Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგუმენტები სმითების მკვლელობის საქმეში


სმითების ფოტოები
სმითების ფოტოები

მალხაზ კობაურის ადვოკატები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით, ამტკიცებენ, რომ არ დასტურდება გამოძიების ვერსია, რომლის მიხედვითაც, მალხაზ კობაურმა ჯერ მოკლა რაიან სმითი, შემდეგ ერთი, ე. წ. საკონტროლო, გასროლით სიცოცხლეს გამოასალმა 4 წლის კეილებ სმითი და, გაუპატიურების შემდეგ, დაახრჩო ლორა სმითი.

„გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია!“

მალხაზ კობაურის ადვოკატის ვასილ მამულაშვილის თქმით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ არანაირი სახის მექანიკური დაზიანება ლორა სმითს ანალურ ხვრელში არ აღენიშნება, რაც, მაღალი ალბათობით, გამორიცხავს ამ გზით სქესობრივი აქტის დამყარების შესაძლებლობას.

„შემთხვევათა 95-97 პროცენტში ვლინდება დაზიანებების კვალი, რაც გამოიხატება ნასკდომებითა და სისხლჩაქცევებით. თეორიულად შესაძელებელია, რომ ასეთმა კავშირმა არ გამოიწვიოს დაზიანება, მაგრამ ასეთი შანსი მინიმალურია. ამასთან, ლორა სმითის შემთხვევაში არსებობდა გარემოება, რომელიც ამ თეორიულ შანსსაც გამორიცხავს. ლორა სმითს უკანა ტანის მიდამოში აღმოჩნდა მორუხო ფერის ციანოზური კვანძი, რომელზეც ზემოქმედების შედეგად იზრდება დაზიანების რისკი. სქესობრივი აქტის დამყარების შემთხვევაში, ეს კვანძი აუცილებლად დაზიანდებოდა. ამას ვამბობთ მას შემდეგ, რაც გავიარეთ კონსულტაციები სპეციალისტებთან“, - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

თუმცა კობაურის ადვოკატების პასუხად შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დაცვის მხარე, ტაქტიკიდან გამომდინარე, ექსპერტიზის პასუხების არასწორი ინტერპრეტაციით სპეკულირებს.

„საქმეზე ჩატარებული ბიოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ გარდაცვლილი ლორა სმითის სხეულში აღმოჩენილი სპერმის კვალი ეკუთვნის მალხაზ კობაურს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რადიო თავისუფლებას შს სამინისტრომ მიაწოდა.

რაც შეეხება ლორა სმითის გარდაცვალების მიზეზს, მალხაზ კობაურის ადვოკატი იშველიებს სასამართლო-სამედიცინო დასკვნას და ამბობს:

„პირდაპირ აღნიშნულია, რომ სიკვდილი დადგა ასფიქციის, დახრჩობის შედეგად, თუმცა ეს გამოძიებისა და ბრალდების კუთხით არაფერს ახალს არ გვეუბნება. ლორა სმითს ასევე აქვს რამდენიმე მსუბუქი სახის დაზიანება, რომელიც უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ არის დამდგარ შედეგთან“.

ბავშვის მკვლელობა - ერთი თუ ოთხი გასროლით?

მალხაზ კობაურის ადვოკატები, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასვნის მოშველიებით, ამტკიცებენ, რომ კეილებ სმითს ესროლეს ოთხჯერ და არა ერთხელ, როგორც გამოძიების ძირითად ვერსიაში იყო წარმოჩენილი.

„ერთი ე. წ. საკონტროლო გასროლაა, მიბჯენით. ასევე გააჩნია დაზიანებები მხრის, იდაყვისა და ფეხის სახსრის არეში. თავიდან საუბარი იყო ერთ, საკონტროლო, გასროლაზე. ჩემი აზრით, ეს გასროლები გაკეთებულია სხვადასხვა ტრაექტორიით: მაგალითად, მხრის არეში მოხვედრილია უკნიდან, ფეხის სახსრის არეში კი - წინიდან“, - ამბობს ვასილ მამულაშვილი.

მალხაზ კობაურის კიდევ ერთი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძეც ამბობს, რომ არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც კობაურმა საგამოძიებო ორგანოებს პირველ დღეებში აღუწერა.

გამოძიების ვერსიით, მალხაზ კობაურმა 4 წლის ბავშვს ორლულიანი სანადირო თოფიდან ორჯერ ესროლა: ერთხელ საშუალო (არა ახლო) მანძილიდან, რომლის შედეგად დაზიანებები მიიღო მარჯვენა მხარისა და მარჯვენა ბარძაყის არეში საფანტის ჭურვებით, ხოლო მეორე, მიბჯენით, - თავის არეში.
შსს

„ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ჩვენება არ არის რელევანტური და არ არის თანმიმდევრული. სამედიცინო ექსპერტიზა გეუბნება, რომ ბავშვი არის არა ერთი ტყვიით, არამედ, სულ ცოტა, სამი ტყვიით მოკლული. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიება სხვა კუთხით უნდა მუშაობდეს. როცა გამოძიება საუბრობს, რომ ლორა სმითი ჯერ გააუპატიურა კობაურმა და შემდეგ გაგუდა, ეს ვერსიაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ძალადობის კვალი არ აღენიშნება. კობაურის ბრალეულობა აბსოლუტურად გამორიცხულია. შესაბამისად, ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ აღნიშნული მიმართულებით გამოძიება გაჩერდეს“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ, რომელიც დღე-დღეზე ელოდება კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას. ადვოკატის თქმით, ამ დასკვნამ ნათელი უნდა მოჰფინოს საკითხს, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს რაიმე სახის ფიზიკური შემხებლობა მოკლულ სმითებთან.

ალექსანდრე კობაიძე არ გამორცხავს, რომ 26 ოქტომბერს, წინასასამართლო სხდომაზე, სადაც განიხილება მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე საქმის არსებითი განხილვის შესაძლებლობა, მოსამართლემ შეწყვიტოს კობაურის სისხლისსამართლებრივი დევნა, თუმცა მოვლენების ამგვარ განვითარებას გამორიცხავს შს სამინისტრო, რომლის მიხედვითაც, ხადის ხეობაში მოკლული სმითების ოჯახის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატების განცხადება, თითქოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხები წინააღმდეგობაში მოდის გამოძიების ვერსიასთან, სიცრუეა და საზოგადოებაში სმითების ოჯახის მკვლელობის შესახებ არასწორი ვერსიების გავრცელებას ემსახურება.

მარნეულში მცხოვრები ორმაგი მოქალაქეობის მქონე ამერიკელი ცოლ-ქმრის, რაიან და ლორა სმითებისა და მათი 4 წლის შვილის ცხედრები ხადის ხეობაში 2018 წლის 6, 7 და 8 ივლისს აღმოაჩინეს. მკვლელობის ბრალდებით 9 ივლისს დააკავეს 20 წლის მწყემსი მალხაზ კობაური.

„გამოძიების ვერსიით, მალხაზ კობაურმა 4 წლის ბავშვს ორლულიანი სანადირო თოფიდან ორჯერ ესროლა: ერთხელ საშუალო (არა ახლო) მანძილიდან, რომლის შედეგად დაზიანებები მიიღო მარჯვენა მხარისა და მარჯვენა ბარძაყის არეში საფანტის ჭურვებით, ხოლო მეორე, მიბჯენით, - თავის არეში. გამოძიებას აქვს ბიოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, სანადირო თოფზე აღმოჩნდა როგორც ქელებ სმითის, ასევე მალხაზ კობაურის გენეტიკური პროფილები (დნმ). შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია იდენტური ზომის საფანტის ჭურვები, რაც აღმოჩენილია გარდაცვლილი ბავშვის სხეულში. ექსპერტიზის დასკვნა შეესაბამება გამოძიების ვერსიას. ბრალდებულის ადვოკატების მტკიცება, თითქოს ბავშვის მიმართ 3-4 გასროლა განხორციელდა, მორიგი სიცრუეა”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რადიო თავისუფლებას შს სამინისტრომ მიაწოდა.

მალხაზ კობაურის ადვოკატები უკამაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამოც, რომ დღემდე ვერ მოხერხდა რაიან სმითის მობილური ტელეფონისა და პერსონალური კომპიუტერის გახსნა და გამოკვლევა. ადვოკატები საქმეში უცხოელი სპეციალისტების ჩართვას მოითხოვენ.

მარნეულში მცხოვრები ორმაგი მოქალაქეობის მქონე ამერიკელი ცოლ-ქმრის, რაიან და ლორა სმითებისა და მათი 4 წლის შვილის ცხედრები ხადის ხეობაში 2018 წლის 6, 7 და 8 ივლისს აღმოაჩინეს. მკვლელობის ბრალდებით 9 ივლისს დააკავეს 20 წლის მწყემსი მალხაზ კობაური.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG