Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები 2020: "ბევრი სიურპრიზი" და ტრადიციული მეთოდები ხმების დასაცავად


„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საერთაშორისო დონეზეც დადო არაერთი პირობა, რომ ყველაფერს გააკეთებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებით ჩასატარებლად. თუმცა ოპოზიციას ეჭვი ეპარება და ამომრჩეველთა ხმების დაცვისთვის ემზადება. რას აპირებენ ოპოზიციური პარტიები? რა მექანიზმები ეგულებათ ამისათვის?

„ბევრი სიურპრიზი გვაქვს ... ასე რომ მოემზადეთ, ბიძიკოებო, სიურპრიზებისთვის“ - ასე მიმართა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებას, 4 ოქტომბერს, „მთავარი არხის“ ეთერით, როცა ის არჩევნების შედეგების შესაძლო გაყალბების აღკვეთაზე ლაპარაკობდა.

ინფორმაციის მაქსიმალური შეგროვების, სათანადო მონიტორინგისა და 5-7 კაციანი მობილური ჯგუფების გარდა, სააკაშვილმა ე.წ. „ფეის-კონტროლის“ სისტემის მომზადებაც ახსენა:

„უკრაინის საუკეთესო IT სპეციალისტები ავიყვანეთ, ამერიკაში მომუშავე და ინგლისში... ვაყენებთ სახის ამომცნობ სისტემას... სახის ამოცნობა ის კი არ არის, რომ... შეიძლება ნიღბებში იყვნენ, სათვალეებში და გრიმით... მაგრამ სხეულის მიხრა-მოხრას იცნობს... არსებობს ამის სისტემები ...ზუსტ პარამეტრებს გამოვაქვეყნებთ 3 დღით ადრე, რომ ამათ ვერ მოასწრონ რაღაც ელემენტების გადაწყობა - ამით კარუსელებს მთლიანად ჩავუკეტავთ და მოვკლავთ“.

ამ საკითხზე სატელევიზიო მეტი არაფერი დაკონკრეტებულა. თუმცა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას:

  • „უკრაინის არჩევნების დროს აპრობირებული სისტემა უკვე მზად არის საქართველოში გამოსაყენებლადაც“;
  • "თუკი ერთი და იგივე ადამიანი მივა ორჯერ საარჩევნო უბანზე, სისტემა მომენტალურად აცნობებს ცენტრალურ სერვერს და მოხდება ამოცნობა-გაკონტროლება“;
  • „კონტრზომები რომ არ იყოს მიღებული, მისი ტექნიკური დეტალების გამჟღავნება არ ხდება ახლა“.

სად იგეგმება ამ სისტემის დაყენება - კენჭისყრის შენობის შიგნით თუ გარეთ? მოითხოვს ის ფოტო თუ უწყვეტ ვიდეოგადაღებას? რამდენად შესაძლებელი იქნება 3650-ზე მეტი საარჩევნო უბნის დაფარვა? ეს შეკითხვები ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება.

ე.წ. „კარუსელი“ ერთი და იმავე პირის მიერ ხმის სხვადასხვა უბანზე მიცემას გულისხმობს. ადგილობრივი მონიტორების შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ასეთი დარღვევების გამოვლენა ხშირი არ იყო.

როგორც საიას ხელმძღვანელმა, სულხან სალაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილი იყო ერთეული შემთხვევა და უძნელდება ლაპარაკი „გაყალბების ამ ფორმის გამოყენების მასშტაბზე".

სალაძემ ზუსტად არ იცის, სახეების ამომცნობ რა სისტემაზეა ლაპარაკი, თუმცა სკეპტიკურად უყურებს ათასობით საარჩევნო უბნიდან სრული ინფორმაციის მიღების ტექნიკურ შესაძლებლობას, შემდეგ დარღვევების დასაბუთებასა და შესაბამისი შედეგის მიღებას.

„მარნეულში გამოვავლინეთ წინა არჩევნებზე ასეთი ფაქტი, რომ ერთმა კონკრეტულმა პირმა ერთსა და იმავე უბანზე მისცა ხმა - გვქონდა მტკიცებულებები საათებისა და წუთების მითითებით... დავწერეთ საჩივარიც, მაგრამ არავის ამაზე პასუხი არ უგია... თუ სადმე დასჭირდებათ, მაინც გააკეთებენ ამას, ყველანაირი კონტროლის მიუხედავად“ - გვეუბნება სულხან სალაძე.

ასევე, სალაძე ფიქრობს, რომ სახის ამომცნობი სისტემისთვის წარმოებული გადაღება შესაძლოა დისკუსიის საგანიც გახდეს - „ამომრჩეველმაც შეიძლება დაიწყოს ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც ზეგავლენას ახდენს მასზე ამ ტიპის გადაღება“.

30-მდე ოპოზიციური პარტია, რომლებიც მანამდე ლეიბორისტული პარტიის ოფისში ხვდებოდნენ ერთმანეთს, 24 აგვისტოს ამომრჩეველთა ხმების ერთობლივად დაცვაზე შეთანხმდა. შეიქმნა ერთობლივი შტაბიც, რომელსაც „ევროპული დემოკრატების“ ლიდერი - პაატა დავითაია ხელმძღვანელობს.

როგორც დავითაიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, შტაბში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და მალე პრეზენტაციასაც გეგმავენ.

  • „ჩვენ გვექნება ერთიანი მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ყველა ინფორმაცია დარღვევების შესახებ და განთავსდება სპეციალურ დიდ მონიტორზე“;
  • "მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკურ საკითხებზე, ველაპარაკებით საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს და გვინდა, რომ მარტივი სისტემა გვქონდეს";
  • "მუდმივი კონტაქტი გვექნება საერთაშორისო პარტნიორებთან და მე როგორც შტაბის ხელმძღვანელს უკვე არაერთი შეხვედრა მქონდა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან";
  • "ინფორმაციას მაქსიმალურ მივაწვდით საერთაშორისო მეთვალყურეებს".

დავითაია გვეუბნება, რომ, დიდი ალბათობით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული სახის ამომცნობი სისტემის მონაცემებიც სწორედ ამ საარჩევნო შტაბის ერთიან ბაზაში აკუმულირდება.

ამ სისტემის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ „ევროპულ საქართველოში“ და შესაბამისად, არც კომენტარს აკეთებენ. თუმცა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს, რომ 24 აგვისტოს ხელმოწერილი დეკლარაცია კვლავაც ძალაშია და ოპოზიციის ერთიანი შტაბის საქმიანობა ერთ-ერთი ქმედითი ბერკეტი იქნება არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ.

რაც შეეხება დაცვის სხვა მექანიზმებს, სერგი კაპანაძე გვეუბნება, რომ:

  • „ყველა ხმა იქნება დაცული - ჩვენი პარტიის წარმომადგენლები და დამკვირვებლები ამისათვის გააკეთებენ ყველაფერს “;
  • „ჩვენი ყურადღება მიმართული იქნება ე.წ. "სომხური კარუსელის“ აღმოჩენისკენ, როდესაც ამომრჩეველს წინასწარ აძლევენ შემოხაზულ ბიულეტენს. გვაქვს მოფიქრებული მექანიზმი, რითიც გავაკონტროლებთ“;
  • „ერთადერთი, ძნელი იქნება დაშინებული ადამიანების ხმების დაცვა და ამიტომ ეს შიში უნდა დაძლიოს ამომრჩეველმა - უნდა იცოდეს, რომ კენჭისყრის კაბინაში მას არავინ უყურებს“.

პარტიების მსგავსად, ხმების დაცვის უპირველეს გარანტიად ამომრჩეველთა აქტივობას ასახელებს საიას ხელმძღვანელი, სულხან სალაძეც. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, არჩევნებზე არმისული ამომრჩეველი ავტომატურად აკეთებს ხელისუფლებისთვის სასიკეთო საქმეს - „მმართველი პარტია, რომელსაც რესურსის მობილიზების მეტი საშუალება აქვს, იქ მაინც მიიყვანს ამომრჩეველს, რომელიც მას მისცემს ხმას“.

სალაძის თქმით, ამომრჩევლები, რომლებზეც განხორციელდება ზეწოლა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან, არ უნდა გაჩუმდნენ - „საია მზად არის დაეხმაროს მათ უფლებების დაცვის პროცესში“.

ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ პროვოკაციები, არეულობა და არადემოკრატიული არჩევნები საკუთარ მარცხში დარწმუნებულ ოპოზიციას აწყობს, თორემ ისე, არჩევნები სრულიად მშვიდ ვითარებაში ჩაივლიდა.

პარალელურად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არწმუნებს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ყველაფერი გაკეთდება საქართველოში არჩევნების უმაღლესი სტანდარტებით ჩასატარებლად.

პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველ ნომერს, გიორგი გახარიას სულ ახლახან ბრიუსელშიც შეახსენეს, რომ მომავალი არჩევნები მნიშვნელოვანი ტესტი იქნება შემდგომი წინსვლისთვის და რომ ამ არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება საერთაშორისო თანამეგობრობა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG