით, უარს იტყვიან პორტისთვის 400-მილიონიანი სესხის გამოყოფაზე;
  • თუკი ეს 400 მილიონი დოლარი ვერ მიიღო, კონსორციუმი ანაკლიის პორტს უბრალოდ ვერ ააშენებს და პროცესს გამოეთიშება.

თუკი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის 21 მარტის საპარლამენტო გამოსვლას გავიხსენებთ, ამ ეტაპზე ანალიტიკოსებისთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ხელისუფლება დაეთანხმება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG