Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები ძველი მოწმობებით - პარლამენტარი ითხოვს აღადგინონ „ქაღალდის პირადობებით“ ხმის მიცემა


არჩევნების დღე, 2021 წელი.
არჩევნების დღე, 2021 წელი.

„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ფრიდონ ინჯია ითხოვს, მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა ამომრჩევლებმა არაელექტრონული პირადობის მოწმობებით ე.წ. ლამინირებული პირადობითაც შეძლონ. არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ამ ცვლილებაში გაყალბების საფრთხეს ხედავენ.

ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სულ მცირე, ამომრჩევლის 70-მა პროცენტმა ხმა ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა მისცეს. ამომრჩეველს პოზიციის დასაფიქსირებლად აუცილებლად სჭირდება ელექტრონილი პირადობის მოწმობა ან ე.წ. უცხოეთის პასპორტი. სხვაგვარად ის კენჭისყრაში ვერ ჩაერთვება.

პარლამენტარი ფრიდონ ინჯია საკანონმდებლო ორგანოს სთხოვს, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცენ მათაც, ვისაც ძველი პირადობის მოწმობები აქვთ.

ინჯიას მიერ ინიციირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ თუ კანონში ცვლილება არ შევიდა, მომავალ წელს საქართველოს ასიათასობით მოქალაქის კონსტიტუციური უფლება დაირღვევა:

„…საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც აქვთ ელექტრონული პირადობის მოწმობები… აღნიშნული კი, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ათიათასობით პირს შეეზღუდება კონსტიტუციური უფლება, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია“.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) პირადობის მოწმობას 400 000-მდე მოქალაქე ფლობდა. სავარაუდოდ, ეს რიცხვი შემცირებულია, თუმცა ძნელი სათქმელია - რამდენით.

მაგალითად, პარტია „საქართველოს“ ხელმძღვანელმა გიორგი ლილუაშვილმა არჩევნების შესახებ გამართულ კონფერენციაზე თქვა, რომ მასაც დღემდე ძველი პირადობის მოწმობა აქვს:

„მეც ძველი პირადობის მოწმობა მაქვს და არ ვაპირებ შეცვლას. თუ ამიკრძალავთ ამ პირადობის მოწმობით არჩევნებში მონაწილეობას, ეს იქნება ანტიკონსტიტუციური ქმედება“, - თქვა ლილუაშვილმა და ისიც დაამატა, რომ მოქალაქეების ნაწილისთვის „ჩიპიანი“ პირადობის მოწმობების აღება პრინციპულად მიუღებელია.

„თავის დროზე ვენეციის კომისიას ჰქონდა შენიშვნა ამ საკითხზე. ისინი ამბობდნენ, რომ არცერთი ამომრჩეველი არ უნდა დარჩეს ხმის უფლების გარეშე. ზოგადად, პრობლემური საკითხია. არ ვიცი, უნდა ვიმსჯელოთ“, - თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამ ინიციატივის შეფასებისას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საარჩევნო პროექტის კოორდინატორი გიგი ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ძველი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემა არჩევნების სანდოობას მკვეთრად შეამცირებს.

„ლამინირებული პირადობის მოწმობები რომ ნაკლებად დაცულია, ცხადია. იუსტიციის სამინისტრომ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ ყველამ მიიღოს უფასო ელექტრონული პირადობის მოწმობა. ასეთი აქციები ისედაც ყოველთვის არის ხოლმე წინასაარჩევნოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ იქნებიან ადამიანები, ვისაც არა აქვთ ახალი პირადობის მოწმობა და იქნებიან პოლიტიკოსებიც, რომლებიც ეცდებიან გაახანგრძლივონ ამ მორალურად და ყველანაირად მოძველებული მოწმობით ხმის მიცემის შესაძლებლობა“, - ამბობს გიგი ჩიხლაძე.

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ ელექტრონული არც ე.წ. უცხოეთის პასპორტია. საარჩევნო უბანში „უცხოეთის პასპორტის“ მონაცემები ვერიფიკაციის აპარატში „ჩამოსმით“ ვერ მოხვდება, ხელით უნდა შეიყვანონ. იგივე მოხდება „ლამინირებული“ პირადობის მოწმობით მოსული ამომრჩევლების შემთხვევაშიც, თუ პარლამენტი ცვლილებას დასთანხმდება.

„თუ მიიღეს ეს ინიციატივა, მთელი რიგი საკანონმდებლო ბერკეტებია იმისთვის, რომ არჩევანი უზრუნველყოფილი იყოს: მარკირება, კომისიის 17 წევრი, დამკვირვებლები, მედია…“ - აცხადებს კალანდარიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გვანცა გუგავა ამბობს, რომ „უცხოეთის პასპორტისა“ და „ლამინირებულის“ შედარება არ შეიძლება, რადგან „ლამინირებულს“ გაცილებით ნაკლები დამცავი მექანიზმი აქვს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საზღვარგარეთ წასული ადამიანების დიდ ნაწილს შესაძლოა სწორედ ეს ძველი მოწმობა ჰქონდეს, მათი მონაცემები არის საარჩევნო სიებში. მათი სახელებით შეიძლება ყალბი პირადობის მოწმობები დაიბეჭდოს და ამ პირადობებით სხვა ხალხი მოვიდეს უბანზე. მით უფრო, რომ ადრე უბანზე რეგისტრატორები წილისყრით ირჩეოდა, ახლა კი მათ საოლქო საარჩევნო კომისიები ირჩევენ. ყველა საერთაშორისო დასკვნა იმეორებს იმას, რომ ადმინისტრაციის წევრებსა და მმართველ პარტიას შორის უკვე გამყოფი ხაზი აღარ არსებობს“, - ამბობს გუგავა.

რადგანაც 2000-იან წლებში 45 წლის და მეტი ასაკის ადამიანებს შეეძლოთ, „უვადო“ ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები აეღოთ, დღეს ეს პირადობის მოწმობები ყველაზე მეტად უფროსი ასაკის ადამიანებს აქვს.

2023 წელს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ მხარს სწორედ 55 პლუს ასაკის მოსახლეობა უჭერს. კითხვაზე: „რომელი პოლიტიკური პარტია დგას თქვენს შეხედულებასთან ყველაზე ახლოს?“, პასუხები ასე გადანაწილდა: 18-34 წლის ასაკის მოსახლეობიდან მხოლოდ 8%-მა აირჩია „ქართული ოცნება“. 35-54 ასაკის მოსახლეობიდან - 17%-მა, 55 წლის ზევით კი - 25%-მა.

იაგო კაჭკაჭიშვილი
იაგო კაჭკაჭიშვილი

„ყველა კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უფრო მეტად უფროს თაობაში არიან. ცხადია, ხელისუფლება ცდილობს, მისი მომხრე არც ერთი ამომრჩევლის ხმა არ დაკარგოს. ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათთვისაც წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფი სწორედ მოხუცები არიან. ახალგაზრდების გულის მოგებას ნაკლებად ახერხებენ, უფროსი თაობის მოთაფვლა კი გაცილებით ადვილია, თუნდაც პენსიის მომატებით, - ამბობს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, - მაგრამ მაინც მგონია, რომ ამ შემთხვევაში მთავარი მაინც ის არის, რომ ძველი პირადობების დაბეჭდვა კუსტარულად ძალიან იოლია. ისინი შესაძლოა უამრავი დაიბეჭდოს, მათ შორის იმათ სახელზეც, ვინც უკვე გარდაცვლილია, მით უფრო, რომ ეს პირადობები სწორედ უფროსი თაობის წარმომადგენლებს აქვთ“.

თითქმის იმავეს ამბობს ლევან ნატროშვილი, „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის მოადგილე:

„ნამდვილად არსებობს [პირადობის მოწმობების გაყალბების] საფრთხე. რამდენჯერმე გვქონდა მსგავსი შემთხვევა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ დიდი რაოდენობით ყალბი პირადობის მოწმობები (არაელექტრონული) აღმოაჩინეს, რომლებიც სავარაუდოდ არჩევნებზე გამოიყენეს“, - ის იხსენებს 2018 წლის შემთხვევას, როდესაც პირადობის მოწმობებით გაყალბების შესახებ ინფორმაციაზე პროკურატურამ საქმეც კი აღძრა.

„აი, ასეთი გამოცდილება გვაქვს და ობიექტურადაც რომ შევაფასოთ, რისკები იგივე რჩება, რადგან კვლავ ერთი პარტიის ხელშია სახელმწიფო უწყებები, მათ შორის ისინიც, რომლებიც დოკუმენტების დამზადებასა და არჩევნების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი“, - ამბობს ლევან ნატროშვილი.

ამომრჩევლებს, ვისაც ელექტრონული მოწმობები არ აუღიათ, საკმარისი დრო აქვთ მათ შესაცვლელად, საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში იმართება.

გარდა აქციებისა, რომლებსაც ჩვეულებრივ წინასაარჩევნოდ აწყობენ და რომელიც ელექტრონული მოწმობების უფასოდ გაცემას ითვალისწინებს, მოქალაქეებს პირადობის მოწმობის აღება მინიმუმ 60 ლარად შეუძლიათ (ათი სამუშაო დღის განმავლობაში).

შეღავათით სარგებლობენ ან საფასურის გადახდისაგან სრულად თავისუფლდებიან:

  • სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001-ს
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები - სრულად; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები
  • პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით
  • სტუდენტები და შშმ პირები რიგ შემთხვევებში

ინიციატივა ძველი პირადობის მოწმობების შესახებ საპარლამენტო კომიტეტმა უნდა განიხილოს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG