Accessibility links

ბიუჯეტი ვერ შეივსო - სიღნაღში 400-მდე დასაქმებული ხელფასს ითხოვს


სიღნაღი

პირველად ბოლო ათწლეულის განმავლობაში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ შეივსო და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ნაწილმა ხელფასი ვერ მიიღო. ლაპარაკია საბავშვო ბაღების, მუსიკალური სკოლების, ბიბლიოთეკების, მუზეუმისა და კომუნალური სამსახურის თანამშრომლებზე. საერთო ჯამში, მაისის თვის ხელფასი ვერ მიიღო 400-მდე ადამიანმა.

დავალიანების საერთო ოდენობა 200 ათას ლარამდეა. სამუსიკო სკოლის პედაგოგი ლალი მახარობლიშვილი ერთ-ერთია უხელფასოდ დარჩენილთა შორის. ის ამბობს, რომ მისი გაღიზიანება და პროტესტი მერიის დუმილმა გამოიწვია - ვერ შეიტყვეს მათგან საერთოდ აიღებენ თუ არა ხელფასს. მახარობლიშვილი იმასაც ამბობს, რომ „იგივე პრობლემა არ შეჰქმნიათ მერიაში დასაქმებულებს და მათ რამდენიმე თვის წინ გაზრდილი ხელფასი უპრობლემოდ მიიღეს“.

მაისის თვის ხელფასი უნდა აგვეღო 23-ში ან, ყველაზე გვიან, 25-ში, მაგრამ ჯერ ისევ ასაღები გვაქვს. შეიძლება ერთი კვირა დააგვიანონ, მაგრამ გარკვეულ პასუხს რომ არ გვცემენ, აი, ეს არის ჩვენი დიდი გასაჭირი...
ლელა ფხოველიშვილი

„ჩვენ ისედაც მიზერული ხელფასები გვაქვს და ამასაც არ გვაძლევენ. ჩვენ პედაგოგები ვართ. ზოგი მარტოხელაა, ზოგს შვილები გვყავს... აღარ ვიცით საიდან რა გავაკეთოთ, რომელი ბანკი მოვიგერიოთ. მაღაზიაში ვალზე გვაქვს ყველაფერი გამოტანილი. ამათ (მერიამ) ერთი დღე არ გადააცდინეს და გაზრდილი ხელფასები ჩაიდეს ჯიბეში“, - განაცხადა ლალი მახარობლიშვილმა.

სიღნაღში ხელფასის დაგვიანება მოულოდნელი აღმოჩნდა სხვა დასაქმებულებისთვისაც. მათი ნაწილი ამბობს, რომ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის შემდეგ ასეთი რამ აღარ მომხდარა.

პედაგოგ ლელა ფხოველიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ სახელფასო დავალიანების საკითხზე სიღნაღის მერ გიორგი გოგილაშვილს შეხვდნენ, მისთვის ამ დრომდე უცნობია, როდის მიიღებს მაისის თვის ხელფასს და როგორ მოაგვარებს ხელისუფლება მომავალში ამ პრობლემას.

„მაისის თვის ხელფასი უნდა აგვეღო 23-ში ან, ყველაზე გვიან, 25-ში, მაგრამ ჯერ ისევ ასაღები გვაქვს. შეიძლება ერთი კვირა დააგვიანონ, მაგრამ გარკვეულ პასუხს რომ არ გვცემენ, აი, ეს არის ჩვენი დიდი გასაჭირი“.

ყველა ჩარეულია ამ საქმეში და პრობლემა დღეს ან ხვალ გამოსწორდება. თქვენს მსმენელსაც და ჩვენს მცხოვრებლებსაც ვპირდები, რომ ასეთი რამე აღარ განმეორდება...

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი იმ მიზეზს ასახელებს, რამაც 400-მდე დასაქმებული უხელფასოდ დატოვა. მერის განმარტებით, იმის გამო, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში ცენტრალურიდან ტრანსფერის სახით თანხები აღარ ირიცხება და ძირითადად დამოკიდებული არიან ადგილობრივ მოსაკრებელსა და დღგ-ს გარკვეულ შემოსავალზე, ბიუჯეტი გრაფიკის მიხედვით ვერ შეივსო, რამაც შეფერხება გამოიწვია. მერი ირწმუნება, რომ პრობლემაზე მუშაობენ როგორც ადგილობრივი სპეციალისტები, ასევე შემოსავლების სამსახური. გიორგი გოგილაშვილი დასაქმებულებს ჰპირდება, რომ არსებულ ვალს უახლოეს მომავალში გაისტუმრებენ. მერი იმასაც ამბობს, რომ მომავალში მისი თანამშრომლები უფრო კარგად იმუშავებენ და მსგავსი დავალიანება აღარ წარმოიქმნება.

„ადრე ტრანსფერზე ვიყავით დამოკიდებული, ახლა კი ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ივსება დღგ-ს პროცენტებით და ადგილობრივი მოსაკრებლით, ასევე პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლით. მაგრამ გეგმით გათვალისწინებული თანხები ვეღარ შემოვიდა, რამაც გამოიწვია ფინანსური ჩიხი. ამიტომ ვეღარ გავეცით ხელფასი. ყველა ჩარეულია ამ საქმეში და პრობლემა დღეს ან ხვალ გამოსწორდება. თქვენს მსმენელსაც და ჩვენს მცხოვრებლებსაც ვპირდები, რომ ასეთი რამე აღარ განმეორდება“, - განაცხადა სიღნაღის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა.

სიღნაღის მერიის მიერ შექმნილ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები ამბობენ, რომ ხელფასების ჩარიცხვას მიმდინარე კვირის ბოლომდე დაელოდებიან, თუ არადა, აქციებს გამართავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG