Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი START-ის შეჩერებამ შეიძლება შეიარაღების კონტროლი მნიშვნელოვნად შეაფერხოს


რუსეთის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვება სამხედრო წვრთნების დროს. 19 თებერვალი, 2022 წ.
რუსეთის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვება სამხედრო წვრთნების დროს. 19 თებერვალი, 2022 წ.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებას, რომ მოსკოვი აჩერებს აშშ-რუსეთის ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ, მყისიერი შედეგი ექნება რუსეთის ბირთვული აქტივობების გამჭვირვალობაზე. თუმცა, ეს პაქტი ბოლო დროს ფაქტობრივად ისედაც დასრულებული იყო.

პუტინის გადაწყვეტილებას - რუსეთის მიერ სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ შეთანხმებით - ახალი START-ით გათვალიწინებულ ბირთვული ქობინებისა და რაკეტების ინსპექტორებთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ - წინ უძღოდა შარშან მოსკოვის მიერ მოლაპარაკებების გაუქმება, რომლის ამოცანაც შეთანხმების გადარჩენა იყო.

პუტინმა თავის ყოველწლიურ მიმართვაში თქვა, რომ რუსეთი აჩერებს ახალი START-ის ხელშეკრულებაში მონაწილეობას. მიზეზად რუსეთის პრეზიდენტმა დაასახალე ის, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინას და ნატოს ქვეყნებთან ერთად "რუსეთის განადგურებას ცდილობს".

მანამდე ამ შეთანხმებაში მონაწილეობა აშშ-მ შეაჩერა. ტრამპის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა მისი გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებაში და მოსკოვს მის დარღვევებში დასდო ბრალი. თუმცა, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან ხელი მოაწერა შეთანხმების 5 წლით გაგრძელებას.
ქვემოთ გეტყვით, თუ რას ნიშნავს „ახალი START-ი“ და რა დანიშნულება აქვს მას.

რა შეთანხმებაზეა ლაპარაკი?

სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ახალ შეთანხმებას აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2010 წელს მოაწერა ხელი და ის ძალაში 2011 წლის თებერვლიდან შევიდა. ეს 10-წლიანი პაქტი იყო, რომელიც რუსეთსა და აშშ-ს ავალდებულებდა რეგულარული კომუნიკაცია ჰქონოდათ მათი ბირთვული არსენალის სტატუსთან დაკავშირებით, რეგულარულად ჩატარებულიყო ინსპექციები ადგილზე და დაწესებულიყო ზღვრები ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით. შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ ბირთვული ქობინების რაოდენობა 2 200-დან 1 550-მდე უნდა შემცირდეს და ქვეყნებმა უნდა შეამცირონ რაკეტმზიდების და სტრატეგიული ბომბდამშენების რაოდენობაც.

პუტინის მიმართვიდან რამდენიმე საათის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეთანხმების შეჩერების მიუხედავად, რუსეთი დაემორჩილება ამ პაქტით გათვალისწინებულ შეზღუდვებს ბირთვულ არსენალთან დაკავშირებით და აშშ-ს მიაწვდის ინფორმაციას ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შესახებ.

რა გავლენა ექნება შეთანხმების შეჩერებას ინფორმაციის გაცვლაზე?

მას შემდეგ, რაც ეს შეთანხმება ძალაში შევიდა, რუსეთმა და აშშ-მ საშუალება მისცეს ერთმანეთის სპეციალურ ჯგუფებს ადგილზე 328 ინსპექცია ჩაეტარებინათ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით ორმა ქვეყანამ ასევე 25,311 შეტყობინება გაცვალა მათი პროგრამების სტატუსის შესახებ.

პუტინის სიტყვა და შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება მიანიშნებს, რომ ინსპექციები გაურკვეველი ვადით შეჩერდება. უცნობია, რა ბედი ეწევა ინფორმაციის გაცვლის პროგრამას.

ვითარება ოდნავ უფრო ცხადი გახდება 1 მარტს, როდესაც ორმა მხარე, წესით მონაცემები უნდა მიწოდონ ერთმანეთს ბირთვული ძალების საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით - ამბობს ჰანს კრისტენსენი, ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის ბირთვული ინფორმაციის პროექტის დირექტორი.

აშშ და რუსეთი აქამდე ყოველდღიურად ცვლიდნენ ინფორმაციას გადაადგილებებისა და წვრთნების შესახებ, რათა ორივე ბირთვულ ძალას ჰქონოდა ინფორმაცია ერთმანეთის შესახებ. უილიამ ალბერკი, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის სტრატეგიის, ტექნოლოგიისა და შეიარაღების კონტროლის დირექტორი ამბობს, რომ ეს შეტყობინებები ყოველდღიურად იცვლებოდა. თუ რუსეთი ამ ინფორმაციის მიწოდებას შეწყვეტს „ჩვენ მაშინვე შეგვეზღუდება შესაძლებლობა ვიცოდეთ, თუ რამდენი სტრატეგიული იარაღი გააჩნიათ მათ, არიას თუ არა ეს შეიარაღება იქ, სადაც უნდა იყოს და იქცევიან თუ არა ისინი ისე, როგორც უნდა იქცეოდნენ“ - თქვა უილიამ ალბერკმა.

რა უძღოდა წინ პუტინის განცხადებას?

ახალი START-ით გათვალისწინებული რეგულარული ინსპექციები ორივე მხარემ 2020 წლის მარტში შეაჩერა - პანდემიის გამო. აშშ-რუსეთის კომისია, რომელსაც ამ შეთანხმების იმპლემენტაციაზე კონტროლი ევალება, ბოლოს 2021 წლის ოქტომბერში შეიკრიბა. შემდეგ, 2022 წლის აგვისტოში, რუსეთმა ინსპექციასთან თანამშრომლობა ცალმხრივად შეაჩერა აშშ-ის მიერ უკრაინის მხარდაჭერის გამო.

მოლაპარაკებები ნოემბრის ბოლოს, ეგვიპტეში უნდა განახლებულიყო, თუმცა რუსეთმა შეხვედრა გააუქმა ისე, რომ მიზეზიც არ დაუსახელებია.

იანვრის ბოლოს ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ რუსეთი შეთანხმების პირობებს არღვევდა, საკუთარ ტერიტორიაზე ინსპექტორებს აღარ უშვებდა და მოლაპარაკებების განახლებაზეც უარს აცხადებდა.
მაშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთს მარტივად შეეძლო სრულად შეესრულებინა შეთანხმება და ამისათვის საკმარისი იქნებოდა დათანხმებოდა ახალ ინსპექციას.

რა რეაქცია ექნება აშშ-ს?

ახლა ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი იქნება ამერიკის პასუხი და გააგრძელებს თუ არა აშშ შეთანხმების შესრულებას.

სამშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პუტინის გადაწყვეტილებას „დასანანი და უპასუხისმგებლო“ ნაბიჯი უწოდა.

ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა ყურადღებით დააკვირდებოდა რუსეთის მოქმედებებს და მიიღებდა ზომებს საკუთარი თავისა და თავისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

შეთანხმების შეჩერების შემდეგ გაჩნდა რისკი, რომ დაიწყება შეიარაღების დაგროვება.

„აშშ და რუსეთი თავიანთ ბირთვული მოდერნიზაციის პროგრამებს გულმოდგინედ გეგმავენ იმ დაშვებით, რომ არც-ერთი ქვეყანა არ გადააჭარბებს ახალი START-ით განსაზღვრულ დონეებს“ - ნათქვამია ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის თებერვლის მოხსენებაში. „თუ 2026 წლის შემდეგ შეთანხმება არ იქნება, ეს დაშვება დაუყოვნებლივ გაქრება. ორივე მხარე ურთიერთ უნდობლობის პრინციპით იმუშავებს და ჩვენს დისკურსს წარმართავს ყველაზე ნეგატიური შეფასება იმისა, თუ როგორ გაიზრდება ორი ქვეყნის არსენალი მომავალში.“

მომზადებულია სააგენტო "ასოშიეიტედ პრესის" მიხედვით.

XS
SM
MD
LG