Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთი: რა იქნება 20 წლის შემდეგ?


თენგიზ აბლოთია
თენგიზ აბლოთია

ავტორი: თენგიზ აბლოთია, „ეხო კავკაზა“

აფხაზეთიდან მორიგი სკანდალური ამბები მოდის: 2019 წლის დასაწყისში იქ მოკლეს რუსეთის ერთი მოქალაქე და ერთიც დაჭრეს. დაჭრილი, სავარაუდოდ, ბიზნესმენია, რომლის აფეთქებაც სცადეს.

პარალელურად, რუსი მეწარმეების ერთი ჯგუფი აქტიურად ცდილობს რუსეთის საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას პრობლემებისადმი, რომლებიც აფხაზეთში შეექმნათ - ბიზნესის წართმევა, სიცოცხლისთვის არსებული საფრთხეები, რესპუბლიკაში ჩადებული მნიშვნელოვანი თანხების დაკარგვა.

ეს ფაქტები თავისთავად, ჩვეულებრივ ვითარებაში, ალბათ, არ აღიქმებოდა არაორდინარულად - ვიღაც შეიძლება სადღაც მოკლან, ბიზნესის წართმევაც არ არის იშვიათი მოვლენა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში. გასაოცარი ისიც არ არის, რომ ეს ხდება აფხაზეთში, რომელიც მთლიანად და ყველაფერში რუსეთზეა დამოკიდებული - უსაფრთხოების დაცვით დაწყებული რომელიმე საბავშვო ბაღის რემონტის ჩათვლით. აფხაზეთის მოსახლეობის 100% რუსეთის პასპორტებით არის „აღჭურვილი“. გასაოცარია მოსკოვის რეაქცია ყველა ამ ფაქტზე, უფრო ზუსტად - სრული ურეაქციობა.

მრავალი წელია ცნობილია აფხაზეთში მცხოვრები რუსების - ადგილობრივებისაც და რუსეთის ფედერაციიდან ჩასულების პრობლემების შესახებ. საკვირველია ის, რომ ეს ყველაფერი ხდება არა მხოლოდ კრემლის, არამედ რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული სტრუქტურების სრული დუმილის ფონზე. სრულიად წარმოუდგენლად აფხაზებს პატიობენ იმას, რისთვისაც სხვებს მოუწყობდნენ პერმანენტულ დიპლომატიურ სკანდალს, იდეალურ ვარიანტში კი ბომბებს დაუშენდნენ.

დიდი ხნის განმავლობაში ვერაფრით ვიგებდი, რატომ ეძლეოდათ მათ ამდენის უფლება? ასეთ ვითარებაში რატომ უწევს რუსეთი, რომელიც არავის დაეძებს, ანგარიშს უფრო მეტად აფხაზებს, ვიდრე თავის მოკავშირე დამოუკიდებელ სახელმწიფოს, გაეროს წევრს, საბჭოთა საზომებით საკმაოდ განვითარებულ ქვეყანას - სომხეთს, რომელსაც კრემლში არაფრად აგდებენ?

რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ლოგიკური იქნებოდა ასეთი პასუხი: რუსეთში მსგავსი სისტემაა, შესაბამისად, აფხაზეთი მოსკოვთან უნისონშია. სინამდვილეში, რუსეთში სულ სხვაგვარად არის საქმე. იქ არის სახელმწიფო და მკაფიო, თუმცა კი მანკიერი, თამაშის წესები, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც, ასობით ათას ბიზნესმენს შეუძლია მშვიდად აკეთოს მილიონობით დოლარი.

რუსეთში ბიზნესის ძალადობრივი წართმევაც კი გაცილებით დახვეწილად ხდება - ვიდრე ბიზნესის წართმევაზე მიდგება საქმე, სწავლობენ მის სუსტ მხარეებს, მიდიან სასამართლოში, პოულობენ შემოვლით გზებს და ა.შ.. პირდაპირ ისე, რომ: „მე მომწონს შენი ბიზნესი და ამიტომ დაახვიე აქედან“, შეიძლება კიდეც ხდებოდა რუსეთში შორეულ 90-იანებში, მაგრამ ახლა - არა.

იგივე ვითარებაა ბინების წართმევასთან დაკავშირებითაც. რუსეთში არიან უძრავი ქონების თაღლითი აგენტები, მაგრამ ისინი ძალიან შეფარულად და მრავალფეროვნად მოქმედებენ - პოულობენ უმეთვალყურო მოხუცებს, ათრობენ მათ, ჭყიპავენ წამლებით, ატყუებენ და ხელს აწერინებენ საჭირო დოკუმენტებზე.

მოკლედ, რომ განვაზოგადოთ: აფხაზეთში რუსი ეროვნებისა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ არსებული განუკითხაობა სცდება საკუთრივ რუსეთის კორუფციული სისტემის ჩარჩოებს. აღარაფერს ვამბობ რუსი ტურისტების სისტემატურ დამცირებაზე აფხაზი ახალგაზრდების მიერ. მსგავსი ეპიზოდების ნახვა მრავლად შეგიძლიათ „იუტუბზე“.

მოკლედ - კითხვა: რატომ ითმენს რუსეთი ამ ყველაფერს? თავად აფხაზები - ყოველ შემთხვევაში, ისინი, ვისთანაც სოციალურ ქსელებში შემიძლია კომუნიკაცია და იმის მიხედვით, რასაც ინტერნეტ-მედიაში ვკითხულობ - ამას მარტივად ხსნიან: რუსეთს არ შეუძლია ანგარიში არ გაუწიოს მათ, რადგან ვერ ბედავს მათთან დაპირისპირებას. ამის მიზეზია ის, რომ: აფხაზეთს სუპერეფექტიანი სამოქალაქო საზოგადოება აქვს, რომელიც არაფრად აგდებს რუსეთს; რუსეთი სამუდამოდ ვალშია აფხაზებთან, ვინაიდან სხვა შემთხვევაში, ნატოს ბაზა სოჭთან იქნებოდა; ვინაიდან აფხაზები გამარჯვებული ერია და საერთოდაც, რუსები წყნარად იყვნენ, თორემ გავყრით.

თუმცა, მე ამაზე ჩემი აზრი მაქვს და ვთვლი, რომ რუსეთი თავად არის დაინტერესებული ყველაფერი ისე იყოს, როგორც ახლაა.

ამას ვამბობ, შეიძლება ითქვას, საკუთარი გამოცდილებით. აფხაზებს ახლა ეპყრობიან ისე, როგორც 70-80-იან წლებში ქართველებს - „ნემსზე სვამენ“: მუქთა, იოლი ფულისადმი ლტოლვა, კანონის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება, დაუმსახურებელი პრივილეგიები, განსაკუთრებით გადაჭარბებული თვითშეფასება, ნორმალური განათლებისადმი ინტერესის დაკარგვა და მასობრივი გახრწნის ამ პროცესის გვირგვინია - ნარკოტიკები, სასმელი, იარაღი, წესების დარღვევით ავტომანქანის სწრაფად ტარება.

თავად დაფიქრდით: რა საჭიროა ტვინის ჭყლეტა, ყოველდღე რამდენიმე საათი მეცადინეობა, გარემოსთან დაპირისპირება, სწავლა, ცვლილება, ცხოვრებაზე შეხედულებების ცვლა? ვის სჭირდება ეს - ისედაც ხომ ყველაფერი კარგად არის: ფული ისედაც მოდის, ცოდნისა და მაღალი ტექნოლოგიების გარეშე, თანაც, ისეთ ფორმატში, რომელიც არ საჭიროებს მოძველებულ ეროვნულ იდენტობაზე უარის თქმას? ამასთან, მოსკოველი არიფების წველაც შეიძლება. ცხოვრება კი არა, ზღაპარია.

აფხაზები იცვლებიან და არა - უკეთესობისკენ. თავად სოხუმიდან ვარ და არც თუ ურიგოდ ვიცი, რას წარმოადგენდნენ აფხაზები 70-80-იან წლებში. ისინი იყვნენ საკმაოდ უბრალო, უეშმაკო, არც თუ სუპერ-განვითარებული, მაგრამ საკმაოდ წესიერი და კარგი ხალხი - ეს ზოგადი შეფასებაა, გამონაკლისები ყველგან არის.

მაშინ, როცა ქართველები უკვე მთლიანად, თავით იყვნენ გადაშვებული ნარკოტიკებში, სასმელსა და ქურდულ გაგებაში, აფხაზები გაცილებით ზომიერები და ნაკლებად მოწყვლადები იყვნენ ამ საზიზღრობების მიმართ. საბოლოოდ ამას ჰქონდა შედეგი.

აფხაზების სწორედ ამ თაობამ - სიტყვაძუნწმა, ზომიერმა და დიდწილად მავნე ჩვევებისგან თავისუფალმა - გაიმარჯვა 1993 წლის ომში. სიტყვა „გამარჯვება“-ში ვგულისხმობ იმას, რომ აფხაზებმა თავი ძალიან კარგად გამოავლინეს. პირდაპირ ვთქვათ, იმ წლებში ისინი ბევრად ორგანიზებულები, შემტევები და მიზანდასახულები აღმოჩნდნენ, ვიდრე ქართველები და ის ფაქტი, რომ ომი საბოლოოდ რუსეთმა მოიგო - ამ გარემოებას არ ცვლის.

არასდროს მრცხვენოდა და და არც ახლა შემრცხვება აღიარება: აფხაზებმა იმ ომში თავი ბევრად უკეთესად გამოავლინეს, ვიდრე ჩვენ...

ახლა კი ირგვლივ მიმოიხედეთ. უყურეთ აფხაზი ცხვირმოუხოცავი ბიჭბუჭების მიერ რუსი ტურისტების შეურაცხყოფის ამსახველ უამრავ კადრს. შეხედეთ სტატისტიკას სიმთვრალეში მომხდარ ავტოავარიებში მსხვერპლის შესახებ, რომელიც ამ მხრივ ევროპის ლიდერების - რუსეთისა და საქართველოს სტატისტიკასაც კი აჭარბებს. ნახეთ მათი დამოკიდებულება საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, შრომის მიმართ, ბიზნესის მიმართ...

რა გაიზრდება მათგან და როგორი ქვეყნის აშენებას შეძლებენ, თუკი შეძლებენ, საერთოდ? შეხედეთ მათ აშკარად გადაჭარბებულ თვითშეფასებას როგორც საერთოეროვნულ, ისე ინდივიდუალურ დონეზე. ტყუილად არ ითვლება ყველაზე მძიმე ცოდვად ქრისტიანობაში ამპარტავნება - სწორედ ის ართმევს ადამიანებს გონებას და მათ ყოვლად გამოუსადეგარ მომხმარებლებად აქცევს.

სწორედ ეს არის, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს აფხაზეთში. ნელა, მშვიდად, მეთოდურად. მას ფეხებზე ჰკიდია საკუთარი მოქალაქეები - ან კი, ვის სჭირდება ისინი, ვის აინტერესებს? როგორც იტყვიან, ცხოვრება გრძელდება.

ამიტომაც, კრემლი არც არაფერს ითმენს და არც არავის უწევს ანგარიშს. კრემლი უბრალოდ მშვიდად უყურებს ერთ დროს სპარტანული და ასკეტური ხალხის ხრწნის პროცესს და ესმის: კიდევ 20 წელიც ასე და აფხაზეთში აღარავინ დარჩება, ვინც წინააღმდეგობის გაწევას შეძლებდა...

სწორედ ამიტომ აფხაზეთში არ არის და არ იქნება არანაირი რეფორმა, რადგან ეს, უპირველეს ყოვლისა, ეწინააღმდეგება მართვის რუსულ სისტემას, და კიდევ - რაშია ნებისმიერი რეფორმის მიზანი? ესაა ადამიანების უფრო ჭკვიანად, პრაქტიკულად და საბოლოოდ კონკურენტულად ქცევა. ვინაიდან მიზანი სრულიად საპირისპიროა, რეფორმების არარსებობაც სისტემის შეცდომა კი არ არის, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ ეს თავად სისტემაა.

საკუთარი განსაკუთრებულობისა და მსოფლიო რუკაზე განსაკუთრებული ადგილის შესახებ მსჯელობის ფონზე, აფხაზები ვერ ხედავენ ან არ სურთ დაინახონ, რომ მათი ვითომ „დიდი მეგობარი“ სინამდვილეში მათ ორმოს უთხრის...

თენგიზ აბლოთია არის „ეხო კავკაზას“ ბლოგერი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG