Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ანგარიში ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე: დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში მნიშვნელოვანი უკუსვლით ხასიათდებოდა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) გამოაქვეყნა ანგარიში „მსოფლიოში ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე“, რომელიც 2025 წლის მდგომარეობას ასახავს. დოკუმენტში ქვეყნების რამდენიმე ჯგუფია შეფასებული, მათ შორის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები.

ანგარიშში საქართველოს შესახებ თავი ასე იწყება:

"ადამიანის უფლებები მწვავედ შეიზღუდა რეპრესიული მოქმედებებითა და კანონებით, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს, თანასწორობისა და არადისკრიმინაციის, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებებს, აგრეთვე პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებებს, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ჩათვლით.

ძალოვანი უწყებების მიერ პროტესტის მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში წამებასა და დამამცირებელ მოპყრობას უტოლდებოდა, ფართოდ გამოიყენებოდა 2025 წელს. არც ერთი დამნაშავე არ დასჯილა, რითაც ხელი შეეწყო დაუსჯელობის გარემოს წახალისებას. თვითნებური დაკავების შემთხვევები, წინასწარი პატიმრობის გადამეტებული გამოყენება და საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ჟურნალისტების არაპროპორციულად უხეშად დასჯა იწვევს შეშფოთებას სამართლიანი სასამართლოს უფლების არსებობასთან დაკავშირებით. აღინუსხა სამართალდამცავთა მხრიდან საპროტესტო აქციების მონაწილე ქალების მიმართ ფიზიკური ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და გაუპატიურების ან მოკვლის მუქარა".

ევროკავშირი საქართველოს შესახებ პირველივე ქვეთავში აღწერს "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შემზღუდავ ქმედებებს:

"ახალმა კანონმდებლობამ, მათ შორის ცვლილებებმა „მაუწყებლობის შესახებ კანონში“, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტმა“ და საკანონმდებლო პაკეტმა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, უარყოფითი ზეგავლენა იქონია გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობაზე.

ფართოდ იყო გავრცელებული ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ დაშინების, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, მათი თვითნებური დაკავების შემთხვევები.

დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში მნიშვნელოვანი უკუსვლით ხასიათდებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ რეპრესიული ზომები დააწესა სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ, რამაც მწვავედ გამოუთხარა ძირი გადაწყვეტილებების დემოკრატიული გზით მიღებასა და დემოკრატიულ პროცესებს, ეფექტურად გააუქმა სამოქალაქო მონაწილეობა, აგრეთვე კონტროლისა და ბალანსის სისტემა".

ბრიუსელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსაც აღწერს:

"სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, ხელისუფლებამ მართლმსაჯულების სისტემა გამოიყენა რეპრესიისა და პოლიტიკური დევნის იარაღად, რომ ორგანიზაციები დაეტოვებინა აუცილებელი ფინანსური რესურსების გარეშე და ჩაეხშო განსხვავებული ხმა.

სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული აზრის მქონენი სულ უფრო მეტად ხდებოდნენ დაშინების, მტრული რიტორიკის, მუქარისა და ძალადობის სამიზნეები. საფრთხის ქვეშაა პოლიტიკური პლურალიზმი, ვინაიდან მმართველ პარტიას სურს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალოს რამდენიმე ოპოზიციური პარტია.

ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელება სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება. მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიში საქართველოზე. ორგანიზაციის - „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ მიერ მომზადებულ „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექს 2025“-ში საქართველო 114-ე ადგილზეა, 52-ეა „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ (WJP) „კანონის უზენაესობის ინდექსში“, 56-ე ადგილზეა „საერთაშორისო გამჭვირვალების“ „კორუფციის აღქმის ინდექსში“ და 100-დან 34 ქულა მიენიჭა CIVICUS Monitor-ის ინდექსში, რაც რეპრესიული სამოქალაქო სივრცის მაჩვენებელია".

11 აგვისტოს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩამოთვლილია ევროკავშირის მიერ გადადგმული ნაბიჯებიც და ხელისუფლებას შეახსენებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ბრიუსელის მიერ განსაზღვრულ "ცხრა ნაბიჯს", რომელიც "ქართულ ოცნებას" არ შეუსრულებია:

"ევროკავშირი მუდმივად მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნებისკენ, რეპრესიული კანონმდებლობის უკან წაღების, დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმებისკენ, რაც შეესაბამება ევროინტეგრაციის ძირითად პრინციპებსა და კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯს.

ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას მოქალაქეთა უფლებების, მათ შორის - სამართლიანი სასამართლოს, გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების, მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის პატივისცემის, დაცვისა და მხარდაჭერისკენ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულების გათავისუფლებისკენ. ეს მოწოდებები 2025 წლის დეკემბერში გაიმეორა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და შენიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები არ შეესაბამება კანდიდატი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მოლოდინებს.

ევროკავშირის განაგრძობს უვიზო მიმოსვლის ნიშნულებთან საქართველოს შესაბამისობის შეფასებას. 2025 წლის დეკემბერში კომისიამ ჩათვალა, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტი რეგრესი განიცადა მმართველობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში და განაგრძობს ამ სტანდარტების დარღვევას.

უვიზო მიმოსვლის გაუქმების ახალი მექანიზმის საფუძველზე, ევროკომისიამ წამოიწყო პროცედურა დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეების ვიზის მოთხოვნისგან გათავისუფლების შესაჩერებლად".

ანგარიშში აღწერილია ევროკავშირი-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობის რეჟიმი და შეზღუდული ურთიერთობის ეპიზოდები:

"2024 წლის ივნისში, ოქტომბერსა და დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანებამდელი პროცესი. 2025 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არ წარმართულა პოლიტიკური დიალოგი, რადგან საქართველოს ხელისუფლება განაგრძობდა სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლას. ევროკავშირმა გააგრძელა ორმხრივი კონტაქტების დონის დაწევა. 2023 წლის ივნისის შემდეგ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არ გამართულა „დიალოგი ადამიანის უფლებებზე“.

საქართველოსთვის ფინანსური დახმარების აღწერისას ევროკავშირი ხაზს უსვამს ხელისუფლებისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებასა და სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის გამოყოფილ რესურსებს:

"დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების გამო, ევროკავშირმა 2025 წელსაც ძალაში დატოვა საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების შეჩერება. სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების პასუხად, „სამეზობლოს, განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის“ (NDICI) ორმხრივი და თემატური დაფინანსების გამოყენებით სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 24 მლნ ევრო გამოიყო.

მიმდინარე მხარდაჭერა ფოკუსირებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, შეზღუდული უნარების მქონე პირთა უფლებების, გენდერული თანასწორობისა და გენდერულად მოტივირებულ ძალადობასთან ბრძოლის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების, ბავშვის უფლებების, ლგბტი პირთა უფლებების, ნდობის აღდგენის, აგრეთვე დეზინფორმაციასთან, უცხოურ ჩარევასა და მანიპულაციასთან ბრძოლის მხარდაჭერაზე".

დოკუმენტში დასახელებულია აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერი კიდევ ერთი ინსტრუმენტი:

"საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანის უფლებათა დამცველების ჩათვლით, სარგებლობენ აგრეთვე გაზრდილი მხარდაჭერით „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ინსტრუმენტით“ 2025-2027 წლებისთვის გამოყოფილი 10 მლნ ევროთი და ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი რეგიონული პროგრამებით".

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2025 წელს ევროკავშირი განაგრძობდა სახალხო დამცველის ოფისის მხარდაჭერასაც "ომბუდსმენის ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაზრდელად".

ბრიუსელი აცხადებს, რომ ევროკავშირი-ევროსაბჭოს „თანამშრომლობა კარგი მმართველობისთვის“ (PGG III) გაგრძელდა შეზღუდული აქტივობებით, სიძულვილის ენასთან გამკლავებაზე ფოკუსით და რომ საქართველო კვლავაც სარგებლობდა ევროკავშირის თანადაფინანსებით ევროკომისიის მიერ განხორციელებული „მართლმსაჯულების ეფექტიანობის“ პროექტით, საქართველოში სასამართლოს მართვის მოდერნიზაციის მხარდასაჭერად.

ანგარიშში კრიტიკულად არის შეფასებული თბილისის მიერ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობა:

"არაადეკვატურად მიმდინარეობს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან თანამშრომლობა და მისი გადაწყვეტილებების შესრულება და დღეს მინისტრთა კომიტეტის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ არის 45 საქმე".

ბრიუსელი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ხელისუფლებას არ გაუთვალისწინებია 2024 წლის არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშში ჩაწერილი რეკომენდაციები. 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე კი დროულად არ გაუგზავნა მოწვევა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას:

"საქართველოს ხელისუფლებას დროულად არ მიუწვევია „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის“ (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისია, რომ 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე შინაარსიანი დაკვირვების შესაძლებლობა მიეცა. გარდა ამისა, საქართველოს არ შეუსრულებია წინა არჩევნებზე ეუთო/ოდირის მიერ გაცემული არც ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია".

ბრიუსელის ანგარიშში გაეროს ფორმატში ადამიანის უფლებებზე თანამშრომლობის მიმართულებაც არის ასახული:

"2025 წლის ბოლომდე საქართველო რჩებოდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) არჩეულ წევრად. „HRC-ის საგანგებო პროცედურებით“ საქართველოს მოუწოდეს დემონტრაციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიებისკენ. იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო ფორუმებზე კარგი თანამშრომლობა ზოგადად შენარჩუნებულია, საქართველო არ შეუერთდა საერთაშორისო და ევროკავშირის ზოგიერთ ინიციატივას".

2024 წლის 28 ნოემბერს "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი ძალა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნის საკითხი - "ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან", - განაცხადა მაშინ ირაკლი კობახიძემ. ევროკავშირთან ორმხრივი კონტაქტები მკვეთრად გაუარესდა და "ქართული ოცნების" ლიდერების ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა გამწვავდა 2024 წლის გაზაფხულზე "ქართული ოცნების" მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ, რამაც მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG