Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენ-პუტინის მესიჯები ჟენევის სამიტის წინ


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების 16 ივნისის უმაღლესი დონის შეხვედრისგან არავინ მოელის დიპლომატიურ გარღვევას და ცივი ომის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დასული ურთიერთობების გაუმჯობესებას.

მიუხედავად ორივე ლიდერის სურვილისა, რომ მიაღწიონ „სტაბილურ და პროგნოზირებად“ ურთიერთობას, აშშ არასოდეს შეურიგდება რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევას, საერთაშორისო ნორმებისა და საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, რუსეთი კი არ აპირებს გადაუხვიოს პუტინის მიერ „სუვერენულ დემოკრატიად“ მონათლულ პოლიტიკურ კურსს. რუს პოლიტოლოგ დმიტრი ორეშკინის თანახმად, პუტინს არაფერი აქვს ისეთი, რაც შეუძლია ამ სამიტზე შესთავაზოს ამერიკელ კოლეგას.

„საქმე ისაა, რომ პოლიტიკური წინადადებების მხრივ, სინამდვილეში, პუტინის ჯიბე ცარიელია. რამდენიმე ათეული ბირთვული ქობინის გარდა, მას არაფერი აქვს მაგიდაზე დასადები. მის უკან დგას მოდელი, რომელიც, სამხედროს გარდა, მსოფლიოს თვალში თავისი სოციალურ-ეკონომიკური და სხვა განზომილებით არამიმზიდველი და არაეფექტურია“, - უთხრა დმიტრი ორეშკინმა რუსულენოვან ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“.

„რუსეთის სახელმწიფოსა და ხალხის“ სახელით

ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობაში არსებულ ღრმა კრიზისზე ისიც მიანიშნებს, რომ თეთრმა სახლმა უარი თქვა სამიტის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის გამართვაზე.

„რაც შეეხება პრესკონფერენციას, ეს არ არის კონკურსი, თუ ვის უკეთ უჭირავს თავი და ვინ ვის ჩააყენებს უხერხულ მდგომარეობაში. მნიშვნელოვანია მკაფიოდ ითქვას, თუ როგორია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების პირობები. ჩვენ არ ვეძებთ საბაბს კონფლიქტისთვის. პირველი, ჩვენ გვსურს ბოლო მოეღოს ისეთ ქმედებას, რომელიც, ჩვენი აზრით, შეუთავსებელია საერთაშორისო ნორმებთან. და მეორე - სადაც შესაძლოა ერთობლივი მუშაობა, ჩვენ, ალბათ, მოვახერხებთ მუშაობას რაღაც ახალ სტრატეგიულ დოქტრინაზე. შესაძლოა იყოს სხვა მიმართულებებიც“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

„დიდი შვიდეულის“ შეხვედრამდე აშშ-ის პრეზიდენტი ბრიუსელში ნატოელ მოკავშირეებს შეხვდა.

ალიანსის ლიდერებმა ერთიანობა და ერთგულება აღუთქვეს დასავლეთის სამხედრო კავშირის ერთობლივი თავდაცვის მუხლს, ჩინეთის აღზევების, რუსეთის „აგრესიული ქმედებებისა“ და ნებისმიერი სხვა, სახელმწიფო ან არასახელმწიფო ძალებისგან მომდინარე, საფრთხეების წინაშე.

რუსეთის ლიდერი კი ნატოს „ცივი ომის რუდიმენტად“ მიიჩნევს და აცხადებს, რომ „აგრესიას“ სწორედ ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოება წარმოადგენს. ჟენევის სამიტის წინ ტელეკომპანია NBC-თვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის თავს არ მიიჩნევს „მკვლელად“.

„ათობით ასეთი ბრალდება მომისმენია, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ჩვენი ბრძოლების პერიოდში შექმნილი მძიმე ვითარების დროს. ამასთან, მე ყოველთვის ვხელმძღვანელობ რუსეთის სახელმწიფოსა და რუსეთის ხალხის ინტერესებით, ხოლო ასეთი სენტენციები იმაზე, თუ ვინ, ვის, რას და როგორ უწოდებს, საერთოდ არ მაღელვებს“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

ადამიანის უფლებები და ალექსეი ნავალნი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, სამშაბათს უკვე ჩავიდა ჟენევაში, სადაც 16 ივნისს რუსეთის ლიდერთან უმაღლესი დონის შეხვედრას გამართავს. ბოლოს ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის რანგში 10 წლის წინ შეხვდა ვლადიმირ პუტინს, იმხანად რუსეთის პრემიერ-მინისტრს.

თუ წინა შეხვედრის დროს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთთან შემდგომი დაახლოების საჭიროებაზე ლაპარაკობდა, ამჟამად ასეთ სანტიმენტებს ადგილი არ ექნება. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ბაიდენმა, თქვა, რომ პუტინი არის „მკვლელი“, რომელიც ძირს უთხრის საერთაშორისო უსაფრთხოებას და მუდმივად აჩუმებს თავის კრიტიკოსებს საკუთარ ქვეყანაში.

რუსეთის მხარეც ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი პუტინთან შეხვედრის დროს წამოჭრის პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, საკითხს. „ამის (ნავალნისთან დაკავშირებული სიტუაციის) თაობაზე ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სიგნალი ამერიკის მხარისგან“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბარში.

ვაშინგტონი აკრიტიკებს კრემლს ნავალნის მოწამვლისა და პოლიტიკური დევნისათვის და მოითხოვს პატიმრობიდან მის გათავისუფლებას.

მოსკოვი კი ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ვაშინგტონი არ უნდა ჩაერიოს რუსეთის შიდა საქმეებში. ტელეკომპანია NBC-ის შეკითხვაზე, უბრძანა თუ არა ნავალნის მოკვლა, ვლადიმირ პუტინის პასუხი იყო: „არა, ჩვენ არ გვჩვევია ვინმეს მოკვლა“.

ბაიდენის და პუტინის შეხვედრა. 2011 წელი
ბაიდენის და პუტინის შეხვედრა. 2011 წელი

იმ შემთხვევაში, თუ ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინს შეხვედრაზე კვლავ გაუმეორებს ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნას, ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსეთის ლიდერი დათანხმდეს თავისი ოპონენტის საპატიმროდან გათავისუფლებაზე, მით უფრო, რომ პუტინი დარწმუნებულია, რომ ალექსეი ნავალნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რუსეთის კანონმდებლობის სრული დაცვით.

„რუსეთში წელიწადში ათასობით ადამიანი არღვევს პირობითი პატიმრობის კანონს, არ აღირიცხებიან, არღვევენ კანონის მოთხოვნებს. ათასობით! და მათ არავითარი კავშირი არ აქვთ პოლიტიკურ მოღვაწეობასთან. მაგრამ თუ ვინმე პოლიტიკურ მოღვაწეობას ამოეფარება, იმისათვის რომ გადაჭრას თავისი - მათ შორის კომერციული - საქმეები, მაშინ ამისათვის სათანადო პასუხი უნდა აგოს“, - მიიჩნევს პუტინი.

44 წლის ალექსეი ნავალნი პატიმრობაშია 2021 წლის იანვრიდან - როცა რუსეთში დაბრუნდა ნერვული აგენტით აგვისტოში მოწამვლის გამო გერმანიაში ჩატარებული მკურნალობის შემდეგ. ალექსეი ნავალნი ფიქრობს, რომ ის ფედერალური უშიშროების აგენტებმა პუტინის დავალებით მოწამლეს. კრემლი უარყოფს ინციდენტში მონაწილეობას.

