Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა საბანკო ანგარიშზე კონტროლს კარგავ - რას გირიცხავენ რუსეთიდან?


ილუსტრაცია: ბანკომატი
ილუსტრაცია: ბანკომატი

სქემა ასეთია: რუსეთიდან საქართველოში ბანკის კლიენტის ანგარიშზე ირიცხება თანხა, ის სწრაფად ანაღდებს და გადასცემს სხვას. „საბანკო ასოციაციაში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ სქემით თანხის განაღდების „ტენდენცია მზარდია“ და ამავე დროს სარისკო. 

მხოლოდ 2022 წლის დეკემბერში რუსეთიდან საქართველოში 317 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა - ეს 2021 წლის დეკემბერთან შედარებით 700%-ით მეტია.

„საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის თქმით, ბანკებმა აღმოაჩინეს, რომ მათ კლიენტებს არ ჰქონდათ პასუხი შეკითხვებზე - საიდან გადაურიცხეს თანხა? ვინ გადაურიცხა? ამავე დროს, სოციალურ ქსელებში ვრცელდება სარეკლამო ბანერები, რომლებიც, სავარაუდოდ, სწორედ ასეთი ტრანზაქციების სანაცვლოდ, ადამიანებს 40 ლარს სთავაზობენ.

TBC ბანკში, რომელმაც კლიენტების გასაფრთხილებლად სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ საეჭვო შემთხვევები გახშირდა და ასეთი ტრანზაქციების შემთხვევაში, ანგარიშები იბლოკება.

რა საფრთხეები არსებობს და რა უნდა იცოდნენ ბანკების მომხმარებლებმა?

„საბანკო ანგარიშის გახსნის შემდეგ, მომხმარებელი პასუხისმგებელია, ზუსტად იცოდეს მისთვის დარიცხული თანხების წარმოშობა და მიზნობრიობა. ეს პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მას. როდესაც ასეთი ინფორმაცია ბენეფიციარს არა აქვს, საბანკო სისტემაში ასეთი თანხები ითვლება საეჭვოდ“, - გვეუბნება „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე და დასძენს, რომ ასეთი საეჭვო წარმოშობის თანხა კლიენტმა საბოლოოდ შეიძლება ვერც გაანაღდოს.

მიმღებს ასეთ შემთხვევაში შესაძლოა დაებლოკოს საბანკო ანგარიში და მიადგეს „ხანგრძლივი რეპუტაციული ზიანი“ იმგვარად, რომ საბანკო სისტემაში ანგარიშის გახსნა საერთოდ ვეღარ შეძლოს.

ძნელაძე განმარტავს, რომ რუსეთის არასანქცირებული ბანკებიდან ტრანზაქციები შუამავალი დასავლური ბანკების გავლით ხდება, სანქციებზე მოწმდება და ანგარიშზე გადმორიცხვის მომენტისთვის შეიძლება ჩაითვალოს, რომ გადმომრიცხავი არ არის სანქცირებული, მაგრამ პრობლემამ მოგვიანებით იჩინოს თავი:

„სანქციებთან დაკავშირებული ვითარება რუსეთში სწრაფად იცვლება და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სანქცირებულთა სიას მიემატა პირი, რომელმაც გარკვეული პერიოდის წინ გადმოურიცხა თანხა ამა თუ იმ პირს. ასეთ დროს მოხდება წინა ტრანზაქციების მოკვლევა და შესაძლოა თანხის მიმღებს შეეხოს სხვადასხვა შეზღუდვა და სანქციებიც“.

კონკრეტული ტრანზაქციებით შესაძლოა სამართალდამცველი სტრუქტურებიც დაინტერესდნენ.

ძნელაძე ამბობს, რომ განსაკუთრებით საეჭვო შემთხვევებს საბოლოოდ ფინანსური მონიტორინგის სამსახური განიხილავს და პროცესში შესაძლოა საგამოძიებო სტრუქტურებიც ჩაერთონ, რის შედეგადაც, შესაძლოა, დადგეს თანხის ბენეფიციარის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

რა არის მიზანი?

ეკონომიკის ექსპერტებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ განაღდების ასეთი სქემით, რუსეთის კონკრეტული მოქალაქე შესაძლოა ზოგ შემთხვევაში ცდილობდეს, თავი აარიდოს გადმორიცხვისა და განაღდების შეზღუდვებთან დაკავშირებულ ბარიერებს და ეს არა ერთი, არამედ რამდენიმე პირის დახმარებით გააკეთოს. უარეს შემთხვევაში კი, ეს შესაძლოა ფულის გათეთრების ორგანიზებული სქემა იყოს.

„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ მოუწოდებს მომხმარებლებს, „გაითვალისწინონ მსგავსი მართლსაწინააღმდეგო სქემების არსებობა და თავი შეიკავონ უკანონო გარიგებებში მონაწილეობისაგან“. ასოციაციამ, ბანკების სახელით, მომხმარებლებს 7 თებერვალს, სპეციალური განცხადებით მიმართა.

ამას წინ უსწრებდა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტი, თბილისის ცენტრში არსებული ოფისის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ რუსეთიდან საქართველოს ბანკებში თანხების ფიზიკური პირებისთვის ჩარიცხვის ორგანიზებულ პროცესს უკავშირდებოდა.

ბოლო დროს, სოციალურ ქსელებში ვრცელდება სარეკლამო ბანერები, რომლებითაც უცნობი პირები „მობაილბანკის“ (ინტერნეტბანკი ტელეფონში) სერვისით მოსარგებლე მომხმარებლებს 1-2-საათიან სამუშაოს 40 ლარის სანაცვლოდ სთავაზობენ. ისინი ითხოვენ, რომ თანხის მიმღებ პირს ჰქონდეს დოლარის სავალუტო ანგარიში, პირადობის მოწმობა და საბანკო ბარათი (სავარაუდოდ, თანხის ადგილზე გასანაღდებლად).

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ამ სარისკო საქმისთვის, ზოგჯერ ანაზღაურება 50-100 ლარს აღწევს.

ტელეგრამარხის ჯგუფებში, რუსულენოვანი წევრები, ბოლო დროს წერენ, რომ საქართველოს კომერციულ ბანკებში, ტრანზაქციების დროს, მომხმარებლების ანგარიშები იბლოკება.

რეგულაციებთან შეუსაბამო ტრანზაქციების აღმოჩენისას ბანკი "ანგარიშების გაჩერებისა და დახურვის პრაქტიკას მიმართავს", - გვეუბნება TBC ბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების ლიდერი, თამთა კუპრაძე და ასევე, გვიდასტურებს ინფორმაციას ციფრული ბანკით გადარიცხვების გაზრდის შესახებ, თუმცა კონკრეტულ მაჩვენებლებს არ გვისახელებს.

ანგარიშების გაუქმების გარდა, საეჭვო ტრანზაქციების ბენეფიციარები, პირადი და საბანკო მონაცემების გაზიარების გამო, კიბერდანაშაულის სამიზნეც შეიძლება გახდნენ.

"ჩნდება საფრთხე, რომ ანგარიშის მფლობელის ნაცვლად, ყველა ტრანზაქცია განახორციელოს გარეშე პირმა", - გვეუბნება კუპრაძე.

"გთხოვთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება და არ გაუზიაროთ თქვენი პირადი ინფორმაცია თქვენთვის უცხო პირებს", - წერია TBC ბანკის მიერ მომხმარებლებისთვის გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში.

ეროვნული ბანკიდან ველოდებით პასუხს კითხვაზე, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, კონტროლის გასაძლიერებლად, დამატებითი რეკომენდაციები ხომ არ გაუციათ კომერციული ბანკებისთვის?

საქართველო შეერთებულია რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ საფინანსო სანქციებს.

ეკონომიკის საკითხების ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რუსეთიდან გადარიცხვების კონტროლის გამკაცრება მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთი ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ აღიარეს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 535.3 მლნ აშშ დოლარი (1438.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 133.2%-ით (305.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
შარშან დეკემბერში რუსეთიდან საქართველოში 317.31 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. ეს მაჩვენებელი ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 59.28%-ია და 699.23%-ით მეტია, რუსეთიდან საქართველოში 2021 წლის დეკემბერში გადმორიცხულ თანხაზე.
2022 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.8 მლნ აშშ დოლარი (90.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის დეკემბრის (33.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.5%-ით მეტია.

გიორგი ცუცქირიძე გვეუბნება, რომ ლარის გაცვლით კურსს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ფულადი გზავნილები და მათ შორის - რუსეთიდან გადმორიცხული უცხოური ვალუტის მასშტაბი.

"ამ ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანისთვის ჩარიცხული დოლარის მასა მონაწილეობს სავალუტო ბალანსში. როცა ქვეყანაში მეტი უცხოური ვალუტა შემოვა, ვიდრე ქვეყნიდან გავა, ლარი გამყარდება", - განმარტავს ექსპერტი.

რუსეთიდან საეჭვო გადმორიცხვების ზრდის გამო, გაჩნდა ასევე შეკითხვა - ხომ არ მოუწევთ ბენეფიციარებს ქონების გადასახადის გადახდაც, თუკი გზავნილები წლიურად, ჯამში, 40 ათას ლარზე მეტი იქნება? ასეთ დროს ხომ ფიზიკურ პირებს შემოსავლების სამსახური დეკლარაციის შევსებას სთხოვს.

ეკონომიკის საკითხების ექსპერტის, რამაზ გერლიანის პასუხია - "არა", რადგან, როგორც განმარტავს, სახელმწიფოსთვის "თითქმის შეუძლებელია" იმის დამტკიცება, რომ გადმორიცხული თანხა კონკრეტული ბენეფიციარისთვის შემოსავალს წარმოადგენს. "იქნებ, ისესხა კერძო პირისგან და შემდეგ უნდა დაუბრუნოს?! ბანკის მომხმარებელ ამდენ ფიზიკურ პირში ამას ვინ გააკონტროლებს?!" - ამბობს გერლიანი. თუმცა ის სრულიად ბუნებრივად თვლის, რომ კონკრეტული ტრანზაქცია, ან მათი ერთობლიობა ბანკმა საეჭვოდ ჩათვალოს და გამოკვლევას შეუდგეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG