Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთი: რა იქნება 20 წლის შემდეგ? მე-2 სერია


თენგიზ აბლოთია
თენგიზ აბლოთია

ავტორი: თენგიზ აბლოთია, „ეხო კავკაზა“

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემს წინა პუბლიკაციას, რომელიც შეეხებოდა აფხაზეთის 20 წლის შემდგომ მომავალს რუსული მმართველობის სისტემის ბატონობის პირობებში, ბევრი აფხაზი გამოეხმაურა და მათი მოსაზრებები უფრო მეტად უარყოფითი იყო.

კერძოდ, პასუხები ძირითადად ასეთი სულისკვეთებით იყო გაჯერებული - „თქვენთან კი, ზანგებს ლინჩის წესით ასამართლებენ“ და არგუმენტების ჩამონათვალი დაახლოებით ერთი და იგივე: თქვენთან არანაკლები მკვლელობა ხდება; არანაკლები ნარკომანი გყავთ; მთვრალი მძღოლებიც, ავარიებიც, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა; ზედოზირების შემთხვევებიც და სხვა „სიკეთეებიც“... და საერთოდაც, თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო, სიღატაკეში გძვრებათ სული.

ჩემი პირველი რეაქცია ის იყო, რომ საერთოდაც, ჩემი ბლოგი არ იყო იმაზე - ყველაფერი რა ცუდად ან კარგად არის აფხაზეთში, მით უმეტეს - ვინმესთან შედარებით, არამედ მე ვწერდი რუსეთის პოლიტიკაზე არაღიარებულ რესპუბლიკაში. იდეაში, ეს განმარტება საკმარისი უნდა ყოფილიყო.

შემდეგ მე თვითონაც დამაინტერესა, როგორი იქნებოდა საქართველოსა და აფხაზეთის შედარება არა ლოზუნგებით, არა პოლიტიკითა და გეების რაოდენობით, რომლებსაც წესიერად ვერავინ დათვლის, არამედ ციფრებით და იმით, რაც მათემატიკის კანონებს ექვემდებარება?

რამდენიმე საათი დავხარჯე მონაცემთა შედარებაზე და საკმაოდ საინტერესო სურათი დაიხატა.

პირველი, რა თქმა უნდა, ეკონომიკაა. იდეაში, საკითხი გასაგებად უნდა დაისვას: ვისი ეკონომიკაა უკეთესი და ვინ უფრო შეძლებულად ცხოვრობს - საშუალო ქართველი, თუ საშუალო აფხაზი? თუმცა, ვითარების სპეციფიკა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონის შედარება საკმარისად ჩავთვალოთ - სრულიად ნათელია, რომ საშუალო აფხაზს მეტი ფული აქვს, ვიდრე საშუალო ქართველს, მაგრამ სამაგიეროდ, საშუალო აფხაზი ფულის დიდ ნაწილს რუსეთისგან იღებს საჩუქრად, ქართველს კი თითოეული ცენტისთვის დიდი გარჯა უწევს.

ზემოთ გამოთქმული მოსაზრება არაპოპულარულია აფხაზებში, რომლებსაც რესპუბლიკის ეკონომიკაში კრემლისგან პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერის დონის დაკნინება და საკუთარი, დამოუკიდებელი წვლილის გაზვიადება უყვართ.

სინამდვილეში კი, არის ბიუჯეტის 70%-ის შესავსებად პირდაპირი დახმარება და კიდევ არსებობს ირიბი დახმარება, პოლიტიკური პრეფერენციების გზით. აფხაზეთი გამოიმუშავებს და კრეფს გადასახადებს ტურისტული ბიზნესიდან, რომელიც სრულად არის დამოკიდებული მოსკოვის ნებაზე. აფხაზეთი გამოიმუშავებს და კრეფს გადასახადებს მანდარინის, ღვინის და მიმოზის კვლავ და კვლავ რუსეთში ექსპორტიდან... ერთი სიტყვით, ნებისმიერ შემთხვევაში, პირდაპირ ან ირიბად, აფხაზეთის მოსახლეობის შემოსავლები სრულად არის დამოკიდებული ერთი კონკრეტული ქვეყნის კეთილ ნებაზე.

ძალიან ხშირად მესმის აფხაზებისგან საყვედურები - „თქვენ დასავლეთი გარჩენთ“-ო. მოდით, საკითხის მორალურ მხარეზე ნუ შევჩერდებით, როცა იმ ტერიტორიის წარმომადგენლები საყვედურობენ სხვას პარაზიტიზმისთვის, რომლის ბიუჯეტის 70% საგარეო დახმარებით ივსება. ზემოთაც ვთქვი, მორალზე, ზნეობრიობასა და მართლმადიდებლობაზე არაფერს ვამბობთ. მხოლოდ ციფრებზე.

მაშ ასე, ციფრები აჩვენებს, რომ შეხედულება დასავლეთის მიერ საქართველოს რჩენაზე - უკიდურესად გადაჭარბებულია, თუ არა პროპაგანდა. დასავლეთის დონორების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხის 90% ან ინვესტიციაა, ან კრედიტი.

ჰაერზე რომ არ ვილაპარაკოთ: სახელმწიფო ბიუჯეტისთვის თვალის შევლებითაც დავინახავთ, რომ საქართველო, რომელსაც „დასავლეთი არჩენს“, წესიერად იხდის თავის საერთაშორისო ვალებს, ამასთან, ლაპარაკია, ჩვენი კრიტერიუმებით, გიგანტურ თანხებზე. მაგალითად, 2018 წელს საქართველოს ბიუჯეტი იყო 12 მილიარდი ლარი, რაც დაახლოებით 5 მილიარდი დოლარია და აქედან საგარეო ვალების დასაფარად დაიხარჯა დაახლოებით მილიარდი ლარი, ანუ დაახლოებით 400 მილიონი დოლარი. კარგი საჩუქარია, ღმერთმანი...

ძვირფასო აფხაზებო, რამდენს იხდით თქვენი საკუთარი ბიუჯეტიდან იმ თანხების დასაფარად, რომლებსაც მოსკოვი თქვენს ბიუჯეტში რიცხავს? გაჩუმდით, არა?

ვფიქრობ, საკითხის ეკონომიკური კუთხით შედარება შეიძლება აქ დავასრულოთ... არ შეიძლება შევადაროთ იურიდიული კომპანიის უბრალო თანამშრომელი ქალის შემოსავლები მილიონრის ცოლის შემოსავლებს, როცა ეს უკანასკნელი, ალბათ პირველზე მდიდრულად ცხოვრობს, მაგრამ ამაში მისი დამსახურება არის ნული.

კიდევ გავაგრძელოთ კალკულატორით ხელში თვლა. შევადაროთ ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება იყოს ქვეყანაში - მკვლელობების რაოდენობა. ეს არის საზოგადოების ცივილიზებულობისა და მორალურობის ყველაზე თვალსაჩინო მაჩვენებელი. იქ, სადაც ბევრს კლავენ, რაიმე მორალზე ლაპარაკიც არ შეიძლება.

მაშ ასე, ვითვლით საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკით - ყოველ 100 ათას მოსახლეზე.

2018 წელს საქართველოში, ჩემი პირადი დათვლით, 88 მკვლელობა მოხდა - ეს შედარებით გაზვიადებული მონაცემია, რადგან მე მოკლულებში ვთვლიდი იმათაც, ვინც დანაშაულის ჩადენის მომენტში ფორმალურად ცოცხალი იყო, მაგრამ სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდა. საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3,7 მილიონ ადამიანს. შესაბამისად, 88-ს ვყოფთ 37-ზე და ვიღებთ დაახლოებით 2,4-ს 100 ათას მოსახლეზე.

აფხაზეთში 2017 წელს 28 მკვლელობა მოხდა. აფხაზეთის მოსახლეობა 240 ათასია. შესაბამისად, 28-ს ვყოფთ 2,4-ზე და ვიღებთ მაჩვენებელს, რომელიც საქართველოსას რამდენჯერმე აჭარბებს - 11,1-ს 100 ათას მოსახლეზე.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია ევროპისაზე, რაც საშუალოდ 0,7-სა და 1,8-ს შორის მერყეობს, აფხაზეთში არსებული ვითარება არც თუ კეთილსაიმედოა. არა, რასაკვირველია, არსებობს უარესი ადგილებიც: გვატემალა, სალვადორი, მექსიკა, ბრაზილია, კოლუმბია - იქ აფხაზეთის მაჩვენებელზე მხოლოდ ოცნება შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ ხომ კოლუმბიას არ ვედრებით.

შემდეგი, ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი - სიკვიდილიანობა ავტოკატასტროფებში. ეს მაჩვენებელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მდგომარეობის შეფასებისას. რაც უფრო ცივილიზებულია ქვეყანა, მით ნაკლებად მართავენ იქ საჭეს გაგლეჯილი მთვრალები, მით ნაკლებად დაქრიან ქუჩებში ბგერის სიჩქარეზე სწრაფად და შედეგად - ნაკლები ხალხი იხოცება გზებზე.

ამ მხრივ, საქართველოს ძალიან ცუდი მაჩვენებლი აქვს, რაც მისი ველურობის დონეს შეესაბამება. ჩვენ და რუსები პირველები ვართ ევროპაში ავტოკატასტროფებში დაღუპულთა რაოდენობით. ეს იმიტომ, რომ ევროპაში არაფერი იციან აფხაზების შესახებ...

მაშ ასე, 2018 წელს საქართველოში საგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 450 ადამიანი. მივყვეთ კვლავ გაკვალულ გზას და გამოვთვალოთ მონაცემი 100 ათას მოსახლესთან მიმართებით. ვიღებთ 450-ს და ვყოფთ 37-ზე. ვიღებთ 12,1-ს 100 ათასზე. ამდენი ადამიანი იღუპება საქართველოში ყოველ წელიწადს ავტოავარიებში. საზარელი ციფრებია.

აი, აფხაზეთში კი 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 64 ადამიანი. ვიღებთ 64-ს, ვყოფთ 2,4-ზე და კვლავ გამოდის, რომ... როგორც იტყვიან, ყველას „ვჯობივართ“ – 26 დაღუპული 100 ათასზე, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე საქართველოში. არა, რა თქმა უნდა, არის ქვეყნები, სადაც აფხაზეთს სამოთხედ ჩათვლიდნენ საგზაო მოძრაობის კუთხით, მაგალითად, ინდოეთში, მაგრამ ჩვენ ხომ ინდოეთს არ ვედრებით, არამედ საძულველ საქართველოს.

ერთადერთი, რის შესახებაც ჯერჯერობით კონკრეტული მონაცემები ვერ მოვიძიე, ნარკოდამოკიდებულების დონეა, რადგან ყველა ციფრი, რაც ამის თაობაზე ინტერნეტში გვხვდება, ჰაერიდან არის მოტანილი. და კიდევ, რას ნიშნავს „ნარკომომხმარებელი“? ამ სტატისტიკაში ერთნაირად განიხილება ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც კვირაში ერთხელ ბალახს ეწევა და უიმედო ნარკომანი, რაც უსამართლოა.

და მაინც, კი ვამბობდი, რომ მხოლოდ ციფრებზე ვილაპარაკებდი, მაგრამ არ გამოდის, რადგან ციფრების მდგომარეობა პირდაპირ არის დამოკიდებული საზოგადოების მდგომარეობაზე: თუკი ქვეყანაში ბევრს კლავენ, ქუჩაში ეჯახებიან, ზედოზირებით იხოცებიან, ავიწყდებათ ელემენტარული სტუმართმოყვარეობა და შეურაცხყოფენ სტუმრებს, - ეს არის იმის ნიშანი, რომ ქვეყანას, როგორც იტყვიან, მორალურ სახესთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

კონკრეტულად რამ გამოიწვია ეს დაცემა - სწორედ ამაზე იყო ლაპარაკი ჩემს წინა ბლოგში.

თენგიზ აბლოთია არის „ეხო კავკაზას“ ბლოგერი

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG