Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგომა ფეისბუკის პოსტით - ვაშაძე პარტიიდან წავიდა


„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფეისბუკიდან შეიტყვეს თავმჯდომარის პოსტიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლის ამბავი. აწ უკვე ყოფილ თანაპარტიელებს მან ასევე შორიდან, საჯარო განცხადებით გააგებინა წასვლის მიზეზებიც. პარტიის წევრთა დიდი ნაწილისთვის მოულოდნელი განცხადება გრიგოლ ვაშაძეს დღეს პირველად არ გაუკეთებია. ბოლო პერიოდში ბევრი იმასაც ამჩნევდა, რომ თავმჯდომარესა და ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ პარტიას შორის ნაპრალი იყო გაჩენილი.

  • სად წავიდა გრიგოლ ვაშაძე?
  • რას ვერ შეეგუა თავმჯდომარე თავის პარტიაში?
  • რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და რას ფიქრობენ გაერთიანებულ ოპოზიციაში?
  • იმოქმედებს თუ არა ეს გადაწყვეტილება ამ პარტიის მომავალსა და ოპოზიციის საერთო გეგმებზე?

გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილების შესახებ, 15 დეკემბერს, სხვა თანაპარტიელების მსგავსად, ფეისბუკით შეიტყო სალომე სამადაშვილმაც. „ბატონ გრიგოლს არ ჰქონია მსჯელობა პარტიიდან წასვლის თაობაზე... ჩვენ არ ვიყავით საქმის კურსში მისი გადაწყვეტილების შესახებ“, - ამბობს ის.

მაგრამ რამდენად მოსალოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება და არსებობდა თუ არა პარტიაში წინაპირობები ამისათვის? ამ და მსგავს კითხვებზე სამადაშვილს ჩვენთან საუბრისას მოკლე პასუხი აქვს - „როგორც არ უნდა ყოფილიყო, მან თავისი გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას“.

15 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ თავმჯდომარის პოსტიდან და პარტიიდან წასვლის მიზეზად დაასახელა „ფაქტები, რომლებსაც კატეგორიულად“ ვერ შეეგუებოდა და ჩამოთვალა ოთხი ძირითადი პრობლემა:

  • პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობა ტაქტიკას პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩევს;
  • არ არსებობს პარტიული სტრატეგია - „ეს მხოლოდ ე. წ. ქართულ ოცნებას აძლევს ხელს“;
  • პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები - „რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“;
  • ღრმა აღშფოთების გამომწვევია „სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო“.

სალომე სამადაშვილი გვეუბნება, რომ აუცილებლად გაიმართება მსჯელობა პარტიის სამომავლო სტრატეგიასა და გეგმებთან დაკავშირებით და ეს მსჯელობა, მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძის წასვლის შემდეგ, დამატებით აქტუალობას შეიძენს:

„არჩევნების შემდეგ, ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას, და არც „ნაციონალური მოძრაობაა“ გამონაკლისი, მოუწევს მსჯელობა სამომავლო სტრატეგიაზე, მოქმედების გეგმაზე. ცხადია, რომ განხილვის პროცესი ისედაც გაიმართებოდა. ბატონი გრიგოლის წასვლა კი, ვფიქრობ, კიდევ უფრო აქტუალურს გახდის მსჯელობას პარტიის სამომავლო სტრატეგიაზე და ვფიქრობ, ეს ესმის ყველას, ვინც პარტიის წევრია ან პარტიის ამომრჩეველია და „ნაციონალურ მოძრაობას“ გულშემატკივრობს“.

მართალია, ჩამონათვალის ბოლოშია მოქცეული, მაგრამ გრიგოლ ვაშაძე საგანგებოდ უსვამს ხაზს, რომ მისთვის მიუღებელია „საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია“. „იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგიათ, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს“, - წერს ის.

ვაშაძე აღარ აკონკრეტებს, თუ რას გულისხმობს „თავდასხმაში“, მხოლოდ ნიკა გვარამიას „კვირის აქცენტებში“ გამოთქმულ მოსაზრებებს აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მისამართით, თუ ეს კრიტიკა ეკუთვნის, მაგალითად, პარტიის ლიდერს - მიხეილ სააკაშვილსაც, რომელმაც 14 დეკემბერს მწვავე შეფასებები გააკეთა გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის მისამართით. ქეთევან წამებულთან დაკავშირებული განცხადების საპასუხოდ, სააკაშვილმა ეჭვქვეშ დააყენა ელჩის გონებრივი შესაძლებლობებიც.

გერმანიის ელჩი გრიგოლ ვაშაძის მხრიდან ერთ-ერთი გამოკვეთილად დაფასებული დიპლომატია. ვაშაძემ 2020 წლის ივნისში მას მეგობარი უწოდა და ღიად დაუჭირა მხარი, როდესაც ელჩმა კნირშმა განაცხადა, 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ იყოო და ამით ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

საერთაშორისო პარტნიორების, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის („ძალა ერთობაშია“) სახელით ბოლო დრომდე სწორედ გრიგოლ ვაშაძე იყო ჩართული და თუკი მოლაპარაკებები გაგრძელდება, პარტიას მისი ჩანაცვლება მოუწევს.

მოლაპარაკებების რაუნდებს წინ უსწრებდა გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებული რამდენიმე განცხადება, რომლებმაც ვნებათაღელვა გამოიწვია როგორც სხვა ოპოზიციურ პარტიებში, ასევე თანაგუნდელებს შორისაც.

  • 2020 წლის 11 ნოემბერს გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა წერილობითი განცხადება, სადაც იკითხებოდა აქცენტი - ქუჩის პროცესის მოლაპარაკებების მაგიდასთან გადატანისა და საკანონმდებლო ორგანოს ყველ დონის ტრიბუნის გამოყენების შესახებ.
  • იმავე დღეს, ვნებათაღელვის ჩასაცხრობად, ვაშაძეს მოუწია მეორე განცხადების გამოქვეყნებაც, სადაც განმარტა, რომ მოქალაქეების პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ, ამავე დროს, ამ პროტესტს „სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით“.
  • ასევე 11 ნოემბერს, გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში თქვა, რომ პირველი განცხადების გამოქვეყნების „ბოლო ჩახმახი“ იყო დიალოგის ჩაშლა ხელისუფლებასთან რომელიც მომზადებული იყო ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლების მიერ.

შემდეგ გაირკვა, რომ ვაშაძის მიერ ნახსენები „ჩაშლილი“ მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იცოდნენ არც სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და არც თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“.

ამის შემდეგ გრიგოლ ვაშაძე ნაკლებად ჩნდებოდა ტელეკამერების წინ:

  • ის არ მონაწილეობდა საპროტესტო აქციებსა და მიტინგებში, რის მიზეზადაც ერთხელ ავადმყოფობა დასახელდა;
  • ის არც 11 დეკემბერს უნახავთ - მეათე მოწვევის პარლამენტის პირველის სხდომის პარალელურად ოპოზიციის მიერ სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის საჯარო დემონსტრაციაზე.

ამგვარი დაძაბულობისა და გაურკვევლობის ფონზე, ბევრმა იფიქრა, რომ გრიგოლ ვაშაძე ჯერ კიდევ ნოემბერში დატოვებდა „ნაციონალურ მოძრაობას".

მართალია, მან ეს ნაბიჯი მაშინ არ გადადგა, მაგრამ იმავე „რუსთავი 2“-ის ინტერვიუდან გამოჩნდა, რომ ამას არ გამორიცხავდა და არც განსაკუთრებულ მოვლენად ჩათვლიდა - „თავმჯდომარის პოსტი და პარტია კი არა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტიდან გამოვედი, მაგრამ ნორმალურად ვარ და ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს. სულაც არ მაქვს პრობლემა, საერთოდ, დავუპირისპირდე ყველას“.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე 2018 წელს „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. ის არჩევნების მეორე ტურშიც გავიდა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად.

ვაშაძე 2017 წელს გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ხოლო თავმჯდომარედ აირჩიეს 2019 წლის 24 მარტს გამართულ ყრილობაზე. მიხეილ სააკაშვილმა თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 2019 წლის 18 მარტს გამოაცხადა და შესაძლო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დაასახელა.

ანალიტიკოსების უმრავლესობისთვის ცხადია, რომ პარტიაში ყველა გადაწყვეტილებას ყოველთვის მიხეილ სააკაშვილი იღებდა, სავარაუდოდ - მომავალშიც მიიღებს და ვაშაძის წასვლა ბევრს ამ მხრივ ვერაფერს შეცვლის.

როგორც პოლიტიკურმა ექსპერტმა და ტელეწამყვანმა, არჩილ გამზარდიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, „გრიგოლ ვაშაძე იყო უფრო პარტიის წევრი და ჩანდა, რომ, გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით, თავმჯდომარის ფუნქციები მას არ ჰქონდა მინიჭებული“.

გამზარდია ფიქრობს, რომ რადგან გრიგოლ ვაშაძე არ იყო ოპოზიციის ბოიკოტის მომხრე, მასსა და პარტიას შორის დისტანცია კიდევ უფრო გაიზარდა ნიკა მელიას ხელმძღვანელობით მოქმედი პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ - რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი დეპუტატი არ შევა პარლამენტში, თუკი რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება. გამზარდია არ გამორიცხავს, რომ „ამავე მიზეზით, შესაძლოა, სხვებმაც დატოვონ პარტიის რიგები“. თუმცა მსგავს შესაძლებლობას პარტიაში არავინ ადასტურებს.

გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას მთელი დღის განმავლობაში არ გამოხმაურებია ფეისბუკზე ვიდეომიმართვებითა და წერილობითი განცხადებების სიხშირით გამორჩეული მიხეილ სააკაშვილი. ეს ფაქტი ბევრისთვის საყურადღებოდ რჩება.

სხვა ანალიტიკოსების მსგავსად, არჩილ გამზარდიასთვის ვაშაძის განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირების ამსახველია - „განცხადების შინაარსს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვაშაძეს ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოუწია, უკვე ნიშნავს, რომ მას სააკაშვილი არ უჭერდა მხარს... თუკი ვამბობთ, რომ გრიგოლ ვაშაძე პარტიასთან მარტო ან უმცირესობაში აღმოჩნდა, ეს ხომ ამ მხარდაჭერის არარსებობაზე მეტყველებს“.

სად აპირებს წასვლას გრიგოლ ვაშაძე?

ამის შესახებ ის თავის პოსტში არაფერს წერს და მედიასაც წინასწარ აფრთხილებს - დამატებითი განმარტებები არ იქნებაო. შესაბამისად, 15 დეკემბერს ბევრი ვარაუდი გამოითქვა და დაისვა ასეთი შეკითხვაც - ხომ არ აპირებს ვაშაძე პარლამენტში შესვლას?

აწ უკვე ყოფილი თანაპარტიელები და თანაგუნდელები ამას თითქმის გამორიცხავენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანების - „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელმა, მურმან დუმბაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, სხვა ყველა რომ შესულიყო, ვაშაძე პარლამენტში შესვლას ისედაც არ გეგმავდა:

„როცა მე მას ქუთაისში შევხვდი (მაჟორიტარ დეპუტატად) წარდგენაზე, მან მე მითხრა, რომ ის პარლამენტში არ შევიდოდა, თუკი ვერ მოიგებდა ქუთაისის მაჟორიტარობას და ეს იმ შემთხვევაშიც - „ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია უმრავლესობითაც რომ მოხვედრილიყო პარლამენტში“.

რატომ გადაწყვიტა წასვლა ახლა და რა შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო? მურმან დუმბაძე გვეუბნება, რომ გულდაწყვეტილია და მიზეზებზე ზუსტად არაფერი იცის. მაგრამ მაინც ამატებს ერთს - „ის არის მაღალი კლასის დიპლომატი და დიპლომატია პოლიტიკასთან, როგორც ჩანს, წინააღმდეგობაში მოვიდა“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG