Accessibility links

ბრძოლა ტესტისთვის: კარანტინიდან ჯანმრთელები გამოდიან?


ბათუმელი საოპერო მომღერლის, არჩილ გოგიტიძის ამბავმა გააჩინა ეჭვი, რომ 14-დღიანი კარანტინი ჯანმრთელობის გარანტიას არ იძლევა და შინ დაბრუნებულებს შორის შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირებულებიც ერიონ. ტესტის ჩასატარებლად ბათუმელ მომღერალს დიდი ძალისხმევა და ბრძოლა დასჭირდა. საბოლოოდ კი, კარანტინიდან სახლში გასაშვებად მომზადებული ინფექციურ საავადმყოფოში აღმოჩნდა. რა არის ეს - ექიმის შეცდომა თუ სახელმწიფოს არასწორი სტრატეგია?

ტესტირებას არავინ უპირებდა და თელავის საკარანტინო ზონიდან სახლში (ბათუმში) ისე გაუშვებდნენ, რომ კორონავირუსით გამოწვეული მისი დიაგნოზი - COVID-19 - არავის ეცოდინებოდა. შემდეგ კი, ყველაფერი შესაძლოა ახალი და არცთუ ვიწრო კლასტერით დასრულებულიყო.

როგორც ბათუმის საოპერო დასის მომღერალი, არჩილ გოგიტიძე რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, ექიმმა მისი სიმპტომები სრულიად უყურადღებოდ დატოვა და ტესტირების უფლების მოპოვება მან საკუთარი ძალებით მოახერხა.

„სამი დღის განმავლობაში სიცხე მქონდა დაბალი - 37.2 და ექიმმა მითხრა, ემოციური ფონის, გაცივების, ნევროზის ბრალი იქნებაო... მერე სიცხემ გამიარა, მაგრამ ყნოსვა დავკარგე, ვერაფრის სუნს ვეღარ ვგრძნობდი... ტელევიზიით გამოსული პაციენტისგან ვიცოდი, რომ ეს სიმპტომი იყო...

ტესტირება მოვითხოვე სამჯერ და მითხრეს - არ გჭირდება, ძალიან ჯანმრთელი ხარო... მერე სხვა მცოდნე ექიმებს დავურეკე - კიო, სიმპტომიაო, მათაც მითხრეს... ამის შემდეგ, დახმარება ვთხოვე აჭარის ჯანდაცვის მინისტრს და ის დამეხმარა, რომ ტესტირება ჩამტარებოდა“.

არჩილ გოგიტიძეს დიაგნოზი 7 აპრილს, შუაღამის 3 საათზე შეატყობინეს და უკვე 5 საათზე თელავიდან სასწრაფო წესით გადაიყვანეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს, გართულებებს არც ანალიზები უჩვენებს, მაგრამ ისევ ბრაზობს, რომ სახლში გაშვებას არაჯანმრთელ მდგომარეობაში და სხვების რისკის ფასად უპირებდნენ.

„ტესტი რომ არ გამეკეთებინა, მიშვებდნენ როგორც სრულიად ჯანმრთელს... ზუსტად 7 აპრილს გადიოდა კარანტინის მე-14 დღე და ბათუმში წასაყვანად სიძეს უნდა მოეკითხა ჩემთვის... სიძეს რომ გადავდებდი, მერე - დედაჩემს, ჩემს დას და დისშვილს გადაედებოდა თბილისში...

მერე წავიდოდი ბათუმში და იქ მამას გადავდებდი... ვნახავდი ასევე ჩემს ორ მეგობარს, რომლებმაც კარანტინი გამოიარეს... წარმოდგენა არ მინდა, რამდენ ხალხს გადავდებდი...

მე რომ ასე არ მომენდომებინა, ჩავჯდებოდი დღეს მანქანაში და წავიდოდი ბედნიერად ბათუმში... ადამიანურად ძალიან გაბრაზებული ვარ იმ ექიმზე, რომელიც კონსულტაციებს მიწევდა. სახელი და გვარიც არ ვიცი, პირადად არც შევხვედრივარ“.

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში წარმატებული ქვეყნების მაგალითები დიდწილად სწორედ დროულ და მასშტაბურ ტესტირებას უკავშირდება. საქართველოში კი, სწრაფი და დაჩქარებული ტესტების თემამ იმდენად პოლიტიზებული სახე მიიღო, რომ საკითხის უმთავრესი მნიშვნელობა დაჩრდილა.

ამ თემაზე წამოწყებულ დისკუსიებს ხელისუფლება ძირითადად ოპოზიციური პარტიების დესტრუქციულობას მიაწერს და ხშირად ვერც გაღიზიანება იმალება.

ბათუმელი საოპერო მომღერლის შემთხვევის გახმაურების შემდეგ რადიო თავისუფლებამ ტესტირების საკითხზეც არაერთი შეკითხვა გაუგზავნა საქართველოს მთავრობას, რომელიც დისტანციური ბრიფინგების რეჟიმზეა გადასული. თუმცა შეკითხვები უპასუხოდ დარჩა. 7 აპრილს მედიის შეკითხვებს მხოლოდ სოფლის მეურნეობის მინისტრმა უპასუხა.

სხვადასხვა დროს გაკეთებული კომენტარების მიხედვით კი, ხელისუფლების პოზიცია ასეთია:

  • სახელმწიფოს ერთადერთი სწორი სტრატეგია აქვს არჩეული;
  • ქვეყანაში არის სამყოფი რაოდენობა (და კიდევ შეივსება მარაგი) როგორც ოქროს სტანდარტის (PCR) ტესტებისა, ასევე ანტიგენსა და ანტისხეულზე დაფუძნებული დაჩქარებული და სწრაფი ტესტებისა;
  • ტესტირება უტარდება ყველას - ვისთვისაც აუცილებელია და ახალმა ალგორითმმა უფრო მეტი სამიზნე ჯგუფი მოიცვა.

როდესაც დისკუსია უფრო ფართო და მასშტაბური ტესტირების საჭიროებას შეეხება, ხშირად ისმის ის არგუმენტი, რომ მსოფლიოში ხარისხიანი სწრაფი ტესტების მწვავე დეფიციტია.

ხარისხიანი ტესტების მარაგის შევსება რომ ჭირს, ეს რადიო თავისუფლებას 7 აპრილს სახელმწიფოს მიერ დარეგისტრირებულ კომპანიაში - "კატასტროფის ცენტრშიც" დაუდასტურეს.

„ამჟამად მარაგი გვაქვს ძალიან მცირე და ეს განპირობებულია იმით, რომ ხარისხიანი ტესტების დეფიციტია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენს მიერ გამოყენებული სწრაფი ტესტი ჩინეთშია ნაწარმოები და ლიცენზიას გერმანია ფლობს... ბევრ ქვეყანაშია ამჟამად ეს ტესტი რეგისტრირებული და ჩვენთვის, როგორც პატარა ქვეყნებისთვის, მოწოდება ხარვეზებით ხდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „კატასტროფის ცენტრის“ დირექტორმა, გიორგი შათირიშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი ალგორითმის თანახმად, გაიზარდა იმ ჯგუფების რაოდენობა, რომლებსაც ტესტირება უნდა შეეხოს. თუმცა ჩამონათვალში არ არის უსიმპტომო პაციენტების ფართო ჯგუფი, რომელიც მსოფლიოს გამოცდილებით ყველაზე სახიფათო გამავრცელებლად ითვლება. ტესტირება არ არის გამიზნული არც მათთვის, ვინც 14 დღე საკარანტინო სივრცეში გაატარა და შინ დასაბრუნებლად ემზადებიან.

ბათუმის საოპერო დასის მომღერლის შემთხვევა საქართველოში დანერგილი ტესტირების მექანიზმის კიდევ ერთ ნაკლოვანებაზე მიუთითებს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, კარანტინიდან გამოსულთა საკითხის მნიშვნელობას ისლანდიის მაგალითიც ადასტურებს.

„მივაქციე ყურადღება ისლანდიის დაავადებათა კონტროლის ვებსაიტზე მითითებულ ინფორმაციას, რომ კარანტინიდან გამოსულთა 54% ინფიცირებული იყო. ეს 2 აპრილს ვნახე და შემაშინა ამ მონაცემმა... დავწერე კიდეც - კარანტინში ტესტირება თუ ტარდება-მეთქი?!...

დღეს კი ბათუმელი მომღერლის ამბავი გავიგეთ... ფაქტია, რომ ინფექციის გავრცელების მთავარ წყაროს უსიმპტომო პაციენტები წარმოადგენენ და ამ პრობლემას მასშტაბური ტესტირების გარეშე ვერაფერს მოვუხერხებთ“, - ამბობს ჭიაბერაშვილი.

ის არ უარყოფს, რომ ამჟამად მსოფლიოში მართლაც შეინიშნება ხარისხიანი სწრაფი ტესტების დეფიციტი, მაგრამ თადარიგის დაჭერა სწორედ ამისთვის იყო საჭირო და ეს ჯერ კიდევ თებერვალში უნდა მომხდარიყო, მაშინ „როდესაც სახელმწიფომ უარი თქვა მაღალი რეპუტაციის მქონე ევროპელი მომწოდებლების შემოთავაზებაზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG