Accessibility links

გალის შეხვედრაზე თბილისმა გიგა ოთხოზორიას საკითხზე პასუხად დუმილი მიიღო


შეხვედრის მონაწილეები ქართული პოლიციის საგუშაგოზე, ენგურის ხიდთან

ოკუპირებულ გალში დღეს, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში, რიგით 55-ე შეხვედრა გაიმართა. დღეიდან ამ ფორმატის შეხვედრებზე თბილისის დელეგაციას ჰყავს ახალი ხელმძღვანელი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთიძე, რომელმაც ამ თანამდებობაზე კახაბერ ქემოკლიძე შეცვალა.

please wait

No media source currently available

0:00 0:02:19 0:00
Direct link
  • „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ მორიგი, რიგით 56-ე, შეხვედრა გალში 18 მაისს ჩაინიშნა.
  • ერგნეთის შეხვედრის გამართვის თარიღი დადგინდება სამუშაო წესით და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
  • IPRM-ის შეხვედრაში, ქართული, აფხაზური და რუსული მხარეების გარდა, ჩართულნი არიან ევროკავშირი, ეუთო და გაერო.
    სამუშაო ჯგუფების შეხვედრის ადგილი
    სამუშაო ჯგუფების შეხვედრის ადგილი

რამდენიმესაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ანთიძემ ენგურის ხიდზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღის წესრიგში ნომერ პირველი საკითხი ამჯერადაც 2016 წლის 19 მაისს სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას თემა იყო. ამ მხრივ ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნა უცვლელია.

„სანამ არ მოხდება გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულ რაშიდ კანჯი ოღლის მიმართ სამართლის აღსრულება, აღნიშნული ყოველთვის იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი როგორც IPRM-ის, ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში“, - განაცხადა ირაკლი ანთიძემ.

კითხვაზე, როგორია ამ მოთხოვნაზე დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია, სუსის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მათი პასუხი იყო დუმილი. ირაკლი ანთიძის თქმით, მათ მოთხოვნას საოკუპაციო ძალების მხრიდან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.

მისი თქმით, შეხვედრაზე შეფასდა ოკუპირეპულ რეგიონში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარება, ზოგადად, და დაისვა ის საკითხები, რომლებიც IPRM-ის ფორმატში წინა შეხვედრებზე განიხილებოდა. მათ შორის საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონში რამდენიმე სკოლის შესაძლო დახურვის საკითხს:

„აღნიშნული საკითხი დასმულ იქნა არაერთ IPRM-ზე. ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად არის დაკავებული ამ საკითხის შესწავლით. დგინდება დეტალები, რის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, გატარებული იქნება კონკრეტული ღონისძიებები“.

თბილისის დელეგაციამ, წინა შეხვედრების მსგავსად, დღესაც გამოხატა პოზიცია აფხაზეთში სხვადასხვა მიზეზით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით და მოითხოვა მათი გათავისუფლება, თუმცა ამ მიმართულებით კონკრეტულ შედეგებზე ირაკლი ანთიძეს არ უსაუბრია.

ქართული პოლიციის საგუშაგო ენგურის ხიდთან
ქართული პოლიციის საგუშაგო ენგურის ხიდთან

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ მორიგი, რიგით 56-ე, შეხვედრა გალში 18 მაისს ჩაინიშნა. რაც შეეხება იმავე ფორმატის შეხვედრას ერგნეთში, ირაკლი ანთიძის სიტყვებით, მისი გამართვის თარიღი დადგინდება სამუშაო წესით და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

IPRM-ის შეხვედრაში, ქართული, აფხაზური და რუსული მხარეების გარდა, ჩართულნი არიან ევროკავშირი, ეუთო და გაერო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG