Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუდაღაშვილები: რა კავშირი აქვს ნარკოტიკს გავრილოვის ჩამოსვლასთან?


24 ივლისს დაკავებული 25 ივლისს გაათავისუფლეს; 2 აგვისტოს ისევ დააკავეს და 3 აგვისტოს გირაო შეუფარდეს - ასეთია 36 წლის გიორგი ბუდაღაშვილის ახლო წარსული.

როგორც ადვოკატმა, ვახტანგ იაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, გიორგი ბუდაღაშვილი სამართალდამცველებმა მისი ძმის, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაპატიმრებული ზურაბ ბუდაღაშვილის გამო დასაჯეს - „ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა გიორგი ბუდაღაშვილს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის ძმას. 2 აგვისტოს ის შს სამინისტრომ ნარკოდანაშაულის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების განადგურების ბრალდებით დააკავა.

როგორც ადვოკატი ვახტანგ იაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მოსამართლე რომან ხორავამ 3 აგვისტოს გამართულ პროცესზე „ადამიანური და ჰუმანური გადაწყვეტილება“ მიიღო გიორგი ბუდაღაშვილის წინააღმდეგ ბოლო დროს მიმდინარე „პოლიტიკური დევნის“ ფონზე.

„გიორგი ბუდაღაშვილის მისამართით სისხლის სამართლებრივი და პოლიტიკური დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან მწვავე საჯარო განცხადებები გააკეთა თავისი ძმის (ზურაბ ბუდაღაშვილის) მხარდასაჭერად და თქვა, რომ სასამართლოც, პროკურატურაც და პოლიციაც შეხმატკბილებულად მოქმედებენ და აპატიმრებენ ადამიანებს, რომლებმაც გააპროტესტეს გავრილოვის ჩამოსვლა საქართველოში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა.

შს სამინისტროს ინფორმაციით 2 აგვისტოს დაკავებულ გიორგი ბუდაღაშვილს ნარკოდანაშაულის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების განადგურება ედება ბრალად. პოლიციის ინფორმაციით, მანამდე იყო სხვა ბრალდებაც.

შსს-ს ინფორმაციით, მოვლენები ასე განვითარდა:

  • 24 ივლისს, „გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე“ პოლიციელებმა გაჩხრიკეს 1983 წელს დაბადებული გიორგი ბუდაღაშვილი და ამოღებულ იქნა "მოთეთრო ფერის ფხვიერი მასა", სავარაუდოდ - ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“;
  • სამართალდამცველებმა ბუდაღაშვილი შესამოწმებლად გადაიყვანეს ნარკოლოგიურ სამსახურში, სადაც მან უარი განაცხადა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე;
  • ამის შემდეგ, ბუდაღაშვილი გადაყვანილ იქნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების მიზნით;
  • სამართალდამცველების ავტომობილში მყოფმა ბუდაღაშვილმა, ბადრაგად მყოფი პოლიციელების თანდასწრებით, ავტომანქანის სალონში არსებული, ნივთმტკიცების დალუქული პაკეტის აღება და განადგურება მოახერხა;
  • ექსპერტიზების დასკვნების მიღებამდე, დაკავებული გიორგი ბუდაღაშვილი, პროკურორის დადგენილებით, 25 ივლისს გათავისუფლდა;
  • სამართალდამცველების ავტომანქანიდან ამოღებულ, დაზიანებულ პოლიეთილენის პაკეტსა და სალონის ზედაპირს ჩაუტარდა "შესაბამისი ქიმიური ექსპერტიზები" და დადგინდა, რომ აღინიშნებოდა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ კვალი;
  • 2 აგვისტოს გიორგი ბუდაღაშვილი ახლა უკვე ნარკოდანაშაულის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების განადგურების ბრალდებით სარფში დააკავეს.

თავდაპირველ ბრალდებაზე, რისთვისაც გიორგი ბუდაღაშვილი 24 ივლისს დააკავეს, სისხლის სამართლებრივი დევნა, ადვოკატის თქმით, 29 ივლისს შეწყდა. მაგრამ „მას თავი მაინც არ დაანებეს“ და „260 მუხლი შეიცვალა 368-ე მუხლით, რაც მტკიცებულების განადგურებას გულისხმობს“.

როგორც ადვოკატი ვახტანგ იაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, 20-21 ივნისის მოვლენებთან და დაკავებულ ძმასთან დაკავშირებით გიორგი ბუდაღაშვილის მიერ გაკეთებულ მწვავე საჯარო განცხადებებს მალევე მოჰყვა აქტიური დევნა და თვალთვალი - „ამჩნევდა მანქანებს და ეს მაშინვე უთხრა ახლობლებს... ამის მტკიცებულებებს ჩვენ წარვუდგენთ გამოძიებას“.

ადვოკატის თქმით, თვალთვალს ასევე მალე მოჰყვა სისხლის სამართლებრივი დევნა, ძალადობა და მუქარა:

  • 24 ივლისს, დაკავებისას, მას ჩაუდეს რაღაც ნივთიერება, ალბათ - ნარკოტიკული ნივთიერება;
  • სცემეს მანქანაში, პოლიციაში გადაყვანის დროს;
  • პოლიციაში მიყვანამდე, 4 საათის განმავლობაში ატარეს ავტომანქანით, სრულიად გაურკვეველი მიზეზით;
  • ეუბნებოდნენ - აღიარე ნარკოდანაშაული და მერე გირაოს შეგიფარდებთო;
  • 25 ივლისს, როდესაც გაათავისუფლეს, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, მაღალჩინოსანი სამართალდამცველი დაემუქრა ბუდაღაშვილს, რომ დააბრუნებდა გისოსებში.

„სრულიად გაუგებარია, რომ ის ხალხი, ვინც ჩაუდო ნარკოტიკი, ვინც ძალადობდა და ვისაც ბუდაღაშვილი ამხელს (გლდანი-ნაძალადევის მე-8 განყოფილებიდან) ძალადობასა და მუქარაში, ისევ ისინი იძიებენ ამ საქმეს... ჩვენ ახლა დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ ეს საქმე ამოღებულ იქნას გენპროკურორის ან მისი მოადგილის მიერ და გამოსაძიებლად გადაეცეს პროკურატურას“, - განაცხადა ადვოკატმა იაშვილმა.

რაც შეეხება გიორგი ბუდაღაშვილის ძმას, 32 წლის ზურაბ ბუდაღაშვილს, ის 4 ივლისს დააკავეს, 20-21 ივნისის მოვლენების დროს, რუსთაველის გამზირზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის.

შს სამინისტრო იტყობინებოდა, რომ ზურაბ ბუდაღაშვილი „ხელკეტის გამოყენებით არაერთხელ დაესხა თავს სამართალდამცველებს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა მათ“. დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

„დანაშაული, რაც ბრალად ედება, მას არ ჩაუდენია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვახტანგ იაშვილი, რომელიც ზურაბ ბუდაღაშვილის ადვოკატიც არის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG