Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთი რევოლუციის ზღვარზე?


საპროტესტო აქცია სოფიაში
საპროტესტო აქცია სოფიაში

2 აგვისტოს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში უკვე ზედიზედ 25-ედ გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელსაც ამჯერად მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა ბულგარელებმაც შეუერთეს თავიანთი ხმა.

როგორც წინა აქციების დროს, კვირას ქვეყნის პრეზიდენტის სასახლის წინ შეკრებილი დემონსტრანტები კვლავ მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვისა და გენერალური პროკურორის, ივან გეშევის, გადადგომას.

ის, რაც ქუჩაში ხდება, გამოძახილს პოულობს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. მართალია, 21 ივლისს ქვეყნის მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობა გადაურჩა ოპოზიციური სოციალისტური პარტიის მიერ ინიცირებულ უნდობლობის ვოტუმს, მაგრამ მთავრობის ოპონენტები არ აპირებენ ბრძოლის შეწყვეტას.

მით უფრო, რომ, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის გარდა, მოსახლეობის მოთხოვნებს ქვეყნის პრეზიდენტი რუმენ რადევიც უჭერს მხარს, რომელმაც ქვეყანაში გამეფებული კორუფციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიზანმიმართული დისკრედიტაციის გამო ასევე მოუწოდა თანამდებობიდან გადადგომა მთავრობას და გენერალურ პროკურორს.

„მაფია“, „ გადადექით“, „ბორისოვი - სირცხვილია“

ეს ლოზუნგები უცვლელად ფიგურირებს ბულგარეთში გამართულ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე, რომელთაც ბიძგი მისცა 9 ივლისს მომხდარმა სკანდალმა.

იმ დღეს ბულგარეთის გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა მოულოდნელი რეიდი განახორციელეს ქვეყნის პრეზიდენტის შტაბბინაში.

საპროტესტო აქცია სოფიაში
საპროტესტო აქცია სოფიაში

სოფიასა და სხვა ქალაქებში უმალვე შეიკრიბა ასობით მოქალაქე, რათა დაეცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი და თავად რუმენ რადევი, თადარიგის გენერალი და სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, რომელიც მკაცრად ილაშქრებს ქვეყანაში გამეფებული ელიტური კორუფციისა და მთავრობის წინააღმდეგ.

რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გენერალური პროკურატურის ჯგუფის მისვლის მიზეზი იყო რუმენ რადევის მიმართვა სახელმწიფო დაცვის (NSO) სამსახურისადმი.

ბულგარეთის პრეზიდენტმა, კერძოდ, განაცხადა, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურმა, რომელიც პასუხისმგებელია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და ქვეყნის ხელისუფლების სხვა მაღალი პირების უსაფრთხოებაზე, უნდა შეწყვიტოს პარტია „სამართლიანობისა და თავისუფლების“ (DPS) საპატიო თავმჯდომარის, აჰმედ დოგანის, დაცვა.

აჰმედ დოგანს ბულგარეთში მიიჩნევენ ქვეყნის ერთ-ერთ გავლენიან ადამიანად, ხოლო მის მიერ დაფუძნებული, უპირატესად ბულგარეთის თურქულენოვანი მოსახლეობის ინტერესების გამომხატველი, „სამართლიანობისა და თავისუფლების პარტია“ აკონტროლებს ქვეყნის სასამართლო სისტემას და პროკურატურის ოფისს.

11 ივლისს რამდენიმე ათასმა უკმაყოფილო ადამიანმა მოიყარა თავი დედაქალაქ სოფიიდან 400 კილომეტრის დაშორებით, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე დოგანის რეზიდენციასთან, რომელსაც სახელმწიფო დაცვის (NSO) სამსახური იცავს.

ბოიკო ბორისოვი
ბოიკო ბორისოვი

„გადადექით!“ „ბორისოვი - სირცხვილია!“ - სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

ბულგარეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები მთავრობას ადანაშაულებენ იმაში, რომ შეკრულია მაფიასთან, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და არ შესწევს უნარი შეებრძოლოს კორუფციას და განახორციელოს რეფორმები სასამართლოს სისტემაში.

„თქვენ არ ხართ მარტო!“

დემონსტრანტების მოთხოვნებს ბოიკო ბორისოვი ზოგადი განცხადებით გამოეხმაურა. „ხალხს აქვს უფლება პროტესტის გამოხატვისა, მაგრამ არ აქვს პროსპექტის გადაკეტვისა და ხალხის ნორმალური ცხოვრებისათვის ხელის შეშლის უფლება“, - დაწერა ბორისოვმა თავის ფეისბუკში.

მაგრამ ამ განცხადებას უკუეფექტი ჰქონდა.

მალე ხალხის საპროტესტო განწყობამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოშიც გადაინაცვლა. ბულგარეთის პარლამენტში - ბულგარეთის სახალხო კრებაში დაიწყო მთავრობის იმპიჩმენტის პროცესი, რომელიც ოპოზიციური სოციალისტური პარტიის მიერ იყო ინიცირებული. უნდობლობის გამოცხადების მიზეზად კორუფციასთან ბრძოლაში კოალიციური მთავრობის უუნარობა სახელდებოდა.

21 ივლისის კენჭისყრაზე ბულგარეთის მთავრობა გადაურჩა უნდობლობის ვოტუმს. იმპიჩმენტის წინააღმდეგი იყო 124 დეპუტატი, 102-მა მხარი დაუჭირა მას, 11-მა თავი შეიკავა.

კენჭისყრის დროს ბოიკო ბორისოვი ბრიუსელში იმყოფებოდა, ევროკავშირის მარათონულ სამიტზე, სადაც კორონავირუსის შედეგების დაძლევის მიზნით 750 მილიარდი ევროს მოცულობის საფინანსო პაკეტსა და ევროკავშირის შვიდწლიან ბიუჯეტზე შეთანხმდნენ.

მაგრამ სამშობლოში დაბრუნებულმა ბორისოვმა ოპონენტების გულის მოსაგებად 23 ივლისს ერთბაშად 4 გავლენიანი მინისტრი შეცვალა.

თანამდებობები დატოვეს შინაგან საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრებმა.

მაგრამ მთავრობის შიგნით მომხდარ გადაადგილებას მხოლოდ „კოსმეტიკურ ცვლილებად“ მიიჩნევენ ბულგარეთის ხელისუფლების ოპონენტები.

საპროტესტო აქცია სოფიაში
საპროტესტო აქცია სოფიაში

სოფიასა და ბულგარეთის სხვა ქალაქებში შეკრებილი დემონსტრანტები აცხადებენ, რომ მათ დააკმაყოფილებთ მხოლოდ მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა.

ამ მოთხოვნას, როგორც ზემოთ ითქვა, მხარს უჭერს ქვეყნის პრეზიდენტი, რუმენ რადევიც, რომელმაც თავისი საჯარო მიმართვის დროს ხაზი გაუსვა ხალხში გაჩენილ ამ დიდ მრისხანებას.

„ის წლების განმავლობაში გროვდებოდა და მისი ჩახშობა შეუძლებელია შიშითა და ძალით“, - განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა.

გასულ პარასკევს ხელისუფლება შეეცადა „ძალის დემონსტრირებას“, როდესაც სპეცრაზმის ძალით აღკვეთა უნივერსიტეტის წინ მესამე საპროტესტო კარვის აღმართვის მცდელობა. მცირე შეხლა-შემოხლა მალევე განიმუხტა, თუმცა უკმაყოფილების მუხტი ბულგარეთში კვლავაც ძლიერია.

რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ცნობით, სოფიაში ამჟამად ორი საპროტესტო კარავია გაშლილი - ორლოვის ხიდთან და პრეზიდენტის ოფისის წინ, რაც იმის ნიშანია, რომ დემონსტრანტები არ აპირებენ მშვიდობიანი ბრძოლის შეწყვეტას.

ბულგარეთში მიმდინარე დემონსტრაციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია სამოქალაქო ინიციატივა „სისტემა გკლავს შენ!“.

2 აგვისტოს, როდესაც სოფიაში 25-ე საპროტესტო აქცია გაიმართა, ბულგარელი დემონსტრანტების მოთხოვნებს მსოფლიოს 12 ქვეყანაში მცხოვრები თანამემამულეებიც შეუერთდნენ.

მთავრობის გადადგომისა და ქვეყანაში კორუფციულ-მაფიოზური მმართველობის დასრულების მოთხოვნებით სამშვიდობო აქციები გაიმართა ჩეხეთში, კვიპროსში, ავსტრიაში, გერმანიაში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და ავსტრალიაში.

„თქვენ მარტო არ ხართ“ - ასეთი ლოზუნგი ჰქონდათ აღმართული ზალცბურგში გამართული დემონსტრაციის მონაწილეებს.

ბულგარელი მიგრანტების დიდი ნაწილი აცხადებდა, რომ მათ სამშობლოს დატოვება იმ უმუშევრობამ და სიღარიბემ აიძულა, რაც ქვეყანაში გამეფებული კორუფციული და ოლიგარქიული მმართველობის პირდაპირი შედეგია.

ბულგარეთი, ევროპის კავშირის უღარიბესი ქვეყანა, Transparency International-ის თანახმად, 27-წევრიან ბლოკში ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნადაა მიჩნეული.

XS
SM
MD
LG