Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრძოლის პაუზა „ქართულ ოცნებაში“: ბრაზობს თუ არა ბესელია ივანიშვილზე?


ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, ეკა ბესელია ხიდების დაწვას არ ჩქარობს. ივანიშვილთან ღია დაპირისპირებას, როგორც ყოფილი ადვოკატი, ის არაეთიკურად თვლის. თუმცა, მაგალითად, ამბობს, რომ ვიცე-სპიკერის პოსტი მას სასამართლოს რეფორმის გზიდან ჩამოსაშორებლად შესთავაზეს და ფაქტია ისიც, რომ ამ საკადრო ცვლილების შესახებ ინფორმაციას ფლობდა ბიძინა ივანიშვილი. კიდევ რას არ ამბობს ეკა ბესელია და რა როლს ასრულებს ბიძინა ივანიშვილი?

დაპაუზებული განხეთქილება

„იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ“, - წერს ბიძინა ივანიშვილი 10 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში. იქვეა პირველი სასჯელიც: „სრულიად ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მწვავე განცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე შორიდან, სოციალური ქსელით გამოეხმაურა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ დაიმუქრა კიდეც:ნათელს მოვფენ ყველაფერს!!!“

​14 იანვარს მოწვეულ საგანგებო პრესკონფერენციაზე მოლოდინი არ გამართლდა. ეკა ბესელია ყოველმხრივ ცდილობდა, რომ ბიძინა ივანიშვილზე აუგი არ ეთქვა და საბოლოოდ ეს პროფესიული ეთიკის პრინციპებით ახსნა:

  • ჩემი პროფესიული საჯარო ეთიკა, მათ შორის, ჩემი ყოფილი პროფესიის, ადვოკატის, ეთიკა არასოდეს მაძლევდა იმის უფლებას, ღიად და საჯაროდ დავპირისპირებოდი ადამიანებს, რომლებსაც მე ვიცავდი და მათ შორის, ვიცავდი ბიძინა ივანიშვილსაც, როგორც ადვოკატი“;
  • მე არ მიმაჩნია, რომ ღია და საჯარო დებატები, ღია კონფლიქტები და დახურული საუბრების საჯაროდ გამოტანა არის ის ფორმა, ის მაღალი პოლიტიკური კულტურა ან ის ეთიკა, რომელიც რომელიმე პოლიტიკურ პროცესს ან რომელიმე პოლიტიკოსს რამეს შეჰმატებს“.
ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:57 0:00

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ეთანხმება გუნდურობის პრინციპის დარღვევის ბრალდებაში, რადგან კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის კანდიდატურა (მართალია 2017 წელს, მაგრამ) თავად პარტიის ლიდერთან იყო შეთანხმებული.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეკა ბესელიას ბევრი რამ აქვს სათქმელი და ეს 27 დეკემბერსაც კარგად გამოჩნდა. მაგრამ ამ ეტაპზე ხმაურიანი განხეთქილება არც მას აწყობს და არც ბიძინა ივანიშვილს. როგორც ვახტანგ ძაბირაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას:

  • მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ახლების გუნდის მიმართ უფრო მეტი სიმპატია გამოავლინა, ბიძინა ივანიშვილი ამ ეტაპზე მაინც შუალედურ პოზიციას იკავებს და რეაქციებს აკვირდება;
  • ეკა ბესელიასთვის დაგვიანებული არაფერია და თუკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სადავო სია მაინც დამტკიცდება, მას უფრო მყარი საფუძველი ექნება ბიძინა ივანიშვილთან და ყოფილ თანაგუნდელებთან დასაპირისპირებლად.

ვინ აპირებდა ეკა ბესელიას ჩამოშორებას?

„მსურს საზოგადოებას დავუდასტურო, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული“, - წერს ბიძინა ივანიშვილი თავის 10 იანვრის განცხადებაში.

ეს არის სწორედ ის საკითხი, რომელშიც ეკა ბესელია გზიდან მისი ჩამოშორების გეგმას ხედავს. მართალია ის ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ არ ადანაშაულებს, მაგრამ ამბობს, რომ სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში ის გარკვეულ ჯგუფებს უშლიდა ხელს:

  • იყო რამდენიმე საკითხი, რომელზეც მე მქონდა კრიტიკული პოზიცია და მათ შორის იყო ორი საკითხი, რომლის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი“;
  • გარკვეული ჯგუფისთვის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არ იყო სანდო“;
  • მგონია, რომ ამ შემოთავაზებით, ასე ჩავთვალე მაშინ, მოფიქრებული იყო სქემა, რომ იურიდიული კომიტეტი გათავისუფლებულიყო იმ თავმჯდომარისგან, რომელიც ხელს შეუშლიდა გარკვეული უფის ინტერესების გატარებას.

თუკი ასეთი გეგმა არსებობდა, ანალიტიკოსების ნაწილს ეჭვი ეპარება, რომ ამის შესახებ არ სცოდნოდა ბიძინა ივანიშვილს. ამასთან, გასათვალისწინებელია ივანიშვილის ღია მხარდაჭერა მოსამართლეთა სადავო გვარების მისამართით და ეკა ბესელიას მიერ ჯერ კიდევ ზაფხულში გამოხატული პოზიცია, რასაც ადასტურებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.

თუმცა ანალიტიკოსი ზვიად აბაშიძე რადიო თავისუფლებასთან კიდევ ორ შესაძლო ვერსიაზე ლაპარაკობს:

  • „გამორიცხული არ არის, რომ გუნდის შიგნით გარკვეული ჯგუფები ასეთი გეგმის განხორციელებას თავად შეუდგნენ და ივანიშვილმა არ იცოდა ამის შესახებ“;
  • „ანდა შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა დაინახა ეს პროცესი, მაგრამ არ შეიმჩნია პროცესზე დაკვირვების მიზნით“.

სამომავლო თამაშის გეგმა?

„მე არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩემი მოწინააღმდეგეა. მგონია, რომ ეს არის დროებითი მოცემულობა და ამ ერთი განცხადებით პროცესს ნუ შევაფასებთ“, - უთხრა ეკა ბესელიამ 14 იანვარს ჟურნალისტებს. ის დარწმუნებულია, რომ უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების სადავო სიას პარლამენტი არ დაამტკიცებს და ყველაფერი ნორმალურად იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე ეკა ბესელიაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:04 0:00
გადმოწერა

შესაძლებელია თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი და ეკა ბესელია საერთო გეგმით მოქმედებდნენ?

ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ასეთ თეორიასაც აქვს არსებობის უფლება. მისი განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნებას“ თავსატეხი გაუჩნდა, რადგან აღმოაჩინა, რომ ამ პოლიტიკურ ძალას აღარ უჭერს მხარს ძალიან ბევრი ადამიანი. 2020 წლის არჩევნებისთვის ორი გამოსავალი არსებობს:

  • ან „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააკეთოს ყველაფერი ამ ხალხის გულების კვლავ მოსაგებად, რაც საკმაოდ რთულია;
  • ანდა ხელი უნდა შეუწყოს ისეთი ჯგუფების შექმნას, რომლებიც შეძლებენ დაკარგული ამომრჩევლების ხმების მოპოვებას.

ვახტანგ ძაბირაძისთვის ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, შეძლებს თუ ვერა ეკა ბესელია ასეთი ჯგუფის ლიდერობას და მიიღებს თუ არა მას ამომრჩეველი. თუმცა ზვიად აბაშიძე თითქმის დარწმუნებულია, რომ ეკა ბესელიას არ ეყოფა რესურსი ასეთი ფუნქციის შესასრულებლად.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG