Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აფხაზი ჩე გევარა“ შეიძლებოდა სისხლისგან დაცლილიყო


ავტორი: ვიტალი შარია

გასულ შაბათს სოხუმში მძიმედ დაჭრეს ბესლან ჭკადუა, რომელიც იმით არის ცნობილი, რომ რუსული პასპორტი დაწვა და ფეისბუკში მწარე პოსტებს წერს. აფხაზური მედიის ვარაუდით, მას სწორედ ამის გამო შეიძლება გასწორებოდნენ. ჭკადუას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გასულ შაბათს, საღამოს ექვს საათზე სოხუმის სანაპიროსთან შევესწარი შემთხვევას, რომელიც შემდეგ არამარტო კრიმინალური ახალი ამბების თემა გახდა, არამედ აფხაზური საზოგადოების განხილვის საგანიც.

იმ დღეს სოხუმის ერთ-ერთ პოპულარულ კაფეში საქმიანი შეხვედრა მქონდა. უკვე წასვლას ვაპირებდით, როდესაც ახალგაზრდები, რომლებიც კაფეში ისხდნენ, ყვირილით გაცვივდნენ სახაროვის ქუჩაზე - როგორც შევიტყვეთ, სანაპიროდან ორიდე მეტრში ჩხუბი იყო და გასაშველებლად მირბოდნენ.

გავიფიქრე, როგორც ჩანს, ბიჭები წაეკიდნენ-მეთქი. მალე ჩვენც იმ მიმართულებით წავედით, გზა იქითკენ გვქონდა. ბრბოს გავუსწორდით. რამდენიმე ათეული კაცი ერთსართულიანი შენობის შესასვლელში ირეოდა. ეს შენობა სოხუმში მეჩეთის ფუნქციას ასრულებს. ხმები მოგვესმა: „საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ“! კიდევ რამდენიმე წუთის შემდეგ კი მსუბუქმა ავტომობილმა ჩაგვიარა. წინა სავარძელზე ბიჭი იჯდა, სახე გასისხლიანებული ჰქონდა, პერანგიც მთლიანად სისხლიანი იყო. რაც მოხდა იმის შესახებ მხოლოდ საღამოს წავიკითხე ერთ აფხაზურ ინტერნეტ-გამოცემაში. სოხუმში - წერდა გაზეთი - დაჭრეს ბესლან ჭკადუა, რომელიც ბოლო დროს ფეისბუკით გახდა პოპულარული.

„4 მაისს, დაახლოებით 17:30 საათზე სოხუმში, სახაროვის ქუჩაზე, მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გაურკვეველმა პირებმა ბესლან დაურის ძე ჭკადუას (დაბადებული 1986 წელს) რამდენიმე ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენეს. დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმე აღძრულია სოხუმის პროკურატურის მიერ“, - განაცხადა აფხაზეთის გენერეალური პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დაურ ამიჩბამ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის აპოლონ გურგულიას სიტყვებით „პაციენტს კიდურებზე აღენიშნება მრავლობითი ნაჩხვლეტი ჭრილობა, ასევე შემავალი ჭრილობა მუცელში და დიაფრაგმაში. “

ეს თემა მაშინვე გახდა განხილვის საგანი სოციალურ ქსელებში, მათ შორის ზემოთნახსენებ ფეისბუკში. სხვათაშორის, რატომ გახდა ბესლან ჭკადუა პოპულალური ფეისბუკის მომხმარებლებში? უცებ გამახსენდა: ეს ის ახალგაზრდა აფხაზია, რომელმაც ინტერნეტში გამოდო ვიდეო,სადაც ჩანს, თურქეთში მყოფი როგორ წვავს რუსულ საზღვარგარეთის პასპორტს. ნაცნობები ამ ბიჭის შესახებ მომიყვნენ. რამდენიმე წლის წინ ის სოხუმიდან აშშ-ში მოხვდა. ზოგი ამბობდა, რადიკალურმა ორგანიზაციებმა მასზე გავლენა მოახდინესო. ბოლო დროს ვიდეო რგოლების დადება დაიწყო, რომლებშიც აფხაზეთის სხვადასხვა პირებს „აშავებდა“, მათ შორის ერთ საზოგადოებაში ცნობილ ქალსაც. შეურაცხყოფამდე მიდიოდა. Yandex- ში მისი სახელი რომ ავკრიფე youtube-ზე ატვირთული ბევრი ვიდეო ვნახე. მხოლოდ ერთი გაიხსნა, ამერიკაში სოხუმში წამოსვლამდე ჩაწერილი, აი ნაწყვეტი:

„ვიყიდი ბილეთს სტამბოლამდე. ერთი მხრივ - რუსეთის ფედერაცია. მეორე მხრივ - საქართველო, მტერი, რომელთანაც იარაღით ვიბრძოდით, და რომელსაც ასევე სურს ჩვენი დაპყრობა. აი, ორი მოსაზღვრე ქვეყანა, მოკლედ რა! აი, არ მინდა მათთან ურთიერთობა, არც ერთთან. გადავწყვიტე სახლში ზღვით მივიდე. მოკლედ, ასე გადავწყვიტე. ვიყიდი ბილეთს სტამბოლამდე, იქიდან კი რაღაც გზებით ნეიტრალურ წყლებამდე მოვაღწევ. ნეიტრალურ წყლებამდე ჩემით მივალ... მეშინა, რომ იმის გამო, რასაც ვლაპარაკობ რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეები დამიჭერენ, ჩემი თავისუფლების გამო. შეიძლება ასეთი რამ მოხდეს. სერიოზულად ვამბობ. მოკლედ, სახლში მინდა და შესვლის ნებას მეზობელს არ ვთხოვ. მე ჩემი „მწვანე“ პასპორტი მაქვს. მას აფხაზეთის საზღვარზე წარვადგენ.”

რა თქმა უნდა, აფხაზეთის ყველა მოქალაქეს გვინდა იმ მარშრუტით ჩამოვიდეთ სამშობლოში, რომელიც ჩვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება, მაგრამ ვხვდებით, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ეს არარეალურია.

შაბათს მომხდარის შემდეგ ფეისბუკმომხმარებელთა აზრები ორად გაიყო. ერთმა დაწერა: „გამიხარდა, რომ თქვეს, არ მოკვდება, იცოცხლებსო. მაგრამ როგორ უნდა იგრძნოს თავი ამის შემდეგ? ინვალიდან ხომ არ დარჩება? ეს ძალიან მაწუხებს. კი, ბესლანი ძალიან თამამია და ეს ბევრს ნიშნავს, ის შესაძლოა ბევრისთვის არ იყოს კომფორტული, მაგრამ ეს ღირსეული სითამამეა, რადგან რეალურად წუხს აფხაზ ხალხზე, თითოეულ ჩვენგანზე“.

სხვამ ირონიით უპასუხა: „ჰო, როგორ არა, ძალიან კეთილშობილია, იმდენად, რომ ქალების შეურაცხყოფა შეუძლია“. კიდევ ერთმა დაასკვნა: “ბესლანი ადამიანების ღირსებას შეეხო. როგორც ადამიანს, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ ვინ მისცა შეურაცხყოფის უფლება? ვინ რას უშავებდა?“

კიდევ სხვა ინტერნეტმომხმარბელმა გამოაქვეყნა: „აფხაზი ჩე გევარა ბესლან ჭკადუა დაჭრეს“. კომენტარებში ეჭვებმა გაიჟღერა, ჩე გევარასთან შედარება გაზვიადება ხომ არ არისო. მე სხვა რამ გავიფიქრე: საერთოდ ქებაა თუ ლანძღვა ასეთი შედარება? თავის დროზე ეს არგენტინელი რევოლუციონერების კუმირად იქცა, მაგრამ ზოგს ის ფსიქოპატად და სასტიკ მკვლელად მიაჩნია.

დღეს მთავარი ექიმის აპოლონ გურგულიას კაბინეტში შევიხედე და ბესლან ჭკადუას ჯანმრთელობის მდგომარეობა ვიკითხე. მითხრა, რომ : „მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ კვირა უნდა, რომ ჭრილობები შეხორცდეს“.

ნათესავებმა მისი სოჭში წაყვანა გადაწყვიტეს. გურგულიას უკვირს: „გავიგე მისი ამბავი და ვთქვი, ლანძღავდა და ახლა რუსეთში უნდა? არ ეშინია - მეთქი. ვიცინეთ ამაზე. მაგრამ თუ წაყვანა უნდათ, წაიყვანონ, მათი გადასაწყვეტია“.

შემდეგ მე და მთავარი ექიმი შევთანხმდით, შესაძლოა ეშინიათ, რომ შურისძიების მოსურნეები დაჭრილსაც არ მოასვენებდნენ. ახლა ჭკადუა უკვე ფსოუს გაღმაა.

ვინ მიაქცევდა ყურადღებას ბესლანის მსგავს ადამიანს 15 წლის წინ? კომუნალურ ეზოში თუ ეცოდინებოდათ. მაგრამ ახლა მისმა „მხილებებმა“, რომელშიც არაფერი განსხვავებული არ იყო იმისგან, რაც მედიაში იბეჭდებოდა (მხოლოდ გინება ემატებოდა) ოკეანეს გადაუფრინა და თანამოაზრეების თვალში გაბედული მებრძოლის სახე გამოძერწა - პოტენციური ლიდერის ჩანასახი.

არის მედლის მეორე მხარეც: არავის აქვს უფლება ასე გაუსწორდეს მას, ვინც აწყენინა, სიცოცხლე წაართვას. პასუხის მოსათხოვად ყველასთვის ცნობილი კანონიერი გზები არსებობს. მსგავსმა გზამ კი შესაძლოა ვინმეს თვალში მისი, როგორც გმირის ხატი კიდევ უფრო განამტკიცოს.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში.

სტატია შემოკლებულია, სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

XS
SM
MD
LG