„სტაბილურობა და პროგნოზირებადობა“

უკრაინაში მოსკოვის ქმედებების, არჩევნებში მისი სავარაუდო ჩარევისა და რუსეთიდან მომავალი კიბერთავდასხმების მიუხედავად, ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს რუსეთთან „სტაბილური და პროგნოზირებადი“ ურთიერთობა, რაც ორ ქვეყანას საშუალებას მისცემს ითანამშრომლონ საერთო საკითხებზე, როგორიცაა სტრატეგიული სტაბილურობა, შეიარაღებაზე კონტროლი და კლიმატის ცვლილება.

ბაიდენის ეს იდეა მოსწონს ვლადიმირ პუტინს, რომელიც ფიქრობს, რომ „სტაბილურობა და პროგნოზირებადობა“ ეს ყველაზე მთავარი ფასეულობაა საერთაშორისო საქმეებში.

რაც შეეხება იმას, რომ ჯო ბაიდენი სწორედ მას მიიჩნევს ასეთი არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადობის მთავარ წყაროდ, პუტინი კვლავ „გაღმა შედავების“ პრინციპს იყენებს და აცხადებს, რომ პროგნოზირებადობა და სტაბილურობა ძნელად შეიძლება ეწოდოს ვაშინგტონის საერთაშორისო პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში.

„რანაირი სტაბილურობა და პროგნოზირებადობაა ის, რაც ლიბიაში მოხდა 2011 წელს, როდესაც ქვეყანა დაშალეს? სულ იმას ამბობდნენ, რომ ავღანეთში ჯარები დარჩებოდა. მერე კი უცებ, ბუმ, და დაიწყეს ავღანეთიდან ჯარის გაყვანა. ესაა სტაბილურობა და პროგნოზირებადობა? თუ სტაბილურობა და პროგნოზირებადობა ისაა, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება? სადამდე მიგვიყვანს ეს? ან სირია? რა, განა იქაა სტაბილურობა და პროგნოზირებადობა?!

მოდი, ერთად დავსხდეთ, მოვილაპარაკოთ, ვეძებოთ გამოსავალი, კომპრომისი, ვეძებოთ ყველა მხარისათვის მისაღები კომპრომისი. სტაბილურობა სწორედ ასე მიიღწევა. ამის მიღწევა შეუძლებელია ერთი თვალსაზრისის, „სწორი“ თვალსაზრისის თავზე მოხვევით და ყველა დანარჩენის „არასწორად“ გამოცხადებით. ასე ხომ სტაბილურობას ვერ მივაღწევთ“, - ამბობს პუტინი.

ერთობლივი ინტერესის საგანი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ჟენევის სამიტამდე შეხვდა „დიდი შვიდეულის“, ნატოსა და ევროკავშირის სახელმწიფო ლიდერებს. მისი მხრიდან ესაა მცდელობა, შეაკავშიროს მსოფლიო დემოკრატიების რიგები, რასაც ხაზი გაესვა ბრიუსელში გამართული ნატოს სამიტის დროს.

„ერთიანები და მიზანსწრაფულები ვართ ერთმანეთის დაცვის მიმართ ჩვენს შესაძლებლობასა და ერთგულებაში“, - ნათქვამია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც ბრიუსელში გამართულ ერთდღიან სამიტზე ალიანსის ლიდერებმა მიიღეს. დოკუმენტის თანახმად, მოკავშირეები „შეინარჩუნებენ და კიდევ უფრო განავითარებენ მზადყოფნაში არსებული ძალებისა და შესაძლებლობების მთელ სპექტრს, რაც საჭიროა მყარი შეკავებისა და თავდაცვისთვის, და ალიანსს უზრუნველყოფენ შესაძლებლობების ფართო სპექტრით საიმისოდ, რომ გამოიკვეთოს ჩვენი პასუხი ნებისმიერ ვითარებასა თუ საფრთხეზე“.

ვლადიმირ პუტინი უჩვეულოს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ხვდება თავის მოკავშირეებს და მიიჩნევს, რომ ყოველთვის კარგია, როდესაც ადამიანები იკრიბებიან და რაღაცას განიხილავენ. ეს ყოველთვის კარგია, უმჯობესია, ვიდრე არ შეიკრიბო და არ განიხილო. რაც შეეხება ნატოს, ვლადიმირ პუტინის მიდგომა დასავლეთის სამხედრო ალიანსის მიმართ უცვლელად კონფრონტაციულია.

„რაც შეეხება ნატოს, მე არაერთხელ ვთქვი: ეს არის ცივი ომის რუდიმენტი. ნატო იშვა ცივი ომის ეპოქაში, მაგრამ მთლად არ არის გასაგები, თუ რისთვის არსებობს ის დღევანდელ დღეს. იყო მომენტი, როდესაც ამბობდნენ, რომ ხდებოდა ამ ორგანიზაციის ტრანსფორმირება, მაგრამ ეს უკვე დღეს აღარ ახსოვთ. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ეს არის სამხედრო ორგანიზაცია. არსებობენ აშშ-ის მოკავშირეები. ალბათ, როგორც ჩანს, დროდადრო საჭიროა მოკავშირეებთან შეხვედრა. მაგრამ ისიც წარმომიდგენია, თუ როგორ მიმდინარეობს იქ დისკუსია. გასაგებია, რომ ყველაფერი წყდება კონსენსუსით, მაგრამ იქ მაინც ერთი პოზიციაა სწორი, დანარჩენების კი, ფრთხილად თუ ვიტყვით, ნაკლებად“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა ტელეკომპანია NBC-თვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში.

ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება არის ერთ-ერთი ის საკითხი, რომელსაც დისონანსი შეაქვს რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობაში.

ამასთან, რუსეთის ლიდერი დარწმუნებულია, რომ, აშშ-თან „უმდაბლეს დონემდე დეგრადირებული“ ურთიერთობების ფონზე, არსებობს საკითხები, რომლებიც ორმხრივ ინტერესებს შეესაბამება.

„აი, პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოავლინა ასეთი ინიციატივა. მანამდე, როგორც იცით, მან მხარი დაუჭირა СНВ-ს (სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ) შეთანხმების გაგრძელებას, რასაც ჩვენი მხრიდან შეუძლებელია არ მოჰყოლოდა მხარდაჭერა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს შეთანხმება საკმაოდ არის დამუშავებული და შეესაბამება როგორც აშშ-ის, ისე რუსეთის ინტერესებს. შესაბამისად, ასეთი წინადადება (ბაიდენისგან) სრულიად მოსალოდნელია“, - აცხადებს პუტინი.

ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის ჟენევის შეხვედრაზე სხვადასხვა შესაძლო საკითხს შორის, კრემლის ინფორმაციით, ორი ლიდერი ისაუბრებს სტრატეგიული სტაბილურობის, პანდემიასთან ბრძოლის, ლოკალური კონფლიქტების, უკრაინისა და ორხრივი ურთიერთობების გარშემო.

აშშ-ის პრეზიდენტმა ადრე განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე წამოჭრის რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელებული ჰაკერული თავდასხმების საკითხს.

ტელეკომპანია NBC-თვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის არათუ განიხილოს ეს საკითხი, არამედ აშშ-ს გადასცეს კიბერდამნაშავეები, თუ აშშ ამასვე გააკეთებს რუსეთთან მიმართებით. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის მზად არის შემხვედრი ნაბიჯისთვის.

„დიახ, მე მზად ვარ, თუ რუსეთის წინააღმდეგ ჩადენილია დანაშაული, ხოლო ის ადამიანები, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, აშშ-ს აფარებენ თავს. მე ავიღებ ვალდებულებას, რომ მათ პასუხისმგებლობა დაეკისროთ. როცა აქ მოვფრინავდი, მითხრეს, რომ მას (პუტინს) ასეთი რამ უთქვამს. ვფიქრობ, რომ ეს პოტენციური პროგრესის კარგი ნიშანია“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა 15 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG