Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გირაოთი გათავისუფლებული კაცები - ქალების მკვლელობის იარაღი სისტემის ხელში?


მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, შეიცვალა პროკურატურის დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის საქმეებზე რეაგირების თვალსაზრისით, გაიზარდა პროკურორების მიერ ოჯახში ძალადობაში ბრალდებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი, როგორც ჩანს, სასამართლო ამ ტიპის დანაშაულზე შედარებით ლოიალურად რეაგირებს და არის შემთხვევები, როდესაც არ ითვალისწინებს ბრალდების მხარის მოთხოვნას პატიმრობის შესახებ და მას გირაოთი ანაცვლებს.

ამ ტენდენციის მსხვერპლად იქცა 9 ოქტომბერს თელავში, 26 წლის ქალი, რომელიც მეუღლემ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოკლა. მკვლელობამდე სამი დღით ადრე, ცოლზე ძალადობისა და მოკვლის მუქარისათვის დაკავებული კაცი, თელავის სასამართლოს მოსამართლემ 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ოჯახში ძალადობის კიდევ ერთი საქმე, როდესაც მოსამართლემ კაცი გირაოთი გაათავისუფლა

სწორედ მსგავსი ტრაგედიის განმეორების ეშინია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს ეკა ქობესაშვილსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფ ქალს, რომლებიც ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული და ამ ეტაპზე, გირაოთი გათავისუფლებული 43 წლის კაცის დაპატიმრებას ითხოვენ.

მათი მოლოდინი, რომ 43 წლის მიხეილ კობიაშვილის მიმართ, 11 ოქტომბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, პროკურატურა შუამდგომლობას დააყენებდა და მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების - გირაოს შეცვლას პატიმრობით მოსთხოვდა, არ გამართლდა. პროკურორმა თორნიკე მახათაძემ ეს შუამდგომლობა სხდომაზე არ დააყენა. რადიო თავისუფლებას კი განუმარტა, რომ ამის მიზეზი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ, ძალაში დატოვა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომ ოჯახში ძალადობისათვის ბრალდებული კაცისთვის აღკვეთის ღონისძიებად არა პატიმრობა, არამედ გირაო გამოეყენებინა.

თორნიკე მახათაძე ამბობს, რომ მიუხედავად პროკურატურის მკაცრი პოლიტიკისა ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით, სასამართლოს ორმა ინსტანციამ ბრალდების მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებისა, არ დააკმაყოფილა და ამით პროკურატურას მოუჭრა გზა, რომ 11 ოქტომბრის სხდომაზე მას კვლავ დაეყენებინა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე:

„მას შემდეგ, რაც ბრალდებული იქნა დაკავებული (2022 წლის 19 აგვისტო რ.თ), 48 საათში, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. ბრალდების მხარემ დაასაბუთა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს პატიმრობა უნდა შეფარდებოდა, ვინაიდან, მისი მხრიდან არსებობდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ისე მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეები, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ გაიზიარა ბრალდების მხარის ეს პოზიცია, არ ჩათვალა ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება საჭიროდ. ბრალდებულს შეეფარდა გირაო. ბრალდების მხარემ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. მოგეხსენებათ პროკურატურის მკაცრი მიდგომა ოჯახურ დანაშაულებთან დაკავშირებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ბრალდებულის მიმართ მოთხოვნილი იყო ყველაზე მკაცრი ღონისძიება, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა იყო“.

რა თქვა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა?

11 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიზო უბილავას კითხვას, ცნობს თუ არა თავს დამნაშავეს წარდგენილ ბრალდებებში, მიხეილ კობიაშვილმა უპასუხა:

- ნაწილობრივ.

- ნაწილობრივ როგორ გავიგო? - ჰკითხა მას მოსამართლემ:

- იმიტომ, რომ ეს ოჯახური კონფლიქტები გამოწვეული იყო სხვადასხვა მიზეზის გამო.

- მიზეზებს არ გეკითხებით, რას ნიშნავს ნაწილობრივ? მუქარაში გედებათ ბრალი და ძალადობაში, რომელ ნაწილში გრძნობთ თავს დამნაშავედ?

- უბრალოდ მუქარა იყო, ეს იყო გაღიზიანება, როდესაც ბავშვს წამალი არ მიეწოდებოდა.

- მუქარის ნაწილში თავს დამნაშავედ გრძნობთ?

- დიახ.

- რაც შეეხება ძალადობას?

- არა, არანაირი, პირდაპირ ვამბობ.

- გასაგებია.

სხდომის დასრულების შემდეგ მიხეილ კობიაშვილი რადიო თავისუფლებასთან კომენტარს არ აკეთებს. მცირე კომენტარით შემოიფარგლება მისი ადვოკატი, რევაზ მოდებაძე და გვეუბნება:

„ყველაფერი გაცხადდება სასამართლო პროცესებზე, რამდენად მართლები ვართ და რამდენად მტყუანები. მუქარის ნაწილიც რამდენად მუქარად არის მოსანათლი, ესეც საკითხავია. ეს არის ხმამაღალი სიტყვები, რომლებიც გაჟღერებულია ბავშვის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე. რამდენად აღიქმება ის მუქარად, ეს სხვა საკითხია“.

ახალი გამოძიება - ცნობს თუ არა დაზარალებულად პროკურატურა ბრალდებულის ცოლ-შვილს?

43 წლის მიხეილ კობიაშვილი, ამ ეტაპზე, ბრალდებულია ცოლის დედის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის საქმეზე. მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს და ამავე კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის მუქარას.

თუმცა, გასულ კვირაში, მიხეილ კობიაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო, რომელიც ამჯერად ცოლის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარას ეხება და რომლის დამადასტურებელი აუდიო-ჩანაწერები დაცვის მხარემ უკვე გადასცა გამოძიებას.

აუდიო-ჩანაწერები, რომლებიც ოჯახში ძალადობის საქმეს ახლავს თან, რადიო თავისუფლებას 27 წლის ქალის დედამ დაახლოებით ერთი თვის წინ მიაწოდა. ჩანაწერები რთული მოსასმენია და ის ოჯახში ძალადობის რამდენიმეთვიან ეპიზოდს მოიცავს. ათობით აუდიო-ჩანაწერს, გარდა ძალადობის ამსახველი ხმებისა, გინებისა და მუქარისა, ფონად გასდევს მცირეწლოვანი ბავშვის უწყვეტი ყვირილი. ყველა აუდიო ჩანაწერში, რომელიც სხვადასხვა პერიოდს ასახავს და შესაბამისად, სხვადასხვა რიცხვითაა დათარიღებული, ოთხი ადამიანი ფიგურირებს: 27 წლის ქალი (ცოლი), 42 წლის კაცი (ქმარი), 2 წლის ბავშვი და ბებია. აუდიო ჩანაწერებში ისმის, რომ კაცი ცოლს მოკვლითაც ემუქრება.

ეკა ქობესაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მიუხედავად თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებისა, რომ მიხეილ კობიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ არა პატიმრობა, არამედ გირაო გამოეყენებინა, 11 ოქტომბრის სხდომაზე პროკურატურას კიდევ ერთხელ უნდა დაეყენებინა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე, რადგან საქმეში გაჩნდა ახალი გარემოებები, აუდიო-მტკიცებულებები, განცხადება, რომ დაზარალებულმა გირაოს გამოყენების შესახებ თანხმობას ხელი იძულებით მოაწერა და რაც მთავარია, კაცის წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო:

ეკა ქობესაშვილი
ეკა ქობესაშვილი

„აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საფუძველი არსებობდა, რადგან გამოვლინდა ახალი გარემოება, რომელიც ცვლის აღკვეთის ღონისძიების ხასიათს. დაწყებულია ახალი გამოძიება ცოლ-შვილის მიმართ ძალადობაზე. საქმეში ასევე დევს დაზარალებულის წერილი, რომ თანხმობა გირაოს გამოყენებაზე დაწერა ფსიქოლოგიური ზემოქმედების გამო, რეალურად კი მას სურს, რომ დანაშაულებიდან და საფრთხეებიდან გამომდინარე, ეს ადამიანი საპატიმროში იყოს. როგორც მან განმიმარტა, იძულებული ვიყავი მომეწერა ხელი, რომ მისი ახლობლები ჩემს შვილთან არ მისულიყვნენ და ისედაც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, კიდევ უფრო არ გაეღიზიანებინათო. ცხადია, პროკურატურას შეეძლო, კიდევ ერთხელ დაეყენებინა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა. ამაზე დღეს სასამართლოს აუცილებლად უნდა ემსჯელა“.

ეკა ქობესაშვილის თქმით, საქმეს ართულებს ისიც, რომ 27 წლის ქალი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და უარს ამბობს გამოძიებისათვის ჩვენების მიცემაზე:

„გამოძიებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს გოგო არის ზემოქმედების ქვეშ. ეს კაცი გირაოთია გამოშვებული. ამ კაცს ნათქვამი აქვს გოგოსთვის, სანამ პოლიცია მოვა, მანამდე მოგკლავო. გოგოს აქვს სტრესი, შიშები, აქედან გამომდინარე არ აძლევს ჩვენებას გამოძიებას და ეს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, ქალთან, რომელიც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, ფსიქოლოგი არ მუშაობს“.

დღეს არსებული მდგომარეობით, 43 წლის მიხეილ კობიაშვილის 27 წლის ცოლი და მათი 2 წლის შვილი, გამოძიებას დაზარალებულად არ უცვნია. რატომ ჭიანურდება ეს პროცესი? - პროკურორი თორნიკე მახათაძე რადიო თავისუფლების ამ კითხვას ასე პასუხობს:

„გამოძიება მიმდინარებს შესაძლო ძალადობის ფაქტზე. შესაბამისად, თუ გამოიკვეთა ბრალეულობა, რა თქმა უნდა, დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხიც“.

რატომ უნდა იყოს ბრალდება უფრო მკაცრი და სასამართლო უფრო დაკვირვებული?

ოჯახის ადვოკატის თქმით, პროკურატურამ და სასამართლომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის კონტექსტი და სტატისტიკა, რაც დღეს ქვეყანას ოჯახში ძალადობისა და ქალთა მკვლელობის მიმართულებით აქვს. ამ შემთხვევაში, ეკა ქობესაშვილი პარალელს ავლებს და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს 9 ოქტომბერს, თელავში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც სწორედ ოჯახში ძალადობის ბრალდებითა და გირაოთი გათავისუფლებულმა კაცმა 26 წლის ცოლი, შვილის თანდასწრებით მოკლა: „რატომ რისკავენ ასე ძალიან. ყველამ კარგად ვნახეთ, რა მოხდა ორი დღის წინ“, - ამბობს ადვოკატი.

სასამართლო კრიტიკის სამიზნე გახდა 11 ოქტომბერს პროკურატურის მხრიდანაც. გენერალურ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც თელავში მომხდარ მკვლელობის ფაქტს მიეძღვნა, ითქვა, რომ მოსამართლემ „სათანადოდ ვერ შეაფასა ბრალდებულიდან მომდინარე რისკები და საფრთხეები“ და 6 ოქტომბერს „უკანონოდ ცნო ბრალდებულის დაკავება, გაათავისუფლა დაკავებიდან და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - 2000 ლარი შეუფარდა“.

როდესაც საქმე ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის პრევენციას ეხება, უფლებადამცველები თანხმდებიან, რომ ქვეყანას არ გააჩნია პრევენციის ერთიანი პოლიტიკა, რაც ქალებს ძალადობისგან და სიკვდილისგან დაიცავს.

სისტემის ხარვეზია ისიც, რომ ბრალდებულისთვის გირაოს გამოყენების მთავარ საფუძვლად ხშირად სწორედ დაზარალებულის ხელმოწერილი თანხმობა იქცევა ხოლმე, რაც ასევე ძალიან ხშირად შიშისა და ფსიქოლოგიური წნეხის ფონზეა მიღებული. ზუსტად ამ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი და ამბობს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობისას, აუცილებელია სასამართლომ სწორად შეაფასოს რისკები, საფრთხეები და დაზარალებულის მდგომარეობა:

გოგა ხატიაშვილი
გოგა ხატიაშვილი

„ზოგჯერ დაზარალებულებს აქვთ ხოლმე ლოიალური დამოკიდებულება მოძალადეების მიმართ და ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, რადგან ეს გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორით. მათ შორის, ფინანსური დამოკიდებულებით მოძალადეებზე, შიშით - ის თუ ჩაჯდება ციხეში, მოკლე პერიოდში გამოვა და უარესს გაუკეთებს ან გადაემტერება მის ახლობლებს და ა.შ. მეცნიერულად ახსნადია, თუ რატომ იქცევა მსხვერპლი ასე. ის, რომ მსხვერპლმა თქვა, რომ მას არ სურს, რომ მოძალადე დაისაჯოს, ეს არ უნდა იყოს გადამწყვეტი და უპირობოდ გასაზიარებელი ფაქტორი არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად. მსხვერპლის ასეთი პოზიციები უნდა შეფასდეს არა განყენებულად, არამედ საქმის გარემოებებთან ერთობლიობაში“.

გოგა ხატიაშვილის თქმით, ფემიციდის შემთხვევების სტაბილური და ფემიციდის მცდელობების მზარდი სტატისტიკა სწორედ სისტემის ხარვეზის ბრალია, რაც განსაკუთრებით თვალნათელია ბოლო წლებში:

„ძალიან სუსტია პრევენციული პოლიტიკა, ძალიან სუსტი და პრევენციულ პოლიტიკაზე როდესაც ვსაუბრობ, აქ ვგულისხმობ კომპლექსური ღონისძიებების ერთობლიობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესწავლილ იქნას ის ფაქტორები და მოხდეს მათი ანალიზი, რაც არის ძალადობის ჩადენის მიზეზი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს სათანადო სტატისტიკის შეგროვება. კანონი პირდაპირ ამბობს, რომ პრევენციული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს იმ ჯგუფებთან, რომლებიც რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ. ასევე იმ ადამიანებთან, რომლებმაც უკვე ჩაიდინეს ძალადობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო, საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების განხორციელება, რომელიც განმსჭვალული უნდა იყოს თანასწორობის იდეით, რადგან ფემიციდი, ქალთა მიმართ ძალადობა არის სწორედ გენდერული უთანასწორობის პროდუქტი. სისტემის პირველი პრობლემა არის ის, რომ ის არ ატარებს ერთიან ხაზს და პოლიტიკას, რაც შემდგომში ამ ტიპის გადაწყვეტილებებს იწვევს ხოლმე“.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში დაიხვეწა და გამკაცრდა კანონმდებლობა როგორც ოჯახში ძალადობის, ისე ფემიციდის მიმართულებით და ფემიციდი რიგ შემთხვევაში, უვადო პატიმრობასაც გულისხმობს, ქვეყანა ქალთა მკვლელობების სტატისტიკას ვერ ცვლის. 2014 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, საქართველოში 190-მდე ქალია მოკლული. 2022 წლის პირველ ათ თვეში ქმარმა, ყოფილმა ქმარმა თუ პარტნიორმა, 16 ქალი მოკლა მათგან სამი ქალი - ბოლო სამ დღეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG