Accessibility links

ანაკლიის პორტი და „TV პირველი“ მართლმსაჯულების სარკეში


"TBC ბანკში" 11 წლის წინ განხორციელებული ტრანზაქციების ( ე.წ. „ფულის გათეთრების“) საქმეზე 8 აგვისტოს „TV პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ (ვატო) წერეთელი გამოკითხეს. ეს არის საქმე, რომლისთვისაც ბრალი უკვე წაუყენეს და აღკვეთის ზომად გირაო შეუფარდეს "TBC ჯგუფის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. „TV პირველი“ ხელისუფლების წნეხზე და ტელეკომპანიის გაჩუმების მიზანზე ლაპარაკობენ.

ხელისუფლება ამბობს, რომ „TBC ბანკის“ საქმე სამართლებრივ ჩარჩოებს არ სცდება. ოპონენტების აზრით კი, ეს ყველაფერი ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ანგარიშსწორების გაგრძელებაა და სამართლებრივი პროცესი მნიშვნელოვანწილად - მამუკა ხაზარაძის სავარაუდო პოლიტიკურ გააქტიურებასაც უკავშირდება.

რა კავშირი აქვს „TV პირველის“ დამფუძნებელს TBC ბანკის საქმესთან?

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „ფულის გათეთრების“ საქმეზე 24 ივლისს პროკურატურამ ბრალი ისე წაუყენა, რომ ამავე საქმეში თავიდანვე ინიციალებით (ვ.წ.) მოხსენიებული ბიზნესმენი ვახტანგ წერეთელი გამოკითხვაზე არც კი დაუბარებიათ.

ტელეკომპანია „პირველის“ 100%-იანი წილის მფლობელი საქმის აღძვრიდან ერთი წლის შემდეგ, 8 აგვისტოს გამოკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით.

მართალია, „ფულის გათეთრების“ საქმე მის სხვა კომპანიებს - „სამგორი M”-სა და „სამგორი თრეიდს“ შეეხება, მაგრამ ვახტანგ წერეთელი დარწმუნებულია, რომ პროცესის მთავარი სამიზნე სწორედ ტელეკომპანია „პირველია“. გამოკითხვის შემდეგ მან თქვა, რომ:

  • 11 წლის წინანდელი ისეთი საქმის გაცოცხლება, რომელსაც არც დაზარალებული ჰყავს და არც მომჩივანი, სერიოზულ ეჭვებს აღძრავს;
  • ტელევიზიაზე იყო კონკრეტული შემოტევები და ყველა ეჭვიც ამიტომ სწორედ ტელევიზიას უკავშირდება;
  • პროკურატურა გეგმავს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მის მამაზე, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელზე და სწორედ ამ გზით მოხდება მასზე მანიპულირება.

„ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ ! ყველას ვერ დააშინებთ”, - დაწერა ვახტანგ წერეთელმა ფეისბუკში 6 აგვისტოს, პროკურატურაში დაბარების შეტყობინების მიღების შემდეგ.

ტელეკომპანია „პირველი“ ფიგურირებდა მუქარის წერილის იმ ვარიანტში, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა. საუბარია წერილზე, რომელიც, მამუკა ხაზარაძის მიერ 4 მარტს პარლამენტში გაკეთებული განცხადებების თანახმად, მან შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ.

ამ ფაქტს ვახტანგ წერეთელი მაშინ ფეისბუკსტატუსით გამოეხმაურა და დაწერა:

  • „გამოქვეყნებული წერილის შინაარსი "ტვ პირველის" მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი“;
  • „რადგან 11 წლის წინანდელ საქმეში, რომლითაც ხაზარაძეს დაუპირისპირდნენ, ჩემი კომპანიები და ინიციალებიც ფიგურირებს, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო შეიძლება, მოეთხოვათ ხაზარაძისთვის გადმოეცა ჩვენთვის გზავნილი "ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით“;
  • „ტვ პირველი მხოლოდ საკუთარი შემოსავლით არსებობს და ეს შემოსავალი არის გამჭვირვალე“.

11 წლის წინანდელ ტრანზაქციებთან დაკავშირებით ვახტანგ წერეთლის გამოკითხვაზე დაბარებას ასევე „TV პირველს“ უკავშირებს ტელეკომპანიის წამყვანი ინგა გრიგოლია. თბილისის საქალაქო სასამართლოში ის ვახტანგ წერეთელთან ერთად მივიდა.

„მას მერე, რაც ხელისუფლებამ ჯიბეში ჩაიდო „რუსთავი 2“ , იფიქრეს, რომ ბარემ აგვისტოა და ბარემ „TV პირველიც“ მივაყოლოთო“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ. ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ცდილობს ტელეკომპანიის გაჩერებას, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება - „მე მინდა ვუთხრა ყველას, ვერ გააჩერებთ. ეს არის ტელეკომპანია, რომელიც შევქმენით ჩვენი საკუთარი ხელებით“.

ეჭვები აქვს მესამე სექტორსაც. მაგალითად, EMC-ის წარმომადგენელმა, სოფო ვერძეულმა განაცხადა, რომ „TBC ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით არსებობს მრავალი კითხვა და ყურადღება საგანგებოდ უნდა გამახვილდეს იმ ჭრილში, როდესაც საქმე ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობას შეეხება.

ვახტანგ წერეთლის გამოკითხვაზე დაბარებაში საოცარს ვერაფერს ხედავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. პარტიაში აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

„ამ ბოლო დროს მოდად იქცა, რომ თუკი პირს გამოკითხვაზე იბარებენ, ყველა აპელირებს, რომ თითქოს ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით მიდგომას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა.

გამოძიება და ანაკლიის პორტი

თავიდანვე, როდესაც ცნობილი გახდა „TBC ბანკის“ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ, ეს პროცესი მამუკა ხაზარაძემ სწორედ ანაკლიის პორტის მშენებლობას დაუკავშირა. ბრალის წაყენების შემდეგ კი, განცხადებები კიდევ უფრო მკვეთრი გახდა და საქმე იქამდეც მივიდა, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე საერთოდ ჩამოშორდნენ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად წარდგენილია სამი კანდიდატი: მაიკლ ქაუგილი - საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, თედ ჯონასი - საერთაშორისო იურიდიული ფირმის, „Dentons“-ის უფროსი მრჩეველი და ჟან-პატრიკ ვუაზა - „Concorde Capital“-ის პრეზიდენტი .

ხმაურიან სასამართლო პროცესებს და ვახტანგ წერეთლის პროკურატურაში დაბარებასაც, პირველ რიგში, სწორედ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დისკრედიტაციის მცდელობებს უკავშირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას:

  • ხელისუფლებას სურდა, რომ ანაკლიის პროექტზე აღედგინა კონტროლი შემდგომი პოლიტიკური ვაჭრობისთვის;
  • მიიყვანდნენ ბოლო ვადამდე ამ პროცესს და მერე კონსორციუმს ეტყოდნენ - საინვესტიციო ვალდებულებებს ვერ ასრულებო - ასე ჩამოიშორებდნენ;
  • რადგან ხაზარაძემ კონსორციუმი პრაქტიკულად ამერიკულ მხარეს გადასცა, დისკრედიტაციის ამოცანა ვეღარ ამართლებს და ახლა ფორსირებულად დაიწყეს „ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა“;
  • იმის დემონსტრირებისთვის, რომ „ფულის გათეთრების“ საქმე მხოლოდ სამართლებრივ ჭრილშია, ვახტანგ წერეთელიც დაიბარეს პროკურატურაში.

„სამწუხაროდ ხელისუფლებამ აირჩია კუნთების თამაშის მეთოდი, რადგან სხვა გამოსავალი არა აქვს - ის პოზიტიურ დღისწესრიგს ვერ ქმნის“, - ამბობს გია ხუხაშვილი.

მამუკა ხაზარაძისთვის ბრალის წაყენებისას ბევრს გაახსენდა ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე დაანონსებული ინიციატივა საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ. თუკი მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლო პროცესის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას გავითვალისწინებთ, ეს მოძრაობა პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაერთვება. გვარის დასახელების გარეშე, ხაზარაძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის შექმნილი სისტემა დაინგრევა:

„დღეს ჩვენ პრაქტიკულად ვართ სიტუაციაში, სადაც ერთი პირი მართავს ქვეყანას ინსტიტუციების გარეშე. ის არის ამ ქვეყნის დირიჟორი, რომელსაც ჰყავს ძალიან ცუდი შემსრულებლები. მე გპირდებით, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. ამ ბრძოლას გავაგრძელებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ეს ქვეყანა და ჭაობი შეიცვალოს. მე გარანტიას გაძლევთ, ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე და ისინი სახლში წავლენ“.

მამუკა ხაზარაძემ ამ კომენტარით პრაქტიკულად დაადასტურა, რომ მისი ვარაუდი ემთხვევა საზოგადოებაში გავრცელებულ ვარაუდს - 11 წლის წინანდელი საქმის გახსენება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. ამასთან, ხაზარაძემ ისიც თქვა, რომ მთავრობა ღიად ებრძვის ანაკლიის პროექტს.

ანაკლიის პორტის ჭრილში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორია გამოკვეთილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ერთ-ერთ ანგარიშშიც:

  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ პორტის აშენების ტენდერში 2016 წელს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის დროს გაიმარჯვა;
  • 2018 წლის ზაფხულში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა, მან პრემიერ-მინისტრი გადააყენა და მწვავედაც გააკრიტიკა;
  • ივანიშვილმა ასევე მკვეთრად ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია „თიბისი ბანკი“, ხოლო მამუკა ხაზარაძეს უმადურობაში დასდო ბრალი.

"საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" თანადამფუძნებელი თეონა აქუბარდია ჭკვიანურ და მართებულ სვლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძემ „ანაკლიის კონსორციუმის“ მართვის სადავეები ამერიკულ მხარეს გადასცეს.

„ახლა უკვე ხელისუფლება ამერიკული მხარის პირისპირ აღმოჩნდა და მას უნდა დაელაპარაკოს ანაკლიის პორტზე. ჯერ მხოლოდ სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადების სახითაც ვნახეთ, თუ როგორ უჭერს მხარს ამერიკის შეერთებული შტატები ანაკლიის პორტს, რომელსაც ის განიხილავს ბერკეტად საქართველოში ჩინეთისა და რუსეთის ზეგავლენების წინააღმდეგ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თეონა აქუბარდიამ.

მისი თქმით, მაიკ პომპეოს განცხადებები ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს დაპირისპირება რუსეთისა და ამერიკის ინტერესებს შორის.

ანაკლიის პორტია ნახსენები საქართველოში ამერიკის საელჩოს 25 ივლისის განცხადებაშიც, რომელიც გამოხატულია შეშფოთება ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების კონტექსტთან დაკავშირებით.

„მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და რომელსაც აქვს პოტენციალი ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას“ - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ხელისუფლება ძალიან ხშირად აცხადებს, რომ საქართველოში აუცილებლად აშენდება „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ანაკლიის პორტი, მაგრამ, პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აკრიტიკებენ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო და პარალელურად, ექსპერტების აზრით, ჭიანურდება მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების პროცესიც. კრიტიკას არ იზიარებს თავად კონსორციუმი.

არაერთი სხვა ექსპერტის მსგავსად, თეონა აქუბარდიაც ფიქრობს, რომ თუკი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ღრმაწყლოვანი პორტის აშენების პროცესს ჩამოშორდება, ეს იქნება საქართველოში რუსეთის ინტერესების გამარჯვება.

რას იძიებს პროკურატურა?

ხმაურიანი პროცესები უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე პროკურატურის მიერ 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარდა, „ფულის გათეთრების“ საქმეში ფიგურირებს ვახტანგ წერეთლის კომპანიებიც. ლაპარაკია მისი მამის, ავთანდილ წერეთლის ბიზნესჯგუფში შემავალ კომპანიებზე:

პროკურატურის თანახმად,

  • 2008 წლის აპრილსა და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა თიბისი ბანკისგან“ სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი (თითქოსდა საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით);
  • სესხის აღების დღესვე ეს თანხა სრულად დაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე;
  • 2008 წლის ბოლოს თიბისი ბანკმა აღნიშნული სესხები საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა;
  • 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.

საქმეს, რომლის ფარგლებშიც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ. სს კოდექსის 194-ე მუხლით მიმდინარე გამოძიება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ადვოკატი ზვიად კორძაძე „ფულის გათეთრების“ ბრალდებას აბსურდთან და იურიდიული ცოდნის ნაკლებობასთან აკავშირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG