Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიმეორე, რომ უფრო შეაშინო და დააჯერო: ვინ უფრთხის „პროტესტს და წინააღმდეგობას“?


ამონარიდი ჟურნალ "ინდიგოს" ახალი ნომრიდან "პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში"
ამონარიდი ჟურნალ "ინდიგოს" ახალი ნომრიდან "პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში"

მას შემდეგ, რაც ჟურნალმა „ინდიგომ“ ახალი თემატური ნომრის - „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში“ გამოცემა და ამავე თემაზე საჯარო დისკუსია დააანონსა, რამდენიმე ტელევიზიამ ამ ამბისადმი მიძღვნილ სიუჟეტში კითხვა ასე დასვა: რა მიზანს ემსახურება ეს შეხვედრა?

გამომცემლებისგან მოითხოვეს პასუხი, კონკრეტულად ვინ დაესწრებოდა დისკუსიას. დისკუსია მათ წინასწარ შეაფასებინეს ხელისუფლებას, როგორც „რევოლუციური სცენარის გაგრძელება“. მმართველი გუნდის წევრები კი კომენტარებში აცხადებდნენ, რომ „შემაშფოთებელი იყო“ დისკუსიის სათაური, რომ ამაზე „ყველას უნდა ჰქონოდა რეაგირება“ იმიტომ, რომ „ქვეყანაში საზოგადოებას სიმშვიდე და მშვიდობა სურს".

ილუსტრაცია ჟურნალ "ინდიგოდან"
ილუსტრაცია ჟურნალ "ინდიგოდან"

ჟურნალი „ინდიგო“, ახალი, 52-ე ნომრის წარდგენას და დისკუსიას ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, 31 ოქტომბერს გეგმავს.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ჯერ ტელეკომპანია „პოსტ ტვ“-ს ეთერში დაიწყო მის შინაარსზე მსჯელობა და მოსაზრებების გამოთქმა, რომ ესეც იყო ე.წ. რევოლუციური სცენარის ნაწილი.

მალევე სხვა ტელევიზიებმაც, მათ შორის, "რუსთავი 2"-მა და „იმედმაც“ დაიწყეს გარკვევა, როგორც „ინდიგოს“ გამომცემლებთან, ისე ფრიდრიხ ებერტის ფონდში, რას ეძღვნებოდა ეს ღონისძიება.

ჟურნალმაც და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა წარმომადგენლობამაც განმარტეს, რომ ჟურნალის ახალი ნომერი იკვლევს პროტესტის ისტორიას საქართველოში, მისი განვითარების დინამიკას, ზოგადად, პროტესტის ენას, მის სოციალურ საფუძველს - დაწყებული საბჭოთა საქართველოდან დღემდე და სამეცნიერო ხასიათისაა.

„დაჟინებით გვეკითხებოდნენ, ვინ იქნებიან ღონისძიებაზე. იქნებიან თუ არა, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ავუხსენით, რომ ეს არ ხდება პირველად. რომ ესეც არის მკითხველთან ჩვენი ურთიერთობის ერთ-ერთი გზა. თუმცა, საბოლოოდ, ამბავი გაშუქდა ისე, რომ ჟურნალის პრეზენტაცია და დისკუსია კი არ იგეგმება, არამედ რაღაც ტრენინგი“, - გვიყვება გამოცემა „ინდიგოს“ აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი.

ერთ-ერთი გვერდი ჟურნალ "ინდიგოს" ახალი ნომრიდან
ერთ-ერთი გვერდი ჟურნალ "ინდიგოს" ახალი ნომრიდან

ეთერში გასული სიუჟეტების შინაარსის დიდი ნაწილი ხელისუფლების შეფასებებს დაეთმო, სადაც ისინი ჯერ გაუმართავ დისკუსიას, მისი სათაურის გამო, აფასებენ როგორც „შემაშფოთებელს“. მაგალითად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ ეს ღონისძიება და ჟურნალი „ინდიგო“ - ამ გამოცემით და ასევე, პროტესტის არსისა და საქართველოში მისი ისტორიის გახსენებით, ხელს უწყობდა ქვეყანაში არეულობას.

ირაკლი კობახიძემ.თქვა, რომ „ამაზე ყველას უნდა ჰქონდეს რეაგირება“, რადგან:

„ამ ქვეყანაში საზოგადოებას სურს სიმშვიდე, მშვიდობა და თუ ვიღაცებს სურთ საპირისპირო, არეულობა, მეორე ფრონტი და ა.შ. - დარწმუნებული ვარ, ამაზე საზოგადოებას სათანადო რეაგირება ექნება“.

იგივე გაიმეორა მისმა თანაგუნდელმა მამუკა მდინარაძემ და პარალელებიც გაავლო: „გვახსოვს აკერმანის ტრენინგები ბაკურიანში, „კანვასის“ ტრენინგები, რომელზეც გვითხრეს, რომ მოგეჩვენათ, სხვა რაღაცასთან გაქვთ საქმეო. ეს ყველაფერი არის ერთი დიდი საერთო რევოლუციური გეგმის ნაწილი, თუმცა ქართული სახელმწიფო თავის ადგილას დგას და ეს არ არის, მაგალითად, 2003 წლის საქართველო, სადაც სახელმწიფო და ინსტიტუტები მოშლილი იყო“, - თქვა მან.

ფოტოები ჟურნალ "ინდიგოს" ბოლო, ახალი ნომრიდან
ფოტოები ჟურნალ "ინდიგოს" ბოლო, ახალი ნომრიდან

ნატა ძველიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჰყვება, ვერ ვიჯერებდი, წაუკითხავ გამოცემაზე, მხოლოდ სათაურზე დაყრდნობით რომ გადაწყვიტეს პოლიტიკოსებმა კომენტარების გაკეთებაო.

ნატა ძველიშვილი, "ინდიგოს" აღმასრულებელი დირექტორი
ნატა ძველიშვილი, "ინდიგოს" აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ მთავარი სამიზნე ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვიყავით არა იმდენად ჩვენ, არამედ ევროპული ფონდები. ეს, ჩემი აზრით, შესაძლოა, იმით დასრულდეს, რომ ფონდებს აღარ მოუნდეთ ჩვენთან თანამშრომლობა. ვგულისხმობ არა მხოლოდ „ინდიგოს“, არამედ მთლიანად მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას“.

- ეს შეიძლება გახდეს არაერთი გამოცემის დახურვის მიზეზი? ან თუნდაც ფინანსური პრობლემების გაჩენის?

- კი, ასეა. ასეთი დარტყმები ჩვენს მხარდამჭერებზე, რომლებიც წლებია აძლიერებენ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, იქონიებს პროცესზე გავლენას.

ამონარიდი ჟურნალ "ინდიგოდან"
ამონარიდი ჟურნალ "ინდიგოდან"

„პროტესტი და წინააღმდეგობა“, - მაინც რაზე წერს „ინდიგო?

ჟურნალი "ინდიგო“ უკვე კარგა ხანია ამზადებს და გამოსცემს თემატურ ნომრებს - ქალაქზე, შრომაზე, ემიგრაციაზე, ბავშვებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

პროტესტის თემაზე „ინდიგომ“ 2018 წელსაც იმუშავა, თუმცა ეს ბოლო ნომერი, კიდევ უფრო სრულყოფილია და დიდი ხნის განმავლობაში ნაკვლევი მასალისა და მოგროვილი ფოტოებისგან შედგება.

ჟურნალში წაიკითხავთ ქეთი სართანიას, გიორგი მაისურაძის, გიორგი ხასაიას, ვახუშტი მენაბდის, ალექსანდრა აროშვილის და სხვა ავტორების თემატურ სტატიებს სხვადასხვა დროისა და შინაარსის წინააღმდეგობებზე.

ნახავთ სტატიებს: ჯვარი რუსთაველზე, სტალინი და დედაენა, მიტინგები, წინააღმდეგობა პანკისში, ულტრამემარჯვენე მოძრაობის ქრონიკა, პროტესტის ქორეოგრაფია და ა.შ.

რა აჩერებს პროტესტს და წინააღმდეგობას? - ამ კითხვით ხსნიან ნომერს შესავალ წერილში „ინდიგოს“ რედაქტორები. ნინო ლომაძე და თამარ ბაბუაძე წერენ, რომ „ინდიგო“, წინააღმდეგობისა და პროტესტის ახლა უკვე ოცდაათწლიანი ისტორიის გასააზრებლად, ისევ უბრუნდება საკვანძო კითხვას: როდის იფანტება მუხტი? როდის ქრება, ან საერთოდ თუ ქრება პროცესი?

„ვცდილობთ ისიც დავინახოთ, რა გამოცდილებაზე იდგა ახლად დაბადებულ ქვეყანაში აზვირთებული საპროტესტო მოძრაობები, რომელთაც განსაზღვრეს მომავალი წინააღმდეგობის ხასიათი, მათი გეზი და სიმძლავრე. ამიტომ, თხრობას საბჭოთა საქართველოდან ვიწყებთ“...

ამ ნომერში სტატიების და ინტერვიუების გარდა, ნახავთ ფოტოებს სხვადასხვა დროის საპროტესტო აქციებიდან, გაიხსენებთ არაერთ ლოზუნგს, რომელიც ამ საპროტესტო მოძრაობებს ახლდა და ბევრი მათგანი ამ ბრძოლების სიმბოლოდაც იქცა.

საპროტესტო მოძრაობებზე თხრობა კი ჟურნალში 1956 წლის 7-9 მარტის მოვლენების ამსახველი ფოტოთი იწყება და ბოლოდროინდელი საპროტესტო მოძრაობებით სრულდება - ბოლო ფოტოზე ლოზუნგად ქცეული სიტყვებია გამოსახული, რომ „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.

ამონარიდი ჟურნალ "ინდიგოს" ახალი ნომრიდან
ამონარიდი ჟურნალ "ინდიგოს" ახალი ნომრიდან

"საზოგადოებრივი ტირანია" - პროპაგანდის შედეგად

რით აიხსნება, რომ ხელისუფლება „რევოლუციური სცენარის“ ნაწილად და არეულობის მოწყობის წინაპირობად წარმოადგენს კონკრეტულ ტრენინგებს, ახალგაზრდებისთვის შექმნილ სხვადასხვა სივრცეში ჩატარებულ თავისუფალ გაკვეთილებს, ეჭვქვეშ აყენებს პროტესტის თემაზე ჟურნალის გამოცემას და შემდეგ ამავე თემაზე დისკუსიას?

ეს ცვლილებების შიშია თუ დაგეგმილი პროპაგანდის ნაწილი?

ლევან ღამბაშიძე, ფილოსოფოსი
ლევან ღამბაშიძე, ფილოსოფოსი

ფილოსოფოსი და ისტორიის მასწავლებელი ლევან ღამბაშიძე მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებისას ხედავს, რომ მოქმედმა მთავრობამ საქართველოში შექმნა მისთვის სასარგებლო პოლიტიკის სურათი - სამყარო, რომელშიც სურს აცხოვროს თავისი ამომრჩეველი და თავისივე მიერ შექმნილი შინაარსი მიაწოდოს.

ამ შინაარსის ნაწილია ე.წ. „მეორე ფრონტის გახსნა“, „დასავლეთიდან წამოსული საფრთხე, „ქართველობის წართმევა“, ის, რომ ოპოზიციაში ყველა რადიკალურია, რომ ყველა ჟურნალისტი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი - აგენტია.

სინამდვილეში, ამბობს ლევან ღამბაშიძე, ეს არაფერზე დაფუძნებული ტყუილია და პარტიამ ეს ძალიან კარგად იცის. მაგრამ ამ ტყუილებს შეწირული ადამიანების ბედი მას არ აინტერესებს. ის გულგრილია, თუ სუსში გამოკითხვაზე დაბარებული რომელიმე მწერლის ან გამომცემლის ოჯახის წევრები, მეგობრები და თავად ის ადამიანიც, უდიდეს სტრესს განიცდის მძიმე ბრალდების გამო.

ლევან ღამბაშიძე გვიყვება, რომ მისი მოსწავლეები სკოლაში ახლა კითხულობენ არტურ კესტლერის ნაწარმოებს „მზის დაბნელებას“, ტექსტს, რომელიც კარგად ხსნის ზოგადად მთავრობების ქმედებებს. ავტორი ერთგან ამბობს, რომ პარტიული ადამიანისთვის ერთადერთი ღირსება პარტიისთვის სასარგებლოდ ყოფნაა:

„ამ დროს, არაღირსეული საქმის ჩადენაც რომ მოგიწიოს, ვთქვათ, ვინმეს დაბეზღება, უკანონოდ თვალთვალი და ა.შ., ეს მაინც პლუსად გეთვლება, რადგან შენ პარტიას გამოადექი. ჩემი აზრით, დღესაც ეგ გვჭირს, როცა გამოსადეგი ხალხი ანაცვლებს ღირსეულ ადამიანებს“.

ეს ხალხი კი ქმნის პროპაგანდას. მნიშვნელობა არა აქვს ჭეშმარიტებას, მთავარია, მთავრობამ რაღაც იმდენჯერ გაიმეოროს, რამდენჯერად ეს საჭიროა ან რამის ბრწყინვალებამდე გასაშალაშინებლად, ან პირიქით, მაქსიმალურად დასაბნელებლად:

„ჩვენთანაც ასეა - ორი წლის წინ რომ ვინმეს ეთქვა, რომ „ომი გინდათ“ შეიძლება გამხდარიყო ჭეშმარიტება, გაგვეცინებოდა, მაგრამ დღეს ამ სიტყვებით ხალხი ერთმანეთს ელაპარაკება. მთავრობა იმეორებს რაღაცას იმდენ ხანს, სანამ ის ვიღაცისთვის რეალობა არ გახდება - და ტყუილის პროპაგანდის არსიც ასეთი ნაზავია - ცოტა სიმართლე და ბევრი ტყუილი. სიმართლეა, რომ არასამთავრობოები დაფინანსებას იღებენ დასავლეთიდან, მაგრამ ის, რომ ამ დაფინანსებას იღებენ რევოლუციის მოსაწყობად და არეულობისთვის, ეს აღარ არის სიმართლე, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს, ასეთი ტყუილების დაჯერების დონე უკიდურესად შემაშფოთებელია“.

ლევან ღამბაშიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ ამ სცენარში ყველაზე სახიფათო მაინც ის არის, რომ ამ პროპაგანდით ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის გადაკიდებას - ასე გვთავაზობენ სახელმწიფო ტირანიის მაგივრად საზოგადოებრივ ტირანიას, სადაც არასოდეს ხარ დაცული.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG