Accessibility links

არჩევნების არითმეტიკა: რას და რატომ ინაწილებს ოპოზიცია?


ოპოზიციურ ერთობასთან დაკავშირებული ეჭვები გარკვეულწილად გააქრო „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებამ - თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსის დათმობასთან დაკავშირებით. თუმცა გასარკვევი და გადასაწყვეტი ჯერ ისევ ბევრია. ამ ეტაპის ყველაზე აქტუალურია საკითხია - როგორ და რის მიხედვით გადანაწილებს ოპოზიციური ერთობა დეპუტატობის კანდიდატებს დარჩენილ ექვს მაჟორიტარულ ოლქში? უნდა შეთანხმდეს გეგმა ასევე რეგიონებთან დაკავშირებითაც, რადგან ურთიერთგანსხვავებული მოსაზრებები იჩენს თავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 4 ივნისს გახმაურებულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა განცდა, რომ ოპოზიციურ ერთობაში დაპირისპირებაა. ეს განცდა გააჩინა ერთობაში შემავალი პარტიების წუხილმა და ეჭვებმა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა ოპოზიციური ერთობის შეთანხმებაზე - ყოფილიყო მაქსიმალური კოორდინაცია მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით. თუკი სხვები ზოგად განცხადებებს აკეთებდნენ, პირდაპირი და კონკრეტული იყო „ევროპული საქართველო“.

„ნაციონალური მოძრაობა“ გაკვირვებას გამოხატავს - ასეთი უსაფუძვლო აღქმა საიდან მოვიდაო. „ევროპული საქართველო“ კი პასუხობს, რომ აღქმა გააჩინა „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული წევრების განცხადებებმა არა პირველ, არამედ მეორე ტურში შეთანხმებასთან დაკავშირებით.

ასეა თუ ისე, ახლა ყველაფერი შედარებით დალაგდა - „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება „ევროპულ საქართველოშიც“ მოიწონეს. გიგი უგულავას მადლობა დაიმსახურა პირადად ნიკა მელიამაც.

„აუცილებელია კოორდინაცია ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის, მაქსიმალური თანამშრომლობა იმისათვის, რომ ოპოზიციური ხმები არ გაიყოს და პირველივე ტურში დაფიქსირდეს ძალიან ბევრი ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება იმისთვის, რომ მეორე ტურში ივანიშვილს მანიპულაციებისა და მამაძაღლობის სურვილიც კი გაუქრეს.

ამ მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი არის მისასალმებელი. მე მინდა პირადად ნიკა მელიასაც მადლობა ვუთხრა. ის ერთ-ერთი მედროშე იყო თავიდანვე ერთიანი მაჟორიტარული წარდგინებისა“, - აცხადებს გიგი უგულავა.

8 მარტს შეთანხმებული ახალი საარჩევნო სისტემით, მომავალ პარლამენტში, 150 დეპუტატიდან 120-ს აირჩევენ პროპორციული წესით (პარტიის ან ბლოკის სიიდან), ხოლო 30 დეპუტატის არჩევა მაჟორიტარული წესით მოხდება. აქედან 8 - თბილისის სათვალავზე მოდის.

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილების თანახმად, პარტია გლდანისა და სამგორის მაჟორიტარული ოლქების გარდა, მომავალ არჩევნებში თავის კანდიდატურას დედაქალაქის არცერთ სხვა მაჟორიტარულ ოლქში აღარ წამოაყენებს.

რატომ გლდანი და სამგორი?

გადაწყვეტილების გამოცხადებისას ეს არ დაუკონკრეტებია „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა ყველაფერი იოლად მისახვედრია, თუკი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურის შედეგებს გადავხედავთ. ამ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, თბილისის მასშტაბით ყველაზე მეტი ხმა სწორედ ამ ოლქებში მიიღო:

  • პირველი ტური: გლდანი - 23974 (40.23%), სამგორი - 23826 (41.95%);
  • მეორე ტურში: გლდანი - 31764 (43.26%), სამგორი - 31241 (43.59%).

ჯერჯერობით უცნობია, რას გააკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ იმ შემთხვევაში, თუკი თბილისის მასშტაბით დარჩენილი ექვსი ოლქისთვის ოპოზიციურმა ერთობამ მისთვის მისაღები, ძლიერი კანდიდატები არ წამოაყენა.

თუმცა ოპოზიციური ერთობის ცალკეული პარტიების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მათ მიზანს სწორედ გამარჯვების დიდი შანსის მქონე, ძლიერი კანდიდატების შერჩევა წარმოადგენს.

სხვა დათმობები და ვარაუდები

5 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თბილისში კანდიდატურების წამოყენებას აღარ აპირებს „გირჩი“. არადა, ამ პოლიტიკური ძალის ლიდერი - ზურაბ ჯაფარიძე ვაკის მაჟორიტარობას გეგმავდა.

პარტია საპარლამენტო არჩევნებზე მხოლოდ პროპორციული სიით გავა და მაჟორიტარულ სარბიელს სხვებს დაუთმობს.

პარასკევს ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით დაუჭერს მხარს, მაგალითად, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, თუკი ის ვაკის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. ხოლო ის, ვისაც „გირჩის“ ამომრჩეველი არასოდეს დაუჭერს მხარს, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძეა.

„​მნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებად ისეთი ადამიანები დასახელდნენ, ვისაც მეტი შანსი აქვს, მიიღოს სხვადასხვა ტიპის ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ხმები“, - ასე ფიქრობს „გირჩის“ ლიდერი.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, დავით ბერძენიშვილის შეფასებით კი, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილების შემდეგ, თბილისში კონკურენტუნარიან ოპოზიციონერ მაჟორიტარებზე შეთანხმების საუკეთესო პირობები შეიქმნა“. ფორმულა 8 ადგილის ასეთ გადანაწილებას გულისხმობს:

  • „ნაციონალური მოძრაობა“ - 2;
  • ლელო“ - 2;
  • „ევროპული საქართველო“ - 2;
  • ალეკო ელისაშვილი („სამოქალაქო მოძრაობა“) - 1;
  • შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტია“) - 1.

დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ეს ფორმულა მას არავისთან შეუთანხმებია, არც ის იცის - რა რეაქციებს გამოიწვევს და მოჰყვება თუ არა ვინმეს განაწყენება. ჯერჯერობით უცნობია, იქნებიან თუ არა განაწყენებულთა შორის, მაგალითად, გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“ და ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო“.

„ლელოზე“ არავინ არის გაბრაზებული, რადგან ახლად შექმნილი პოლიტიკური ძალა თავიდანვე აცხადებდა - კანდიდატურებს 30-ივე მაჟორიტარულ ოლქში წამოვაყენებო. „ლელო“ კვლავაც კოორდინაციის რეჟიმში რჩება და არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ ოლქებთან დაკავშირებით შეთანხმებულ პოზიციას დაუჭიროს მხარი.

ოპოზიციის წარმომადგენლები მუდმივად განმარტავენ, რომ მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებული შეთანხმება და ადგილების დანაწილება ინდივიდუალური ინტერესებით არ არის ნაკარნახევი და რომ ხელისუფლების დამარცხება მხოლოდ ასეთ ერთიან, კოორდინირებულ შეთანხმებას შეუძლია.

„პარტიები რომ თანხმდებიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი ამომრჩევლებიც თანხმდებიან... რამდენიმე პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, თუკი ის თავისთავად ძალიან ძლიერი არ არის, შეიძლება პირიქით, ხმების დაკარგვაც კი გამოიწვიოს... ამიტომ ოპოზიციას საფრთხილოდ აქვს ამ მხრივ საქმე. ხშირად ვყოფილვართ ამ მდგომარეობაში და უბრალოდ ვიცი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ირაკლი მელაშვილი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, რომელიც სხვადასხვა დროს ხანგრძლივად იყო ჩართული პოლიტიკაში.​

რა იქნება რეგიონებში?

თუკი დედაქალაქთან მიმართებით გარკვეული კონტურები უკვე გამოიკვეთა, შეთანხმების პერსპექტივა სრულიად ბუნდოვანია რეგიონების შემთხვევაში.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა 4 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, პარტია უკვე საარჩევნო კამპანიას იწყებს - დედაქალაქთან დაკავშირებულ კონსულტაციებს ეთიშება, ხოლო რეგიონების ფარგლებში - კონსულტაციები შესაძლებელი იქნება მხოლოდ ძლიერი კანდიდატის შემთხვევაში:

  • „ამიერიდან „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ მონაწილეობს თბილისის გარშემო კონსულტაციებში და იწყებს საარჩევნო კამპანიას გლდანისა და სამგორის რაიონებში“;
  • „როდესაც დავრწმუნდებით, რომ ძლიერი ოპოზიციური კანდიდატი იქნება წარმოდგენილი რეგიონებში, ასეთ შემთხვევაში - მზად ვართ გამოვიჩინოთ ეროვნული ინტერესი. ეს ინტერესი არის ერთიანობა“.

„ევროპული საქართველო“ კვლავაც მომხრეა, რომ დედაქალაქის გარდა, ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება პირველივე ტურში შედგეს ასევე საქართველოს დიდი ქალაქების მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებითაც. ასეთივეა „ლეიბორისტული პარტიის“ პოზიცია.

ასე არ ფიქრობს, მაგალითად, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, დავით ბერძენიშვილი. მისი თქმით, მეორე ტურში გაერთიანება უფრო ადეკვატური გადაწყვეტილება იქნება. პირველ ტურში შეთანხმებასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია არც „ერთიანი საქართველოს“ ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს აქვს.

30 თუ 73 მაჟორიტარი?

ამასობაში, ჯერ ზუსტად არავინ იცის, დამტკიცდება თუ არა პარლამენტში ის ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეათანხმეს.

სწორედ ამაზეა დამოკიდებული, როგორი თანაფარდობით ჩატარდება არჩევნები და ასარჩევი იქნება 30 მაჟორიტარი თუ ისევ 73, როგორც ეს ახლაა.

სადავოდ რჩება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ასევე 8 მარტს გაფორმებული ერთობლივი განცხადება - მართლმსაჯულების პოლიტიზებასთან დაკავშირებით.

„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ამ საკითხის გამო რჩებიან ბოიკოტის რეჟიმში და არ აპირებენ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას - თუკი ხელისუფლება ბოლომდე არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას და არ გაათავისუფლებს გიორგი რურუას. ხელისუფლება აცხადებს, რომ ასეთი დაპირება მას არ გაუცია და ვერც სასამართლოზე მოახდენს ზეგავლენას.

წესით, პარლამენტში უნდა მოხერხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად საჭირო 113 ხმის მოგროვება. თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ უმრავლესობის აბსოლუტურად ყველა წევრმა (93 დეპუტატი) დაუჭიროს საკითხს მხარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG