Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის პრორუსული პარტიის სადავო ვიდეორგოლი


ბულგარეთში, ევროკავშირის სხვა ქვეყნების მსგავსად, ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა.

შაბათს, 25 მაისს, ბულგარეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ პრორუსულმა პარტია „აღორძინებამ“ დაარღვია ქვეყნის საარჩევნო კოდექსი საარჩევნო ვიდეორგოლში ძალადობის სცენების გამოყენებით. ვიდეორგოლში გამოყენებული იყო კადრები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით ტელესერიალში „ხალხის მსახური“, სადაც სერიალის გმირი ავტომატური იარაღით ხოცავს ხალხს.

პარტიამ ვიდეო ფეისბუკზე გამოაქვეყნა თავის გვერდზე. მასში ზელენსკის პერსონაჟი შედის დეპუტატების სხდომაზე და ცეცხლს ხსნის. ამის შემდეგ ვიდეორგოლში ჩნდება წარწერა: „აღორძინება. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია“. რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ჟურნალისტებმა სარეკლამო ვიდეორგოლის თაობაზე კომენტარი სთხოვეს პარტიის თავმჯდომარეს, კოსტადინ კოსტადინოვს, რაზეც თავისთვის არცთუ დამაიმედებელი პასუხი მიიღეს: „ამ ვიდეოში ჩვენ ვესვრით ისეთ ჟურნალისტებს, როგორებიც თქვენ ხართ“.

ხუთშაბათს ევროპელ ჟურნალისტთა ასოციაციამ ბულგარეთის პროკურატურას მოუწოდა, შეამოწმოს ვიდეო. ზელენსკის პრესმდივანმა ირინა პობედონოსცევამ კი განაცხადა, რომ სერიალ „ხალხის მსახურის“ პროდიუსერებსა და უკრაინის პრეზიდენტის გუნდს არ გაუციათ ვიდეოს გამოყენების უფლება და შესაძლოა, საქმე გვქონდეს საავტორო უფლებების დარღვევასთან.

მას მერე, რაც ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი, აღმოჩნდა, რომ სადავო ვიდეომ დახმარება ვერ გაუწია „აღორძინებას“, პარტიამ ხმების მხოლოდ 1%-ის მოგროვება შეძლო. სხვათა შორის, ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა მას 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც.

„აღორძინება“ 2014 წელს შეიქმნა. ის გამოდის ევროკავშირიდან და ნატოდან ბულგარეთის გასვლის მოწოდებით და ემხრობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციას რუსეთის მიმართულებით.

XS
SM
MD
LG